"ხორცის გემო" 1,5 მილიონი წლისაა - კვირის პალიტრა

"ხორცის გემო" 1,5 მილიონი წლისაა

ოლდუვაის მღვიმეში მიკვლეულმა თავის ქალის ფრაგმენტმა მეცნიერებს საშუალება მისცა დაედგინათ, რომ ჩვენმა წინაპრებმა ხორცის საკვებად გამოყენება მილიონ-ნახევარი წლის წინ დაიწყეს. დენვერის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის პროფესორ ჩარლზ მუსიბის განცხადებით, ხორცის საკვებად გამოყენება იყო ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რამაც თავის ტვინის განვითარებასა და ადამიანად ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი.

თავის ქალის ფრაგმენტები, რომელიც კვლევისთვის გამოიყენეს, მეცნიერებმა კაცობრიობის აკვნად აღიარებულ ოლდუვაის მღვიმეში მიაკვლიეს, რომელიც ტანზანიის ჩრდილოეთში მდებარეობს.

ძვლის ხუთსანტიმეტრიანი ფრაგმენტი ორი წლის ბავშვს ეკუთვნოდა და ანემიის ნიშნები ჰქონდა. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დაავადება ხორცისა და საკვების უეცარმა შეწყვეტამ გამოიწვია. შესაძლოა მაშინ, როცა ცდილობდნენ, ბავშვი ძუძუს გადასჩვეოდა.

კვლევის შედეგები საშუალებას იძლევა გაკეთდეს დასკვნა, რომ უკვე პლეისტოცენის ეპოქაში დაიწყო ადამიანმა ხორცის საკვებად გამოყენება. ანუ, გაცილებით ადრე, ვიდრე აქამდე ვარაუდობდნენ. ცხოველის ხორცის დეფიციტს კი ადამიანის ორგანიზმში პათოლოგიური ცვლილებების გამოწვევა შეეძლო. მათ შორის, შესაძლოა სიკვდილის მიზეზიც გამხდარიყო.

მომზადებულია Sciencedaily-ის მასალების მიხედვით

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”