ბურებთან
04-01-2010
ნიკო ბური (ბაგრატიონი)

მოგონება


(დასაწყისი "კვირის პალიტრა" #50-52)

"კვირის პალიტრა" აგრძელებს ნიკო ბაგრატიონის (ბური) წიგნის, "ბურებთან", ბეჭდვას. აფრიკაში სანადიროდ გამგზავრებულმა ნიკო ბაგრატიონმა შეიტყო, რომ აფრიკის სამხრეთით მცხოვრებ მშვიდობიან ბურებს დიდმა ბრიტანეთმა ომი გამოუცხადა...

საფრანგეთიდან, გერმანიიდან, აშშ-დან, კანადიდან თუ რუსეთიდან ბევრმა მოხალისემ მიაშურა შორეულ აფრიკას ინგლისელებთან საბრძოლველად.

დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი პატარა ქვეყნის მწარე ხვედრმა გულგრილი ვერც ქართველი პატრიოტი ნიკო ბაგრატიონ-მუხრან-ბატონი დატოვა და უყოყმანოდ დაუდგა გვერდით ბურებს.

ნიკო ბაგრატიონის წიგნი, "ბურებთან", მრავალმხრივ არის
საყურადღებო. უწინარესად, ეს გახლავთ იმ ბატალიების მონაწილის შეუფარავი, მართალი მონათხრობი და ასევე ქართული მემუარული ლიტერატურის საინტერესო ნაწარმოები.


ყველაფერი ეს უბრალო რამ იყო იმასთან შედარებით, რაც გენერალმა გოლოვინმა ჩაიდინა. მან ერთ მშვენიერ დღეს განაცხადა, რომ საქართ-ველოში გლეხობის გარდა წოდება არ არსებობსო.

გოლოვინის ასეთმა განცხადებამ საშინელი აღშფოთება
გამოიწვია და ლამის აჯანყების მიზეზი შეიქნა. იგი საქართველოს საჩქაროდ მოაშორეს და მის მაგივრად დანიშნეს მეტად განათლებული ადამიანი, გენერალი ნეიდგარტი, რომელიც სულით და გულით ცდილობდა საქართველოში ნორმალური მდგომარეობა დაემყარებინა, რაც მეტად ძნელი იყო გოლოვინის მიერ შექმნილი არევ-დარევის შემდეგ.

* * *
მოვიდა მინდვრის სამუშაოების დრო. ამ მუშაობაში მე დიდ მონაწილეობას ვიღებდი, ადრიანად, დილიდანვე მივყვებოდი ხან მამაჩემს და ხან ზაქროს, მაგრამ ახლა არა მის ზურგს უკან შემომჯდარი, არამედ საკუთარი ცხენით.

მამამ, ხედავდა რა ჩემს სიყვარულს სოფლის მეურნეობისადმი, სახლსა და გლეხობასთან ახლოს ყოფნის სურვილს, მაჩუქა კარგად გახედნილი ცხენი ქართული უნაგირით. ცხენს მოსართავი მოვერცხლილი ჰქონდა, რაც ჩემს ძმებში დიდ შურს იწვევდა.

აღფრთოვანებით ვუმზერდი თვალუწვდენელ, მობიბინე ხავერდოვან მწვანე მდელოს, ხალიჩასავით აჭრელებულს მინდვრის ყვავილებით და ეს მასულდგმულებელი სანახაობა თითქოს მეც მმატებდა სიცოცხლეს.

მაგონდება ჩემი ყანაში ყოფნა - უკან მივყვებოდი ხოლმე გუთანს და მთელი ძალით ვაწვებოდი მას, რომ სახნისს რაც შეიძლება უფრო დიდი ბელტი გადაებრუნებია, ვცდილობდი, მორჩილ ხარებს ისე ევლოთ, რომ ჩემი კვალი სწორი გამოსულიყო, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა ჩემთან მომუშავე გლეხი მაქებდა. შესვენების წუთებში მისგან მოკითხულ შოთის პურს და ყველს მადიანად და გემრიელად ვჭამდი, რადგან ეს უკვე ჩემი შრომით ნაშოვნი ლუკმა იყო.

საშემოდგომო თესვასთან ერთდროულად პურსაც მკიდნენ. ხევსურები და ფშაველები ასობით ჩამოდიოდნენ მთიდან სამუშაოდ და ქირით მკიდნენ პურს.
მახსოვს ერთი ღონიერი, ფართო მხარბეჭიანი მომკელი: ვარდისფერ ბაგეზე ბავშვური ღიმილი უთამაშებდა, მის ნაცად ხელს მუშაობა ისე ემარჯვებოდა, რომ ცელის ერთი მოქნევით თავის მწკრივს თითქმის ნახევრად მკიდა. ის მიწას გრძნობდა, თითქოს მასთან იყო შეზრდილი, ყნოსავდა მის სუნს და იკრებდა ახალ ძალას. როცა მუშაობით დაღლილი შედგებოდა, მთელ ქვეყანას მფლობელის თვალით გაჰყურებდა.

არც თიბვისა და არც მკის ნება არ დამრთეს, რადგან ეშინოდათ ნამგლითა და ცელით, გამოუცდელობის გამო, ხელი ან ფეხი არ დამეშავებია, მაგრამ, სამაგიეროდ, მოთიბულით კი ვიჯერე გული - ვაგროვებდი თივას და ფიწლის მოხდენილი მოქნევით ურემზე ვყრიდი.

დაბინდებისას ურმების მთელი მწკრივი გაუდგებოდა სახლის მიმართულებით, სადაც ჩვენი ზაქროს მეთვალყურეობით თივას ზვინებად დგამდნენ.
თვალს ახარებდა საქართველოს შესანიშნავი წყნარი ღამე, მოციმციმე ვარსკვლავებით მოჭედილ ცის თაღზე მედიდურად მცურავი მთვარე გზას უნათებდა დატვირთულ ურმებს.

მამაჩემი მუშებს ეზოში დახვდებოდა. საუკუნეების მანძილზე სიხარულის საწინდარი - თავმოხდილი ქვევრი უცდიდა დაღლილთ, მაგრამ სულით მხნე ადამიანებს. იქვე გემრიელი ლობიოთი სავსე დიდ ქვაბთან ფუსფუსებდა მოხუცი მზარეული, რომელიც დიდი ხნიდან, როცა ჯერ კიდევ პატარა ბიჭი იყო, ჩვენს ოჯახს ემსახურებოდა.

ჩქარა გაირბინა მხიარულმა ზაფხულმა, დადგა შემოდგომა, ოქროდასხმული ნაყოფის სიმძიმით ხეების ტოტები მიწამდე იხრებოდნენ, დამწიფებული ვაშლი და მსხალი ყუნწებს ძლივს იმაგრებდნენ, უხვად მსხმოიარე უზარმაზარ კაკალის ხეებს სიყვითლე შეჰპარვოდათ. ფაქიზი, ხავერდოვანი ატმებიც ჩქარობდნენ, დამწიფება მოესწროთ ჯერ კიდევ მცხუნვარე მზის სხივებზე.

სექტემბრის ბოლოს უთუოდ მოვკრეფდით ხილს, რომ ყურძენს ჩრდილი მოშორებოდა და დამწიფება-დატკბობის საშუალება მისცემოდა.
თეთრი და შავი ყურძნის მტევნები ლამაზად ელვარებდნენ მწვანე ფოთ-ლებში,M ჰაერში ფუტკრის განუწყვეტელი ბზუილი იდგა, ფუტკარიც ჩქარობდა მოეთავებია თავისი გულმოდგინე და ბეჯითი შრომა.

ოქტომბრის დასაწყისში შეუდგებოდნენ ყურძნის კრეფის სამზადისს - ასუფთავებდნენ დიდრონ, ღრმა ქვევრებს, ქვევრში ჩასული კაცი სარცხით რეცხვისას ხშირად დამთვრალა შიგ ჩარჩენილი ღვინის სუნით. ამზადებდნენ საწნახლებს და გოდრებს. ერთი სიტყვით ყველგან, როგორც უშველებელ მარანში, ისევე მთელ სახლში, ყველაფერი მოძრაობდა - ელოდნენ სტუმრებს, შორეული და ახლო ნათესავების ჩამოსვლას.

რთველის დაწყების დღეს მთელი შინამოსამსახურეები ზურგზე მოკიდებული გოდრებით, მათთან ერთად სტუმრებიც, რა თქმა უნდა, ვისაც სურდა, და ოჯახის წევრები მოედებოდნენ ვრცელ ზვრებს. დილიდან გვიან საღამომდე ვენახებში ისმოდა ქართული მელოდიური სიმღერები, ზედიზედ იტვირთებოდა ურმები და მარანში მიჰქონდათ. მარანში შეტანამდე დიასახლისის განკარგულებით, ყურძნის ნაწილს საჩამიჩედ არჩევდნენ, ნაწილს ჯაგნებად საზამთროდ ინახავდნენ, დანარჩენს კი უზარმაზარ საწნახელში ყრიდნენ.

საღამოს მოიტანდნენ ტკბილით სავსე უშველებელ კასრებს. საჩურჩხლე ტკბილს დიდრონ ქვაბებში ასხამდნენ, ხარშავდნენ თათარას, შიგ ავლებდნენ მაგარ ძაფზე აცმულ ნიგვზეულს, ამოვლების შემდეგ, მეორე დღეს, მზეზე დაკიდებდნენ, აშრობდნენ და როცა ჩურჩხელები უკვე მზად იყო, ახვევდნენ სუფთა ტილოში და ინახავდნენ.

ორი კვირა მაინც გრძელდებოდა რთველი, მთელი ეს დრო პირდაპირ დღესასწაული იყო - აზარფეშა მხიარულად გადადიოდა იქვე ბაღში მსხდომ მოქეიფეთა ხელიდან ხელში, ისმოდა გულითადი "ალავერდი", რომელსაც თან მოჰყვებოდა საუკეთესო სურვილები და მომავლის იმედები... ადამიანს, როგორც ცუდ მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს ის, ყოველთვის გაუელვებს იმედი მზის სხივის მაგვარად. ასეთია ადამიანის ბუნება, ის ყოველთვის ცდილობს, გული არ გაიტეხოს, ხვედრს სძლიოს. ასეთივე იყო მამაჩემიც - ჭკვიანი, ენერგიული, მიუხედავად გადატანილი ყველა სიძნელისა, როგორც საბრძოლო, ისე ოჯახურისა, მაინც ვაჟკაცური მამაკაცის მთლიან ტიპს წარმოადგენდა.

შემოდგომის სამუშევრები მოთავდა - წლიური სარჩო უზრუნველყოფილი იყო. მამას ისევ გავახსენდით, და რადგანაც წლოვანებით გიმნაზიაში შესასვლელად კიდევ პატარები ვიყავით, ოჯახურ თათბირზე გადაწყდა, რომ მოსამზადებლად გავეგზავნეთ თბილისში ჩვენს სიძესთან, იოსელიანთან, შესახედავად თუმცა მკაცრსა, მაგრამ არსებითად ძალიან კეთილსა და გასაოცრად გულისხმიერ მოხუცთან.

იოსელიანი ზაფხულობით დუშეთში ცხოვრობდა თავის პატარა კარ-მიდამოში, სადაც გაშენებული ჰქონდა შესანიშნავი საზღვარგარეთული ჯიშებით განთქმული ხილის ბაღი. პლატონი ნამდვილი ქველმოქმედი და გულშემატკივარი იყო იქაური ღარიბი მოსახლეობისა, ყოველგვარ მათ გაჭირვებას გამოეხმაურებოდა ხოლმე - დაწყებული თხოვნების წერიდან, გათავებული ფულით დახმარებამდე.

მიუხედავად იმისა, რომ მოყვარულ მამიდასთან მივდიოდით, მაინც გული გვწყდებოდა მშობლიური მუხრანის დატოვების გამო, მაგრამ ჩვენ უკვე ვიცოდით, რომ უსწავლელი კაცი ცხოვრებაში უძლური იყო. ამის შესახებ ყოველ ფეხის გადადგმაზე და უზარმაზარი სახლის ყოველ კუთხეში გვესმოდა ლაპარაკი.

პლატონს თბილისში რტიშჩევისა და ამაღლების ქუჩების კუთხეში შესანიშნავი საკუთარი სახლი ჰქონდა. ის თავისი მდგომარეობის მიხედვით ფართოდ ცხოვრობდა - ვინც კი ცოტაოდენ მაინც იყო კულტურის მატარებელი, საზოგადოებრივად და გონებრივად მაღლა მდგარი, მისთვის იოსელიანის სახლის კარები ყოველთვის ღია იყო; მათ გულღიად ხვდებოდა და პატივს სცემდა მამიდაჩემი, ჭკვიანი და სტუმართმოყვარე დიასახლისის სახით.

პლატონი, როგორც ნამდვილი პატრიოტი, სიხარულით ღებულობდა მონაწილეობას საქართველოს კულტურულ-ნაციონალური ცხოვრების ყოველ გამოვლინებაში. მაგალითად, როცა ერისთავის პიესა "გაყრა" კნეინა მანანა ორბელიანის სახლში ხელახლა დაიდგა, პლატონი ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი იყო, რამაც დიდი სიამოვნება მიანიჭა საზოგადოებას დანარჩენთა უხეირო თამაშთან შედარებით.

დიდი მთავარი მიხეილ ნიკოლოზის ძეც დაესწრო ამ ოჯახურ წარმოდგენას.

პლატონმა საქმისადმი დიპლომატიური მიდგომა იცოდა. ყველაფერს ისე მოაწყობდა, ისე მოიქცეოდა, რომ არავის აწყენინებდა. ის განაგრძობდა არქეოლოგიურ მუშაობას, ამდიდრებდა საქართველოს თავის ღრმა ცოდნით, იცოდა რამდენიმე უცხო ენა, მიწერ-მოწერა ჰქონდა ევროპის დიდ არქეოლოგ-მეცნიერებთან და საქართველოში ჩამოსვლისას ოჯახში მიიპატიჟებდა ხოლმე მათ. შეიძლება ითქვას, რომ პლატონის ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე არ ყოფილა ერთი ისეთი დღეც, რომ მას რაიმე არ გაეკეთებინოს ქვეყნის სასარგებლოდ. ერთი სიტყვით, ყველა შესაძლებლობით ცდილობდა როგორც მეცნიერებაში, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში, თავისი წვლილი შეეტანა, რომ სიკვდილის წინ საშუალება ჰქონდა ეთქვა: "დიახ, მე ვცხოვრობდიო".

არქეოლოგიის როგორც იშვიათმა მცოდნემ და მოყვარულმა, მან მოახერხა საბერძნეთში გამგზავრება - ათონში, სადაც დიდი პატივისცემით მიიღეს ქართული "ივერიის მონასტრის" ბერებმა. პლატონმა უკან დაბრუნებისას ათონიდან თან ჩამოიტანა ერთი ძველისძველი ქართული ხელნაწერი სახარება. ბოლოს, თავისი შესანიშნავი ბიბლიოთეკა, რომელიც შეიცავდა არა მარტო ძველი ქართული წიგნების კოლექციას, არამედ მდიდარი იყო სხვა ქვეყნების იშვიათი წიგნებითაც, მან საქართველოში წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას უანდერძა იმ პირობით, რომ შემდეგში ის ქართული უნივერსიტეტისათვის გადაეცათ. მართლაც, მისი გარდაცვალებისთანავე მისმა ქვრივმა მთელი წიგნები ჩააწყო თორმეტ დიდ ყუთში და დანიშნულებისამებრ გაგზავნა.

პლატონს არ მოსწონდა მაშინდელი სოციალური უთანასწორობა და, როდესაც გენერალ-ლეიტენანტმა, თავადმა ივანე კონსტანტინეს ძე ბაგრატიონ-მუხრანელმა გლეხს ურემი არ გაატარებინა თავის მიწაზე, პლატონმა, რომელიც იმ დროს მასთან იყო სტუმრად, უწინასწარმეტყველა თურმე ამაყ მემამულეს: "გახსოვდეს, შენ ახლა ერთი ურემი არ გაატარე, დადგება ისეთი დრო, როდესაც ასეული ურემი გაივლის შენს დარბაზებთანო".

საერთოდ, იოსელიანი ამ გენერალს არ ერიდებოდა, რადგან ისიც ახსოვდა, თუ როგორ უმართებულოდ მოეპყრო იგი მამაჩემს - ისარგებლა რა იმით, რომ მისი ძმა გიორგი სენატორი იყო და შეეძლო უკანონო საქმეც კი ისე გაეტარებია სენატში, როგორც მას სურდა.

მამაჩემის მუხრანში არყოფნის დროს მან სამასი დესეტინა საუკეთესო მიწა წაგვართვა, რომელსაც "მუხრანის თვალი" ერქვა. ამ ადგილზე მან, გარდა შესანიშნავი, აივნებითა და სვეტებით მორთული სასახლისა, ღვინის დიდი და საუკეთესო სარდაფებიც ააშენა. ამ სარდაფებში ქვევრების ნაცვლად დიდრონ ხის კასრებში აყენებდნენ ღვინოს. მან გამოიწერა ფრანგი მეღვინე ჟორჟი და ღვინის დაყენება ფრანგულ ყაიდაზე დაიწყო. მისი ღვინოები მთელ საქართველოში განთქმული იყო. მან აუარებელი ვენახები გააშენა ამერიკული წესით. მიწები არა მარტო ჩვენ წაგვართვა, არამედ გლეხებსაც აცლიდა ხელიდან, რომ გაეფართოებია თავისი უკანონოდ მიღებული სამფლობელო. გენერლის სახლის აივნიდან მოჩანდა კავკასიის ქედი და ყაზბეგი, რომელიც მზის სხივებით გაბრწყინებული ამაყად იდგა საქართველოს ბუნებრივი საზღვრების სადარაჯოზე.

გენერალს მუხრანში მხოლოდ ორი კომლი გლეხი ჰყავდა - კარაპეტოვები და მამულაშვილები, დანარჩენი მისი გლეხები დიღომში ცხოვრობდნენ. მიუხედავად ამისა, მას მაინც სურდა რეზიდენცია მუხრანში ჰქონოდა. გენერალს დიდ დახმარებას უწევდა მისი მეუღლე, სამეგრელოს მთავრის დავითის და ნინო, ჭკვიანი და შეძენის საკითხებში ძალიან მოხერხებული ადამიანი.

როცა დედაჩემმა ისტერიული ყვირილი მორთო და მთელი აურზაური ატეხა, გენერალმა იმის შიშით, რომ ეს ამბავი საზოგადოებაში არ გახმაურებულიყო და თვით დიდი მთავრის ყურამდე არ მიეღწია, სამასი დესეტინა მიწის ნაცვლად მოგვცა ოცი დესეტინა გაშენებული ვენახი სოფელ დვალისში. თავად მოვიდა ჩვენთან და მოიტანა გეგმა. მეტი გზა არ იყო, უნდა მიგვეღო და გავჩუმებულიყავით.

თქვენ თვითონ განსაჯეთ, თუკი ჩვენ ვერაფერს გავხდით მასთან და ვითმენდით, რაღა უნდა ექნათ გლეხებს!
1895 წელს კნეინა ნინო გარდაიცვალა. მართვა-გამგეობა გადავიდა შესანიშნავი, შედარებით ჰუმანიური ადამიანის, გენერლის ვაჟის, თავად კონსტანტინეს ხელში. თვითონ ივანე კონსტანტინეს ძეც პირველ ხანებში მოკლებული არ იყო კარგ სულიერ თვისებებს. მას გათავებული ჰქონდა პაჟების კორპუსი, მსახურობდა გვარდიაში, პირადად იცნობდა ნიკოლოზ პირველს, რომელიც მას "ჩემს ცელქს" ეძახდა.

გამბედავი და უშიშარი მეომარი უკანასკნელად იმყოფებოდა რუსეთის ჯარის ავანგარდში და სამეგრელოს იცავდა თათრების შემოსევისაგან. კნეინა ეკატერინეს იგი დაჟინებით ურჩევდა, არ დათანხმებულიყო ომარ-ფაშას დიპლომატიურ წინადადებაზე. ომარ-ფაშა, იგივე მიხეილ ლატოში, ტომით პოლონელი, შვილი იყო 1871 წელს გარდაცვლილი ავსტრიის ჯარის ოფიცრისა.

და აი, ჩვენ უკვე თბილისში ვართ, ამჯერად მამამ ჩამოგვიყვანა. მამიდა ანიკომ, რომელსაც თავისი ძმა გაგიჟებით უყვარდა, დიდი მზრუნველობით მოგვიწყო ნათელი და სასიამოვნო ოთახი ფლიგელში. პლატონის არჩევით მოწვეულ იქნა როგორც რუსულის და სხვა სპეციალური საგნის, ისე ქართული ენის მასწავლებელიც.

მამიდას მეთვალყურეობით მეცადინეობას გულიანად მოვკიდეთ ხელი. ანგარიში პლატონისთვის უნდა ჩაგვებარებინა. როცა ვიცელქებდით ან რამეს დავაშავებდით, პლატონი გვიბრძანებდა სასჯელის მოსახდელად ზევით, ჭერში ავსულიყავით. ამ "სასჯელს" ჩვენთვის უდიდესი სიხარული მოჰქონდა, რადგან ჭერი სავსე იყო შესანახად ატანილი აუარებელი ხილით და ოქროსფერი ყურძნის ჯაგნებით.

კვირაობით, ანჩისხატის ტაძარში წირვის შემდეგ, უფროს მამიდა სალომესთან მივდიოდით სათაყვანოდ. იგი მედიდურად იჯდა მაღალ სავარძელში და ისე ღებულობდა სტუმრებს.

ქართულ ტანსაცმელში ჩაცმული, მაგრამ თეთრი ხელთათმანიანი ლაქიები ვერცხლის ლანგრებით ჩამოატარებდნენ ჩაის და ტკბილეულს; "ხუთსაათიანი ჩაი" ახლად შემოსული იყო მოდაში.

ქართული არისტოკრატია თავს იყრიდა სასახლეებში, მაგალითად, მარიამ დედოფლისეულ8 სასახლეში, ერთმანეთთან მიდიოდნენ ნაწირვებს. მეტწილად წირვის მოსასმენად ანჩისხატში დადიოდნენ, რადგან იქ ქართულ ენაზე წირავდნენ. თითქმის ყველა ფართოდ და მდიდრულად ცხოვრობდა; როგორც ყველგან, აქაც ცდილობდნენ ერთმანეთისათვის ფუფუნებით ცხოვრებაში გადაეჭარბებიათ და ამიტომ ხშირად უხდებოდათ წყეულ "პრიკაზში" შესვლა, რომელიც ჭაობის მსგავსად თანდათან ითრევდა მათ.

ვერცხლისღილებიანი ლურჯი მუნდირების აჩრდილი გვიზიდავდა, გვაჩქარებდა და ჩვენც თავს უკვე მომზადებულად ვგრძნობდით. მაისის დასაწყისში, მამაჩემის თანხლებით, მივედით გამოცდებზე. ლევანმა საუკეთესოდ ჩააბარა გამოცდები და პირველ კლასში მიიღეს, მე ლევანიზე ცოტა უფრო ნაკლები ცოდნა აღმომაჩნდა და წლოვანების მიხედვითაც უფროს მოსამზადებელში ჩამრიცხეს.

ბედნიერები და კმაყოფილები გახარებულმა მამამ სახლში მოგვიყვანა. საყვარელმა მამიდამ დაგვახვედრა გაშლილი მაგიდა შესანიშნავი საუზმით და თითო თუმანი ფულად გვაჩუქა.

თავს უმდიდრესებად ვთვლიდით, ჩვენი წარმოდგენით უკვე შეგვეძლო დაგვესაჩუქრებია ჩვენი ძვირფასი ოჯახის წევრები, რა თქმა უნდა, გამდელიც და ზაქროც მათ რიცხვში იყვნენ. მეორე დღესვე, მამიდაჩემის ხელმძღვანელობით, ქარვასლაში ვყიდულობდით ყველაფერს, რისი ყიდვის საშუალებასაც გვაძლევდა ჩვენი თანხები. გული არავისთვის დაგვიწყვეტია, მამის ხელით საჩუქრები ყველას გავუგზავნეთ და ამით დიდი სულიერი კმაყოფილება მივიღეთ.

diana
30 მაისი 2010 20:00
zaan magari motxrobaa. da didi madloba minda gadauxado kviris palitris mtel shemoqmedebit jgups :):)

რედაქტორის რჩევით
 როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თვის კითხვადი სტატიები