მეფე ჰეროდეს საგანძური - კვირის პალიტრა

მეფე ჰეროდეს საგანძური

იერუსალიმის მუზეუმის სტუმრებს მეფე ჰეროდეს აბაზანისა და სარკოფაგის ხილვის შესაძლებლობა აქვთ. ეს ორი არტეფაქტი იმ ექსპოზიციის ნაწილია, რომელიც დუდი მევორახისა (მუზეუმის ელინისტური, რომაული და ბიზანტიური პერიოდების განყოფილების კურატორი) და დოქტორ სილვია როზენბერგის (კლასიკური პერიოდის უფროსი კურატორი) ხელმძღვანელობით გამოიფინა. მეფე ჰეროდესთან დაკავშირებული 250-მდე ნივთი, ორგანიზატორთა აზრით, უფრო მეტად გახდის ნათელს ამ ამბიციური და კულტურული მონარქის პოლიტიკურ, არქიტექტურულ და ესთეტიკურ ტენდენციებს.

"ეს უდიდესი არქეოლოგიური პროექტია ამ ინსტიტუტის ისტორიაში", _ ამბობს მუზეუმის დირექტორი ჯეიმს სნეიდერი.

ექსპოზიციაზე, რომლის სახელწოდებაა "მეფე ჰეროდე დიდის უკანასკნელი მოგზაურობა", ახალმიკვლეული არტეფაქტებიცაა. ის პროფესორ ეჰუდ ნეცერის ხსოვნას ეძღვნება. სწორედ მან აღმოაჩინა მეფე ჰეროდეს სარკოფაგი იროდიონში. პროფესორი ამ ციხესიმაგრის გათხრისას უბედურმა შემთხვევამ იმსხვერპლა.

250 ექსპონატს შორის, რომელიც სხვადასხვა დროს იორდანიაში, იერიქონსა და სხვა ადგილებშია აღმოჩენილი, არის აქციუმის ბრძოლის (ანტონიუსისა და კლეოპატრას ფლოტის ბრძოლა ოქტავიანეს ფლოტთან აქციუმის კუნძულებთან, ძვ. წ. 31 წ.) ამსახველი ფრესკაც. გამოფენა 2013 წლის ოქტომბრამდე გასტანს. აღსანიშნავია, რომ ხელისუფლება იროდიუმში მეფის მავზოლეუმის რესტავრირებას გეგმავს.

მომზადებულია lifedaily.net-ის მასალების მიხედვით

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”