ლენინის მუმიას კონკურენტი გამოუჩნდა - კვირის პალიტრა

ლენინის მუმიას კონკურენტი გამოუჩნდა

ომსკის სამედიცინო აკადემიის მეცნიერებმა იმ მეთოდიკის დეტალები გამოაქვეყნეს, რომლის გამოყენებითაც თვითნასწავლმა ლაბორანტმა 80 წლის წინ უცნობი მამაკაცის ბალზამირება იდეალურად მოახერხა. 30-მდე წლის მამაკაცის მუმია აკადემიის საცავში ინახება. მისი უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ სხეული იდეალურ მდგომარეობაშია არა მხოლოდ გარეგნულად, არამედ დაცულია შინაგანი ორგანოებიც. ექსპონატი ჩვეულებრივ პირობებშიც კი არ ზიანდება. მისი ერთადერთი დაცვა შუშის ყუთია, რომელიც მტვერსა და ჭუჭყს იჭერს.

ლაბორანტ ანდრეი რომადანოვსკის მონოგრაფიის შესწავლის შემდეგ, სპეციალისტებმა დაასკვნეს, რომ მან გამოიგონა უნიკალური მეთოდი, რომელიც მიუწვდომელი აღმოჩნდა მათთვის, ვინც კი ვლადიმირ ლენინის სხეულის შენახვაზე მუშაობდა.

ანდრეი რომადანოვსკის უმაღლესი განათლება არ ჰქონდა, მისი ძმა კი ადამიანის ანატომიის კათედრის დამფუძნებელი იყო. მუმია, რომელიც სამედიცინო აკადემიის საცავშია, აქ სავარაუდოდ 1934-1935 წლებიდან მოათავსეს.

რომადანოვსკის მონოგრაფიის ნაწილი დროთა განმავლობაში დაიკარგა. ამიტომ მხოლოდ იმ მეთოდის გახსნა მოხერხდა, რომლითაც მეცნიერი მოქმედებდა. სპეციალისტთა აზრით, მუმია ასე კარგად შეინახა არა იმ ხსნარის შემადგენლობამ, რომელსაც რომადანოვსკი იყენებდა (ფორმალინი, სპირტი და გლიცერინი), არამედ უნიკალურმა მეთოდიკამ.

"კერძოდ, სხეულს მხოლოდ ერთი ჭრილი აქვს ბარძაყის ზედა ნაწილში, საიდანაც ორგანიზმში ბალზამირებისთვის საჭირო სითხე შეჰყავდა. ამან პრეპარატს საშუალება მისცა, შიდა ორგანოებიც შეენარჩუნებინა", _ განმარტავს ომსკის სამედიცინო აკადემიის პროფესორი ირინა პუტალოვა.

მუმიის შექმნაზე თვითნასწავლი ლაბორანტი 1933 წლიდან მუშაობდა. ბალზამირების პროცესმა კი ერთი წელიწადი წაიღო. ბალზამირების სითხის გარდა, რომადანოვსკი ციმბირის ყინვასაც იყენებდა. სითხის შეყვანის შემდეგ სხეული ყინვაში გაჰქონდათ, განსაზღვრული დროის მერე შემოჰქონდათ ლაბორატორიაში და ეს რამდენჯერმე მეორდებოდა.

მეთოდი ომსკელმა ლაბორანტმა მარტომ შეიმუშავა, პროლეტარიატის ბელადის მუმიაზე კი მთელი ინსტიტუტი მუშაობდა. ლენინის მუმიას ყოველ კვირაში ასუფთავებენ საგანგებო ხსნარით, ომსკის მუმია კი ჩვეულებრივ შუშაშია მოთავსებული, ოთახის ტემპერატურაზე. 80 წლის განმავლობაში მას რესტავრაცია ერთხელაც არ ჩატარებია და გამოიყურება ისე, როგორც 1935 წელს გამოიყურებოდა.

მომზადებულია Lifenews-ის მასალების მიხედვით

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”