ეტიკეტი ციდან ჩამოსულისთვის
03-03-2014
ეტიკეტი ციდან ჩამოსულისთვის
1961 წლის 12 აპრილს, დილის 11 საათისთვის, სარატოვის ოლქის ერთ-ერთ სოფელში, პურის ყანის სიახლოვეს ჩვეულებრივი მფრინავისაგან განსხვავებულ უნიფორმაში გამოწყობილი პარაშუტისტი დაეშვა. ეტყობოდა, რომ "შორიდან" მოდიოდა და იქ არ მოხვდა, სადაც უნდა მოხვედრილიყო. პირველი, ვინც მის სიახლოვეს გამოჩნდა, იქაური მეტყევის ცოლი იყო  თავის პატარა გოგონასთან ერთად.  ისინი გაოცებულნი ათვალიერებდნენ ციდან მოვლენილ სტუმარს. მალე შორიახლოს მყოფი ტრაქტორისტიც გამოჩნდა, რომელიც ავის მომასწავებლად ათამაშებდა ხელში უზარმაზარ ნაჯახს. მოსულმა იგრძნო, საქმეს ცუდი პირი უჩანდა და
დამხვდურები ანუგეშა: "თქვენიანი ვარ, კოსმოსში ვიყავი და ახლა დავბრუნდი. ტელეფონს ვეძებ, რომ უფროსობას დავუკავშირდე და აქედან წამიყვანონ". მაგრამ ტელეფონი აღარ დასჭირდა - რამდენიმე წუთში სამხედრო მანქანები მოგრიალდნენ  და უცნობი ციმციმ გააქანეს. ეს გახლდათ იური გაგარინი, საბჭოთა კოსმონავტი, რომელიც მსოფლიოში პირველი გაფრინდა კოსმოსში და დედამიწაზე მშვიდობით
დაბრუნდა, თუმცა, ფრენის დროს მომხდარი მცირე შეფერხების გამო წინასწარ განსაზღვრულ ადგილზე ვერ დაეშვა.

მაშინ, რა თქმა უნდა, იგი ვერავინ იცნო, ორიოდე დღის შემდეგ კი არა მხოლოდ საბჭოთა კავშირში, არამედ მთელ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ადამიანი გახდა. უმცროს ლეიტენანტს მაშინვე მაიორის ჩინი უბოძეს და საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიანიჭეს.  რას აღარ ჩუქნიდნენ, მათ შორის, მანქანებს, გაგარინს კი სწორედ მანქანები უყვარდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ერთი ფაქტი. მთავრობის ნაჩუქარ "ვოლგას"  ამშვენებდა ნომერი და სერია: 12-04 ЮАГ, რაც ასე იშიფრება: 12 აპრილი, იური ალექსანდრეს ძე გაგარინი. ეს გახლდათ ე.წ. "ბლატნოი" ნომრის გაცემის პირველი ოფიციალური პრეცედენტი საბჭოთა კავშირში. თუმცა,  ამგვარმა პატივმა ვერ შეცვალა იგი და  ძველებურად, ფრენაზე მეოცნებე სოფლელ ბიჭად დარჩა, რომლის ხათრით თვით ინგლისის დედოფალმა ელისაბედ მეორემ დაარღვია რეგლამენტი.

დედოფალმა გაგარინი ბუკინგემის სასახლეში მიიღო. შემოუსხდნენ საზეიმო სუფრას. სტუმარს უამრავი კოვზი და დანა-ჩანგალი დაუწყვეს  წინ. თითოეულს თაAვისი დანიშნულება ჰქონდა, მაგრამ გაგარინს ამის არაფერი გაეგებოდა. ცოტა ხანს იჯდა გაუნძრევლად, ბოლოს გაბედა და დედოფალს მიმართა: თქვენო უდიდებულესობავ, მაპატიეთ, მაგრამ არ ვიცი, როგორ მოვიქცეო, - და ჭურჭელზე მიანიშნა. ელისაბედმა არისტოკრატული დიდსულოვნებით ანუგეშა: არა უშავს, ეტიკეტის ამგვარ წვრილმანებს მეც მკარნახობენ, ამჯერად როგორც მოგვესურვება, ისე მივირთვათო. გაგარინი მალე ისე გაშინაურდა, ბოლოს ჩაი რომ დალია, შიგ ჩაგდებული ლიმონის ნაჭერიც კი გაღეჭა სახედამანჭულმა.  დედოფალიც ასევე მოიქცა, თუმცა სახეზე ერთი ნერვიც არ შესტოკებია. ეს, ცხადია, ეტიკეტის ნორმას არღვევდა, რაზეც მოგვიანებით ჟურნალისტებმა კომენტარი სთხოვეს. "ეტიკეტი მიწიერთათვისაა დადგენილი, ის კი მიწიერი არ არის, ასე რომ, არაფერი დამირღვევია," - განაცხადა დედოფალმა.

ლადო გოგუაძე
ლლლ
05 აგვისტო 2015 22:07
საწყალი,დანა-ჩანგლის ხმარება არ ცოდნია.აქ იმაზეა ლაპარაკი,რომ დედოფლის სუფრაზე უამრავი ე.წ. სუფრის ,,პრიბორი,,იდებოდა-რომელთა ხმარება ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქისთვის არაპრაქტიკულია და მხოლოდ სამეფო ოჯახის სუფრის ეტიკეტია.
გიორგი
07 ივნისი 2015 20:58
გაგარინი სამხედრო საჰაერო ძალების კაპიტანი გაფრინდა და ორბიტაზე მიენიჭა მაიორის სამხედრო წოდება !:)
otari
13 ივნისი 2014 10:02
გაგარინი ისევ სოფლელ ბიჭად დარჩაო,ესე იგი მას ..ვარსკვლაური.. ავადმყოფობა არ დამართნია. ასეთი უბრალო ადამიანი იყო. დღეს კი ვინმე რამდენჯერმე თუ გამოჩნდა ტელევიზორში ან სადმე კინოში გადაიღეს ვარსკვლავებათ თვლიან თავს და გამარჯობას აღარ ეუბნებიან მეზობლებს.თავმდაბლობა და უბრალორბა ყველაზე დიდი ადამიანობაა, ბოლო-ბოლო ყველანი მოკვდავები ვართ.იმ ქვეყნათ არავის ეკითხებიან რამდენი მანქანა ჰყავდა ან რამდენ ქვეყანაში იყო ნამყოფი. სამწუხაროთ ადამიანთა შეგნება 0-ის ტოლია.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები