არსად წასულა, აქ არის
03-03-2014
არსად წასულა, აქ არის
ნოდარ დუმბაძემ თავისი პირველი ლექსები სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ლიტერატურული წრის ალმანახ "პირველ სხივში" გამოაქვეყნა. სწორედ ამ წრეში მოუყარა თავი მაშინდელმა რექტორმა ნიკო კეცხოველმა ნიჭიერ ახალგაზრდებს და  როგორც შეეძლო, ჰპატრონობდა (ბატონი ნიკოს დამსახურებაა რეზო ინანიშვილის მწერლობისკენ "შემობრუნებაც", რომელმაც ოჯახური პირობების გამო მიატოვა სწავლა და მშენებლობაზე დაიწყო მუშაობა). რექტორი დიდი გულისყურით ადევნებდა თვალს ეკონომიკის ფაკულტეტის სტუდენტის, ნოდარ დუმბაძის პირველ ლიტერატურულ ნაბიჯებს და ერთ დღესაც შესთავაზა - ფილოლოგიის ფაკულტეტზე გადადიო, რაზეც დუმბაძემ ჩვეული
იუმორით მიუგო: - ბატონო ნიკო, ჩემი ნაწერები იმიტომ მოგწონთ, რომ ეკონომისტის დაწერილია, თორემ ფილოლოგისგან ასეთი ლექსების დაწერა რა გასაკვირი იქნებოდაო.

"მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" - პირველად ჟურნალ "ცისკარში" დაიბეჭდა. რომანის პირველი მკითხველი მწერლის დედა იყო. მთელი რომანის კითხვისას მას ერთხელაც არ გასცინებია. მწერალს, გულს
შემოეყარა. რა იყო, დედა, არ მოგეწონაო? - ჰკითხა შეწუხებულმა. როგორ არა, შვილო, ძალიან მომეწონა, უბრალოდ, ეს ყველაფერი წერის დროს იმდენჯერ გაქვს ჩემთვის მონათხრობი, აღარ მეცინებაო, - დაამშვიდა დედამ.

როდესაც გულმა უმტყუნა, მთელი საქართველო ჭირისუფლობდა... მეგობრის ინფარქტის ამბავი რომ გაიგო, ჯანსუღ ჩარკვიანმა, რომელიც უცხოეთში მიემგზავრებოდა, წასვლა გადადო და საავადმყოფოში მიაკითხა. დუმბაძემ გაახილა თვალი და ხედავს - თავზე ჯანსუღ ჩარკვიანი ადგას. ბიჭო, წასული მეგონე და აქ ხარო? - ეკითხება გაკვირვებული. მასე შენც "წასული" მეგონე, მაგრამ კი ხარ აქო, - მიუგო ხასიათზე მოსულმა მეგობარმა. ატეხეს სიცილი. "მძიმე ავადმყოფი" დუმბაძის პალატიდან გამოსული სიცილ-ხარხარის გამგონე ადამიანები გაკვირვებით ჩაილაპარაკებდნენ ხოლმე - ესენი ან გიჟები არიან, ან აფერისტებიო.

ავადმყოფობის გამო ნოდარ დუმბაძეს ფიზიკური დატვირთვა და სასმელი აუკრძალეს. ეს კი როგორი შესასრულებელია ქართველი კაცისთვის?!
ერთხელაც სტუმარს ელიან ოჯახში. დუმბაძე აივანზე გავიდა და ღვინით სავსე ბოცას წაავლო ხელი. რას შვრები, არ გახსოვს, ექიმმა მძიმის აწევა აგიკრძალაო! - გასძახა მეუღლემ. აბა, რა ვქნა, ბოცა თავისით ხომ ვერ შემოვაო, - თავი იმართლა ბატონმა ნოდარმა. ისეთი თვალებით უყურებ, ნამდვილად შემოვაო, - მოუჭრა სიტყვა ქალბატონმა ნანულიმ.

როდესაც ინფარქტი შემოეჩვია, სიკვდილზე დაიწყო ხუმრობა. ახლა, ჩემო ნანული, მე შეიძლება მთაწმინდაზე დამასაფლავონ და შენ რა გეშველება, იქ ხომ მწერლების ცოლებს არ ასაფლავებენო. არა უშავს, მე დავიბარებ, რომ დამწვან და ფერფლი შენს საფლავზე მოაბნიონო, - ანუგეშა მეუღლემ. კარგი ახლა, შენი ფერფლი როგორც ხინკალზე პილპილი, ისე უნდა მომაყარონო?! - მიუგო სიცილით...

ლადო გოგუაძე
რამაზი
08 სექტემბერი 2017 10:52
დუმბაძე გენიალური პიროვნება პოეტი მისი ნაწარმოებები ცხოვრებისეული, ღმერთმა აცხონოს
ქეთი
07 სექტემბერი 2017 23:56
განუმეორებელი, ბუმბერაზი!
tata
07 სექტემბერი 2017 15:47
გენიალური მწერალი. მისი ნაწარმოებების კითხვისას, ერთდროულად, კიდეც მეცინება და სევდიანიც ვხვდები...

რედაქტორის რჩევით