"ამ ქალმა შეძლო გაელღო ჩემთვის ქვის გული. მასთან ერთად ჩემში ადამიანური სითბოც მოკვდაო" - სტალინის ბავშვობის მეგობრის მოგონებები
08-10-2017
"ამ ქალმა შეძლო გაელღო ჩემთვის ქვის გული. მასთან ერთად ჩემში ადამიანური სითბოც მოკვდაო" - სტალინის ბავშვობის მეგობრის მოგონებები
ფოტოგალერეა: "ბელადის ანგელოზები"

როგორ წარმოიშვა ბელადი, რომელიც აზანზარებდა წარსულს და აფორიაქებს მომავალს... რთული თემაა. თუმცა წერილში, რომელსაც გთავაზობთ, ალბათ ამის ახსნას როგორღაც იპოვით. ეს არის უცნობი მოგონებები სტალინზე, რომელსაც მისი ბავშვობის მეგობარი იოსებ ირემაშვილი გერმანიაში წერდა. ამ მოგონებებში სტალინის ბავშვობაა. როგორც წესი, ყველაფერი ბავშვობიდან იწყება... სტალინიც ბავშვობიდან დაიწყო. წიგნი "სტალინი და საქართველოს ტრაგედია" ირემაშვილების ოჯახმა რამდენიმე ხნის წინ გამოსცა. 

***

ის ის იყო მოწაფეებმა სასკოლო რვეულებში 1890 წელი ჩავწერეთ, რომ კლასში

უცნობი ბიჭი შემოიყვანეს. მასწავლებელმა დაფაზე დაწერა მისი სახელი: სოსო ჯუღაშვილი. ჩვენ ყურადღებით მივაცქერდით მას... მოგრძო, ჭორფლიან სახეზე ბევრი ნაიარევი ჰქონდა. გამხდარი იყო, მაგრამ ძლიერი აღნაგობისა. თაფლისფერ თვალებში შეუდრეკელ ხასიათს ამოიკითხავდით. ძალზე ძუნწად ლაპარაკობდა და ყველაფერს უარყოფდა. ამიტომაც არავის მოგვეწონა. ფიზიკურად კი ყველას გვჯობდა, ამიტომაც ვერიდებოდით.

იოსებ ირემაშვილი

ერთ
დილას სემინარიის ეზოში კავკასიურ ჭიდაობაში ვვარჯიშობდით, რომ სოსომ ძიძგილაობა დამიწყო. ერთმანეთს დროდადრო გააფთრებული დავეძგერებოდით ხოლმე. ბოლოს გულშემატკივრებმა ყაიმი გამოაცხადეს. ის იყო მე ტანსაცმლის სწორებით ამხანაგებისკენ შევტრიალდი, რომ სოსო მწვდა, ჰაერში გადამატრიალა და ბალახზე ისე დამცა ზურგით, რომ თავდაცვაც ვერ მოვახერხე. მაგრამ წესი იყო, ხელი უნდა ჩამომერთვა. მივუახლოვდი. მან ხელი გამომიწოდა და იმ დღიდან ჩვენი მეგობრობა დაიწყო. ავდიოდით "გორიჯვარზე", საიდანაც თოვლიანი კავკასიონი მოჩანდა. სოსოს ძალიან უყვარდა ბუნება და კავკასიონს დიდხანს გასცქეროდა. თუ მიზანს დაისახავდა, ეს სიყვარული ვერ უშლიდა ხელს, თავისი ჟინიანი ბუნება გამოევლინა. მაღალ მწვერვალებზე ასვლა, გამოქვაბულებში და ხეობებში ძრომიალი მისი ყველაზე დიდი სიამოვნება იყო. თუკი წადილს ვერ აისრულებდა, მარტო მიდიოდა და იმდენს ვარჯიშობდა, სანამ მიზანს არ მიაღწევდა. საათობით იდგა მდინარის პირას და ქვებით მიზანში სროლაში ვარჯიშობდა. ამ ვარჯიშს ეწირებოდნენ ჩიტები - მიზნის მიღწევისთვის შეეძლო არავინ და არაფერი დაენდო. მტირალი არასოდეს მინახავს. გამარჯვება და სხვების დაშინება მას ტრიუმფალურ სიხარულს ანიჭებდა. ერთადერთი, ვისაც აღმერთებდა და თაყვანს სცემდა - ეს დედამისი იყო.

***

მალე სემინარიაში ქართველი მასწავლებლები რუსებმა შეცვალეს. ბავშვები დამუნჯებულები ვიდექით, რადგან რუსულად ვერც ერთ სიტყვას ვერ ვამბობდით. ამიტომ არც საუკეთესო მოსწავლეები იყვნენ დაზღვეული მუშტისა და ჯოხის ცემისგან. ყველაზე შეურაცხმყოფელი ორი საათი კენჭებზე შიშველი ფეხით დგომა იყო. სოსო ჯუღაშვილი ჩვენი შურისძიების წამქეზებელი იყო, განსაკუთრებით გვძულდა სკოლის ინსპექტორი. ერთ დილას დერეფანში გაგვამწკრივა და ისეთი სტვენა მოვრთეთ, ვერავინ დაგვამშვიდა. სოსო გაცხარებით იქნევდა მუშტებს. იმ დღეს მკაცრად დასაჯეს. შემდეგ თითქმის ყოველდღე სჯიდნენ. რადგან თავად ღარიბულად ცხოვრობდა, ზაფხულის არდადეგებზე ხშირად მიმყავდა ხოლმე ჩემს სოფელში. ეკლესიაში ჩემთან სიმღერა დიდად ეამაყებოდა, მაგრამ რელიგია მასზე ვერავითარ გავლენას ვერ ახდენდა. მას ისეთი იდეები ჰქონდა, რომელიც აზრადაც არ მოგვივიდოდა.

***
სხვა დროს კი მეც ხშირად მივდიოდი მის სახლში, გორში, გომბორის ქუჩაზე. ეს იყო ხის ღობით შემოღობილი ძველი, ბნელი სახლი, რომელიც ქარსა და წვიმას იოლად ატარებდა. სახლი ერთი ოთახისაგან შედგებოდა. ოთახში აგურის იატაკი ეგო და ნესტით დამძიმებული არასოდეს ნიავდებოდა. ოთახის მორთულობას ოთხუჯრიანი ძველი კომოდი და რამდენიმე ძველი ავეჯი შეადგენდა. ხის ჯამში ჭერიდან ჩამოსულ წყალს აგროვებდნენ. ერთი კუთხე, იმ დროისთვისაც კი, ძველმოდურ საკერავ მანქანას ეკავა. სოსოს დედა, ეკატერინე, მოფერებით "კეკე", როდესაც მათთან მივდიოდი, თავის მეორე სოსოს მეძახდა. მას ძალიან უყვარდა ყველა, ვისაც სოსო უყვარდა. სოსოსავით ჭორფლიანი სახე ჰქონდა, მთელი დღეები მანქანასთან იჯდა და კერვაში აღებული კაპიკებით ცდილობდა სოსოსთვის მეწაღის ხელობა შეესწავლებინა.
ყველა ქართველი ქალის მსგავსად, ის ღვთისმოსავი და ნამდვილი დედა იყო, რომელსაც თავის სოსოზე მზე და მთვარე ამოსდიოდა, შვილის დაუნდობელი ხასიათი კი ძალზე აწუხებდა. გორელები დიდად აფასებდნენ მეწაღის ღვთისმოსავ ცოლს, რომელიც სხვებზე ღარიბულად იყო ჩაცმული და უმწეოდ შეჰყურებდა, როგორ თესავდა მამა შვილის გულში ღვარძლს. მამის დაუმსახურებელმა ცემამ სოსო მასავით უხეში და უგულო გახადა. მამამისი, ბესარიონი, შავი, ხშირი წარბებითა და მუქი, უხეში წვერით, წარმოსადეგი კაცი იყო და შვილს მრისხანედ ექცეოდა. ამიტომ ის მამამისს ყოველთვის გაურბოდა, არ უყვარდა და როცა ნაადრევად გარდაიცვალა, ამას არანაირი გავლენა არ მოუხდენია.


KvirisPalitra.Ge

***
შემდგომში ჩვენ თბილისის სემინარიაში გადავედით. ასევე მკაცრად გვეპყრობოდნენ სემინარიის მასწავლებლები. გვეკრძალებოდა ქართული ლიტერატურის კითხვა. ნესტიანი კედლები ავადმყოფობებს იწვევდა. საათობით ვიდექით ფეხზე და ეკლესიის ფილაქნებს დავყურებდით. ამ ატმოსფერომ ჩვენ ახალი იდეებისკენ გვიბიძგა. სემინარიის ათი მოსწავლე, მათ შორის სოსო ჯუღაშვილი, საიდუმლოდ შევიკრიბეთ და სოციალისტური ახალგაზრდული ორგანიზაცია დავაარსეთ. მე და სოსო საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის იდეებით განვიმსჭვალეთ. სოსოს იდეალი ალექსანდრე ყაზბეგის ნაწარმოების - "ნუნუს" გმირი კობა იყო. კობა, რომელიც, როგორც დამონებული ხალხის მეთაური, რუსებმა დაატყვევეს, სოსოს ცხოვრების არსად იქცა. მას უნდოდა მეორე "კობად" ქცეულიყო. თავის თავს "კობად" მოიხსენიებდა და სხვებისგანაც იმასვე მოითხოვდა. მისი სახე სიამაყით და სიხარულით ბრწყინავდა, როდესაც კობას დავუძახებდით (ეს სახელი მან ბოლომდე გაიყოლა და "კობა-სტალინად" მოინათლა). მასწავლებლები, რომლებიც განსაკუთრებული სიმკაცრით და ზიზღით ექცეოდნენ კობას, მის გამოჭერას რევოლუციონერობაში ვერაფრით ახერხებდნენ.
იხილეთ ფოტოგალერეა
ღამღამობით, როცა ზედამხედველი ოთახებში შუქს ჩააქრობდა, ჩვენ სანთლის შუქზე ვკითხულობდით აკრძალულ წიგნებს. კობა ყველას გვაჭარბებდა, მთელი ღამე კითხულობდა და ყოველთვის ეტყობოდა, ღამენათევი რომ იყო. უნდოდა, რომ ყოველთვის წამყვანი ყოფილიყო. თავისი შეხედულებების კრიტიკას არ ითმენდა და სხვების აზრებს ცინიზმით უყურებდა. თუ ვინმე შეეკამათებოდა, დაუნდობელ მტრად მოეკიდებოდა. აღიარებდა მხოლოდ ერთპიროვნულ ძალაუფლებას, რომლის დამყარების გზას მხოლოდ სისხლიან გადატრიალებაში ხედავდა. პროლეტარიატს უყურებდა, როგორც ცოცხალ იარაღს, რომელიც მას ემსახურებოდა და რომელსაც თავად წარუძღვებოდა. ჩვენი ჯგუფი კი უმსხვერპლო რევოლუციურ გარდაქმნებს უჭერდა მხარს. კობა სულიერ ნათესაობას ავლენდა ლენინთან, ჩვენ კი პლეხანოვს ვაღიარებდით. მის მიმდევრებს პირველობისთვის პრეტენზია არასოდეს გასჩენიათ, მასთან მეგობრობა მხოლოდ გონებაშეზღუდულ ადამიანებს შეეძლოთ, რომლებიც უსიტყვოდ იღებდნენ ყველაფერს, რასაც ამბობდა და პატარა დიქტატორის ნათქვამს თუთიყუშივით იმეორებდნენ. ფული ნაკლებად აინტერესებდა. საკმაოდ პატიოსანი იყო იმისთვის, რომ თავისი იდეები მსხვერპლად გაეღო. კარგად ესმოდა, რომ ღარიბ და მშიერ ხალხს მხოლოდ ლაპარაკით ვერ მოხიბლავდა და გარეგნობით თავადაც პროლეტარს უნდა დამსგავსებოდა. ყოველთვის უბრალო შავი რუსული პერანგი ეცვა და წითელ ჰალსტუხს იკეთებდა - როგორც ყველა სოციალ-დემოკრატი. ლამაზად და სუფთად ჩაცმა არასოდეს მოუნდომებია. მაგრამ ჩემთან, მიუხედავად იმისა, რომ მის შეხედულებებს ვაკრიტიკებდი, მაინც ამხანაგური დამოკიდებულება ჰქონდა. როცა ბავშვობის დღეებს ვიხსენებდით და ერთად ვმღეროდით ბავშვობაში ნამღერ ქართულ ხალხურ სიმღერებს, ის იმ წუთებში ძველებური კობა იყო.

***

1903 წელს მან ცოლი შეირთო. თვითონ ამას ბედნიერ ქორწინებად მიიჩნევდა, მაგრამ ეს არ იყო ის, რასაც თავად ქორწინების საფუძვლად თვლიდა - ვინმესთან თანასწორუფლებიანობა მის ბუნებას არ შეესაბამებოდა. ქორწინებას კი ბედნიერად იმიტომ თვლიდა, რომ მისი ცოლი აღზრდილი იყო ქართულ ტრადიციებზე, რაც ქმრისადმი ერთგულებას და მსახურებას გულისხმობს. ამასობაში ბოლშევიკების დანაშაულებრივმა მოქმედებამ ხალხის ზიზღი გამოიწვია. მათი ხელობა გახდა მკვლელობები, თავდასხმები, ფულის გამოძალვა. კობა იყო საქართველოში ბოლშევიკების ჩადენილი ბოროტებების ხელშემწყობი. 1905 წელს ის ხელმძღვანელობდა თბილისში, ერევნის მოედანზე სახაზინო მანქანაზე თავდასხმას.
დღის 12 საათზე ყუმბარებით შეიარაღებული ბოლშევიკები თავს დაესხნენ მანქანის მცველ ჯარისკაცებს... ცოტა ხანში მოედნის შუაგულში დაჭრილი და მკვდარი ჯარისკაცები ეყარნენ. ამის შემდეგ ჩვენ დაუძინებელ მტრებად ვიქეცით. მაგრამ მიუხედავად ჩვენი მტრობისა, როგორც ქართველი კაცი, მე მაინც მივედი მასთან მისასამძიმრებლად 1907 წელს, როდესაც ცოლი გარდაეცვალა. ეს იყო ჭეშმარიტი ქართველი ქალი, რომელსაც თავისი მეუღლის ბედი აშფოთებდა, ღამეებს მხურვალე ლოცვაში ატარებდა და ღმერთს ქმრის სულს ავედრებდა.

იმ დღეს კობას ფერმკრთალ სახეზე ცხოვრების ერთგული თანამეცხედრის სიკვდილით გამოწვეული სულიერი ტანჯვა ეტყობოდა და მწუხარების დაფარვას სხვების წინაშე არ ცდილობდა. ვიგრძენი მისი მადლიერი მზერა. ეს შინაგანად აფორიაქებული ადამიანი, რომელიც მუდამ დევნას განიცდიდა, შვებას მხოლოდ ოჯახში პოულობდა. ადამიანებისადმი მისი ზიზღი არ შეხებია მხოლოდ მის ცოლს, შვილს და დედას... სახლის წინ უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. მე სამგლოვიარო სიტყვა წარმოვთქვი. მწუხარებისგან მხრებში მოხრილი კობა შვილს გულში იხუტებდა. ცოლის ნათესავებმა მისი საეკლესიო წესების დაცვით დაკრძალვა მოინდომეს და კობამაც წინააღმდეგობა ვერ გაუწია. ამ დათმობაზე იმიტომ წავიდა, რომ ცოლის უკანასკნელ სურვილს აღასრულებდა. როდესაც საფლავს მივუახლოვდით, კობამ ხელზე ხელი მომიჭირა, სასაფლაოსკენ გაიხედა და მითხრა: "ამ ქალმა შეძლო გაელღო ჩემთვის ქვის გული. მასთან ერთად ჩემი უკანასკნელი ადამიანური სითბოც მოკვდა". მერე მარჯვენა ხელი მკერდზე მიიდო და მითხრა: "აქ, შიგნით, ყველაფერი დაცარიელდა".

***

1917 წელს, თებერვლის რევოლუციის შემდეგ ბოლშევიკებმა სტალინი პარტიის გენერალურ მდივნად დანიშნეს. სტალინი პარტიად იქცა, ლენინს არაერთხელ დაუხრია თავი მის წინაშე და მისი აბსოლუტური უფლებები უღიარებია, რადგანაც მას სტალინისა უფრო ეშინოდა, ვიდრე უყვარდა. სტალინი იქ იდგა, საითკენაც მთელი სიცოცხლე მიილტვოდა, ამის შენარჩუნება კი მხოლოდ აბსოლუტურ ძალაუფლებას შეეძლო. მისთვის არ არსებობდა სიბრალული და გზიდან გადახვევა, მას უნდა დამორჩილებოდა ყოველივე, მათ შორის მისი სამშობლოც, რომელსაც იგი დამოუკიდებლობის აღიარებით, ფაქტობრივად, განდევნილი ჰყავდა. ამას კი მოჰყვა 1921 წლის თებერვალი, როდესაც თბილისი დაეცა. 29 თებერვალს მიხეილის საავადმყოფო სამშობლოსთვის მებრძოლთა გვამებით აივსო. 8 მარტს ისინი სასაფლაოზე წაასვენეს. უსასრულო იყო სამგლოვიარო პროცესია. როცა კუბოები სამარეში ჩაუშვეს, ხალხი მუხლებზე დაემხო და ყველა ლოცულობდა. ჩემ გვერდით სტალინის დედა იდგა, ისიც მიცვალებულებს დასტიროდა. როდესაც სამარე მიწით აივსო, მისკენ მივტრიალდი და ვუთხარი: "კეკე, ეს შენი შვილის დანაშაულია, მისწერე მოსკოვში, ის აღარ არის ჩემი მეგობარი! ის ქართველი ხალხის მტერი და მკვლელია!"

***

ამის შემდეგ მეც დამაპატიმრეს. ღამის 3 საათზე გრუხუნით მოადგა ციხეს ჩეკისტებით სავსე სატვირთო მანქანები, რომლებმაც სადგურში მიგვიყვანეს და გისოსებიან ვაგონებში შეგვყარეს - იქიდან კი გერმანიაში. ასე მომაშორა ჩემს სამშობლოს ჩემი ბავშვობის მეგობარმა სტალინმა, რომელმაც მრავალი სისხლი დაღვარა და ამ ნაკვალევით ალბათ სამუდამოდ გაჰყვება ისტორიას...






iver iberieli
17 ნოემბერი 2017 12:34
მადლობელი ვართ ავტორის, რა თქმა უნდა, ყველაფრისათვის. კარგია ისტორიის სამართლიანად გადმოცემაც. ამის უფრო დამაჯერებლობისათვის კი, აჯობებდა "კვირის პალიტრას" მიეთითებია "სტალინი და საქართველოს ტრაგედია" წიგნის შეძენისათვის საჭირო მონაცემებიც (მისამართი, თუ სად შეიძლება მისი შეძენა, ფასი და სხვ.). ქართველ ხალხს აუცილებლად ჭირდება სრული სიმართლის ცოდნა თავის შვილებზე, მერე კი ყველა კარგად დაინახავს ქართველ ისტორიულ პიროვნებათა დადებით და უარყოფით მხარეებსა, თუ საქმეებს. ნებისმიერი ქართველი საზოგადო მოღვაწის სრულყოფილი შეფასება, ყოველმხრივ აწონ-დაწონილი და მხოლოდ ყოველი მათი ნამოღვაწარი ფაქტის, შესაბამისად გაანალიზება დრო-სივრცის სათანადო სიტუაციათა ასევე ყოველმხრივი გათვალისწინებით, მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ობიექტურად ითქვას - შეიძლება თუ არა საქართველომ უარყოს და ხაზი გადაუსვას ნებისმერ შვილს თავისას!
leri
10 ოქტომბერი 2017 10:15
შურისძიება ბოროტებაა, მაგრამ ბოროტების განადგურება რა არის!? არსებობს საყოველთაოდ მისაღები სიკეთე?
MAR
09 ოქტომბერი 2017 20:02
ღმერთო თუ საქართველო და ქართველი ხალხის გადარჩენა გინდა მოგვივლინე სტალინისნაირი ძლიერი პატრონი, მარტო საწყალი ხალხი გაიგებს ამ თხოვნას ვისაც სიცოცხლე არაფრად გვიღირს

რედაქტორის რჩევით