როგორი იყო "მშვენიერთა ხელმწიფა" - ბარათაშვილის მუზა ეკატერინე ჭავჭავაძე (ექსკლუზიური ფოტოები) - კვირის პალიტრა

როგორი იყო "მშვენიერთა ხელმწიფა" - ბარათაშვილის მუზა ეკატერინე ჭავჭავაძე (ექსკლუზიური ფოტოები)

როგორი იყო "მშვენიერთა ხელმწიფა" - ალექსანდრე ჭავჭავაძის ასული, ნიკოლოზ ბარათაშვილის მუზა და სამეგრელოს მთავრის მეუღლე, ჭავჭავაძიანთ კატინკა... ალბათ ყველას წარმოსახვას აჭარბებს ამ პირველ, ექსკლუზიურ ფოტოზე აღბეჭდილი მისი მშვენება.

”არა არს რა დაფარული, რომელი არა გაცხადდეს...” ერთ-ერთი უსაჩინოესი გაცხადება, სწორედ დღეს და სწორედ ჩვენს გაზეთში ხდება... იხილეთ უმშვენიერესი ქალიშვილის ფოტო, ფოტო დიდებული ჭავჭავაძიანთ ეკატერინე-კატინკასი, რომლის სილამაზესა და განათლებაზე ყველას გვსმენია, რომლის XIX საუკუნის აღიარებულ მუზად ყოფნაც ყველას მოგვეხსენება... აღარაფერს ვიტყვით ემოციებზე, ყველას სათითაოდ გტოვებთ ამ მშვენიერი ქალიშვილის პირველად მიკვლეულ და გამოქვეყნებულ პორტრეტთან... ვიცით, საკუთარ ემოციებს თავად უფრო მოუძებნით განმარტებებს... ეს ხომ სხვა არავინაა, თუ არა დიდებული ეკატერინე, ”მშვენიერთა ხელმწიფა” - მთავრინა...

ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოები თავმოყრილია ალბომში, რომელიც საფრანგეთში ან რუსეთში უნდა იყოს აკინძული. მასზე ოქროსასომთავრული ასოებით არის ამოტვიფრული დედოფლის სახელი და სამეგრელოს სამთავრო ოჯახის ოქროსივე გვირგვინი. ალბომში სხვადასხვა ზომის 100-მდე ფოტოა დაცული, დედოფალს მათგან ხუთიოდე ეკუთვნის, დანარჩენებზე კი მისი ოჯახის წევრები და მეგობრებია აღბეჭდილი.

ეკატერინეს შემორჩენილ ფოტოთაგან განსაკუთრებული ყურადღების ღირსია მისი ახალგაზრდობის პორტრეტი, იგი, როგორც ჩანს, ჭავჭავაძის ქალმა თბილისში, გათხოვებამდე გადაიღო.

ეკატერინე სამეგრელოს მთავარ დავით დადიანზე 1838 წელს დაქორწინდა და საცხოვრებლად ზუგდიდის სასახლეში გადავიდა. მას რამდენიმე წელი შვილი არ შესძენია, რაც ოჯახისთვის დიდი დარდის საბაბი იყო. 1847 წელს კი სამთავრომ დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნა პირველი ვაჟის, ტახტის მემკვიდრის - ნიკო დადიანის დაბადების დღე. ეს ღირსშესანიშნავი მოვლენაც აუსახავს ფოტოობიექტივს - გულზე მიხუტებულ უფლისწულს დიდი რუდუნებით შეჰყურებს სახელოვანი დედა დედოფალი.

მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ეკატერინე ჭავჭავაძე-დადიანის ბედი ტრაგიკულად წარიმართა: 1855 წელს სამეგრელოს სამთავროში ომერ-ფაშას სარდლობით ოსმალთა არმია შემოიჭრა. მაშინ ეკატერინემ არნახული ვაჟკაცობა გამოიჩინა, უშუალოდ ხელმძღვანელობდა განმათავისუფლებელ ქართულ ლაშქარს. მართალია, მტერმა უკან დაიხია, მაგრამ ქვეყანა გაპარტახებული და თითქმის მიწასთან გასწორებული დარჩა. 1856 წლის ივლისში კი დედოფალი ალექსანდრე II-ის კორონაციაზე გაიწვიეს, იმავდროულად სამეგრელოში რუსების მიერ ინსპირირებულმა აჯანყებამაც იფეთქა, რაც სამთავროს გაუქმებისათვის მარჯვე საბაბი შეიქნა. ეკატერინე შვილებთან ერთად ჯერ პეტერბურგში, შემდეგ კი ევროპაში გადავიდა საცხოვრებლად. ამ პერიოდის წერილებიდან კარგად ჩანს, რომ დედოფალი ძლიერ განიცდიდა ტახტისა და ქონების დაკარგვას, რის გამოც ხშირად ავადმყოფობდა კიდეც. სწორედ ეს ჟამი უნდა იყოს ასახული მის უკანასკნელ ფოტოზე, სადაც თეთრ კაბაში გამოწყობილ, დაბერებულ ეკატერინე დადიანს სახეზე განუზომელი დარდი და წუხილი აღბეჭდვია. დიახ, უცნაურია ადამიანთა ცხოვრება, უფრო უცნაური კი ფოტოობიექტივით დაჭერილი ის წამებია, რომლებიც ეკატერინე დადიანისა და მისი ახლობლების ტრაგიკულ სვე-ბედზე გვიამბობს. სულ რამდენიმე ფოტომ დაიტია ქართველი დიდებულებისა და ცნობილი პოეტების მუზის, ამაყი დედოფლის დიდებით აღსავსე ცხოვრება, ქალიშვილობისას და სიცოცხლის ბოლოს გადაღებულმა რამდენიმე ფოტომ, რომლებზეც კარგად ჩანს წუთისოფლის უკუღმართობა.

კვირის პალიტრის არქივიდან, 2001 წელი