რატომ დაგავიწყდათ ღმერთი?! - კვირის პალიტრა

რატომ დაგავიწყდათ ღმერთი?!

"სად არის მტკვარი - თაფლისფერზვირთებიანი? სად არიან მეთევზეები, მეწისქვილეები, მტკვარზე გარუჯული ბიჭები..."

გასული საუკუნის 40-იანი წლების მიჯნაზე გადაღებულ ამ ფოტოზე მწერალი არჩილ სულაკაური მტკვარზე თევზაობს.

მტკვარი განსაკუთრებით უყვარდა. ბადით მიდიოდა სათევზაოდ და არა მხოლოდ თევზის დასაჭერად... ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდამ იცოდა, რომ თვალები ფართოდ უნდა გაეხილა და ყველაფერი დაემახსოვრებინა: ლაღად მიმავალი თაფლისფერზვირთებიანი მტკვარი, მადათოვის კუნძული, იქ გადაყრილი მთელი თბილისის ნარჩენები, ყველაზე სახეყვითელი და კუნთმაგარი მეთევზე თბილისში, მეწისქვილე და რაკარუკით მოლაპარაკე თბილისური წისქვილები, სახლი, სადაც ბავშვობა გაატარა, საიდანაც მტკვარს გადაჰყურებდა... იმიტომ, რომ იცოდა, ეს ყველაფერი აღარ იქნებოდა და ერთ დღესაც, როცა მონატრებულ სანაპიროს ჩაუყვებოდა, თბილისს ვეღარ იპოვიდა... და მაშინ ყველაზე ახლოს იქნებოდა ბოლოთქმა...

მაგრამ ვიდრე მზე იკბინებოდა თბილისის ციდან, ვიდრე რთულ, ტკივილით სავსე ცხოვრებას ისევე მაგრად ედგა პირისპირ, როგორ ძლიერადაც ზიდავდა ბადეს მტკვრიდან, ჰქონდა იმედი, რომ სიყვარული გააძლებინებდა და - თავდავიწყებით უყვარდა.

ამ მოკლე წერილში ვერ დაეტევა მოსათხრობი: გადასახლებული მამის გამო უხმოდ ჩაყლაპული ცრემლები, მეგობრისთვის გაღებული სიცოცხლის ნაწილი, სიყვარულთან ერთად გაჩენილი სისავსე და სევდა... მწერლებთან გაზიარებული ჭიქა ღვინო, ლუკმაპური და მწარე სიმართლე... ქართული ენის შეურაცხყოფის გამო დატოვებული მწერალთა  საკავშირო ყრილობა და ცეცხლთან თამაში... მერე ეროვნული მოძრაობა - იმედი, მაგრამ მასავით უკვე ჭაღარა და დამცხრალი. ბნელი და ცივი წლები და საკუთარი მდიდარი ბიბლიოთეკიდან არსებობისთვის გაღებული მსხვერპლი - გამქრალი წიგნები.

ამონარიდი ბლიცანკეტიდან, რომელიც არჩილ სულაკაურს შეუვსია: "ყველაზე დიდი იმედგაცრუება - ჩემი ერის მოქმედება დამოუკიდებლობის მოპოვებისას".

სულისშემხუთველი რეალობიდან გასვლა - ისევ მტკვარი და თბილისი, მაგრამ სად არის თბილისი? სად არიან ბიჭები, ერთ ღამეში რომ ჭაღარავდებოდნენ და მაინც ფეხმოუცვლელად იდგნენ თავის მრწამსზე?  სად არის მტკვარი - თაფლისფერზვირთებიანი? სად არიან მეზობლები - მეთევზეები, მეწისქვილეები, მტკვარზე გარუჯული ბიჭები...

"დიდი ხნის შემდეგ ისევ ჩვენს აივანზე ვიდექი და მტკვარს დავცქეროდი. დავცქეროდი და ვეღარ ვცნობდი ჩემს ძველ მეგობარს: ბეტონის ჯებირებში მომწყვდეული დადინჯებულიყო, შეუმჩნევლად მიედინებოდა. გლუვ ზედაპირს აერეკლა განთიადის ფერმკრთალი ცა, სანაპიროს ქვის მოაჯირი, ხის წვეროკინები და მთაწმინდა.

ორივე სართულის აივნებზე სიცარიელე დამხვდა, სიჩუმე, ბოძებს შორის გაბმულ თოკებზე არ ფრიალებდა თეთრეული, არ ისმოდა მეზობლების გაუთავებელი ყაყანი. ეზოს, მტკვრის მხრიდან, სანაპირო მოსწოლოდა, დავიწროებულიყო, სახლიც შესაბრალისად გამოიყურებოდა; დაბერებული, დაჩაჩანაკებული ოდნავ წინ გადმოხრილიყო. იფიქრებდი, მოახლოებული ფათერაკი უგრძნია, გასაქცევად მომზადებულა, მაგრამ წელი ვეღარ აუთრევიაო.

დავდიოდი დაცარიელებულ ოთახებში...

ამ ვიწრო ოთახში ჩვენ ვცხოვრობდით...

აქ ვიღა ცხოვრობდა? - აი, სახლის პატრონის სახელი დამვიწყებია...

აქ კი ჩემი ბავშვობის მეგობრები ცხო-ვრობდნენ... სადა ხართ ახლა, ლევან და ნანა, გახსოვართ თუ აღარა?!

გამარჯობათ, ბებია მაკო! თქვენც წასულხართ...

დამტვერილ თაროზე იესო განისვენებს, მარტოდმარტო, მიტოვებული. მაცხოვრისთვის შარშანდელი ბზის ტოტი და ნახევრად დამწვარი თაფლის სანთელი გაგიმეტებიათ. ბებია მაკო, წასვლისას დაგვიწყებიათ თქვენი იესო, რომლის წინაშე სამოცი წელი დაჩოქილი ლოცულობდით... ბებია მაკო, რატომ დაგავიწყდათ ღმერთი?!"

ეს იყო ბოლოთქმის წინა გვერდი. არჩილ სულაკაურმა იცოდა, დიდი დრო კი არა და, მცირეც აღარ რჩებოდა.

თავისნაირი ძარღვიანი და ალალი შვილები ჰყავდა - გიგი და ლაშა, მაგრამ მათშიც უკვე კითხულობდა თავდამავიწყებელ სევდას, და კიდევ უფრო მძიმდებოდა.

გიგი ისეთი მწერალია, შეუძლებელია, არ გაეხარა მის შემოქმედებასთან შეხებისას...

ლაშა მხატვარია და ისიც ზედაპირულად კი არა, მთელი არსებით ეხებოდა ხელოვნების სულს, მაგრამ მას უკვე აღარ შეეძლო ფანჯრებიდან გახედვა...

იქნებ სწორედ მაშინ მოხატა ლაშამ მამის კაბინეტის ფანჯრები ეგვიპტური მითოლოგიის ეპიზოდებით. თვალს კი ხვდებოდა ლამაზად, მაგრამ სული მტკვრის სანაპიროს დაფარფატებდა და...

ბოლოთქმა:

თბილისობის ღამე იდგა. ცუდად გახდა. თავისი ფეხით გავიდა სახეზე წყლის შესასხმელად და... უკანასკნელად ამოისუნთქა.

თითქოს საგანგებოდ, ტელეფონი არ მუშაობდა, რომ სასწრაფოში მაინც დაერეკათ...