ბურებთან - კვირის პალიტრა

ბურებთან

(დასაწყისი "კვირის პალიტრა" #50-51, 2009; #1, 2010)

ნიკო ბური (ბაგრატიონი)

მოგონება

ნიკო გიორგის ძე ბაგრატიონი (ნიკო ბური) 1896 წელს რუსეთის მეფის კორონაციას ქართველ დიდგვაროვნებთან ერთად დაესწრო. ორი წლის შემდეგ პარიზში გაემგზავრა, მარსელზე გავლით კი ალექსანდრიაში (ეგვიპტე)  ვეფხვებზე სანადიროდ ჩავიდა. აფრიკაში მის ჩასვლას დაემთხვა ინგლის-ბურების ომი და ბაგრატიონმა, როგორც მოხალისემ, ტრანსვაალს მიაშურა ინგლისელების წინააღმდეგ საბრძოლველად.

ბაგრატიონმა დაწერა მოგონებების წიგნი "ბურებთან". პირველ ნაწილში აღწერა თავისი ოჯახის თავგადასავალი,  XIX საუკუნის II ნახევარში საქართველოს ყოფის ცალკეული სურათები, მეორე, უფრო ვრცელი ნაწილი კი მიუძღვნა ტრანსვაალის ომს და თავის მონაწილეობას ამ ომში.

თავის მემუარებში ტრანსვაალის მომხრე მოხალისეთა რიგებში ჩარიცხვას ნიკო ბური ასე იხსენებს: "ჩემს სამშობლოს მაგონებდა და უნდა მებრძოლა მათ დასაცავადო". და მართლაც, თავდაუზოგავად იბრძოდა პატარა, თავისუფლებისმოყვარე რესპუბლიკის დამოუკიდებლობისათვის. იგი მალევე დაუმეგობრდა ტრანსვაალის პრეზიდენტ პაულ კრიუგერს, გამოჩენილ სარდლებს ჟუბერსსა და ბოტას. სხვათა შორის, ბრძოლებში მას ორი ქართველი მებრძოლიც ახლდა თან, რომლებიც, კაზაკთა არმიაში მსახურობდნენ. მამაცობის და შეუპოვრობისათვის მას პოლკოვნიკობაც კი მიანიჭეს. ერთ-ერთი ბრძოლის დროს ბური ინგლისელებმა დაატყვევეს და დახვრეტა მიუსაჯეს, მაგრამ... როგორც საქართველოს სამეფო გვარის შთამომავალს, დახვრეტა წმ. ელენეს კუნძულზე გადასახლებით შეუცვალეს, საიდანაც იგი ჯერ საფრანგეთში, შემდეგ კი თავის სამშობლოში დაბრუნდა.

თავად ვორონცოვის დროს დაარსებული რუსული გიმნაზიის დირექტორი იყო ლევ ლვოვის ძე მარკოვი, რომელიც მოწაფეებს ძალიან უყვარდათ. განათლებული, ბუნებით კეთილი, ის მოწაფეებს არ არჩევდა ერთიმეორისაგან, შესანიშნავად მართავდა გიმნაზიას, რომელიც მაშინ კულტურის გამავრცელებელ ერთ-ერთ მთავარ კერას წარმოადგენდა.

ლევანი პირველ მოწაფედ ითვლებოდა, მე კი, ჩემი სუსტი ჯანმრთელობის გამო, ხოხვით მივიწევდი წინ. გადავედი სათავადაზნაურო კლასში (ასე ეძახდნენ მეოთხე კლასს - მემამულეთა შვილების განათლების ცენზის საბოლოო პუნქტს).

გიმნაზიაში შესვლის შემდეგ ჩვენი ცხოვრება თავის კალაპოტში ჩადგა. ზამთარს თბილისში ვატარებდით, ზაფხულს კი მუხრანში.

თვალუწვდენელ მინდვრებსა და ტყეებში სეირნობის დროს უნებლიეთ წარმომიდგებოდა ჩვენი ქვეყნის უძველესი სურათები. ამავე დროს ვოცნებობდი საქართველოს უკეთეს მერმისზე, ხალხის კეთილდღეობაზე და ადამიანის თავისუფლებაზე.

იმ ხანებში მამამ ავადმყოფობა დაიწყო, სულ მეტად და მეტად უარესდებოდა მისი მდგომარეობა. მაშინდელი მთელი თბილისის ექიმები ექიმობდნენ, მაგრამ ყველაფერი ამაო იყო. მუხრანიდან ჩვენთან ჩამოიყვანეს მამა, ავადმყოფობა საშინელი სიჩქარით ანადგურებდა მის რკინასავით მაგარ ორგანიზმს. ექიმებმა გამოგვიცხადეს, რომ მდგომარეობა უიმედოაო. მე მამას დღე და ღამე არ ვშორდებოდი, ჩემთვის ქვეყნიერება ჩაბნელდა და მათან ერთად ჩემი ოცნებებიც.

მამაჩემმა იცოდა, რომ მე ძლიერ მიყვარდა ჩვენი სოფელი, მეურნეობა და ჭკუას მასწავლიდა, მარიგებდა, თუ როგორ უნდა მეწარმოებია საქმეები მომავალში, მთხოვდა, დედაჩემი დამეცვა უსიამოვნებისაგან; საერთოდ ჩვიდმეტი წლის ახალგაზრდას მაკისრებდა ჩვენი დიდი ოჯახის მთელ სიმძიმეს. ერთადერთ ნუგეშად ისღა გვრჩებოდა, რომ ვალები აღარ გვქონდა და ყველა საქმე მოწესრიგებული იყო. მე ვერ წარმომედგინა ცხოვრება ძვირფასი არსების გარეშე. მამის სასთუმალთან გატარებულ გრძელ ღამეებში ბევრს ვტიროდი, მაგრამ ცრემლები ვერ მიმსუბუქებდნენ სულიერ ტანჯვას. მამა ჯერ კიდევ ახალგაზრდა იღუპებოდა: ის მხოლოდ 50 წლისა იყო.

მამამ იგრძნო სიკვდილის მოახლოება და მოისურვა მუხრანში გადაგვეყვანა, თანაც გვთხოვა, დაგვემარხა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში, რომელიც პაპაჩემმა ააშენა.

ეს ეკლესია ქართველი მხატვრის მიერ შესანიშნავი ფრესკებით იყო მოხატული (საუბედუროდ, ამ მხატვრის გვარი არ არის ცნობილი). ამ ფრესკებს ყურადღება მიაქცია პატარა და ლამაზი ეკლესიის საკურთხებლად პაპაჩემის მიერ მოწვეულმა ღრმად განათლებულმა ეგზარქოსმა ისიდორემ, რომელიც შემდეგ პეტერბურგში იქნა დანიშნული მიტროპოლიტად.

პაპამ ისარგებლა რა იმით, რომ ეკლესიის მოსახატად მუხრანში იმყოფებოდა მხატვარი, მას დაახატვინა ოჯახის ყველა წევრის დიდი სურათიც.

იმის გამო, რომ ამ დიდ ტილოზე გამოსახული იყო 11 ადამიანი, ისიც ფრესკული სტილით, ის ძალიან არ მოსწონდა მთელ ოჯახს და სადღაც მიგდებული ჰქონდათ, მაგრამ ჩემთვის ძვირფასი იყო და ამიტომ ვინახავდი მას, ახლა კი ეს სურათი მეტეხის მუზეუმშია და თითქმის საუკეთესო ექსპონატად ითვლება. აი, ასე იცვლება დრო.

მამას ჩვენც წავყევით. რკინიგზა უკვე გაყვანილი იყო. სადგურ ქსანში დაგვხვდნენ შინამოსამსახურეები, რომლებმაც საკაცით წაიყვანეს ავადმყოფი, რადგან მას ოდნავი მოძრაობაც კი ჯოჯოხეთურ ტკივილებს აყენებდა. გასავლელი მანძილი პატარა არ იყო - შვიდ კილომეტრს უდრიდა.

მშობლიური ადგილების ხედმა, იმ სახლის დანახვამ, სადაც განვლო მისმა ცხოვრებამ, სადაც ცხოვრობდნენ მისი წინაპრები, სადაც დაიბადნენ მისი შვილები, ყველაფერმა ამან, ალბათ, იმოქმედა და გაამხნევა მამაჩემი იმდენად, რომ მან მოისურვა საკუთარი ფეხი გადაედგა მშობლიურ ზღურბლზე, რამაც ჩვენში დიდი სიხარული გამოიწვია.

სანამ ადამიანი სუნთქავს, მის მახლობლებს მაინც აქვთ რაღაც იმედი, მაგრამ ეს იმედი ხანმოკლე გამოდგა.

მამა ჩაწვა და სულ მალე, 1884 წელს ივნისის თვეში, ზიარების მიღებისა და ჩვენი დალოცვის შემდეგ, სრული ცნობიერებით გარდაიცვალა წყალმანკისაგან.

სუფთა, მოწმენდილ ცაზე მზე კაშკაშებდა და უხვად აფრქვევდა თავის სხივებს მიწაზე, მაგრამ ჩვენი მზე ჩაესვენა, ჩაქრა ჩვენი ცხოვრების ლამპარი, აღარა გვყავდა ოჯახის თავი. რა უნდა გვექნა?

თვალს ვერ ვაცილებდი მიცვალებულის ძვირფას სახეს. სწორედ ამ წუთებში გამახსენდა მამის ანდერძი და უეცრად ვიგრძენი, რომ მემატებოდა ენერგია და მიმტკიცდებოდა საკუთარი ძალის რწმენა. უკვე ვაჟკაცად ვიგრძენი თავი და მამაჩემის მიერ დაკისრებული ტვირთი მსუბუქად მომეჩვენა.

დაკრძალვაზე ჩამოვიდნენ მთელი ჩვენი ნათესავები, მთელი დუშეთის ოლქი, სამღვდელოება ეგზარქოსის მეთაურობით, მაგრამ მღვდელმსახურება ეპისკოპოსმა გრიგორიმ ჩაატარა (ერისკაცობაში იგი ულამაზესი ვაჟკაცი, თავადი დადიანი იყო).

დიდი ქელეხი გადავიხადეთ - გლეხებისათვის მაგიდები ორრიგად იყო გაწყობილი ეზოში; სამღვდელოებისათვის, ნათესავებისათვის და ნაცნობებისათვის - ვეებერთელა დარბაზში და სასადილოში. ჩვენ, შვილები, ყველა ფეხზე ვიდექით, თვალყურს ვადევნებდით, რათა ყველაფერი წესრიგზე ყოფილიყო როგორც სახლში, ისე ეზოში, რომ უკმაყოფილო არავინ დარჩენილიყო.

მალე ზაქროც ლოგინად ჩაწვა და თანდათანობით მისი ჯანმრთელობაც გაუარესდა. მამაჩემის შემდეგ დიდხანს აღარ უცოცხლია.

სახლი, რომელიც ასეთ მაგარ საძირკველზე იდგა, თითქოს დაინგრა.

ჩავები მუშაობაში - შემცვლელი არავინ მყავდა. ლევანი გაბრუნდა გიმნაზიის დასამთავრებლად, უმცროსები უკვე სასწავლებელში იყვნენ. ვცდილობდი უმამობა არ დასტყობოდა ოჯახს. გავხსენი პატარა არყის სახდელი ქარხანა და შემოსავალი ოცი ათას მანეთამდე გავზარდე. მაგრამ ამ დროისათვის ლევანმა გაათავა გიმნაზია, არ ისურვა უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად საქართველოს საზღვრებს გასცილებოდა და, როგორც უფროსმა, მოინდომა მართვა-გამგეობა და მამულების საქმეების წარმოება. ის აუქმებდა ჩემ მიერ დადგენილ წესებს, რითაც უთანხმოებას იწვევდა. მე უფროსების პატივისცემით გაჩუმებული ვიყავი და დიდხანს ვითმენდი, მაგრამ როცა ძმის უყაირათობამ შემოსავლის შემცირება გამოიწვია, მე აღვშფოთდი, ყველაფერი დაწვრილებით ვუამბე დედაჩემს, დედამ არ დამიჭირა მხარი, გულის ტკივილით უხმოდ დავტოვე მშობლიური სახლი, რადგან არ მინდოდა ოჯახის ამბები საქვეყნოდ გამეხადა და ფეხი შევდგი სხვა დამოუკიდებელ ცხოვრებაში.

სახლიდან დახმარების მიღებაზე უარი ვთქვი და გადავწყვიტე სხვა რამ საქმისათვის მომეკიდა ხელი. სწორედ იმ ხანებში თბილისში ჩამოვიდა ინგლისის ფირმის წარმომადგენელი მატყლის შესასყიდად. ფირმა მთელ კავკასიაში აწარმობდა მატყლის შესყიდვას.

ერთმა მეგობარმა გამაცნო ეს წარმომადგენელი, იგი ხალისით დათანხმდა, მივეღე სამსახურში და თავის წარმომადგენლად დამნიშნა. დავწერეთ ხელშეკრულება, დამიტოვა შვიდი ათასი მანეთი ბეს დასარიგებლად, მე კი თვეში ჯამაგირი 300 მანეთი დამინიშნა.

გულმოდგინედ შევუდექი საქმეს. თითქმის ოცი ათასი ფუთი გაურეცხავი კარგი მატყლი დავუმზადე. ერთი წლის შემდეგ ჩამოვიდა ჩემი მარწმუნებელი და ძალიან კმაყოფილი დარჩა ჩემი მუშაობით, ქათინაურიც მითხრა, რომ ის არ ელოდა ქართველი კაცისაგან ასეთ საქმიანობას.

როცა შემატყო, რომ მე ნაწყენი დავრჩი როგორც ჩემი, ისე ჩემი თანამემამულეების შეურაცხყოფისათვის, ბევრი იბოდიშა, მაგრამ მე მკვახედ მოვუჭერი სიტყვა და ცივად გავშორდი.

გემი, რომელსაც ის მიჰყავდა მისი სამშობლოს ნისლოვანი ნაპირებისაკენ, დაიღუპა შავ ზღვაში და მას აქეთ ამ ბედუკუღმართი ფირმის შესახებ არაფერი გამიგია.

შემდეგ ყარსის რკინიგზის იჯარებს მოვკიდე ხელი. ყარსის რკინიგზას აშენებდა თავისი საქმის კარგი მცოდნე ინჟინერი ვურცელი.

ორი წლის მუშაობის შემდეგ მე უკვე მოგროვილი მქონდა პატარა თანხა, რომელიც ბანკში შევიტანე და, როგორც მონომანი, სულ მოგზაურობაზე ვოცნებობდი, თანაც ოჯახსაც არ ვივიწყებდი, რომლის საქმეები სულ უფრო ცუდად და ცუდად მიდიოდა. ლევანი აირჩიეს დუშეთის მაზრის თავადაზნაურობის წინამძღოლად და საშინლად გატაცებული იყო ამით - სინამდვილეში სრულიად დამღუპველი საქმით. წინამძღოლობას დიდი ხარჯები მოსდევდა, ლევანი კი მხოლოდ მამულებს შესჩერებოდა.

დადგა 1896 წელი. ახლოვდებოდა რუსეთის მეფის კურთხევა, საქართველოშიაც დაიწყეს დღესასწაულისათვის მზადება. არჩევდნენ დეპუტატებს რუსეთში გასაგზავნად.

თავადაზნაურთა დეპუტაციაში მეც მოვხვდი. ჩვენს დეპუტაციას მეთაურობდა თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის წინამძღოლი, მეფის კამერჰერი, თავადი კონსტანტინე ივანეს ძე მუხრან-ბაგრატიონი.

ჩემთვის ეს დიდი ბედნიერება იყო. საქართველოს საზღვრების დატოვება, უსაზღვროდ ვრცელ რუსეთში წასვლა - პირველი საფეხური იყო საოცნებო უცნობი ქვეყნების ნახვისა. ჩემი ოცნება სინამდვილედ იქცა. ბედნიერება ასე ახლოს იყო, იგი ასე შესაძლო გახდა, და მეც დიდი მონდომებით დავიწყე წასასვლელად მზადება - დავრბოდი მკერავებთან ეროვნული ტანსაცმელის შესაკვეთად. ვიყიდე შესანიშნავი ქამარ-ხანჯალი - ერთი ცისფერი მინანქრით, მეორე კი ვერცხლითა და მარჯნით მოოჭვილი, განსაკუთრებით ხანჯალი და ხმალი იშვიათი ოსტატობით იყო გაკეთებული. კმაყოფილი და ბედნიერი, დელეგაციასთან ერთად 10 მაისს გავემგზავრეთ მოსკოვში. ჩასვლისას ვჩქარობდით სასტუმროში ოთახების დაჭერას, რადგან თითქმის მთელი რუსეთიდან და აგრეთვე საზღვარგარეთიდანაც ჩამოსული სტუმრები ავსებდნენ იქაურობას. ქუჩაში განუწყვეტელი ხმაური იდგა.

ალერსიანი, კაშკაშა მზე უხვად აფრქვევდა თავის სხივებს ამ სხვადასხვა ეროვნებისა და სხვადასხვანაირ ტანსაცმელში გამოწყობილ ხალხს. ამ თვალისმომჭრელმა სანახაობამ ძალზე გამიტაცა და პირდაპირ აღფრთოვანებაში მომიყვანა.

ცოტა დასვენებისა, ტანსაცმლის გამოცვლისა და დანაყრების შემდეგ, ქუჩაში გავედი, ხალხის მორევმა მაშინვე ჩამითრია. ვიქირავე ეტლი, რომ თავისუფლად დამეთვალიერებია რუსეთის უძველესი სატახტო ქალაქი, რომელსაც თბილისივით გადატანილი ჰქონდა მრავალი თავდასხმა და შინაბრძოლები. მაისის ამ მშვენიერ, ნათელ დილას მისი ოქროსფერი გუმბათების ჯვრები ბრწყინავდნენ, აპობდნენ ცის სილურჯეს და თითქოს ღრუბლებისაკენ მიილტვოდნენ და მოუწოდებდნენ ყველას ეცქირათ ციური დიდებისათვის.

მეორე დღეს მირქმის ტაძარში დანიშნული იყო მეფის კურთხევა. საქართველოს დეპუტაციას ცალკე ადგილი ჰქონდა მიჩენილი ეკლესიაში. მეფის საგვარეულოს მრავალი წარმომადგენელი, ყველა დიპლომატიური კორპუსები თან მოჰყვებოდნენ მეფის ოჯახს.

ტაძარი მაინცდამაინც დიდი არ არის, მაგრამ მისი მოწყობილობის სილამაზე აოცებდა ადამიანს. ჩემი სიმაღლის წყალობით მე ყველაფერს ვხედავდი.

აუარებელ სანთელთა შუქი, სამღვდელოების მოვერცხლილი სამოსლის ბრჭყვიალი, კარისკაცთა და უცხოეთის პრინცების ოქრომკედით ნაკერი მუნდირები, მანდილოსნების ულამაზესი და უმშვენიერესი ტანსაცმელი, ძვირფასი თვალ-მარგალიტით მოფენილი თავსართავები - ყველაფერი ეს საოცრად ბრწყინავდა.

მაგრამ სწორედ ამ დროს გაისმა "ხოდინკა". ამ სიტყვამ ყველა შეაძრწოლა.

ხოდინკაზე მოხდა არეულობა, რის დროსაც ათასობით ხალხი დაიღუპა. მოსკოვი დამგლოვიარდა, მაგრამ ეტიკეტი და პოლიტიკა მოითხოვდა კურთხევის დღესასწაულის გაგრძელებას.

საჭირო იყო, რომ ჟურნალისტებს არ მისცემოდათ საშუალება დაწვრილებით გამოექვეყნებიათ ის, რაც მოხდა და რომ რუსეთში საპასუხისმგებლო ადგილებზე უპასუხისმგებლო პირები არიან.

ჩუმად, კუთხეებში ჩურჩულებდნენ იმის შესახებ, რომ ახალგაზრდა დედოფალმა ბევრი იტირა, რადგან მომხდარ უბედურებას ახალი მეფისა და მისი მეფობისათვის ცუდის მომასწავებლად თვლიდა.

დღესასწაული გრძელდებოდა, მაგრამ მას სევდის ელფერი დაჰკრავდა.

საღამოთი წვეულება იყო გამართული. სურათი სურათს ცვლიდა, უძველესი კრემლი გაცოცხლდა - ყველა დროის მბრძანებლების მთელმა მწკრივმა გაიარა მის საუკუნეებით მდგარ თაღების ქვეშ, ყოველი მათგანი ავად თუ კარგად თავის დაღს ასვამდა რუსეთის ცხოვრებას.

ლამაზ ქალთა თაიგულში ერთი მეორეს სჯობდა, ერთი მეორეზე მეტად მომწონდა და მაღელვებდა. მათ შორის გამოირჩეოდა ელენე ჩერნოგორსკაია, რომელიც შემდეგში იტალიის დედოფალი გახდა; აგრეთვე, ყველას ყურადღებას იპყრობდა მეორე ულამაზესი ქალი - ქართველების სასიხარულოდ და სასიქადულოდ - მარიამ მიხეილის ასული სუმბათაშვილი.

(გაგრძელება იქნება)