აფხაზებისთვის ისტორია, ქართველებისთვის - სიამაყე - კვირის პალიტრა

აფხაზებისთვის ისტორია, ქართველებისთვის - სიამაყე

აფხაზი მეცნიერი მიიჩნევდა, მთელ ჩრდილოეთ კავკასიას დამწერლობად ქართული ანბანი უნდა ჰქონდესო

სოხუმში მშვიდობის გამზირს აფხაზი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის - სიმონ აშხვაცავას სახელი დაარქვეს

ძალიანაც რომ გინდოდეს, აფხაზების ამბავს ისე ვერ მოჰყვები, ქართველები რომ არ ახსენო...

მას შემდეგ, რაც აფხაზებმა ქართველები გამოდევნეს და ვითომდა დამოუკიდებლად ცხოვრება გადაწყვიტეს, ბევრი რამ შეიცვალა. შვილებს ახალი ისტორია დაუწერეს, ქუჩებს სახელები გადაარქვეს და ქართული კვალის წაშლას დიდი მონდომებით მიჰყვეს ხელი. არაფერს მოგახსენებთ, რისი ამოშლა და დავიწყება გადაწყვიტეს თავისი ცხოვრებიდან აფხაზებმა, მხოლოდ იმაზე მინდა გიამბოთ, რაც ახსოვთ და ვისი პატივისცემაც შერჩათ. სოხუმში მშვიდობის გამზირს აფხაზი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის - სიმონ აშხვაცავას სახელი დაარქვეს.

KvirisPalitra.Geვინ იყო სიმონ აშხვაცავა, ცხადია, საინტერესო იქნება ჩვენი მკითხველისთვის. დღევანდელი აფხაზეთის მცხოვრებთ კი აუცილებლად დააინტერესებთ, რომ მათი სასიქადულო შვილის  შვილიშვილი თამარ აშხვაცავა თბილისში ცხოვრობს, უსაზღვროდ უყვარს წინაპართა მიწა და თვალცრემლიანი გვიამბობს იმას, რაც ხვალ შორეული ისტორია გახდება და, ვინ იცის, როგორ "შეფუთულს" მიაწოდებენ შთამომავლებს... დღეს კი ქალბატონი თამარი ცოცხალი მატიანეა, მომსწრე ადამიანებისა, ვინც პირადად იცნობდნენ სიმონ აშხვაცავას და მის ოჯახს.

სიმონ აშხვაცავა გუდაუთის რაიონის სოფელ ლიხნში დაიბადა. აშხვაცი - თავადური გვარია (დაბოლოება "ვა" მოგვიანებით მიამატეს)... მისი ბებიებიც თავადის ქალები იყვნენ, დედაც... ლაკერბაის, ინალიფას, შარვაშიძის ჩამომავალნი.

ქართული ენა არ იცოდა, სულით და მსოფლმხედველობით აფხაზი იყო. ყველაფერს აკეთებდა, რომ აფხაზეთი წინ წასულიყო... სხვათა შორის, ზოგიერთი მისი სტატია, რომელიც ეხებოდა საქართველოსა და აფხაზეთის ერთიანობის საკითხს, ხშირად კამათის საგანი გამხდარა მეცნიერთა შორის.

ტარტუს უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული, პირველი აფხაზი ენათმეცნიერი და არქეოლოგი გახლდათ.

ის ნიკო მართან და ივანე ჯავახიშვილთან ერთად მუშაობდა და მეცნიერული ანალიზით დაასკვნა, რომ არა მარტო აფხაზებს, მთელ ჩრდილოეთ კავკასიას დამწერლობად ქართული ანბანი უნდა ჰქონდესო, ასე არც ერთი ანბანი არ უხდება კავკასიურ ენებსო. ერთი პერიოდი ეს საკითხი გადაწყვეტილიც იყო. სიმონ აშხვაცავა ოცნებობდა, წასულიყო შვეიცარიაში, დაემზადებინა შრიფტი და სოხუმში ჩამოეტანა...

მაგრამ რუსეთი შორსმჭვრეტელი იყო და ყველანაირად ეცადა, სლავურ ანბანს განედევნა ქართული, რაც კიდევ ერთ დაბრკოლებად შეექმნებოდა აფხაზებისა და ქართველების საუკუნოვან მეგობრობა-ნათესაობას.

სიმონ აშხვაცავამ სოხუმში დააარსა ორი ინსტიტუტი, სადაც ბუნებისმეტყველებასა და ენათმეცნიერებას ასწავლიდა.

მართალია, ერთ სისტემაში მოღვაწეობდნენ, მაგრამ ნესტორ ლაკობას ბევრ საკითხთან დაკავშირებით უპირისპირდებოდა. ყოველთვის ინარჩუნებდა დამოუკიდებელ აზრსა და შეხედულებას.

სიმონი ლიტერატურულ საქმიანობასაც ეწეოდა. დაწერა ორი პიესა აფხაზეთის ცხოვრებაზე - "საფარ ბეი" და "ომარ ბეი", რომლებიც სოხუმში დაუდგამს კიდეც.

ბოლოს განათლების მინისტრი იყო... სწორედ მინისტრობისას, 1938 წლის დასაწყისში დახვრიტეს. ზღვის სანაპიროზე გამოასალმეს სიცოცხლეს.

მოგვიანებით სოხუმში, გორკის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი გაიხსნა. მის საზეიმო გახსნას სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, მათ შორის გახლდათ ტარტუს უნივერსიტეტის რექტორი. მან თურმე აღშფოთებულმა მიმართა საზოგადოებას - მე უნივერსიტეტში თქვენი თანამემამულე მეცნიერის, სიმონ აშხვაცავას პორტრეტი მიკიდია, თქვენ კი მის სახელს უმაღლეს სასწავლებელს არ არქმევთო?!

საწყენია, რომ დღევანდელ აფხაზეთში არ სურთ გაიხსენონ, რომ სიმონ აშხვაცავას სიცოცხლე აჩუქა ქართველმა თავადმა ნიკოლოზ (კოლა) ერისთავმა.

ბარემ აქვე შეგახსენებთ: კოლა ერისთავი იყო ეროვნული მოღვაწე, ქველმოქმედი, ილიას თანამებრძოლი. ილიამ ის ბანკის მმართველად გაგზავნა ქიზიყში, სადაც არაერთი კარგი საქმე გააკეთა. ხალხს ძალიან უყვარდა.  ნიჭის პირუთვნელი დამფასებელი გახლდათ, ვაჟასთან მეგობრობდა, ხელს უწყობდა დიდ მწერალს...

სტუდენტობისას სიმონ აშხვაცავა აფხაზეთისთვის საუკეთესო პოლიტიკური მომავლის ძიებაში რევოლუციას მიემხრო, მერე კი მათ აუმხედრდა... პოლიტიკური აზრის გამო ერთხანს მეტეხის ციხეშიც იჯდა. იქ მძიმედ დაავადდა და ნახევრად მკვდარი გადმოაგდეს ციხიდან. ამ დროს მეტეხთან კოლა ერისთავს ეტლით ჩაუვლია.

ვიღაც კავკასიელი გადმოუგდიათ, - უთქვამს მეეტლისთვის, - ჩადი, ნახე, იქნება ცოცხალიაო.

მისულა მეეტლე, - ჯერ კიდევ სუნთქავს, ბატონოო.

კოლა ერისთავმა უცნობი  ახალგორში წაიყვანა, ერისთავების მამულში. წელიწადი მკურნალობდნენ სიმონ აშხვაცავას ერისთავები. იმ დროს საუკეთესო ექიმი მესხიშვილი დაუყენებიათ თავზე. რომ იტყვიან, სიკვდილს გამოსტაცეს ხელიდან მხოლოდ აფხაზურად მეტყველი ახალგაზრდა კაცი.

მაშინ კოლა ერისთავის უმცროსი ქალიშვილი ნინა 19 წლისა ყოფილა. შეჰყვარებია სიმონი. მანაც სიყვარულით უპასუხა მშვენიერ ასულს. სიმონ აშხვაცავა და ნინა ერისთავი დაქორწინდნენ და აფხაზეთში წავიდნენ საცხოვრებლად.

ერისთავის ქალს იქ სულ სხვა კულტურა დახვდა, რძალი ფეხებს ჰბანდა მამამთილს... კერძებიც იმდენად ცხარე ჰქონდათ, ქართლურ სალბინობელს მიჩვეული ასული ვერაფრით შეეგუა... როგორც ჩანს, თავს ცოტა გაუცხოებულადაც გრძნობდა, ცხენს მოაჯდებოდა და დილიდან საღამომდე ჯირითობდა. სათუთად ნაზარდი ერისთავის ასული ჭლექით დაავადდა და 31 წლისა გარდაიცვალა. ერთადერთი შვილი დარჩა - შალვა, რომელსაც სახელი ერთადერთი ძმის, 1921 წელს დაღუპული იუნკრის, შალვა ერისთავის პატივსაცემად დაარქვეს.

სიმონ აშხვაცავა რომ დახვრიტეს, მისი 13 წლის ვაჟი ძაღლივით გამოაგდეს გაგრის სახლიდან, ბავშვი 6 თვე ბოტანიკურ ბაღში იმალებოდა და მცენარეებით იბრუნებდა სულს...

რამდენისთვის უთქვამს შალვას, - დედას არ ვუყვარდი, არასოდეს მეფერებოდაო... არადა, სნეულ ნინას ეშინოდა, ჭლექი შვილს არ გადასდებოდა და ახლოს ამიტომ არ ეკარებოდა.

მამის დახვრეტა ბიჭისთვის სამყაროს დასასრულს ჰგავდა. უძვირფასესი ნოხი დარჩა სახლში, ზედ ჩამოკიდებული იარაღით. სასოწარკვეთილი ბავშვი თურმე შინსახკომელებს ევედრებოდა, იარაღი მაინც მომეცითო. ისინი კი თურმე დასცინოდნენ და ცემით იგერიებდნენ.

კიდევ კარგი, რამდენიმე თვის ძებნის შემდეგ დეიდამ იპოვა და დედულეთში წაიყვანა საცხოვრებლად. აფხაზეთი მაინც ტკივილად დარჩა ბავშვის მეხსიერებაში.

შალვა აშხვაცავამ 1956 წელს მიიღო მამის რეაბილიტაციის ცნობა. აღმზრდელმა დეიდამ ურჩია, - წადი, იქნებ კუთვნილი ნივთებიდან რამე მაინც დაგიბრუნონო. იმ დროს აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი ბღაჟბა იყო. თბილისში ცხოვრობთ და ვერ დაგეხმარებითო - ბღაჟბამ, - სოხუმში თუ გადმოხვალთ, ყველაფერს მოგცემთო...

აშხვაცავების სახლი დაენგრიათ. შალვა ძალიან მოკრძალებული კაცი იყო: ბევრი არაფერი მინდა, სადმე ორი ოთახი მომეცითო. მისცეს.

მაგრამ მამის სახსოვრად ძალიან უნდოდა, რამე მაინც ეპოვა ძველი ნივთებიდან. აღმოჩნდა, ერთ-ერთი პარტიული მოღვაწის ოჯახში ინახებოდა მათი ავეჯი. ეს რომ უნახავს, უნდა წავიღოო, უთქვამს. გამოვარდნია დიასახლისი: - 25 წელი შინ მედგა ეს სამეული და ჩემია, არ დაგანებებთო.

მეორე დღეს წამოსაღებად რომ მისულა, დაჭრილ-დასერილი დახვედრია სამეულის გადასაკრავი.

მაინც წამოიღო. მისთვის ეს სიმდიდრე კი არა, ხსოვნა იყო...

აშხვაცავების ოჯახი დღესაც რუდუნებით ინახავს სიმონისეულ, სრულიად უბრალო, დრო-ჟამით ფერგაცრეცილ სამეულს... კედელზე კი ნინა ერისთავისეული მათრახი კიდია... ეს არის ხსოვნა, რომელიც უმთავრესია როგორც ადამიანების, ისე ერების ცხოვრებაში. და კიდევ: ამ ამბავს ერთი საოცარი თავისებურება აქვს, ძალიანაც რომ გინდოდეს, აფხაზების ამბავს ისე ვერ მოჰყვები, ქართველები რომ არ ახსენო, არ გამოგივა...