ჭაჭა, ძმარი, კავკასიონი და "კუ" - კვირის პალიტრა

ჭაჭა, ძმარი, კავკასიონი და "კუ"

საბჭოთა ეპოქაში ხელოვნების ნებისმიერი დარგი უმკაცრეს იდეოლოგიურ წნეხში იყო მოქცეული, შემოქმედებით თავისუფლებაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო. საბჭოთა მწერლები, რეჟისორები, მხატვრები იძულებული იყვნენ, ისე ემუშავათ, რომ ცენზორთა რისხვა არ დაემსახურებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი ქმნილებები დღის სინათლეს ვერ იხილავდა. გენიალური იტალიელი რეჟისორი ფედერიკო ფელინი,  გიორგი დანელიას, Aანდრეი ტარკოვსკისა და სხვებს "ორმაგ გენოისებს" ეძახდა, - ჩვენ თქვენთან რას მოვალთ. თქვენთან ყველაფერი აკრძალულია, არაფრის გადაღების უფლება არა გაქვთ და მაინც ასეთ სურათებს აკეთებთო.

მართლაც, მიუხედავად ათასგვარი აკრძალვისა, ნიჭიერი ადამიანები მაინც ნახულობდნენ გამოსავალს და ახერხებდნენ შედევრების შექმნას.

ცენზორთა "მაკრატელს" ვერც გიორგი დანელიას ფილმი  "მიმინო" გადაურჩა. თავდაპირველ სცენარში არსებული ფინალური სცენა, ეროვნებათაშორისი შუღლის გაღვივების ხელშეწყობად ჩაუთვალეს ავტორებს. ყველას გვახსოვს, საერთაშორისო ავიახაზებზე მოხვედრილ ვალიკოს როგორ ეხუთება სული და როგორ ნატრობს თვითმფრინავიდან გადახტომას. სცენარის ავტორმა, რეზო გაბრიაძემ, ის მართლაც "გადმოახტუნა" თვითმფრინავიდან, თავის მეგობარ რუბიკასთან ერთად და პირდაპირ კავკასიონის მთების კალთაზე დააცურა. ეს ფანტასტიკური დაშვება ორივე მათგანისთვის მშვიდობიანად დასრულდა, მხოლოდ ვალიკოს მოუვიდა მცირე მარცხი - უკან შარვალი გაეხა. ეს არ გამოჰპარვია მის მეგობარს და მაშინვე მიუთითა კიდეც, ეე, ქართველო, შარვალი გამოგეხაო, რაზეც ვალიკოსგან ასეთი პასუხი მიიღო: რუბიკ-ჯან, წინ კავკასიონია, ასეთი სილამაზე, შენ კიდე დამდგარხარ და ჩემს უკანალს ათვალიერებო.

ცენზურა შეეხო გიორგი დანელიას მეორე ფილმ "ქინ-ძა-ძასაც". უცხო პლანეტაზე მოხვედრილ ქართველ მევიოლინეს ჩანთაში შემთხვევით ძმარი აღმოაჩნდება. გასაკვირია, რატომ უნდა ჩაეტანა რუსეთში, ისიც ზამთარში, ქართველ ახალგაზრდას ძმარი? არც ჩაუტანია. სცენარში თავიდან ასე იყო: უცხო პლანეტაზე მოხვედრილ ქართველს ჩანთაში ჭაჭა აღმოაჩნდება, დედამიწელებიც და უცხოპლანეტელებიც გვარიანად გამოთვრებიან და დედამიწაზე დაბრუნების ნაცვლად პლანეტა "ალფაზე" მოხვდებიან. მაშინ, როგორ მოხვდა ფილმში ძმარი? საქმე ის არის, რომ ფილმის გადაღება 1985 წელს საბჭოთა კავშირში ანტიალკოჰოლურ კამპანიას დაემთხვა, რამაც გადაწყვიტა კიდეც რუსეთის მოქალაქეებში ძალზე პოპულარული ჭაჭის ბედი.

დიდი დავიდარაბა გადახდათ ფილმში "უცხოპლანეტელების ენაში" გავრცელებულ მიმართვა "კუ"-ს გამოც. როდესაც ფილმის გადაღება დაიწყო, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის გენმდივნად კონსტანტინ უსტინის ძე ჩერნენკო აირჩიეს, ავადმყოფობით დაუძლურებული 73 წლის მოხუცი, რომლის სახელისა და მამის სახელის ინიციალები სწორედ ისე ჟღერდა, როგორც კინოფილმში უცხოპლანეტელების "კუ". გიორგი დანელიამ და რეზო გაბრიაძემ იფიქრეს, ემანდ საბჭოთა ლიდერის გაბიაბრუება არ დაგვაბრალონ, ფილმი არ შეგვიჩერონო და "კუ" "კო"-თი შეცვალეს. დანიშვნიდან სულ რამდენიმე თვეში ჩერნენკო მიიცვალა, ახალი გენერალური მდივნის ინიციალები კი მს (მიხაილ სერგის ძე) იყო და მათაც თამამად დააბრუნეს უცხოპლანეტელთა მეტყველებაში ამოშლილი "კუ".

ლადო გოგუაძე