შიშველი ფაკირი
21-07-2014
შიშველი ფაკირი
"უამრავი რამ არსებობს ამქვეყნად, რისთვისაც მზად ვარ, მოვკვდე, მაგრამ არ არსებობს არაფერი, რისთვისაც მზად ვიქნებოდი, მომეკლა", - ეს სიტყვები ინდოეთის განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერს, მაჰათმა განდის ეკუთვნის, რომელმაც ინდოეთი სისხლის დაუღვრელად მიიყვანა თავისუფლებამდე.

1930 წლისთვის ინდოეთში ვითარება უკიდურესად დაიძაბა.  ეროვნული კონგრესი ინდოეთის დამოუკიდებლობას მოითხოვს, რასაც ბრიტანელები ეწინააღმდეგებიან. ბრიტანეთის კოლონიური არმია მობილიზებულია, საცაა ინდოეთი სასტიკი ომისა და რეპრესიების ქარცეცხლში გაეხვევა და რამდენიმედღიანი განმარტოების შემდეგ, განდი იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც მისი თანამებრძოლების აღშფოთებას, ხოლო
მოწინააღმდეგეთა დაცინვას იწვევს. მაჰათმა (დიადი სული. - ინდ.) აცხადებს, რომ სურს, დაარღვიოს ბრიტანელთა მიერ დაწესებული აკრძალვა და მიემართება ინდოეთის დასავლეთ სანაპიროსკენ... მარილის გამოსახდელად და მოუწოდებს ყველას, მას შეუერთდნენ. ეს იყო სრულიად მოულოდნელი სვლა; ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს პოლიტიკოსად აღიარებულმა უინსტონ ჩერჩილმაც კი განდის დაცინვით "შუა
საუკუნეებიდან გადმოსული შიშველი ფაკირი" უწოდა.

ფეხშიშველმა განდიმ რამდენიმე ერთგულ თანამოაზრესთან ერთად მსვლელობა დაიწყო. ზღვის სანაპირომდე მისასვლელად მთელი ინდოეთი ფეხით უნდა გაევლოთ. ხალხი განდის ყვავილებით ეგებებოდა. რამდენიმე კვირაში მილიონობით ინდოელი დაიძრა ზღვის სანაპიროებისკენ. ერთი შეხედვით უმნიშვნელო დარღვევამ გრანდიოზული ეროვნული დაუმორჩილებლობის სახე მიიღო. ბრიტანელებმა ჯერ 80 ათასამდე კაცი, მათ შორის განდიც, ციხეში ჩასვეს, მაგრამ შემდეგ იძულებულნი გახდნენ, შეჩერებულიყვნენ, მთელ ინდოეთს ხომ ვერ გამოამწყვდევდნენ ციხეში.
"შუა საუკუნეებიდან გადმოსულმა შიშველმა ფაკირმა" სასტიკად დაამარცხა დიპლომატიისა და ტექნიკის უკანასკნელი სიტყვით აღჭურვილი ბრიტანეთის იმპერიული მანქანა.

ლადო გოგუაძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები