"რა ვქნათ, ბატონო, არ მოდიან ძროხები და ბატები სტუდიაში" - კვირის პალიტრა

"რა ვქნათ, ბატონო, არ მოდიან ძროხები და ბატები სტუდიაში"

რამაზ ჩხიკვაძე  ტრადიციული ქართული ქეიფისა და დროს ტარების დიდი მოყვარული იყო და, შესაბამისად, ღვინის სმაც ხშირად უწევდა. ხუმრობით ამაყობდა, "განსხვავებული" აირწინაღითაც კი დამილევიაო. ერთხელ დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ კუთხეში მოხვდა დიდ სუფრაზე. დღეს, ალბათ, ნაკლებად შემორჩა ეს ტრადიცია, მაშინ კი იმ მხარეში "სერიოზულ" სუფრებზე ასეთი წესი იყო: სუფრას რომ მიუჯდებოდი, სანამ ქეიფი არ დასრულდებოდა და ბოლო სასმისს არ დაცლიდი, სუფრიდან გასვლის უფლება არ გქონდა.  პატივსაცემ სტუმრებს პირად მერიქიფეებს უსვამდნენ, რომლებსაც არა მხოლოდ სასმისის შევსება, არამედ იმის გაკონტროლებაც ევალებოდათ, დაცალა თუ არა სტუმარმა სასმისი ბოლომდე. შემოუსხდნენ მაგიდას. თამადა მთავარსარდალივით უძღვება სუფრას. გავიდა ერთი საათი, ორი, სამი... არავინ იცვლის ფეხს. არ იყო ბატონი რამაზი შეჩვეული ასეთ რეჟიმში "მუშაობას" და შეწუხდა;  მორიდებით ითხოვა მცირე ხნით გასვლა.  მორიდებით სთხოვეს სუფრაზე დარჩენა. ცოტა ხანში ისევ ითხოვა გასვლა, ახლა ქართველობა შეახსენეს, მესამე თხოვნაზე უკვე შეარცხვინეს, ნამდვილმა ვაჟკაცმა ბოლომდე უნდა გაძლოსო. დაემორჩილა, ითმინა, ითმინა და... წამოიჭრა ფეხზე: "რა არის, ბატონო, ეს, თუ ჩავ...სი და ჩავ...ვი აქ, ქართველი ვარ და  თუ გავედი და ადამიანურად მოვისაქმე, მტერი და გადამთიელი?!"

ამ ისტორიის გაგრძელებას აღარ ჰყვებიან. თუმცა საყოველთაო სიცილითა და მხიარულებით დასრულდებოდა ეს ამბავი.

მრავალი ქართული მულტფილმი არსებობს, სადაც ცხოველებს დიდი ქართველი მსახიობები ახმოვანებენ, მათ შორის რამაზ ჩხიკვაძეც. თავის დროზე ამის გამო რამაზ ჩხიკვაძე, ეროსი მანჯგალაძე და სხვა ცნობილი მსახიობები "ზემდგომ ინსტანციაში" დაიბარეს და უსაყვედურეს: რას ჰგავს ეს, სახალხო არტისტები ხართ, ქვეყანა გიცნობთ,  თქვენ კი დამდგარხართ და ძროხებს და ბატებს ახმოვანებთო. ყველა დაიბნა, არ იცოდნენ, რა ეპასუხათ ასეთ უაზრო საყვედურზე; ისევ ბატონმა რამაზმა დაარღვია სიჩუმე: რა ვქნათ, ბატონო, არ მოდიან ჯერჯერობით ძროხები და ბატები სტუდიაში თავიანთი გმირების გასახმოვანებლად და როგორ მოვიქცეთო. ატყდა სიცილი, სხვანაირად ვერც მოხდებოდა იქ, სადაც რამაზ ჩხიკვაძე იმყოფებოდა.

ლადო გოგუაძე