"რა ვქნათ, ბატონო, არ მოდიან ძროხები და ბატები სტუდიაში"
21-07-2014
"რა ვქნათ, ბატონო, არ მოდიან ძროხები და ბატები სტუდიაში"
რამაზ ჩხიკვაძე  ტრადიციული ქართული ქეიფისა და დროს ტარების დიდი მოყვარული იყო და, შესაბამისად, ღვინის სმაც ხშირად უწევდა. ხუმრობით ამაყობდა, "განსხვავებული" აირწინაღითაც კი დამილევიაო. ერთხელ დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ კუთხეში მოხვდა დიდ სუფრაზე. დღეს, ალბათ, ნაკლებად შემორჩა ეს ტრადიცია, მაშინ კი იმ მხარეში "სერიოზულ" სუფრებზე ასეთი წესი იყო: სუფრას რომ მიუჯდებოდი, სანამ ქეიფი არ დასრულდებოდა და ბოლო სასმისს არ დაცლიდი, სუფრიდან გასვლის უფლება არ გქონდა.  პატივსაცემ სტუმრებს პირად მერიქიფეებს უსვამდნენ, რომლებსაც არა
მხოლოდ სასმისის შევსება, არამედ იმის გაკონტროლებაც ევალებოდათ, დაცალა თუ არა სტუმარმა სასმისი ბოლომდე. შემოუსხდნენ მაგიდას. თამადა მთავარსარდალივით უძღვება სუფრას. გავიდა ერთი საათი, ორი, სამი... არავინ იცვლის ფეხს. არ იყო ბატონი რამაზი შეჩვეული ასეთ რეჟიმში "მუშაობას" და შეწუხდა;  მორიდებით ითხოვა მცირე ხნით გასვლა.  მორიდებით სთხოვეს სუფრაზე
დარჩენა. ცოტა ხანში ისევ ითხოვა გასვლა, ახლა ქართველობა შეახსენეს, მესამე თხოვნაზე უკვე შეარცხვინეს, ნამდვილმა ვაჟკაცმა ბოლომდე უნდა გაძლოსო. დაემორჩილა, ითმინა, ითმინა და... წამოიჭრა ფეხზე: "რა არის, ბატონო, ეს, თუ ჩავ...სი და ჩავ...ვი აქ, ქართველი ვარ და  თუ გავედი და ადამიანურად მოვისაქმე, მტერი და გადამთიელი?!" 

ამ ისტორიის გაგრძელებას აღარ ჰყვებიან. თუმცა საყოველთაო სიცილითა და მხიარულებით დასრულდებოდა ეს ამბავი.

მრავალი ქართული მულტფილმი არსებობს, სადაც ცხოველებს დიდი ქართველი მსახიობები ახმოვანებენ, მათ შორის რამაზ ჩხიკვაძეც. თავის დროზე ამის გამო რამაზ ჩხიკვაძე, ეროსი მანჯგალაძე და სხვა ცნობილი მსახიობები "ზემდგომ ინსტანციაში" დაიბარეს და უსაყვედურეს: რას ჰგავს ეს, სახალხო არტისტები ხართ, ქვეყანა გიცნობთ,  თქვენ კი დამდგარხართ და ძროხებს და ბატებს ახმოვანებთო. ყველა დაიბნა, არ იცოდნენ, რა ეპასუხათ ასეთ უაზრო საყვედურზე; ისევ ბატონმა რამაზმა დაარღვია სიჩუმე: რა ვქნათ, ბატონო, არ მოდიან ჯერჯერობით ძროხები და ბატები სტუდიაში თავიანთი გმირების გასახმოვანებლად და როგორ მოვიქცეთო. ატყდა სიცილი, სხვანაირად ვერც მოხდებოდა იქ, სადაც რამაზ ჩხიკვაძე იმყოფებოდა.

ლადო გოგუაძე

irakli
24 ივლისი 2014 17:32
არამარტო დასავლეთში იყო ეგრე, კახეთშიც მიღებული იყო ეგრე, ტრადიცია რამდენად არის არ ვიცი მარა სუფრიდან არ დგებოდნენ, მიზეზი როგორც ამიხსნეს ის იყო რო გავა არ ვიცით რას შვება იქო :D როცა ვსვავდი თუ თამადა ვიყავი არ გავდიოდი სუფრიდან, არ ვიცი რატომ მაგრამ ეგრე ვაკეთებდი.. მიმაჩნია რომ რამდენს დალევ მაგაში არ გამოიხატება ქართველობა :)
lukho
24 ივლისი 2014 09:48
ramdenic ginda imRere, ramdenic ginda irbine,
tirili RmerTma gacilos, ramdeni ginda icine,
wertils, ukan rom mogyveba, verafriT Camoicileb.
*
gigi
21 ივლისი 2014 15:25
რამაზ ჩხიკვაძე, უდიდესი მსახიობი და ერის საამაყო სახე იყო, ხოლო მისი მოსწრებული სიტყვა, შესანიშნავი სასიმღერო ხმა და სუფრაზე შესაბამისი სიტუაციის შექმნა მისი დიდი ნიჭის კიდევ ერთი დადასტურებაა. ერთი რამ მაღონებს, აღწერილ ამბავს, ლაიტმოტივად, ქართული სუფრის ტრადიცია გასდევს: "სუფრას რომ მიუჯდებოდი, სანამ ქეიფი არ დასრულდებოდა და ბოლო სასმისს არ დაცლიდი, სუფრიდან გასვლის უფლება არ გქონდა." მაპატიეთ, რა არის ამ ტრადიციაში, ჩვენი მამა-პაპათაგან შემორჩენილი და სად გაგონილა, ქართული სუფრის ლაზათი, მხოლოდ ღვინის უზომო სმა, სუფრაზე მიჯაჭვული ტყვეობაში ყოფნა და სხვა არაფერი ყოფილიყოს? ქართული სუფრა, ხომ ქცევის აკადემია, გონება-გახსნილობის ნიმუში, სახელმწიფო საქმეებისა და დიპლომატიური მოლაპარაკებების ადგილი იყო. იქნებ ვცდები და...ისტორიულად ასე არ ყოფილა???...

რედაქტორის რჩევით