გაიქეცი, მხოლოდ არ ინანო! - კვირის პალიტრა

გაიქეცი, მხოლოდ არ ინანო!

არ არსებობს პატიმარი, რომელსაც ერთხელ მაინც არ უოცნებია გაქცევაზე. თუმცა, ციხის მაღალი გალავანი და გაქცევისთვის დაწესებული სასჯელი ამ ოცნების განხორციელების ხალისს უკარგავს პატიმრებს ყველგან, ოღონდ არა - გერმანიაში. ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ 1880 წელს მიიღეს კანონი, რომელიც დღემდე ძალაშია. კანონის თანახმად, პატიმარს, რომელსაც ციხიდან გაქცევის მცდელობისას დააკავებენ, ან წარმატებით დააღწევს თავს საპატიმროს და შემდეგ ჩაუვარდება ხელში სამართალდამცავებს, გაქცევისთვის დამატებითი სასჯელი არ დაეკისრება და "მშვიდობიანად" გააგრძელებს დარჩენილი ვადის მოხდას. გერმანული სისხლის სამართლის კოდექსის მამებმა ეს, ერთი შეხედვით, მეტისმეტად ჰუმანური გადაწყვეტილება ამგვარად ახსნეს: "თავისუფლებისადმი სწრაფვა ადამიანის ერთ-ერთი უმთავრესი ინსტინქტია და უსამართლობა იქნება ამის გამო პიროვნების გასამართლება და დასჯა". თუმცა, გერმანელმა იურისტებმა საზოგადოების უსაფრთხოებაზეც იზრუნეს და გერმანიის საპატიმროებში გაქცევის მოსალოდნელი მასობრივი მცდელობები რომ აღეკვეთათ, ჰუმანური კოდექსის დასაზღვევი საკანონმდებლო აქტები მიიღეს.

ვერც ერთი პატიმარი ვერ შეძლებს საკნის სარკმლიდან ბეღურასავით გამოფრენას. იმისათვის, რომ ციხეს თავი დააღწიო, საჭიროა, ზედამხედველი მოისყიდო ან დაატყვევო, კიდევ, შეიძლება საკნის კლიტე გატეხო ან გისოსები გადახერხო; საპატიმროდან თავის დასაღწევად ციხეში შემოსული მანქანის გატაცება ან სიგნალიზაციის სადენებისა და გალავანზე შემოვლებული მავთულხლართების გადაჭრაც შეიძლება დაგჭირდეს... მოკლედ, გაქცევის უამრავი ხერხი და მეთოდი არსებობს და თითოეული მათგანი სხვადასხვა სასჯელს ითვალისწინებს. გერმანელმა იურისტებმაც სწორედ ამით  მოუარეს პრობლემას. გაქცევის დროს ზედამხედველი მოისყიდე ან თავს დაესხი? მიიღე ამისთვის მოქრთამვისა და ძალადობისთვის დაწესებული უმკაცრესი სასჯელი! საკნის კლიტის, გისოსების, სადენების, მავთულხლართებისა და სხვა ქონების დაზიანებაც  ისჯება, მანქანის გატაცებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ... ამგვარი გამოთვლით, ჰუმანიზმის სახელით მინიჭებული "გაქცევის უფლება" პატიმრებს უფრო ძვირი უჯდებათ,  ვიდრე გაქცევისთვის განკუთვნილი სამი-ოთხი წელი და გაქცევის ხალისიც ეკარგებათ.

ლადო გოგუაძე