გული ჩიტივით აფრთხიალდა და... - კვირის პალიტრა

გული ჩიტივით აფრთხიალდა და...

თამარ გოთუა, მწერალ ლევან გოთუას და, პროფესიით ქირურგი იყო.  ქალბატონს სკალპელთან ერთად კალამიც უჭრიდა და და-ძმის ცხოვრების გზაც საინტერესოდ აღწერა წიგნებში: "სიკვდილთან ჭიდილში" და "თავგადასავალი ლევან გოთუასი".

1943 წლის მაისში თამარი გაიწვიეს მეორე მსოფლიო ომში. მისი ჰოსპიტალი "მცირე მიწაზე" გაანაწილეს.

ერთხელ გულში დაჭრილი მიუყვანეს - რაღაც სასწაულით, დაჭრილმა ბრძოლის ველიდან საოპერაციომდე მიაღწია.  ყველა დარწმუნებული იყო, რომ ჯარისკაცს აღარაფერი ეშველებოდა. არავის უნდოდა, განწირული სწორედ მას ჩაჰკვდომოდა ხელში, ამიტომ სკალპელი ახალბედა ექიმს, თამარ გოთუას მიაწოდეს. თამარი შეცბა, თუმცა, მხოლოდ რამდენიმე წამს იყოყმანა.

...ნაღმის ნამსხვრევს გულის მარცხენა პარკუჭი გაეგლიჯა, ჭრილობაში კი სისხლის კოლტი გაჭედილიყო. იქნებ სწორედ ამან გაუხანგრძლივა სიცოცხლე დაჭრილს, თუმცა, პერანგში ჩამდგარი სისხლი გულის კუნთს გარს შემოსდგომოდა  და გული შეიძლებოდა ყოველ წუთს გაჩერებულიყო.  სისხლი მოჟონავდა და თამარს ჭრილობის დაფიქსირებაში ხელს უშლიდა, ამიტომაც ბრმად დაადო რამდენიმე ნაკერი. სისხლდენამ თანდათან იკლო. ახლა უკვე თამამად გაკერა ჭრილობა  და ამოისუნთქა, მაგრამ უცბად გული ძლიერად აფართხალდა და გაჩერდა. ამას მოჰყვა კრუნჩხვა, წნევის ვარდნა... ცხადი იყო, დაჭრილი იღუპებოდა.

თამარს ჯერ კიდევ ხელში ეჭირა პაციენტის გული და რადგან სხვა ვერაფერი მოიფიქრა, სასწრაფოდ დაუწყო მასაჟი. რამდენიმე წუთში  სუსტი ბიძგი იგრძნო - გული პატარა ჩიტივით აფრთხიალდა და  ბოლოს რიტმულად ამუშავდა.

ეს სასწაული იყო, მაგრამ დაჭრილმა უამრავი სისხლი დაკარგა და თუ სისხლს არ გადაუსხამდნენ, გული კვლავ, ამჯერად უკვე საბოლოოდ გაჩერდებოდა.

ადამიანები, რომლებიც ახალგაზრდა, "ახირებული" ქირურგის მცდელობას დამცინავი ღიმილით ადევნებდნენ თვალს, გაოგნებულნი შემოეხვივნენ საოპერაციო მაგიდას. ექთანმა, რომელსაც პირველი ჯგუფის სისხლი ჰქონდა, დონორობა იკისრა და მალე პაციენტის გულის მუშაობაც მოწესრიგდა.

ამასობაში საოპერაციოში უფროსობა შემოვიდა - წარმოუდგენელია, გულში დაჭრილი გადარჩენილიყოო. კიდევ კარგი,  ექიმს გულმკერდის ღრუ დახურული  არ ჰქონდა და აშკარად ჩანდა გულის პარკუჭის ნაკერი.

მხოლოდ მორიგეობის ბოლოს, დღიურში ავადმყოფის ვინაობის ჩაწერისას გაიგო თამარმა, რომ სიკვდილს ხელიდან 23 წლის ჯარისკაცი, ვინმე იაკოვლევი გამოსტაცა.

ლადო გოგუაძე