ორი ალუჩა
15-09-2014
ორი ალუჩა
ქართველი საზოგადო მოღვაწე და მწერალი ნიკო კეცხოველი ასე იგონებდა აკაკი წერეთელთან პირველი შეხვედრის ამაღელვებელ წუთებს და იმას, როგორ გაერთიანდა მის წარმოდგენაში მხცოვანი პოეტი, მშობლიური არემარე და "სამშობლო".

1906 წელი დგას. რუსეთის ცარისტული რეჟიმი სასტიკად ებრძვის თვითმპყრობელობის დამხობისა და თავისუფლების მოსურნეთ იმპერიის მთელ ტერიტორიაზე. რეპრესიებია საქართველოშიც. დამსჯელი რაზმები ქართლის სოფლებში დათარეშობენ და შეუბრალებლად არბევენ მეამბოხეთა სახლ-კარს, აწიოკებენ ოჯახებს.
დეკემბრის ერთ ქარიშხლიან ღამეს სოფელ ტყვიავში მცხოვრებ კეცხოველების ოჯახს მეგობრებმა შეატყობინეს, რომ დილით
სოფელში დამსჯელი რაზმი აპირებდა ამოსვლას და ბავშვები გაერიდებინათ. იმავე ღამეს ცხრა წლის ნიკო კეცხოველი, თავის უმცროს ძმასთან ერთად, მშობლებმა მამიდას თბილისში გამოატანეს დედის ნათესავებთან. ზამთარი იქ გაატარეს ძმებმა, გაზაფხულზე კი პატარა ნიკო პანსიონში გაამწესეს.

ძალზე გაუჭირდა ლიახვის ჭალებსა და ხილით დახუნძლულ ბაღებში ნავარდს ნაჩვევ ბიჭს
უცხო ქალაქისა და პანსიონის ჩახუთული ჰაერის სუნთქვა. ერთ დღესაც გამოუცხადეს, სასწავლებელში დიდი მგოსანი აკაკი წერეთელი უნდა გვეწვიოსო. ნიკოს აქამდე აკაკის არც სახელი გაეგონა და არც მისი ლექსების შესახებ იცოდა რამე. იკითხა, ვინ არისო? რაზეც ერთმა უფროსკლასელმა დაცინვით მიუგო: ეი, ტეტი, ჭრელი პეპელა რო დაწერა, ის უნდა მოვიდესო...

საღამოს ცხრა საათისთვის უმცროსკლასელები პანსიონის შესასვლელთან, კიბისთავზე ჩაამწკრივეს პოეტთან მისასალმებლად. სულ მალე აკაკიც გამოჩნდა. ატყდა ხმაური. ყველანი მაღალ, გოლიათური ტანის მოხუცს შემოეხვივნენ, რომელსაც ჭაღარა თმითა და წვერ-ულვაშით მოსილი თავი მაღლა აღემართა და ლამაზი სახიდან ღიმილი არ სცილდებოდა. პატარებსაც ღიმილით გადახედა და... "მზის სხივებივით დაგვეყარა თავზე ის გადმოხედვაცა და ღიმილიც, ჩვენ კი თავის დაკვრაც ვერ მოვახერხეთ ხეირიანად, ისე წაიყვანეს და მოგვაცილესო", - დანანებით ამბობს ნიკო კეცხოველი.

ალბათ, პოეტის ეს მადლიანი ღიმილი საკმარისი იქნებოდა, მისი სახება სამუდამოდ რომ ჩარჩენოდა პატარა ტყვიაველ ბიჭს სულსა და გონებაში, რომ არა შემდეგ მომხდარი ამბავი.
აკაკის პალტო გახადეს და დარბაზში შეიყვანეს, ბავშვები კი ისევ კიბისთავზე დატოვეს. რამდენიმე წუთში ერთ-ერთი უფროსკლასელი თავქუდმოგლეჯილი მოვარდა და აკაკის პალტოს ეცა. თურმე მგოსანს ხელსახოცი დარჩენოდა და იმის მოსატანად გამოეგზავნათ. ამოიღო პალტოს ჯიბიდან ქათქათა ნაჭერი და კვლავ თავქუდმოგლეჯილი გაიქცა, მაგრამ ამ დროს ხელსახოცს ორი მწვანე ალუჩა ამოჰყვა, პრიალა პარკეტზე გაგორდა და ზედ ნიკოს ფეხებთან გაჩერდა. "ფოცხვერივით დავახტი, წამოვდექი, გავშალე ხელი და ვუცქერი ორ ნამდვილ, მწიფე ალუჩას... მომაგონდა სოფელი, სახლი, ბაღი, ვენახი, ჩვენი წყალი ნიკრეულა. გული ამიჩუყდა - აკაკი ამ მშობლიური არემარის წარმოგზავნილი მეგონა და... შემიყვარდა".

მეორედ 1910 წელს იხილა. პირველი ქართული გიმნაზიის მოსწავლისთვის,13 წლის ნიკო კეცხოველისთვის აკაკი უკვე არა მხოლოდ "მშობლიური არემარის წარმოგზავნილი", არამედ საყვარელი მწერალიც იყო. ყმაწვილებმა აკაკის პოეზიის მიხედვით ლიტერატურულ-მხატვრული დილა მოაწყვეს, რომელიც მწერლის იუბილედ გადაიქცა. შეხვედრის ბოლოს გიმნაზიის მოსწავლეებისგან შემდგარმა გუნდმა, რომელსაც ზაქარია ფალიაშვილი ხელმძღვანელობდა, "მრავალჟამიერი" დააგუგუნა, შემდეგ კი ანდრია ყარაშვილის ორკესტრთან ერთად შეასრულა "სამშობლო". ფეხზე ამდგარი აკაკი იმდენ ხანს უკრავდა ტაშს, რომ მის პატივსაცემად მუსიკოსებმა ხელმეორედ შეასრულეს ეს მშვენიერი სიმღერა. აკაკი კი აღარ დამჯდარა და ატირებული უსმენდა. ამის შემდეგ გიმნაზიაში ტრადიციად იქცა "სამშობლოს" ზედიზედ ორჯერ შესრულება.
"ამჟამადაც, "სამშობლოს" რომ ასრულებენ, აკაკი მაგონდება. შუბლმაღალი, კეთილი, სამშობლოს დარდით შუბლდაღარული", - იხსენებდა ბატონი ნიკო.

ლადო გოგუაძე
marina goguadze
12 ივნისი 2015 09:56
დზალიან კარგ საკმეს აკეტებტ ასეტი სტატიების მოდზიებიტ და გამოკვეკნებიტ როგორც სიბნელესჰი მკრტალი სხივი ანატებს ისეა ტკვენი სტატიები ცჰვენს ტანამედროვე ჯურნალგაზეტებჰი მადლობტ

რედაქტორის რჩევით