"ქართლის ცხოვრების ქრონიკები" ჟურნალ "ისტორიანთან" ერთად
29-09-2014
"ქართლის ცხოვრების ქრონიკები" ჟურნალ "ისტორიანთან" ერთად
იმ დროს ბევრი ისტორიკოსი სცოდავდა, ალბათ ამიტომაც მოინდომა ვახტანგ ჭელიძემ "ქართლის ცხოვრების ქრონიკების" დაწერა

ვახტანგ ჭელიძის ღვაწლზე სათანადოდ არც იყო თქმული, ვიდრე როსტომ ჩხეიძემ არ აღწერა მწერლისა და მთარგმნელის ცხოვრება წიგნში "საგა ვახტანგური" (ვახტანგ ჭელიძის ცხოვრების ქრონიკა).
აქ მართლად არის მოთხრობილი ბევრი რამ, რომლის შესახებ არც ვიცოდით და არც გვეცოდინებოდა. ეს არის საფუძველი, რომ ბევრი ფაქტი გადავაფასოთ, ბევრ კლიშეს დავაღწიოთ თავი და დავინახოთ შემოქმედი, რომელიც შესაშური პრინციპულობითა და სიჯიუტით აკეთებდა
საქმეს მომავალი საქართველოსთვის.

მისი "ქართლის ცხოვრების ქრონიკებიც" ამ ჯიუტი და შეუვალი მიდგომის ნაყოფია: ქართველმა კაცმა უნდა წაიკითხოს "ქართლის ცხოვრება", წაიკითხოს ისეთი ადრეული ასაკიდან, როცა ჯერ კიდევ არ შესწევს ძალა, ძველ ქართულ დოკუმენტებს და წერილობით ძეგლებს გაეცნოს, როცა უნდა ჩამოუჯდე და სხვადასხვა თავშესაქცევ ამბავთან ერთად უამბო
საქართველოზე... ეს დიდი საქმე იყო და ვახტანგ ჭელიძემ ამ საქმეს თავი გაართვა.

ჟურნალ "ისტორიანის" ოქტომბრის  ნომერთან ერთად დაიწყება 7 წიგნად გამოცემული ვახტანგ ჭელიძის "ქართლის ცხოვრების ქრონიკების" გავრცელება. მკითხველი მიიღებს დიდ საჩუქარს - საქართველოს თავგადასავალს, რომელიც რთულ და სერიოზულ ისტორიულ სიმართლეს გაზიარებს.
ვახტანგ ჭელიძის ვაჟს, ბატონ დავითს ვკითხეთ, როგორ იქმნებოდა ეს მხატვრულ-დოკუმენტური პროზის ნიმუში:

- ეს წიგნი რომ იწერებოდა, ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. სათანადო დაკვირვებით არ ვიქცეოდი... თუმცა,  მამა ისედაც არასდროს გვახედებდა თავის საქმეებში. სამსახურიდან მოვიდოდა, ისადილებდა, დედას კინოში წაიყვანდა, დაბრუნდებოდა და დაიძინებდა. სამაგიეროდ, დილის 4-5 საათიდან სამსახურში წასვლამდე მუშაობდა.
მამამ "ქართლის ცხოვრების ქრონიკების" შესაქმნელად დაამუშავა უამრავი ლიტერატურა, წყარო, გიორგი მელიქიშვილი წიგნის რედაქტორი იყო სამეცნიერო განხრით და მასთან ყოველდღიური კონსულტაცია ჰქონდა.

- აკურატული მწერალი იყო და დიდ დროს უთმობდა რეალობას, ისტორიულ სიმართლეს... დრო კი ისეთი იყო, ისტორიის გაყალბებას ბევრი მომხრე და მოსურნე ჰყავდა...
- მართალია, მაშინ ბევრი ისტორიკოსი სცოდავდა, ალბათ ამიტომაც მოინდომა მამამ "ქართლის ცხოვრების ქრონიკების" დაწერა. დიკენსმა ბავშვებისთვის დაწერა ინგლისის ისტორია, მეც იმიტომ მომინდა საქართველოს ისტორია გადმომეცაო; მაგრამ, უფრო იმიტომ გააკეთა ეს, რომ ჩვენი ისტორია გაყალბებული იყო და არც თანამედროვე ენაზე გადმოცემული გვქონდა...
წიგნი შეიქმნა ახალგაზრდებისთვის, თუმცა აიტაცა საზოგადოებამ, მიუხედავად ასაკისა...

- ძალიან საინტერესოდ ჩართო მწერალმა ფანტაზიაც...
- ცხადია...
მხატვრულ-დოკუმენტური ნაწარმოები შექმნა და დაარქვა "ქართლის ცხოვრების ქრონიკები მოთხრობილი ვახტანგ ჭელიძის მიერ". სათაურითვე გვითხრა, ეს ფაქტობრივად საქართველოს ისტორიის ქრონიკაა, რომელიც მე გიამბეთო.

- სამუშაო პროცესი ურთულესი იქნებოდა...
- დიახ, და თან მამა თითოეულ ფაქტს გამოწვლილვით ამოწმებდა, მისი არქივი რომ ნახოთ, იქაც პატარა ფურცლებზე აქვს ჩანიშნული ყველა დეტალი, სხვადასხვა ვარიანტი...

- ერთდროულად ძალიან ბევრი საქმის გაკეთებას როგორ ასწრებდა?
- ვერ გეტყვით... წერდა ქრონიკებს, იქვე აუცილებლად რაღაცას თარგმნიდა, სამსახურში დადიოდა. თუმცა როსტომ ჩხეიძე ხსნის ამ ამოუხსნელ ფაქტს თავისებურად...

- ბატონი ვახტანგი თქვენ თუ გესაუბრებოდათ საქართველოს ისტორიაზე?
- არ მესაუბრებოდა, მაგრამ საქმით მაჩვენებდა, როგორ უნდა მოვქცეულიყავი, რა გამეგო და მესწავლა... დავყავდი მუზეუმებში, ხშირად მაკითხებდა ლიონიძის ერეკლეს დაღუპვისადმი წარმოთქმულ სიტყვას...

- ისტორიით ჩვენს ქვეყანაში მუდმივად ამაყობენ, მაგრამ რამდენად იციან ისტორია?
- სავალალო რამ ვნახე 2000-იანი წლების დასაწყისში ტელევიზიით, როცა კულტურის უნივერსიტეტის მესამე კურსის სტუდენტმა არ იცოდა ილია ჭავჭავაძის სახელი, რა გითხრათ...
ბატონ ვახტანგ როდონაიას ვეუბნებოდი, იქნებ იოლად საკითხავი ლიტერატურა მისცეთ ბავშვებს საქართველოს ისტორიაზე, იქნებ როგორმე ვებრძოლოთ უვიცობის ამ საშინელ ტენდენციას-მეთქი...

- იმედია, "პალიტრამედია" წვლილს შეიტანს ამ კეთილშობილური მიზნისთვის ბრძოლაში და წააკითხებს მკითხველს "ქართლის ცხოვრების ქრონიკებს"...

- მეც ძალიან დიდი იმედი მაქვს...

P.S. ალბათ მკითხველმა აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ ვახტანგ ჭელიძის ცხოვრება, საზოგადოებრივი და შემოქმედებითი მოღვაწეობა ორგანულადაა შერწყმული XX საუკუნის საქართველოს კულტურულ ყოფასთან, მისი მრავალფეროვანი მოღვაწეობა ქართული საზოგადოებრივი ცხოვრების საერთო დრამატულ ფონზე მართლაც ბრძოლის მაგალითი იყო...
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები