რომ არა კაპასი ცოლი... - კვირის პალიტრა

რომ არა კაპასი ცოლი...

ნაპოლეონ ბონაპარტი ყოველთვის წუხდა, რომ ზარბაზნებისა და თოფების სროლის შედეგად წარმოქმნილი კვამლი თითქმის სრულად ფარავდა ბრძოლის ველს, რის გამო ვერც მოწინააღმდეგის ძალთა გადაადგილებას ადევნებდა თვალს და ვეღარც საკუთარ ჯარისკაცებს ხედავდა.

ეს პრობლემა ბაზელში მცხოვრებმა ქიმიკოსმა ქრისტიან შონბეინმა მოაგვარა 1845 წელს, თუმცა, ამ საქმეში მნიშვნელოვანი როლი მეცნიერის ცოლის კაპასმა ხასიათმა ითამაშა.

ქიმიკოსი ცდებს საკუთარი სახლის სამზარეულოში ატარებდა, რაც, ხშირად, აფეთქებებით სრულდებოდა. ამიტომ ცოლმა კატეგორიულად აუკრძალა შინ მუშაობა. მეცნიერი ცოლს გარეთ რომ დაიგულებდა, მაშინვე თავის კოლბებს მიაშურებდა. ერთხელაც კონცენტრირებულ აზოტმჟავაზე ცდებს ატარებდა და ცოლს რომ არ მოესწრო, ჩქარობდა, რის გამოც ნივთიერება სამზარეულოს მაგიდაზე დაეღვარა.

შონბეინმა ცოლის წინსაფრით გადაწმინდა მაგიდა, ხოლო "ფაქტების" გასანადგურებლად მჟავით გაჟღენთილი წინსაფარი ქურის თავზე გადაკიდა გასაშრობად. ცოტა ხანში გამშრალი ნაჭერი აალდა და იქაურობა გამაყრუებელმა აფეთქებამ შეძრა. საბედნიეროდ, შონბეინი არ დაშავებულა, მეცნიერის გამოცდილმა თვალმა კი ერთი უცნაურობა შეამჩნია: აალებას კვამლის წარმოქმნა არ მოჰყოლია. შონბეინმა დაადგინა, რომ წინსაფრის ბამბის ბოჭკოებში არსებული ცელულოზისა და მჟავის შერევის შედეგად ახალი ნივთიერება - ნიტროცელულოზა წარმოიქმნა, რომელიც "უკვამლო დენთის" შექმნის საფუძვლად იქცა.

ლადო გოგუაძე