"რასაც ვწერდი, მხოლოდ ადამიანის სიყვარული მაწერინებდა" - კვირის პალიტრა

"რასაც ვწერდი, მხოლოდ ადამიანის სიყვარული მაწერინებდა"

ბევრს უცინია დავით კლდიაშვილის მოთხრობების კითხვისას, თავად მწერალი კი არაერთხელ გულამღვრეული მოსცილებია მაგიდას და შეუწყვეტია წერა, რადგან ებრალებოდა თავისი პერსონაჟები, რომლებსაც ცხოვრებამ ადამიანის სახე დააკარგვინა. უმძიმესი ცხოვრების გზა საოცარი ღირსებით განვლო. სამხედრო პირი იყო, მაგრამ ბრძანების მიუხედავად, არ ესროლა ბათუმის ქუჩებში გამოსულ მანიფესტანტებს; დუელში გამოიწვია "ჩერნომორსკი ვესტნიკის" ქართველთმოძულე რედაქტორი პალმი, რომელმაც გაბრიელ ეპისკოპოსის გასვენების შესახებ პასკვილი დაბეჭდა, რუსეთ-თურქეთის ომის დროს კი თურქეთში მცხოვრები ქართველების გამოსარჩლებისთვის ბეწვზე გადაურჩა დახვრეტას.

საქართველოში წითელი არმიის შემოსვლის შემდეგ, უკვე ჯანგატეხილი, მშობლიურ სოფელში დასახლდა და ცხოვრების ბოლო წლები იქ გაატარა. დეპრესიას არქმევდნენ მის სნეულებას, მაგრამ სინამდვილეში იმ სიბინძურეში გარევა არ სურდა, ქვეყანა რომ მოიცვა.

1930 წელს თბილისში მისთვის იუბილეს გადახდა გადაწყვიტეს. სერგო, მისი ვაჟი, გაემგზავრა სიმონეთში, რომ მამა თბილისში წამოსვლაზე დაეთანხმებინა. დავითს იუბილეს ხსენებაც არ უნდოდა, მაგრამ სერგომ იცოდა მისი წამალი - უსაყვარლესი,  იმერული სიტყვა-პასუხითა და ქცევით გამორჩეული მეზობლები შემოუკრიბა და ერთ კვირაში ფეხზე დააყენა. მერე ქართველი მწერლებიც ჩავიდნენ მასთან და გახარებულმა განაცხადა -  მოვდივარ თბილისშიო...

ოპერის თეატრი ხალხით გადაიჭედა. ისედაც პატარა ტანის, ახლა კი სიბერისა და ავადმყოფობისაგან სულ დალეული მწერალი სცენაზე მდგარ მდიდრულ სავარძელში ჩააბრძანეს, ოჯახის წევრები კი იქვე ახლოს, ლოჟაში დასხეს. საზეიმო საღამო დაიწყო და პირველმა მარიამ ორახელაშვილმა ისაუბრა მის შემოქმედებაზე. ბოლოს თქვა, დავითი ყოველთვის ახალი დროების ავანგარდში იდგა და დაუნდობლად ამათრახებდა და დასცინოდა თავად-აზნაურთა ყოფასო. მაშინ, 1930 წელს, ასეთი დახასიათება აუცილებელი იყო, რომ არა მხოლოდ ლიტერატურული მოღვაწეობის, არამედ სიცოცხლის "უფლება" მოგეპოვებინა, მაგრამ დავითი ამ სიტყვების გაგონებისთანავე აწრიალდა. მის მეუღლეს ეს ცუდად ენიშნა, რადგან კარგად იცოდა თავისი ქმრის ფიცხი ხასიათი. სასწრაფოდ გამოიხმო სცენიდან პრეზიდიუმში მჯდარი პაოლო იაშვილი და სთხოვა: მიდი დავითთან, დაამშვიდე და გადაეცი, ისეთი არაფერი წამოსცდეს და მთავრობას მადლობაც გადაუხადოსო. პაოლომ შემონათვალი გადასცა იუბილარს. მიბრძანდით აქედან, ყმაწვილო, მე ვიცი, ვის რა უნდა გადავუხადოო, - ახალგაზრდულად დაკვესა თვალები და კუშტად მიუგო მწერალმა.

დადგა იუბილარის სამადლობელო სიტყვის ჯერი. დავითმა გულწრფელი მადლობა გადაუხადა ქართველ საზოგადოებას (და არა -–მთავრობას), მერე კი თქვა: "აქ ითქვა, თითქოს მე ვამათრახებდი და დავცინოდი ცხოვრების სახსარგამოცლილ აზნაურობას... ჩემს სიცოცხლეში არავისთვის დამიცინია. მე მებრალებოდა ადამიანი, რომელიც ცხოვრებამ გააუბედურა და სასაცილო მდგომარეობაში ჩააყენა...…რასაც ვწერდი, მხოლოდ ადამიანის სიყვარული მაწერინებდა," - და ცრემლმორეული თავისი ადგილისკენ გაემართა. ეს იყო დიდი მწერლის ბოლო გამოსვლა საზოგადოების წინაშე. რამდენიმე თვეში დავით კლდიაშვილი გარდაიცვალა.

ლადო გოგუაძე