თამარის ეპოქა მკითხველის თვალწინ რუკებითა და ილუსტრაციებით გაცოცხლდება - კვირის პალიტრა

თამარის ეპოქა მკითხველის თვალწინ რუკებითა და ილუსტრაციებით გაცოცხლდება

საქართველოს განვლილი გზა უძველესი დროიდან თანამედროვეობამდე "ილუსტრირებული ისტორიის" 24 ტომში გაერთიანდება

აქართველოს განვლილი გზა უძველესი დროიდან თანამედროვეობამდე "ილუსტრირებული ისტორიის" 24 ტომში გაერთიანდება. გამომცემლობა "პალიტრა L" ისტორიკოსებთან, მხატვრებთან და სხვადასხვა სფეროში მოღვაწე პროფესიონალებთან ერთად სამი წელია, უნიკალურ პროექტზე მუშაობს. საქართველოს თავს გადახდენილი ბევრჯერ დაწერილი ან დაუწერელი მოვლენები მკითხველის თვალწინ ტექსტთან ერთად ილუსტრაციებით გაცოცხლდება.

წაკითხულის და ნანახის უკეთ აღსაქმელად გამოცემისთვის ისტორიკოს-კარტოგრაფი მანანა შეყილაძე რუკებს ქმნის. რუკები თემატურად დაიყოფა და ეპოქაში მომხდარ მნიშვნელოვან ეპიზოდებს ასახავს. კარტოგრაფიული ნაშრომი საქართველოს გეოგრაფიულ საზღვრებსაც სცდება და საზღვარგარეთის იმ ტერიტორიებსაც მოიცავს, სადაც საქართველოს კულტურული ისტორია იქმნებოდა.

მანანა შეყილაძე, ისტორიკოს-კარტოგრაფი: - საბჭოთა კავშირში კარტოგრაფია ტაბუდადებული და საიდუმლო დარგი იყო. ყველაფერი მოსკოვში, რუსულ ენაზე კეთდებოდა. ამიტომ არ გვქონდა ქართულენოვანი რუკები.

- თქვენ გამომცემლობა "პალიტრა L"-ის ახალი პროექტის - "ილუსტრირებული ისტორიისთვის" რუკებს ადგენთ. რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის წიგნისთვის თემატური რუკების შექმნა და დართვა?

- ეს იყო ჩემი ოცნება, რომ ქართველ ახალგაზრდობას საქართველოს ისტორიის შესახებ ასეთი ილუსტრირებული, დეტალური და საინტერესო წიგნი ჰქონოდა. ყოველი მოვლენა გარკვეულ ტერიტორიაზე ხდება. ამ ტერიტორიას ამა თუ იმ ისტორიული მოვლენის განვითარებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ,როდესაც მკითხველს, ტექსტიდან გამომდინარე, რუკებითურთ ვაჩვენებთ, სად, რა ვითარებაში ხდებოდა ესა თუ ის მოვლენა, უფრო გასაგები და ხატოვანია.

- რამდენი რუკა შეიქმნება თითოეული წიგნისთვის და თუ შეიძლება, წარმოდგენის უკეთ შესაქმნელად, მათ შინაარსზეც ვისაუბროთ.

- თითოეულ ტომში რამდენიმე რუკაა. ეს არის ფრაგმენტებად, თემებად დაშლილი რუკები. პირველი წიგნი მთლიანად თამარ მეფეს ეთმობა. ნაჩვენებია, როგორ წავიდა ქართული ლაშქარი შამქორისკენ, ცალკეა ნაჩვენები მარშრუტი ბასიანისკენ, როგორ, რა ვითარებაში მოხდა ეს ბრძოლა, რატომ დაასწრო ქართველთა ლაშქარმა, რატომ არ შემოუშვა მტერი საქართველოს მიწა-წყალზე. წიგნში საუბარია საზღვარგარეთ არსებული ქართული ეკლესია-მონასტრების შესახებაც. ამ რუკის გარეშე მკითხველი ვერ წარმოიდგენს, თუ როგორ იყო მოფენილი ქრისტიანული მიწები ქართული სავანეებით. ეკლესია-მონასტრები გვქონდა იერუსალიმში, პალესტინაში, ეგვიპტესა და ისტორიულ ბიზანტიაში. ამ ქართულ სავანეებს ქართველი მეფე-მთავრები აფინანსებდნენ და ჰპატრონობდნენ. რუკაზე დატანილია ათონის ივერთა მონასტერი, პეტრიწონის ივერთა მონასტერი და სხვა მონასტრები, სადაც ქართველი ბერები მოღვაწეობდნენ და ბერძნული ენიდან ნათარგმნ საღვთისმეტყველო ლიტერატურას საქართველოში გზავნიდნენ.

თამარის ეპოქას ექვსი რუკა დასჭირდა. ცალკე წიგნია თბილისის შესახებ, სადაც სამი რუკა იქნება. მაგალითად, როგორ აიღეს VII საუკუნეში ხაზარებმა თბილისი, საიდან მოვიდნენ და რა გზა გამოიარეს. დანარჩენ ორ რუკაზე ნაჩვენებია, როგორ დაესხა თბილისს აღა-მაჰმად ხანი და როგორ აიღო 1921 წელს თბილისი წითელმა არმიამ.

- რომელ წყაროებზე დაყრდნობით ქმნით რუკებს?

- უპირველესად - "ქართლის ცხოვრებაზე" დაყრდნობით. გარდა ამისა, გვაქვს  ისტორიული გეოგრაფიის კარგი სკოლა...

რუკებს სამეცნიერო ლიტერატურაზე დაყრდნობით ვამზადებთ. აგრეთვე ვეყრდნობით ძველ რუკებს, რომლებიც ინახება ეროვნული ბიბლიოთეკის კარტოგრაფიის განყოფილებაში, გეოგრაფიის ინსტიტუტში, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, სახელმწიფო არქივში.

- წიგნზე მუშაობისას ალბათ, მუზეუმებში დაცული დოკუმენტების, საარქივო მასალების ხელახლა გაცნობამ მოგიწიათ.

- როცა "ილუსტრირებული ისტორიის" ტომზე მუშაობას ვიწყებ, მთელ ტექსტს ვკითხულობ, ვინიშნავ ნახსენებ გეოგრაფიულ დასახელებებს, რომელიც რუკაზე აუცილებლად უნდა გამოჩნდეს.

მკითხველმა იქ დასახელებული ყველა გეოგრაფიული სახელწოდება თანდართულ რუკაზე უნდა მონახოს.

ტექსტის წაკითხვის შემდეგ, თუ რაიმე კიდევ გასაღრმავებელია, ვიძიებ დამატებით ლიტერატურას.

- რუკების შექმნისას ფერებსაც მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს. როგორი იქნება კარტოგრაფიული ნაშრომები ვიზუალურად?

- ეს არ არის ფიზიკური რუკა, რომ აუცილებლად ყავისფერი - მთას და მწვანე - დაბლობს ნიშნავდეს. ისტორიულ რუკაზე ეს პირობითობა არ მუშაობს. რა ფერსაც ჩასვამ და რა დატვირთვასაც მიანიჭებ, ეს ყველაფერი პირობით ნიშნებში უნდა აისახოს. მენეჯერს დაკაბადონებული წიგნის გადმოგზავნას ვთხოვ. ვუყურებ ილუსტრაციებს, ტონალობებს, რომ ჩემი რუკის ფერები ამ ტონალობას მივუსადაგო. რუკებს ფერადი ფანქრებით ვხატავ, ვასკანერებ, შემდეგ დიზაინერი ალექსი კახნიაშვილი თანამედროვე ტექნოლოგიური ინსტრუმენტებითა და პროგრამებით რუკას კომპიუტერში აწყობს. საბოლოოდ იქმნება ისტორიული რუკები.

- ვისთვის არის წიგნი განკუთვნილი?

- ყველა ასაკის ადამიანისთვის, უწინარესად კი მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის. ეს არ არის სასკოლო სახელმძღვანელო.

წიგნში მოვლენები უფრო მხატვრულად არის ასახული და ჩართულია ისეთი პიკანტური ამბებიც, რომელიც სახელმძღვანელოებში არ გვაქვს. კარგი იქნება, თუ ეს წიგნი ჩვენს ემიგრანტ ქართველ ბავშვებთან მოხვდება - მათ ასეთი ლიტერატურა ძალიან აკლიათ...

ანა მარშანია