საქმეს შეწირული ადვოკატი
27-10-2014
საქმეს შეწირული ადვოკატი
დედამიწის ზურგზე ძნელად მოიძებნება ადვოკატობაზე უფრო სახელგატეხილი პროფესია. საზოგადოებაში დამკვიდრებული აზრით, ადვოკატი  გასამრჯელოსთვის მზად არის, უმძიმეს დამნაშავესაც კი ააცილოს სასჯელი. თუმცა, მათ შორისაც არიან გამორჩეულები.
ამერიკელმა პოლიტიკოსმა კლემენტ ვოლნდიგემმა სახელი იმით გაითქვა, რომ 1863 წელს წარმომადგენელთა პალატაში გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტი აბრაამ ლინკოლნი სახელმწიფოს დაშლასა და სამოქალაქო ომის პროვოცირებაში დაადანაშაულა. მისი აზრით, მონათმფლობელობის გაუქმება არ იყო საკმარისი მიზეზი, რათა ქვეყანაში ძმათამკვლელი ომი გაჩაღებულიყო. საბოლოოდ კონფედერატები დამარცხდნენ, მათი დამცველი კი ანტისახელმწიფოებრივი მოსაზრებების
გავრცელებისთვის საპატიმროში მოხვდა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ კლემენტ ვოლნდიგემმა პოლიტიკას თავი დაანება და მშობლიურ ოჰაიოს შტატში საადვოკატო ბიურო გახსნა.

იგი დიდი ენთუზიაზმით შეუდგა საქმიანობას და რამდენიმე გახმაურებული საქმეც მოიგო, მაგრამ მხოლოდ ბოლო, 1871 წელს გამართული პროცესის წყალობით შევიდა ისტორიაში. სასამართლოს წინაშე იდგა ახალგაზრდა კოვბოი, რომელსაც იქაური
შფოთისთავის, ვინმე ტომ მაკკინლის მკვლელობა ედებოდა ბრალად. მკვლელობა ბარში მოხდა. საზოგადოება ეჭვმიტანილის ჩამოხრჩობას მოითხოვდა, ის კი ჯიუტად იმეორებდა - უგონოდ მთვრალი ტომი წამეჩხუბა, ჩემს შესაშინებლად ქამარში გარჭობილი იარაღის ამოღება დააპირა, შემთხვევით სასხლეტს გამოჰკრა თითი და ტყვია მუცელში დაიხალაო. მის აზრს იზიარებდა ადვოკატიც, თუმცა განსასჯელისადმი თავიდანვე უარყოფითად განწყობილი ნაფიცი მსაჯულების დარწმუნება ვერ შეძლო. მაშინ ვოლნდიგემმა დარბაზში სასამართლო ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტა. მან შეამჩნია, რომ ერთ-ერთ დამსწრეს ისეთივე იარაღი - 44-კალიბრიანი "კოლტი" - ეკიდა ქამარზე. ადვოკატმა ცოტა ხნით ითხოვა რევოლვერი. მან ნაფიც მსაჯულებს აუხსნა, რომ "კოლტს" არ გააჩნდა ე.წ. დამცველი და სასხლეტზე თითის დაჭერა გასროლისთვის საკმარისი იყო. თვალსაჩინოებისთვის კი რევოლვერი ქამარში გაირჭო (სავაზნის შემოწმება არც უფიქრია), შემდეგ მთვრალი კაცივით დაბარბაცდა და იარაღის ამოსაღებად წელზე ხელის ფათური დაიწყო. სასამართლოს დარბაზში სროლის ხმა გაისმა, მუცელში სასიკვდილოდ დაჭრილი ადვოკატი იქვე ჩაიკეცა. ვოლნდიგემის "არგუმენტი" ამჯერად დამაჯერებელი აღმოჩნდა. მომხდარით გაოგნებულმა ნაფიცმა მსაჯულებმა ერთხმად მოითხოვეს განსასჯელის გათავისუფლება. 

ლადო გოგუაძე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით