უბრალოდ სკოლის დარაჯი - კვირის პალიტრა

უბრალოდ სკოლის დარაჯი

თბილისის კლასიკური გიმნაზია არსებობის 212 წელს ითვლის. ეს ისტორიული საგანმანათლებლო დაწესებულება დასაბამს 1802 წელს იღებს, როდესაც ქართველ დიდებულთა და საქართველოში მომსახურე რუს მოხელეთა შვილებისთვის ვაჟთა ორკლასიანი სასწავლებელი გახსნეს. ორი წლის შემდეგ იგი "კეთილშობილთა სასწავლებლად", 1830 წელს კი გიმნაზიად გადაკეთდა და ამ დროიდან მოყოლებული, მრავალჯერ შეიცვალა სახელი - იყო სათავადაზნაურო, საგუბერნიო, კლასიკური... ერთხანს "იმპერატორ ალექსანდრე პირველის კურთხეული გიმნაზიაც" კი ერქვა.

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ბოლშევიკებმა გიმნაზია გააუქმეს და სასწავლებელს "საცდელ-საჩვენებელი შრომითი სკოლა" დაარქვეს. მერე პირველი საშუალო სკოლა ეწოდა.  დღეს  სასწავლებელს თბილისის კლასიკური გიმნაზია ჰქვია.

იცვლებოდა დრო და იცვლებოდა დასახელებაც, მაგრამ უცვლელი რჩებოდა სასწავლებელში გამეფებული ქართული სული, რაც იქ მომუშავე ადამიანების დამსახურებაა. ამჯერად  სკოლის დარაჯს გავიხსენებთ.

მოსწავლეთა და მასწავლებელთა არაერთი თაობის საყვარელი პიროვნება - არჩილ არჩვაძე, 30-იანი წლებიდან მოყოლებული, რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში მუშაობდა სკოლის დარაჯად.

ძია არჩილი იყო ყველას პატრონი და დამპურებელი. თანამშრომლები მას ხუმრობით  კაპტენარმუსს (თანამდებობის პირი საბჭოთა არმიაში, რომელსაც ევალებოდა პოლკის საწყობიდან სურსათის, ტანისამოსისა და იარაღის მიღება და შემდეგ ასეულის სერჟანტებისა და ჯარისკაცებისთვის დარიგება) ეძახდნენ.

ძია არჩილს ძალიან უყვარდა წიგნის კითხვა და სკოლის შესასვლელთან თავის პატარა სამფეხა სკამზე ჩამომჯდარს მუდამ წიგნი ჰქონდა გადაშლილი.

ერთხელაც სკოლას მოსკოვიდან საგანგებო კომისია ეწვია შესამოწმებლად. როგორც ყველა მომსვლელს, მათაც ძია არჩილი დაუხვდა კართან, სამფეხაზე ჩამომჯდარი, გადაშლილი წიგნით. სისასტიკით გამორჩეული 30-იანი წლები იყო, კომისიას ყველა და ყველაფერი აინტერესებდა. მოსკოველი სტუმრები არჩილ არჩვაძის ვინაობით დაინტერესდნენ, ისიც გაარკვიეს, რა თანამდებობაზე მუშაობდა და ბოლოს წიგნზე მიუთითეს:

- რას კითხულობთ?

- "ოდისეას", - მიიღეს პასუხად.

გაკვირვებულმა კომისიის წევრებმა ერთმანეთს გადახედეს, მერე ერთ-ერთმა თქვა:

- განა საჭიროა, შეამოწმო სკოლა, რომლის დარაჯი ჰომეროსს კითხულობს? - და კომისია უკან გაბრუნდა.

ლადო გოგუაძე