მეოცე საუკუნის ტარიელი და მეათე ძმა ხერხეულიძე - კვირის პალიტრა

მეოცე საუკუნის ტარიელი და მეათე ძმა ხერხეულიძე

პირველი მსოფლიო ომის დაწყებიდან საუკუნე გავიდა. ომის მონაწილე ქვეყნები საგანგებოდ აღნიშნავენ საიუბილეო თარიღს, ამაყობენ გმირებით, საქართველოში კი ისინი მხოლოდ არქივებსა და ზოგიერთ ოჯახში დაცულ ფოტოებს შემორჩნენ. მათი ცხოვრების შესახებ ფაქტობრივად, არაფერი ვიცით.  გენერალ გიორგი კვინიტაძის ცნობით, პირველი მსოფლიო ომის ფრონტებზე 25 ქართველი გენერალი იბრძოდა, მათგან 23 წმინდა გიორგის ჯვრით იყო დაჯილდოებული.

თავად  სუმბათოვის გადმოცემით, სადაც უნდა ყოფილიყო ქართველი, წინაპართაგან ნაანდერძები მებრძოლი სული ყველგან ტოვებდა ნაკვალევს. ისინი უმამაცესნი იყვნენ მამაცთა შორის და ეს სიმამაცე წარმართავდა მათ საბრძოლო მოღვაწეობას... გაზეთი "საქართველო" იმ დროს  წერდა: "სამხედრო ჯილდოებს არავისი მხარბეჭი ისე არ დაუმძიმებია, როგორც ქართველებისაო"... საქართველოს მხედრობის თავდადებით მოხიბლული რუსეთის დიდი მთავარი ნიკოლოზ რომანოვი აღტაცებული ამბობდა: "თითოეულ ჩემს ბრძოლაში ხუთი ქართველიც რომ ერიოს, ვიცი, როგორ იომებდა ჩემი არმია"... ქართველთა თავდადებამ თავისი როლი ითამაშა იმდროინდელი მსოფლიოს პოლიტიკურ გადანაწილებაში და ახალი, დემოკრატიული საქართველოს რუკაც იმ საზღვრებში შეიქმნა, რომელიც პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გაჩნდა.

15 ნოემბერს საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმი თავდაცვის სამინისტროსთან ერთად უმასპინძლებს გამოფენას, სადაც წარმოდგენილი იქნება პირველი მსოფლიო ომის მონაწილე ქართველი გმირების ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფოტო და სხვა მასალები.

გიორგი კალანდია, თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის მუზეუმის დირექტორი: - სხვადასხვა ცნობის მიხედვით, პირველ მსოფლიო ომში სამასი ათასი ქართველი იბრძოდა. მათი უმეტესობა საუკეთესო იყო და მნიშვნელოვანი ბრძოლების მოგებაც მათ ანგარიშზე მოდიოდა, თუმცა, ამ ომის ისტორიაში დიდი ქვეყნები ფაქტობრივად, არსად ახსენებენ ქართველებს.

უცხოურ წყაროებში ვერსად ამოიკითხავთ, რომ სპარსეთში ანტანტის ქვეყნებმა ქართველი გენერლის, ბარათაშვილის დამსახურებით გაიმარჯვეს. მას ყველგან რუს ბარატაევად მოიხსენებენ, ამ ომის გმირებს - გიგუშა ერისთავს და მის სამ ძმას კი ერისტოვებად, რუს სამხედროებად ნათლავენ. ასე იშლება ჩვენი კვალი.

გადავწყვიტეთ, რომ არა მხოლოდ ფოტოებით გაგვეცოცხლებინა გმირების წარსული, მათ შესახებ ინფორმაციებიც მოგვეძიებინა. დახმარება ვთხოვე დავით აღმაშენებლის უნივერსიტეტის სტუდენტებს, რომლებმაც ცნობილი გენერლების გარდა, რიგითი, მაგრამ საარაკო ქართველი მეომრების ამბებიც მოიძიეს. ისინი სიამოვნებით პირველად "კვირის პალიტრას" უამბობენ წარსულში დარჩენილი ლეგენდარული მეათე ძმა ხერხეულიძისა და მეოცე საუკუნის ტარიელი გუდუა ასვანუას ამბებს.

თათია ზუხბაია: - გასული საუკუნის დასაწყისში სამურზაყანოში ცხოვრობდა  გუდუა ასვანუა. საარქივო მასალებში შემონახულია მისი, როგორც პირველი მსოფლიო ომის გმირის ფოტო. გუდუა მარჯვე მონადირეც გახლდათ.  მას აფხაზეთის ტერიტორიაზე  XX  საუკუნის დასაწყისში მოხეტიალე ვეფხვი მოუკლავს. ვეფხვის ტყავი, როგორც ქართველი მეომრისა და მონადირის სიმამაცის ნიმუში, დღესაც ინახება ზუგდიდში, დადიანების სასახლეში +- გუდუას ძვირფასი ნადავლი სამეგრელოს მთავრის ოჯახისთვის მიურთმევია. ამ ამბავს მოსე გვასალიაც აღწერს თავის წიგნში "ენგურის პირას". საუცხოო ძღვნით ნასიამოვნებ დადიანებს უბრძანებიათ, მონადირეს ოქროს მონეტები მიართვითო. გუდუას ეს შეურაცხყოფად მიუღია, - ფულადი ჯილდო რა საკადრისია, ეს ტყავი გულით შემოგწირეთო. აღფრთოვანებულ დადიანებს საგვარეულო სიმბოლოიანი იარაღით დაუჯილდოებიათ. აფხაზეთის ტრაგიკულ მოვლენებამდე ეს იარაღი ასვანუების ოჯახში ინახებოდა, მაგრამ ომის ქარცეცხლმა ასვანუები დევნილებად აქცია, იარაღი კი დაიკარგა. მხოლოდ ვეფხვის ტყავი დარჩა გუდუას სიმამაცის გასაცოცხლებლად.“

სტუდენტი ვერიკო ბუბუტეიშვილი  იხსენებს, როგორ წააწყდა "ცნობის ფურცლის" ნომრებში კაპიტან გიორგი ხერხეულიძის (ფოცხოველი) ამბავს: - მისი ფოტო ვნახეთ ჟურნალში "თეატრი და ცხოვრება".“ძიება განვაგრძე და "ცნობის ფურცელში" წავაწყდი ხერხეულიძის თანამებრძოლის წერილებს, რომელთა თანახმად, XX საუკუნის დასაწყისში, პირველი მსოფლიო ომის დროს მეათე ძმა ხერხეულიძე იშვა. გიორგი სიკვდილამდე ერთი დღით ადრე, საღამო ხანს, აფორიაქებული ყოფილა. ამბობდა, არ მინდა ტყვედ ჩავვარდე, როგორც ცხრა ძმა ხერხეულიძის მეათე ძმა, გმირულად სიკვდილს ვნატრობო. მართლაც, მეორე დღეს ალყაში მოხვედრილა, საიდანაც გამოსავალი მხოლოდ სიკვდილი ყოფილა. მას ხლებია ორი ყმაწვილი ჯარისკაცი. მათთვის უთქვამს,  - მინდა მოვკვდე მამულისათვის, მაგრამ თქვენ მებრალებით, თქვენი სიკვდილი შემარცხვენსო. თქვენთან სიკვდილი ჩვენთვის სიცოცხლეა და როგორც გენებოთ, ისე მოიქეცითო, - უპასუხიათ ჯარისკაცებს. ამ სიტყვებით გულმოცემულ ხერხეულიძეს იარაღი შეუმართავს. მისი თანამებრძოლი წერს: "მტერს ბევრი ზარალი მისცა, მაგრამ თვითონაც მოკლეს. ვეცადე, როგორმე გადმომეტანა გიორგის გვამი, მაგრამ მკვლელობის ადგილი მტერმა დაიპყრო. ამიტომაც არავინ იცის, სად განისვენებს მეათე ძმა ხერხეულიძე".

P.S. 1914 წლის 27 ოქტომბერს გაზეთ "თემში" აკაკი წერეთელი წერდა: "ორასი ათასი მეომარი გამოიყვანა ჯერჯერობით ამ პატარა საქართველომ და იძულებითი არ ყოფილა რა! ყველა თავის სურვილ-ნებით და სიხარულით მიისწრაფოდა... დიდი ხნის გულის ნადებმა გრძნობამ სიმღერათ ამოიხეთქა და ტკბილი გუგუნი გადაეცა საქართველოს მთასა და ბარს. ერთი საუკუნეა, რაც ამისთანას არა მოსწრებია-რა საქართველო. დღევანდელ ქართველში გამოიღვიძა წინაპარმა! გმირული სიკვდილი აღარაფრად მიაჩნია და თავის განწირვით უნდა, სხვების სიკვდილი დასთრგუნოს და მომავალ მოდგმას ცხოვრება მიანიჭოს"...

დღეს ასეთი გმირების სახელებს წარსულის ჩრდილი ფარავს, არადა, თანამედროვე ქართველ საზოგადოებას ძალიან სჭირდება ზნეობისა და ვაჟკაცობის ასეთი მაგალითები, მეტიც, თუ გიორგი ხერხეულიძის საფლავი გასაგები მიზეზების გამო დაკარგულია, ომის დანარჩენ, საქართველოში დაკრძალულ გმირთა საფლავებს ნარ-ეკალი ფარავს, რაც, სამწუხაროდ, მხოლოდ ერთზე მეტყველებს, რომ არც გმირებს ვეპყრობით სათანადოდ და გმირულ წარსულსაც ვივიწყებთ.