ბურებთან - კვირის პალიტრა

ბურებთან

ნიკო ბური (ბაგრატიონი)

მოგონება

(დასაწყისი "კვირის პალიტრა" #50-51, 2009; #1-3, 2010)

სამხრეთ აფრიკაში ვეფხვებზე სანადიროდ გამგზავრებამდე ნიკო ბაგრატიონი კოლა ორბელიანთან გაჩერდა პეტერბურგში, რომელსაც, როგორც იურისტს რაღაც საქმე გაუჭიანურდა სასამართლოში და პარიზში წასვლა შეუფერხდათ მეგობრებს. ნიკო დროს არ კარგავდა და დიდი ინტერესით ეცნობოდა რუსეთის სატახტოს ცხოვრებას - შესანიშნავ ტაძრებს, უმდიდრეს სასახლეებს, ეკიპაჟებით გადაჭედილ ფართო, თვალუწვდენელ ქუჩებსა და გაჩახჩახებულ ვიტრინებს, მუზეუმებს, თეატრებსა და არქიტექტორულ ძეგლებს.

მერე, როგორც იქნა, დადგა ნანატრი დრო და ეგზოტიკური ნადირობის ტრფიალნი პარიზის გზას დაადგნენ. მსოფლიო დედაქალაქი იმხანად მსოფლიო გამოფენისთვის ემზადებოდა, "პარიზის ყოველი ძარღვი განსაკუთრებული ინტენსიურობით ფეთქავდა"...

დიდხანს დარჩენას არც ვაპირებდი პარიზში. მე გული უფრო ცხელი ქვეყნებისაკენ მიმიწევდა, მაგრამ კოლას პარიზელმა ქალებმა ისეთი თავბრუ დაახვიეს, რომ ფეხის გადადგმაც არსად უნდოდა. შენი ლომები და ვეფხვები არსად წავლენ, ნუ გეშინიაო, - მეუბნებოდა იგი სიცილით. არც კოლას მეგობრები ჩანდნენ. ისინი დაგვპირდნენ, რომ პარიზს მალე ჩამოვიდოდნენ და ერთად წავიდოდით სამოგზაუროდ, მაგრამ რატომღაც იგვიანებდნენ.

სხვა გზა არ იყო, ხვედრს უნდა დავმორჩილებოდი.

ერმიტაჟში ნახული მქონდა ეკატერინე II-ის მიერ საფრანგეთში შეძენილი გობელენები და გადავწყვიტე, დამეთვალიერებინა ის ფაბრიკა, სადაც ასეთ იშვიათ ქსოვილებს ამზადებდნენ. სახელმწიფოს შემოსავლის გადიდების მიზნით ეს ფაბრიკა თავის დროზე მოუწყვია ლუდოვიკ XIV-ს ფინანსთა მინისტრს კოლბერს.

გავემგზავრე ლიონს. ფაბრიკის დირექტორმა დიდი თავაზით მიმიღო, ფაბრიკის ყველა ცეხი გამაცნო და დაწვრილებით ამიწერა მათი მუშაობის პროცესები. როცა გაიგო, რომ მე ბაგრატიონი ვარ, ფაბრიკის საგანგებო კოლექციიდან გამოითხოვა თამარ მეფის სურათი და გასცა განკარგულება ამოექარგათ იგი აბრეშუმზე. ამ საჩუქარმა დიდად გამახარა და თანაც გამაოცა. ეს პატარა გობელენი დღესაც შინ მაქვს სრულიად დაუზიანებელი.

დავბრუნდი პარიზს.

უკვე ოთხ თვეზე მეტი დრო გავიდა, რაც საფრანგეთში ვიყავით და კოლა ჯერ კიდევ არ აპირებდა პარიზიდან დაძვრას, გადავწყვიტე, მარტო წავსულიყავი. კოლა ბევრს ეცადა, მაგრამ განზრახვაზე ხელი ვერ ამაღებინა.

სექტემბრის ბოლო რიცხვებში, შაბათ დღეს, ჩავედი მარსელში. მშვენიერი დარი იყო. კვირას, დღის 12 საათზე საოკეანო გემით უნდა გავმგზავრებულიყავი აფრიკისაკენ.

იწყებოდა ჩემს ცხოვრებაში სრულიად ახალი ხანა.

რა მელოდა?

სრულ 12 საათზე კაპიტანი და ლოცმანი ავიდნენ საკომანდო კიბეზე, მეზღვაურებმა ფუსფუსი დაიწყეს. ასწიეს ღუზა. გემის სიღრმეში აგუგუნდნენ მანქანები და ჩვენ თანდათან მოვშორდით ნაპირს, სადაც აუარებელი ხალხი იდგა და ხმამაღლა გვეთხოვებოდნენ, თან ცხვირსახოცებსა და ქუდებს გვიქნევდნენ. გემმა სვლას მოუმატა. იგი საოცრად დიდ ნაპრალს ტოვებდა სარკედ ქცეულ ზღვაზე, რაც მალე ისევ ივსებოდა. ხმელთაშუა ზღვაში შორს შევედით. სამხრეთის მოწმენდილი ციდან მზე უხვად გვაფრქვევდა სხივებს.

აღტაცებული გავცქეროდი დატოვებულ ხმელეთს, რომელიც თანდათან სივრცეში ქრებოდა.

ერდოზე დიდხანს ვეღარ გავძელი, თავი ცუდად ვიგრძენი და კაიუტაში ჩავედი.

ზღვის ავადმყოფობამ დამრია ხელი.

მიუხედავად დიდი ცდისა, საექიმო პერსონალმა ოდნავადაც ვერ შემიმსუბუქა მდგომარეობა.

ვიწექი უძრავად, არაფერს ვჭამდი. ვსვამდი მხოლოდ ლიმონიან წყალს.

მეორე დღეს ცოტა უკეთ გავხდი, მაგრამ ადგომის თავი მაინც არ მქონდა.

ერდოზე და მეზობელ კაიუტებში გაჩაღებული იყო ხმამაღალი ლაპარაკი და დავა ინგლისელების მიერ ბურების წინააღმდეგ მოსალოდნელი გალაშქრების გამო. ზოგი ამტკიცებდა, რომ ინგლისელებს ამერიკელებიც დაეხმარებიანო, და ფრანგები აძაგებდნენ როგორც ინგლისელებს, ისე ამერიკელებს, კიცხავდნენ ინგლისის პრემიერს და ამერიკის პრეზიდენტს მაკ-კინლეის.

გემზე იმყოფებოდნენ ინგლისელებიც და ამერიკელებიც. ფრანგი კაპიტანი ფრთხილობდა, დავა ხელჩართულ ჩხუბად არ გადაქცეულიყო, ამიტომ მეზღვაურები წესრიგის დასაცავად წინასწარ მომზადებული ჰყავდა.

მივედით ალექსანდრიაში, მეზღვაურებმა ხელით გადამიყვანეს ხმელეთზე. ფეხზე დგომა არ შემეძლო. მთვრალივით ვბანდალებდი. კეთილმა და თავაზიანმა კაპიტანმა ჩემი თავი ჩააბარა ვიღაც ფრანგს, რომელმაც მიმიყვანა სასტუმროში. სასტუმროს პატრონი, ისიც ფრანგი, თავის თანამემამულესავით გულშემატკივარი აღმოჩნდა, საუკეთესო ოთახში მომათავსა და ცხოვრების ყოველგვარი პირობები შემიქმნა.

მომგვარეს ექიმი. იგი ლამაზი კაცი იყო, წარმოსადეგი, მაგრამ რა ეროვნებას ეკუთვნოდა, მგონი, თვითონაც არ იცოდა. მშვენივრად ლაპარაკობდა როგორც ფრანგულ, ისე ინგლისურ ენაზე... ჩემი ავადმყოფობა მან მიაწერა ხედვითი ორგანოების სისუსტეს და მირჩია ზღვით მგზავრობის დროს უთუოდ მეტარებინა წითელშუშებიანი სათვალე.

ექიმის წასვლის შემდეგ სასტუმროს პატრონმა თავაზიანი საუბარი გამიბა.

გამოირკვა, რომ სასტუმროს პატრონმა, ჩემი აღმოსავლური იერის გამო, თურმე ეგვიპტის პრინცად შემიცნო. მე გულიანად გამეცინა. ვერაფრით ვერ დავარწმუნე, რომ ეგვიპტე თვალითაც არ მქონდა ჯერ ნახული, მას უფრო სჯეროდა პასპორტის, რომელშიაც აღნიშნული იყო ჩემი ტიტული. პირდაპირ საოცარია - ზოგიერთი ფრანგი რაგინდ რესპუბლიკელიც არ უნდა იყოს ის, არისტოკრატიის დიდი თაყვანისმცემელია.

ამრიგად, მე უკვე იმ ზღაპრულ ქალაქში ვცხოვრობ, რომელიც შექმნა ალექსანდრე მაკედონელის გენიამ და რომელიც ახლა იმყოფებოდა ინგლისის პროტექტორატის ქვეშ.

ამბობდნენ: მაკედონელი წუხდა, რომ აღარსად დარჩა დაუპყრობი ქვეყანაო.

მართლაც, როგორც ვიცით, იგი ბრწყინვალე, გენიალური სარდალი იყო, მრავალ გამარჯვებათა გამო, მას არაბები თითქმის ღმერთად თვლიდნენ, ხოლო ეგვიპტელები მზის შვილს ეძახდნენ.

გარდა იმისა, რომ მაკედონელი იყო იშვიათი მხედართმთავარი, მან ფართოდ გაშალა ანტიკური ქვეყნის ჰორიზონტიც და გაამდიდრა მისი კულტურა.

ალექსანდრიას ირგვლივ ზღვა არტყია. იგი განთქმულია თავისი აბანოებით და მუზეუმით, სადაც თავმოყრილია ძველი მსოფლიოს ხელოვნების ნიმუშები. ქალაქში უამრავი ლაბირინთია. სასმელი წყლის სიმცირის გამო, მიწის ქვეშ მოწყობილია მრავალი ჭა.

ალექსანდრიის ბიბლიოთეკა - ეს იყო ადრინდელი, საუცხოო საგანძური, სადაც ინახებოდა ურიცხვი, იშვიათი, უნიკალური ფოლიანტი და პერგამენტი, მაგრამ ვანდალიზმმა არ დაინდო ძველი მსოფლიოს კულტურის ეს შესანიშნავი კერაც. 640 წელს ხალიფ ომარის დროს ბიბლიოთეკის საგრძნობი ნაწილი განადგურებულ იქნა. ამ უგუნურ ქცევას იმით ამართლებდნენ, რომ თითქოს მასში დაცული ყოფილიყო მუსულმანებისათვის მიუღებელი შინაარსის ხელნაწერები. თურმე ძვირფასი პერგამენტებით კარგა ხანს ათბობდნენ აბანოებს, რომლებიც ასე უხვადაა ალექსანდრიაში.

უკანასკნელ საუკუნეებში დამპყრობლებმაც ბევრი რამ მოიტაცეს. მიუხედავად ამისა, ბიბლიოთეკა მაინც მდიდარია.

მეორე დღეს, დილით, როცა ქალაქში გავედი, გავოცდი: ქუჩები სავსე იყო ახმაურებული ხალხით. თეთრი წამოსასხამები, ჭრელი დოლბანდები, სხვადასხვა ფერის ტანისამოსი, აქა-იქ ევროპელ ქალ-ვაჟთა მორთულობა, ყველაფერი ეს მეტად კოლორიტულ სურათს ჰქმნიდა.

კარგა ხანს ვიდექი ერთ ადგილას ამ სანახაობით მოხიბლული: მშობლიური ქვეყნის ფერი და სურნელი ვიგრძენი.

მეორე სურათი კიდევ უფრო წარმტაცსა და დიადს წარმოადგენდა.

მშვიდად მოტორტმანე ზღვაზე დილის ბურუსში გახვეული იყო მრავალი გემი, სამხედრო და სამგზავრო. მათი ანძების ტყე თვალსაწიერზე ოდნავ ირხეოდა.

ალექსანდრია როგორც თავისი გარეგნობით, ისე ცხოვრებით დიდად განსხვავდება სხვა ქალაქებისაგან. ზედმიწევნით თავისებურია. იგი მთლიანად აღმოსავლურ სტილზეა გაშენებული. ყოველ ფეხის ნაბიჯზე ჩანან ლამაზი, ჰაეროვანი თეთრი მინარეთები, რომლებიდანაც გსურს გესმოდეს მშვენიერი ჰანგები და არა მუეძინების გულისამრევი ხმა.

ამ ზღაპრულ ქალაქში, ეტყობა, დღეს არაჩვეულებრივადაა ხალხი აღგზნებული.

მიზეზი?

დიდმა, ძლიერმა, ცივილიზაციით მოამაყე ინგლისმა ომი გამოუცხადა სამხრეთ აფრიკაში მცხოვრებ პატარა ხალხს - ბურებს.

ქალაქში ხმაური თანდათან ძლიერდებოდა.

ადამიანები ყვიროდნენ, ერთმანეთს ეხლებოდნენ, სადღაც მიიჩქაროდნენ.

გაზეთების გამყიდველი ბავშვები საოცრად გაჰკიოდნენ და ცეცხლწაკიდებულივით დარბოდნენ აქეთ-იქით.

ხალხის მღელვარებამ მეც შემიპყრო.

დავბრუნდი სასტუმროში. სასტუმროს პატრონმა მითხრა:

- საზიზღრები არიან ეს ინგლისელები! თავისუფლების მოყვარული ბურები სურთ აქციონ მონებად, ხოლო მათი ქვეყანა - კოლონიად.

გამახსენდა საყვარელი საქართველო!

მთელი ჩემი არსება მოიცვა ბურებისადმი თანაგრძნობამ და უყოყმანოდ გულში ღრმად ამოვიჭერი - დავხმარებოდი თავისუფლების მოყვარულ პატარა ხალხს, რომელსაც ინგლისი მოსპობას უპირებდა.

ცხელი ქვეყნებიდან დაბრუნების შემდეგ მინდოდა მენახა რომი, ანტიკური ხელოვნების ეს დიდი სავანე, სადაც ამდენი უკვდავი მხატვრები და მოქანდაკენი დაიბადნენ, დამეთვალიერებინა მისი შესანიშნავი ძეგლები, მაგრამ ბურებთან წასვლის სურვილმა ყველაფერზე ხელი ამაღებინა.

ბურების მდგომარეობა როგორღაც მაგონებდა ჩემს სამშობლოს და მწამდა, თუ შევებრძოლებოდი ბურების მტერს, ეს იმასაც ნიშნავდა, რომ მე ამით სამაგიეროს გადავუხდიდი ჩემი ქვეყნის მტრებსაც.

ჩემთვის ყველა დამპყრობელი, მოძალადე ერთნაირად საძულველი იყო და ყოველთვის გული მიმიწევდა, დავხმარებოდი დაჩაგრულს.

გადავწყვიტე, ახლავე დამეტოვებინა ალექსანდრია.

მხოლოდ ერთი რამ მაღელვებდა: მიმიღებენ როგორც უცხოელს ბურები თავის ჯარში?

მითხრეს: ყველა პატიოსან უცხოელ მოხალისეს ბურები ხელგაშლით ხვდებიანო.

ისიც გავიგე, რომ მათ არ ჰყავდათ თურმე მუდმივი ჯარი, მაგრამ თითოეული მამაკაცი განსაზღვრული ვადით, განსაზღვრულ ასაკამდე ვალდებული იყო შეესწავლა სამხედრო საქმე. შრომისმოყვარე ბურები იმავე დროს შესანიშნავ მსროლელებად, დისციპლინის მოყვარულ ნამდვილ ვაჟკაცებად, გამბედავ მეომრებად ითვლებოდნენ და მუდამ მზად იყვნენ, მკერდით დაეცვათ თავიანთი ლამაზი ქვეყანა.

თავისუფალი ბურები პრეზიდენტს და პარლამენტს - ნამდვილ სახალხო სამსჯავროს - ყოველგვარი ძალდატანების გარეშე და ალალი გულით ირჩევდნენ.

ამჟამად ბურებს პრეზიდენტად ჰყავდათ ყველასაგან პატივცემული და საყვარელი 75 წლის მხნე მოხუცი - პავლე კრიუგერი.

კრიუგერს სძულდა ინგლისელები.

მან მტკიცედ უარყო მათი წინადადება პროტექტორატის შესახებ. მოხუცი პრეზიდენტი შეეცადა, შეენარჩუნებინა თავისი ქვეყნის თავისუფლება და ინგლისელთა მეორე თავდასხმისაგან ხალხი გამარჯვებული გამოეყვანა.

ყველა ამ ცნობისათვის და, აგრეთვე, სტუმართმოყვარეობისათვის დიდი მადლობა მოვახსენე ჩემი სასტუმროს პატრონს.

შევუდექი მზადებას. საჭიროა, ვიჩქარო. ფელდმარშალი ფრენჩი თურმე უკვე იოჰანესბურგშია. მაშასადამე, სამხედრო მოქმედება ჯერ თუ დაწყებული არაა, მალე დაიწყება.

ჩემმა ლამაზმა ექიმმა მომამარაგა ლიმონით, წამლებით და წითელშუშებიანი სათვალით.

მეორე დღეს ნავსადგურზე გამაცილეს სასტუმროს პატრონმა, ექიმმა და ახალგაზრდა მომვლელმა ქალმა. მან გემზე შესვლის წინ მიძღვნა პატარა, მაგრამ შესანიშნავი, სურნელოვანი თაიგული, რამაც ძლიერ გამახარა.

დაიძრა გემი.

ისეთი გრძნობა მქონდა, თითქოს უცხო ქალაქს კი არ ვტოვებდი, არამედ მშობლიურს და ნათესავ-მეგობრებით სავსე ადგილს ვშორდებოდი.

ამჯერად ზღვის ავადმყოფობას გადავურჩი.

მთელი გზა თავს კარგად ვგრძნობდი.

გემმა მადაგასკარში შეუხვია სასმელი წყლისა და ნახშირის მოსამარაგებლად. იქ ერთი დღე-ღამე დავყავით.

მადაგასკარი, რომელიც იმხანად საფრანგეთის კოლონიას წარმოადგენდა, მდებარეობს აფრიკის პარალელურად, მათ ერთმანეთისაგან ჰყოფს მოზამბიკის სრუტე. მადაგასკარის ბუნება ტროპიკულია, ცა მსუყე ლურჯი ფერისაა. ჩვენი, ქართული ღამეები მშვენიერია, მაგრამ მადაგასკარზე ღამე კიდევ უფრო წარმტაცია... იქ ვარსკვლავები საოცრად დიდნი და ბრწყინვალენი ჩანან. მეტეორები ერთი კიდიდან მეორემდე განუწყვეტლივ სერავენ ცის კაბადონს და ფოსფორული ბრწყინვალებით ისარკებიან ოკეანის ვრცლად გადაშლილ მუქ მკერდზე. ოკეანე ღამით უძრავი იყო, არაფერი არღვევდა მის დიდებულ, მეფურ სიმშვიდეს.

მადაგასკარის მოსახლეობა საკმაოდ ჭრელია. მცხოვრებნი თავიანთი იერით მალაელებს ჰგვანან. ბევრია მონა ზანგი. გოვას ტომის შვილებს უფრო ეტყობათ ცივილიზაცია, მაგრამ სამაგიეროდ ულამაზონი არიან. ვნახე კიდევ გაურკვევი ტომი, რომელიც, ჩემის აზრით, თეთრკანიანებთან შერეული ტომი უნდა იყოს. მათი ქალები საოცრად ლამაზები არიან.

ნაწილი მეორე

ჩვენი გემი შევიდა დელაგოას ნავსადგურში. იგი მოწყობილია აფრიკის სამხრეთ ნაპირთან და არსებობს 1646 წლიდან. გადმოვედი გემიდან. მატარებლის გასვლამდე გადავწყვიტე, დამეთვალიერებინა ახლომახლო ადგილები. როგორც კი ცოტა გავცდი ნავსადგურს, დავინახე ნახევრად შიშველი მამაკაცების ბრბო. ყველა მათგანი მეტად ლამაზი, მაღალი, მოყვანილი და ევროპელზე უფრო თეთრკანიანი იყო. ქერა გრძელი თმა მხრებზე ეყარათ. წელზე თითოეულს რაღაც ხანჯლისმაგვარი ეკიდა. მათი ლამაზი, ლურჯი თვალების გამოხედვა თვინიერი იყო.

ერთმანეთს მხიარულად ეხმაურებოდნენ. ირგვლივ თოფებმომარჯვებული ინგლისელი ჯარისკაცების მჭიდრო რკალი ერტყათ.

ერთ-ერთ გამვლელ ფრანგს ვკითხე, თუ ვინ იყვნენ ეს შიშველი ადამიანები.

იგი შეჩერდა და რატომღაც გაოცებით შემომხედა.

- კაცისმჭამელები არიან, - მიპასუხა მან, - როცა ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადადიან, შეიარაღებული ინგლისელები მიაცილებენ დანიშნულ ადგილამდე და შემდეგ გაუშვებენ. ასე რომ არ იყოს, ვინ იცის, რამდენ ჩვენგანს იმსხვერპლებდნენ.

ცოტა ხნის მერმე კვლავ განაგრძო:

- კაციჭამია-კანიბალები ცხოვრობენ აფრიკის ახლო კანიბალის კუნძულებზე. კანიბალებს მეტად თავისებური ენა აქვთ. მათი წარჩინებული წარმომადგენლები ლაპარაკობენ ინგლისურადაც. კანიბალებს ჰყავთ თავიანთი მეფე, რომელიც ინგლისის ტახტის ვასალია, მაგრამ იგი მაინცდამაინც არ ექვემდებარება ინგლისის დედოფალ ვიქტორიას და ხშირად ეურჩება მას.

ცივმა ჟრუანტელმა დამიარა, როცა წარმოვიდგინე კანიბალების მიერ ადამიანის შეჭმის სურათი. ასეთი შემთხვევა კი ხშირია თურმე.

აქედან პირდაპირ გავემგზავრეთ ტრანსვაალის რესპუბლიკის დედაქალაქ პრეტორიაში, სადაც კრიუგერის რეზიდენცია იყო, მაგრამ პრეზიდენტი ვერ ვნახე. მითხრეს, პრეზიდენტი იოჰანესბურგშიაო. დაუყოვნებლივ წავედი, მაგრამ იგი არც იქ აღმოჩნდა.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)