მოკვდი... და გაიმარჯვე - კვირის პალიტრა

მოკვდი... და გაიმარჯვე

პანკრატიონი - შიშველი ხელით ორთაბრძოლის უძველესი სახეობა ანტიკურ ხანაში იღებს სათავეს. მის შემქმნელებად ბერძნული მითოლოგია თეზევსსა და ჰერაკლეს ასახელებენ. ლეგენდის თანახმად, სწორედ ამ საბრძოლო ხელოვნების წყალობით დაამარცხა თეზევსმა მინოტავრი, ხოლო ჰერაკლემ შიშველი ხელებით მოგუდა ნემეის ლომი.

პანკრატიონის მებრძოლს სამი რამ ეკრძალებოდა - იარაღის ხმარება, კბენა და თვალში თითის ტაკება. სხვა მხრივ,  ნებისმიერი ხერხი შეეძლო გამოეყენებინა მოწინააღმდეგის დასამარცხებლად. ორთაბრძოლა მანამდე გრძელდებოდა, სანამ ერთ-ერთი მებრძოლი არ დანებდებოდა (ამის ნიშნად საჩვენებელი თითი უნდა აეწია), ან გონებას არ დაჰკარგავდა. ამიტომ მსაჯსაც დიდი ჯაფა არ ადგა. მას მხოლოდ აწეული თითის დროულად დანახვა და იმ სამი დარღვევის შენიშვნა ევალებოდა, ამასთან, ჰქონდა ჯოხი, რომლითაც წესების დამრღვევ მებრძოლს სცემდა.

პირველი ოლიმპიური თამაშები ძვ. წ-ის 776 წელს გაიმართა ძველ საბერძნეთში. 648 წლის თამაშებში პანკრატიონი უკვე ოლიმპიურ სახეობად გამოცხადდა. ამ დროიდან მოყოლებული, სპორტის ამ სახეობაში მოასპარეზე ბევრი ლეგენდარული ჩემპიონის სახელი შემოინახა ისტორიამ (სწორედ მათი ლოზუნგი იყო - "მოკვდი ან გაიმარჯვე"). მათ შორის არის არიქიონიც, საბერძნეთის ერთ-ერთი პროვინციის, ფიგალიის მკვიდრი ათლეტი, რომელმაც ზედიზედ სამჯერ - ძვ. წ-ის 572, 568 და 564 წლებში - მოიპოვა ოლიმპიური ჩემპიონის წოდება, თუმცა, ოლიმპიური თამაშების ისტორიაში მესამე გამარჯვების წყალობით შევიდა.

ეს ამბავი ასე მომხდარა: ფინალურ ორთაბრძოლაში მოწინააღმდეგემ (რომლის სახელიც ისტორიამ არ შემოგვინახა) არიქიონს რკინის მარწუხებივით შემოაჭდო ხელები კისერზე და მისი მოგუდვა დაიწყო. სახელოვანმა ჩემპიონმა კი მოწინააღმდეგის ფეხი მოიგდო ხელში და ისე მძლავრად დაქაჩა, რომ სახსრიდან ამოუგდო. მანაც სიმწრისგან არიქიონის კისერზე შემოჭერილი სალტე კიდევ უფრო შეავიწროვა, თუმცა სახსრის ტკივილს ვეღარ გაუძლო და დანებების ნიშნად თითი ასწია. ყველა ორთაბრძოლის ტრიუმფატორ არიქიონს მიაჩერდა, რომელიც, როგორც კი მოწინააღმდეგის მკლავებიდან გათავისუფლდა, მაშინვე მკვდარივით გაიშოტა ქვიშაზე. სახელგანთქმული ათლეტი კი მართლაც მკვდარი იყო - ბოლო წამს გამწარებულ მეტოქეს მისთვის კისრის მალები გადაემტვრია... თუმცა, რაკი მოწინააღმდეგე დანებდა, გამარჯვება მაინც არიქიონს დარჩა.

ეს არის ერთადერთი შემთხვევა ოლიმპიური თამაშების, და საერთოდ, სპორტის ისტორიაში, როდესაც გარდაცვლილმა სპორტსმენმა ჩემპიონობა მოიპოვა.

ლადო გოგუაძე