სულელი... ნილს ბორი
24-11-2014
სულელი... ნილს ბორი
გამოჩენილი ბრიტანელი ფიზიკოსი, 1908 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ერნესტ რეზერფორდი მანჩესტერის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა.

ერთ დღეს რეზერფორდს კოლეგამ მაღალი, ჩრდილოური გარეგნობის ახალგაზრდა მიუყვანა და გამწარებულმა სთხოვა, მათ შორის წარმოქმნილი დავა გადაეწყვიტა. აღმოჩნდა, რომ პროფესორი დაბალ ქულას უწერდა სტუდენტს, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა ფიზიკაზე, ახალგაზრდა კი ირწმუნებოდა - ამოცანა სწორად ამოვხსენი და უმაღლეს შეფასებას ვიმსახურებო.

პროფესორს დაუსვამს კითხვა - როგორ შეიძლება ბარომეტრის საშუალებით გაიზომოს შენობის სიმაღლე? რაზეც სტუდენტს უპასუხია: უნდა ავიდეთ
შენობის სახურავზე, ბარომეტრს ჩავაბათ თოკი და დავუშვათ მიწამდე. შემდეგ გავზომოთ თოკის სიგრძე, რომელიც ზუსტად შენობის სიმაღლის ტოლი აღმოჩნდებაო. ამოცანა მართლაც ამოხსნილი იყო, ვერ შეედავებოდი, მხოლოდ პასუხში ფიზიკის ცოდნა არ ჩანდა. რეზერფორდი მოხიბლა ახალგაზრდის  გონებამახვილობამ, ამიტომ მისთვის ჩვეული იუმორით შესთავაზა, ამოცანის ამოსახსნელად რამე სხვა ხერხი მოეფიქრებინა.
პასუხმაც არ დააყოვნა.

- უნდა ავწონოთ ბარომეტრი, შემდეგ ავიდეთ შენობის სახურავზე და იქიდან გადმოვაგდოთ. დავინიშნოთ დრო, რომელიც ბარომეტრს მიწაზე დაცემამდე დასჭირდება და ფორმულის საშუალებით ვარდნის მანძილს, ანუ შენობის სიმაღლეს გავიგებთ, - განაცხადა სტუდენტმა.

პასუხი ამჯერადაც სწორი გამოდგა, თანაც ეს ხერხი უფრო ახლოს იყო ფიზიკასთან. ატომური ფიზიკის "მამა" აზარტში შევიდა და მესამე ხერხის მოფიქრება მოსთხოვა. ახალგაზრდას არც ამჯერად უფიქრია ბევრი:
- უნდა გავზომოთ ბარომეტრი, შემდეგ, მზიან ამინდში, ბარომეტრისა და შენობის ჩრდილების სიგრძე დავადგინოთ, შევადგინოთ მარტივი პროპორცია და შენობის სიმაღლესაც გავიგებთ.
ეს უკვე  ნამდვილი ფიზიკა იყო! რეზერფორდი ხარხარებდა, სტუდენტი კი ჯიუტად არიდებდა თავს ამოცანის ამოხსნის სტანდარტულ მეთოდს, რომელიც მშვენივრად იცოდა, და ახალ-ახალ, "ალტერნატიულ" ხერხებს იგონებდა. ბოლოს განაცხადა:

- ყველაზე მეტად ამ ამოცანის გადაჭრის ერთი ხერხი მომწონს. უნდა ავიღოთ ბარომეტრი, ვიპოვოთ შენობის მმართველი და ვუთხრათ: "პატივცემულო მმართველო, შესანიშნავი ბარომეტრი მაქვს და თუ ამ შენობის სიმაღლეს გამიმხელთ, მას თქვენ გაჩუქებთ".

ამ პასუხით სტუდენტმა საბოლოოდ მოიგო დიდი მეცნიერის გული, რომელიც დარწმუნდა, რომ მის წინაშე ნიჭიერი ახალგაზრდა იდგა და ჰკითხა:
- თავს რატომ ისულელებთ?
- თავი მომაბეზრეს პროფესორებმა, რომლებიც საყოველთაოდ ცნობილ კანონებს მეათასედ მიმეორებენ და თავში საკუთარ აზრებს მიტენიან, - გულწრფელად მიუგო მან.
ეს ნიჭიერი სტუდენტი ბრიტანეთში დანიიდან ჩასული  ნილს ბორი გახლდათ, რომელსაც იმ  დღიდან 14 წლის შემდეგ ნობელის პრემია მიანიჭეს და რომელმაც თანამედროვე ფიზიკის ერთ-ერთი ფუძემდებლის სახელი დაიმკვიდრა.

ლადო გოგუაძე
elguja
23 აგვისტო 2017 18:56
როდესაც ალბერტ აინშტაინს ჰკითხეს, თუ ვინ მიაჩნდა ყველაზე დიდ ფიზიკოსად, მან უპასუხა: ,,ნილს ბორი.ბორი ფეხბურტელია!"
22 მარტი 2017 14:26
ერთი პატარა უზუსტობაა სტატიაში: ბარომეტრის აწონვა არ არის საჭირო – ფორმულაში მასა არ ფიგურირებს. რაც შეეხაბა ყვავილებს, ნამდვილი ამბავია: იმ დღეს "დინამო"–ს თამაში ჰქონდა და ყვავილები ფეხბურთისთვის იყო მომზადებული, მაგრამ როდესაც ბორი ქართველ კოლეგებთან ერთად მივიდნენ სატადიონზე (ნილს ბორი ერთ დროს დანიის ნაკრების მეკარე იყო), ის იცნო ხალხმა და გზა ყვავილებით მოუფინა.
თამაზ
21 მარტი 2017 11:30
ქედს ვიხრი ამ ნიჭიერი ფიზიკოსების წინაშე. ნობელის პრემია რომ მოგანიჭონ ფიზიკის დარგში - ეს ბედნიერებაა. ჩემი ფავორიტი კი მაინც ალბერტ აინშტაინია.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები