სულელი... ნილს ბორი - კვირის პალიტრა

სულელი... ნილს ბორი

გამოჩენილი ბრიტანელი ფიზიკოსი, 1908 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ერნესტ რეზერფორდი მანჩესტერის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა.

ერთ დღეს რეზერფორდს კოლეგამ მაღალი, ჩრდილოური გარეგნობის ახალგაზრდა მიუყვანა და გამწარებულმა სთხოვა, მათ შორის წარმოქმნილი დავა გადაეწყვიტა. აღმოჩნდა, რომ პროფესორი დაბალ ქულას უწერდა სტუდენტს, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა ფიზიკაზე, ახალგაზრდა კი ირწმუნებოდა - ამოცანა სწორად ამოვხსენი და უმაღლეს შეფასებას ვიმსახურებო.

პროფესორს დაუსვამს კითხვა - როგორ შეიძლება ბარომეტრის საშუალებით გაიზომოს შენობის სიმაღლე? რაზეც სტუდენტს უპასუხია: უნდა ავიდეთ შენობის სახურავზე, ბარომეტრს ჩავაბათ თოკი და დავუშვათ მიწამდე. შემდეგ გავზომოთ თოკის სიგრძე, რომელიც ზუსტად შენობის სიმაღლის ტოლი აღმოჩნდებაო. ამოცანა მართლაც ამოხსნილი იყო, ვერ შეედავებოდი, მხოლოდ პასუხში ფიზიკის ცოდნა არ ჩანდა. რეზერფორდი მოხიბლა ახალგაზრდის  გონებამახვილობამ, ამიტომ მისთვის ჩვეული იუმორით შესთავაზა, ამოცანის ამოსახსნელად რამე სხვა ხერხი მოეფიქრებინა. პასუხმაც არ დააყოვნა.

- უნდა ავწონოთ ბარომეტრი, შემდეგ ავიდეთ შენობის სახურავზე და იქიდან გადმოვაგდოთ. დავინიშნოთ დრო, რომელიც ბარომეტრს მიწაზე დაცემამდე დასჭირდება და ფორმულის საშუალებით ვარდნის მანძილს, ანუ შენობის სიმაღლეს გავიგებთ, - განაცხადა სტუდენტმა.

პასუხი ამჯერადაც სწორი გამოდგა, თანაც ეს ხერხი უფრო ახლოს იყო ფიზიკასთან. ატომური ფიზიკის "მამა" აზარტში შევიდა და მესამე ხერხის მოფიქრება მოსთხოვა. ახალგაზრდას არც ამჯერად უფიქრია ბევრი:

- უნდა გავზომოთ ბარომეტრი, შემდეგ, მზიან ამინდში, ბარომეტრისა და შენობის ჩრდილების სიგრძე დავადგინოთ, შევადგინოთ მარტივი პროპორცია და შენობის სიმაღლესაც გავიგებთ.

ეს უკვე  ნამდვილი ფიზიკა იყო! რეზერფორდი ხარხარებდა, სტუდენტი კი ჯიუტად არიდებდა თავს ამოცანის ამოხსნის სტანდარტულ მეთოდს, რომელიც მშვენივრად იცოდა, და ახალ-ახალ, "ალტერნატიულ" ხერხებს იგონებდა. ბოლოს განაცხადა:

- ყველაზე მეტად ამ ამოცანის გადაჭრის ერთი ხერხი მომწონს. უნდა ავიღოთ ბარომეტრი, ვიპოვოთ შენობის მმართველი და ვუთხრათ: "პატივცემულო მმართველო, შესანიშნავი ბარომეტრი მაქვს და თუ ამ შენობის სიმაღლეს გამიმხელთ, მას თქვენ გაჩუქებთ".

ამ პასუხით სტუდენტმა საბოლოოდ მოიგო დიდი მეცნიერის გული, რომელიც დარწმუნდა, რომ მის წინაშე ნიჭიერი ახალგაზრდა იდგა და ჰკითხა:

- თავს რატომ ისულელებთ?

- თავი მომაბეზრეს პროფესორებმა, რომლებიც საყოველთაოდ ცნობილ კანონებს მეათასედ მიმეორებენ და თავში საკუთარ აზრებს მიტენიან, - გულწრფელად მიუგო მან.

ეს ნიჭიერი სტუდენტი ბრიტანეთში დანიიდან ჩასული  ნილს ბორი გახლდათ, რომელსაც იმ  დღიდან 14 წლის შემდეგ ნობელის პრემია მიანიჭეს და რომელმაც თანამედროვე ფიზიკის ერთ-ერთი ფუძემდებლის სახელი დაიმკვიდრა.

ლადო გოგუაძე