ვინ იცის, ბორდიურზე ჩამომსხდარნი ასე ლაღად რაზე საუბრობდნენ... - კვირის პალიტრა

ვინ იცის, ბორდიურზე ჩამომსხდარნი ასე ლაღად რაზე საუბრობდნენ...

დიდი ქართველი მხატვარი ლადო გუდიაშვილი მას ახალგაზრდა მეგობარს ეძახდა - დიდბუნებოვან, კეთილშობილ ხელოვანს ძალიან უყვარდა ახალგაზრდების მხარდაჭერა. სულ უბრალოდ ჩამოჯდა ბორდიურზე ავთანდილ ვართაგავას გვერდით, თითქოს ამით კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ადამიანურ სიმაღლეზე უფრო მაღალი ვერასდროს იქნებოდა შემოქმედებითი სიმაღლე.

პარიზში ლადო გუდიაშვილის წარმატება დღითი დღე იზრდებოდა. მისი ნამუშევრები შეიძინეს მადრიდის "პრადოს" მუზეუმმა, პარიზის გალერეებმა, ევროპელმა და ამერიკელმა კერძო კოლექციონერებმა. მასთან მეგობრობდნენ ფრანს მაზერელი, ანდრე ბრეტონი, ფილიპ სუპო, ლუი არაგონი, პიერ ვორმსი, ფუჟიტა...

მიუხედავად დიდი წარმატებებისა, ლადოს არ ასვენებდა სამშობლოზე ფიქრი. მშობლიური მიწის ყივილი ძლიერი იყო. და კიდევ, იცოდა, რომ პირად მაგალითს უდიდესი გავლენა ექნებოდა...

საქართველოში ფორმალისტად და არაკეთილსაიმედოდ მონათლეს. ავიწროებდნენ, გულს სტკენდნენ... ქაშუეთის მოხატვის შემდეგ აკადემიიდანაც კი გამოაძევეს. არ გაბოროტებულა, ბოლომდე  პრინციპების ერთგული დარჩა, განსაკუთრებით იცავდა ახალგაზრდებს, ყველას ქომაგი და ფარი იყო...

ავთანდილ ვართაგავას ლადო გუდიაშვილთან შეხვედრის პატარა თუ დიდი დეტალი სკრუპულოზურად ჰქონდა ჩანიშნული. ეს მოგონებები ასობით ფურცელს ითვლიდა. ისევე უფრთხილდებოდა ყველა მათგანს, როგორი სიყვარულითაც ახსენებდა ქართველების უსაყვარლეს ხელოვანს.

"არ მახსოვს, ოდესმე გულისყურით არ მოესმინა ჩვენთვის, ან აჩქარებულიყო და თავი აერიდებინა საუბრისთვის. ისე გვხვდებოდა, თითქოს სულ ჩვენს მოლოდინში იყო, დიდ სიყვარულს გამოხატავდა, - ჰყვებოდა ავთანდილ ვართაგავა, - გვეუბნებოდა, კიდევ მოდითო. სულ მცირე მოსაკითხიც რომ მიგვერთმია, საოცრად წუხდა... მისგან უამრავი საინტერესო ამბის მოსმენა შეიძლებოდა, მასთან შეგეძლო განგესაზღვრა, რა იყო მთავარი".

ეს მოგონება ბატონი ავთანდილისგან წლების წინ ჩავიწერე... მაშინ ეკლესიის მოხატვის თემასაც შევეხეთ და გაიხსენა, როგორ ატკინეს გული დიდ მხატვარს ფრესკებზე მუშაობისას... მას მერე დიდი დრო გავიდა... დღეს ავთანდილ ვართაგავა ცოცხალი აღარ არის. ძალიან ჩუმად ჩაიარა მისი გარდაცვალების შემდგომმა დღეებმა. და მე გამახსენდა, რომ თვითონაც არაერთი ტკივილი გადაიტანა, მაგრამ არ უღალატა მთავარს - იმას, რასაც ლამის შეეწირა ლადო გუდიაშვილი...

ავთანდილ ვართაგავასა და მის ტყუპ ძმას "ვეფხისტყაოსნის" გმირების სახელები ერქვათ - ავთანდილი და ტარიელი. მაშინ ვინ იფიქრებდა, რომ ეს ბიჭები ამხელა საქმეს შეუდგებოდნენ მხრებით - ტაძრების მოხატვას - და პირველ ტაძარს მაშინ აღადგენდნენ და მოხატავდნენ, როცა ჯერ კიდევ აკრძალულ ღვთისმოსაობას ალმაცერად უყურებდა საბჭოთა სამყარო. ძმებს გული არ უჩერდებოდათ, მშობლიურ სოფელ ბჟინევში ჩადიოდნენ, გლეხებივით შრომობდნენ და ეკლესიის მოსახატად დადიოდნენ.

ძმებმა ვართაგავებმა, მათმა შთამომავლებმა არაერთი ეკლესია მოხატეს.  მათზე რომ ვფიქრობ, ეს უბრალო ფოტო მიდგას თვალწინ: დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ შეხვდება და რას გაუზიარებს უფროსი თაობა უმცროსს, როგორ გააქრობს დისტანციასა და სიშორეს, როგორ დაარწმუნებს, რომ მთავარი ის კი არ არის, ვინ რამდენი იცის და ვინ რამდენ ქვეყანაშია ნამყოფი, მთავარია, გაკეთდეს საქმე - დიდი და მნიშვნელოვანი საქმე, რომელზედაც დგას საქართველო.

იმ დღეს, როცა ეს ფოტო გადაიღეს, მსგავსი ფრაზა არ თქმულა, მაგრამ ის დღეც, თავისი არსით, ამ საქმეს ემსახურებოდა.