16 წელი სიკვდილის ბანაკებში - "ჩემი სახელი იყო B2-411"
08-12-2014
16 წელი სიკვდილის ბანაკებში - "ჩემი სახელი იყო B2-411"
"სასამართლომ დახვრეტა მიუსაჯა. ამბობდა, დასახვრეტთა საკანში როცა მივდიოდი, გულს იმით ვინუგეშებდი, რომ განაჩენის გამოცხადების შემდეგ მოსამართლეს და პროკურორს შევაგინეო...

"ციხეში მამას სველი თოკებით რომ სცემდნენ, ხორცი ნაფლეთებად სცვიოდა"


ბევრი გმირის სახელს, რომლებიც სამშობლოს სახელით  ეპოქის ტვირთს იდებდნენ და ეწირებოდნენ კიდეც, დრო ფერფლს ხშირად აყრიდა. ამიტომ ბედნიერი შემთხვევის წყალობაა, როცა უცნობი გმირი  - მესხურ სოფელ მუსხში მცხოვრები პორფილე ოქრომელიძე აღმოვაჩინეთ. მისმა ვაჟმა, ოთარმა, მამაზე გამაოგნებელი ამბები გვიამბო...


- მესხეთში მუსხა ის
სოფელია, სადაც უცხოტომელს არასოდეს უცხოვრია, - აქაურები თურქების მოახლოებას რომ შეიტყობდნენ, აიყრებოდნენ და მთებს მიაშურებდნენ; იქიდან ზოგჯერ ნასოფლარშიც ბრუნდებოდნენ და ააღორძინებდნენ.  დაახლოებით 250 წლის წინ მუსხურ ნასოფლარზე ჩემი წინაპარი, გორელი ოქროპირიძე
დასახლდა, - ახალციხის ფაშას 3 ძმა ოქროპირიძე ეახლა, სადმე დაგვასახლეო. ფაშა ქართველი იყო, ჯაყელი და იქნებ გულითაც უნდოდა დაცარიელებული მუსხის აღდგენა, ამიტომ ერთ-ერთი ძმა მუსხის ნასოფლარში დაასახლა; იმან კი გვარი ოქრომელიძედ გადაიკეთა, ნასახლარებს მიხედა და სოფელი უკან დააბრუნა. მეორე ძმას ფაშამ, არტაანში, თურქეთში უბოძა საუკეთესო ადგილები, - ახლანდელ დეგირმანქევში (წისქვილის სოფელს ნიშნავს); საიდანაც ახლახან გვესტუმრნენ მისი შთამომავლები - ჩვენი სისხლი და ხორცი გვინდა, გავიცნოთო...

უპატრონოდ დარჩენილ მართლმადიდებელ ქართველობას  მუდმივი ბრძოლა ჰქონდა მუსლიმანებთან.  XIX  საუკუნის ბოლოს მუსხს თურქები შემოერტყნენ,ქალები და ბავშვები ეკლესიაში შეყარეს და  გამოწვას უპირებდნენ. ამ ცოდვის დუღილში ერთი პატარა ბიჭი გაიპარა და მეზობელი სოფლიდან გამაჰმადიანებული ქართველი მოიყვანა, იმას გაუღებინებია თურქებისთვის ეკლესიის კარი. ჩვენს ეკლესიის ზარს ახლაც ატყვია მაშინდელი ნატყვიარები.
პაპაჩემი, ვანო ოქრომელიძე, 7 წლის იყო, როცა მუსხიდან მთაში მწყემსებისთვის ფქვილი მიჰქონდა და გზაზე თათარი გადაუდგა, სახედრიდან ფქვილი ჩამოაღებინა და იარაღი დაუმიზნა. პატარა მეტად გულადი იყო და ცრემლი არ გადმოვარდნია, მაგრამ ტუჩი თავისით გაუსკდა და სისხლმა გამოჟონა. სისხლმა თათარი თითქოს გამოაფხიზლა და, - ვისი ხარო, ჰკითხა. ბავშვს იმდენი ჭკუა დაურჩა, ის კი არ უთხრა, ვისიც იყო, ბიძამისის სახელი გაახსენდა - ქიტე აღასი ვარო. ქიტე თურქებში გავლენიანი კაცი იყო და პაპაც გადარჩა. მისგან ეს ნაამბობიც მახსოვს, - თურქებს სოფელ რუსთავში  ყაჩაღი ჰყავდათ, სარდალა. მას ჩემი ეშინოდა და უიარაღოდ როცა მნახა, რომ წავეხდინე, ტანსაცმელი გამხადა და ისე გამიშვაო. გამთენიისას ბიძაშვილთან ერთად დავადექი, - გამოდი, უნდა გაგისწორდე-მეთქი. მან კი ისე გამომძახა, - რა მოგივიდა, ყარა (შავი) ვანო, ჯერ არ გათენებულაო, რომ მივხვდი, დროს იგებდა, კარი შევუმტვრიე. ამ დროს სარდალას დედაკაცმა თოფს სტაცა ხელი, - შიშით თოფი იმათ ქალებსაც ედოთ საწოლთან და ჩვენს ქალებსაც, ამის შემდეგ მასაც ვესროლე და  მთელი ოჯახიც დედაბუდიანად ამოვწყვიტე - დიდი ცოდვა წამოვიღეო.

ხოცვაში სარდალას 5 წლის გოგო გადარჩა,   გაიზარდა და გათხოვებისას საქმროს უთხრა, - ყარა ვანო უნდა მოკლაო. ის- იც ხევში ჩამისაფრდა. ცხენი რომ შედგა, ავი ვიგუმანე, შემოვბრუნდი და თათარს ზურგიდან მოვუარე. შემეცოდა, იარაღი ავყარე და გავუშვიო. თათრებმა კვლავ რომ მომინდომეს მოკვლა, იმ ბიჭმა გამაფრთხილაო.
შემდეგ თათრებს წითლებიც დაემატნენ - მესხურ სოფლებს გაკულაკებისას ხარები რომ ეხოცებოდათ, კაცებს აბამდნენ გუთანში მიწის სახნავად... გაგიჟდებოდა მამაჩემი, მაშ, რა იქნებოდა! ჯერ კიდევ ბავშვობისას ჩავიდე გულში, რომ ჩემი ხალხისთვის მეშველაო. ამისთვის გონიც ერჩოდა და ღონეც, - 18 წლისა, ზურგზე დაწოლილი, ფეხებით 100-კილოიან ხორბლის ტომარას სწევდა. მერე  ახალციხის სკოლაში შეხვდა მასწავლებელს - გიორგი სალარიძეს, რომელიც მუდამ საქართველოს დამოუკიდებლობაზე ელაპარაკებოდა. ასე დააარსა ერთ დღეს მამამ  "მესხ ახალგაზრდათა კაშირი" მისი კლასელის, ოთარ ფირალიშვილის ნაქირავებ ბინაში. "კავშირს" შემდგომში 26 კაცი შეუერთდა.

1938 წელი იყო, რეპრესიებით თითქმის ნახევარი საქართველო ამოწყვეტილიყო. ასეთ დროს ამ უშიშარმა 17 წლის ბიჭებმა საქართველოს გათავისუფლების  პროგრამა შეადგინეს  და გაზეთი "მესხეთის ნაპერწკალი" გამოუშვეს. უნდოდათ  მაღალი სახელმწიფო და სამხედრო ჩინებისთვის მიეღწიათ,  გერმანელებს დაახლოებოდნენ და ეს საქართველოს გასათავისუფლებლად გამოეყენებინათ. ბეჭედიც დაამზადეს, - სოფლის საბჭოს ბეჭედი მოიპარეს, ასოებად დაჭრეს და თავიდან ააწყვეს. ამ ბეჭდით ამოწმებდნენ პროკლამაციებს. მამაჩემმა ეს პროკლამაციები თავადვე გაავრცელა მაშინდელი კა-გე-ბეს შენობაში.

- თუ დაიჭერდნენ, სიკვდილი არ ასცდებოდა!
- დაუჯერებლად მამაცი იყო. მიყვებოდა, - კა-გე-ბეს ეზოში რომ შევედი, ქალი და კაცი დავინახე მანქანაში, ჩემთვის არ ეცალათ. დერეფანშიც მხოლოდ ერთი გუშაგი მორიგეობდა. როცა შებრუნდა, პროკლამაციები მიმოვფანტე და გამოვიქეციო.

- როგორ ჩავარდნენ?
- გერმანელებმა კავკასიაში დესანტი გადმოსხეს. ამ დესანტში ჩვენი სოფლიდან წასული გიორგი ივანიძეც იყო, - ის დედ-მამის სანახავად უჩუმრად მივიდა მუსხში და დაიჭირეს. "მესხი ახალგაზრდობის კავშირმა" კა-გე-ბეს წერილი მისწერა, თუ გიორგის არ გამოუშვებთ, დაგხოცავთო. სოფელში ყველას კალიგრაფია შეამოწმეს. წერილის დამწერს, გრიშა ოქრომელიძეს მიაკვლიეს და დაიჭირეს. მამა შიშობდა, რომ მასაც და "კავშირის" სხვა წევრებსაც დაიჭერდნენ.
"კავშირის" წევრები შემოვირბინე - ბიჭებო, თურქეთში გავიქცეთ-მეთქი. არავინ გამომყვა. მარტო წავედი, ტყეში 2 კვირა ვიმალებოდიო, - მიყვებოდა მამა. ერთი კაცის სიკეთე ახსოვდა, - თევდორე ქურდაძის -  ახოში ყანას თოხნიდა. თავისი საგზალი ხეზე დამიკიდა და გამცილდაო. დაჭერილი
სოფლის საბჭოს ბოძზე მიაბეს და 3 საათი სცემდნენ. ამ ამბავს პატარა გოგო უყურებდა. მამაჩემი გადასახლებიდან რომ დაბრუნდა, მაშინ უთხრა, - პატარა კი ვიყავი, მაგრამ შენ რომ გცემდნენ, სიმწრით ხელებს ვიმტვრევდი, როგორ გაძელი, რომ არ დაიკვნესეო.

- მართლა ძალიან ძლიერი ყოფილა.
- იყო. ამბობდა, - ციხეში როცა გადავყავდი, ხელებგაბაწრულს 4 მილიციელი მდარაჯობდა მანქანაში. ხევთან რომ მივედით, გავიფიქრე, მძღოლს თავს დავაჯახებ და მანქანა ხევში გადაიჩეხება, იქ კი ან ყველა დავიხოცებით, ანდა გავიქცევიო. ამასობაში, უფროსმა მილიციელმა თვალებში შემომხედა და იყვირა, - მანქანა გააჩერეთ, გადახტომა უნდაო. ეტყობა, მამას გულისნადები თვალებშიც უჩანდა. გამოსატეხად კი ციხეში სველი თოკებით ისე სცემდნენ, ხორცი ნაფლეთებად სცვიოდა. 

სასამართლომ დახვრეტა მიუსაჯა. ამბობდა, დასახვრეტთა საკანში რომ მივდიოდი, გულს იმით ვინუგეშებდი, რომ განაჩენის გამოცხადების შემდეგ მოსამართლეს და პროკურორს შევაგინეო... სამი თვე იჯდა სიკვდილმისჯილთა საკანში. მერე შეწყალების ფურცელი მიუტანეს და გადაასახალეს, - 16 წელიწადში შემოიარა სიკვდილის ბანაკები. 1956-ში გამოუშვეს.

ბოლო ხანს გადავწყვიტე მისი მოგონებები წიგნად გამოვუშვა. მათ შორის ბევრი ისეთი სტრიქონია, რომლის წაკითხვა ადამიანს სულს გაუყინავს. მინდა რამდენიმე აქაც გავიხსენო:  "ჩემი სახელი იყო B2-411... "560 დღე გავატარე საყინულე კარცერში"... "1949 წლამდე 6 წელი ვიყავი მშიერი, მარტო ერთი დღე გავძეხი პურით"... "ოთხი წყალდასხმულიდან იზოლატორში მარტო მე გადავრჩი ცოცხალი"... "ხორცის საჭმელად  დამპატიჟეს, მაგრამ არ მიჭამია, რადგან ის ხორცი ჩემი გარდაცვლილი მეგობრისა იყო..."
nana
15 დეკემბერი 2016 12:50
gamarjobat mainteresebs es masala saidan moiziet? am sofels didi istori agvs da minda masalebi mec.
irakli
26 ივლისი 2016 08:28
ის ისტორია, რომელიც ვიცით, მესხების შესახებ_თითქოს ისინი თათრები იყვნენ და სტალინმაც იმიტომ გაასახლა არის რუსული კგბ შექმნილი, კარგად უნდა წავიკითხოთ მეახეთის დიდი ისტორია, მაგალითად ომაზ ჩხეიძის- ჩვენი მესხები, მეუფე ანანია ჯაფარიძის მესხეთის ტრაგედია, დედამოტყნული რუსი როგორ აფინანსებდა პროთურქული ცნობიერების მესხებს, რომლებიც ისევ თავისი ანტიქართული პოლიტიკით წარმოშვა
...
04 აპრილი 2016 21:45
მაგარი კაცი ყოფილა

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები