ყველა ქალის ყიდვა შეიძლება?! - კვირის პალიტრა

ყველა ქალის ყიდვა შეიძლება?!

"მე მივაღწიე წარმატებასა და პატივს, როგორც კაპიტალისტური სამყაროს სასახლის ხუმარამ," - ეს სიტყვები გამოჩენილ დრამატურგს, ჯორჯ ბერნარდ შოუს ეკუთვნის. მწერალს ხანგრძლივი სიცოცხლის მანძილზე (94 წლისა გარდაიცვალა) უამრავ ცნობილ ადამიანთან მოუხდა ურთიერთობა და არც ერთი მათგანისთვის არ ენანებოდა "ტკბილი სიტყვა". მისთვის სულერთი იყო - დედოფალს ელაპარაკებოდა თუ მოახლეს.

მწერლის 90 წლის იუბილე მთელ ბრიტანეთში ზეიმით აღინიშნა. ბუკინგემის სასახლეში საზეიმო მიღებაც კი გაიმართა. შოუ არც გვირგვინოსანთა თანდასწრებით "აჩერებდა ენას" და დედოფლის გასაგონად განაცხადა, ყველა ქალის ყიდვა შეიძლებაო. უხერხული სიჩუმე ჩამოწვა. დედოფალმა მხცოვანი მწერლის ნათქვამზე განრისხება არ იკადრა და გადაწყვიტა, საუბარში აჰყოლოდა...

- ჩემი ყიდვაც შეიძლება, სერ?

- დიახ, თქვენო უდიდებულესობავ! - წარბშეუხრელად მიუგო შოუმ.

- მაინც, რამდენად შემაფასებდით?

- აი, ხომ ხედავთ, თქვენო უდიდებულესობავ, უკვე მევაჭრებით, - კმაყოფილი ღიმილით მიუგო მწერალმა.

ლადო გოგუაძე