დიოგენე - ანტიკური ეპატაჟის მამა - კვირის პალიტრა

დიოგენე - ანტიკური ეპატაჟის მამა

"გადააფასე ფასეულობები," - ასეთი სიტყვებით გამოისტუმრა ორაკულმა მასთან რჩევისთვის მისული ახალგაზრდა დიოგენე (დაახ. ძვ.წ. 412-323 წწ.). დიოგენემ დაუჯერა ორაკულს და ფილოსოფიის შესასწავლად კინიკური  ფილოსოფიური სკოლის მამამთავარს, ანტისთენეს დაუდგა შეგირდად.

ერთხელ ანტისთენეს მოახსენეს, ხალხი თქვენი საქციელით აღფრთოვანებულიაო, რაზეც ფილოსოფოსმა მიუგო - ასეთი საშინელი რა ჩავიდინეო?! თუმცა, დიოგენე მასწავლებელზე შორს წავიდა. იგი არამცთუ თავისი გონებამახვილური და ცინიკური გამონათქვამებით (სწორედ კინიკური სკოლის სახელწოდებიდან მომდინარეობს სიტყვა "ცინიკური"), არამედ ცხოვრების წესითაც დასცინოდა მაშინდელ საზოგადოებრივ ნორმებს.

ცხოვრობდა თიხის ჭურჭელში (პიფოსში), სადაც მხოლოდ ჭიქა და თეფში ჰქონდა. ერთ დღეს დაინახა, რომ წყაროსთან მისულმა ბავშვმა წყალი პეშვით დალია, შემდეგ კი მოხარშული ოსპის მარცვლები ხმელ პურზე დაყარა და მადიანად შეექცა. ფილოსოფოსი საკუთარ თავზე გაბრაზდა - ბავშვმა უბრალოებაში როგორ მაჯობაო და ჭიქა და თეფში შორს მოისროლა.

არასოდეს არაფერი დაუწერია. დიოგენეს შეხედულებებზე მისივე გონებამახვილური გამონათქვამებისა და ეპატაჟური საქციელის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ.

მიაჩნდა, რომ ხალხი უამრავია ამქვეყნად, ადამიანი კი სანთლითაა საძებნელი. დღისით ათენის ხალხმრავალ ადგილებში სანათით დადიოდა და გაიძახოდა - ადამიანს ვეძებო!  ერთხელ ქალაქის მოედანზე ლექციის კითხვა დაიწყო. ყურადღება არავინ მიაქცია. მაშინ პირში თითები ჩაიდო და დაუსტვინა. მაშინვე უამრავი ხალხი შემოეხვია. დანანებით შეხედა შეკრებილ ბრბოს და უთხრა: თქვენი ჭკუა მეტს ვერ სწვდება - ჭკვიანურ რაღაცას რომ ვამბობდი, არავინ მისმენდა, სულელივით დავუსტვინე და ყველანი პირდაღებული მომჩერებიხართო.

ერთმა მდიდარმა ათენელმა საკუთარ ბრწყინვალე სასახლეში დაპატიჟა, თანაც გააფრთხილა: ხომ ხედავ, რა სისუფთავეა, არსად დააფურთხოო. დიოგენემ მიმოიხედა და მასპინძელს სახეში შეაფურთხა - როგორც ვხედავ, ეს ყველაზე ბინძური ადგილია შენს სასახლეშიო.

გაზულუქებული არც  ცხოველი უყვარდა. ჯიშიანი ძაღლების პატრონებზე ამბობდა -  ისინი ემსახურებიან ძაღლებს და არა - პირიქითო. ამგვარი ენის გამო მასაც "ძაღლს" ეძახდნენ და როდესაც მოკვდა (ანდერძად დაიბარა, პირქვე დამმარხეთო), საფლავზეც თეთრი მარმარილოს ძაღლის ქანდაკება დაუდგეს.

ლადო გოგუაძე