ბურებთან - კვირის პალიტრა

ბურებთან

ნიკო ბური (ბაგრატიონი)

მოგონება

დასაწყისი "კვირის პალიტრა" (#50-51, 2009; #1-5, 2010)

მე-!5 საუკუნეში, მას შემდეგ, რაც პორტუგალიელმა ვასკო დე გამამ სამხრეთ აფრიკას ჰოლანდიური გემით შემოუარა, ჰოლანდიელმა ჰუგენოტებმა იქ პატარა კოლონია შექმნეს. დროთა განმავლობაში მათ უპოვარი ფრანგები და ხელისუფალთაგან დევნილი ადამიანები შეუერთდნენ. კოლონისტები თავს უმთავრესად მესაქონლეობით, მევენახეობით და მიწის დამუშავებით ირჩენდნენ. ახალი მიწების ამთვისებლებმა ბურების (ბორი - გლეხი, ჰოლანდ.) პატარა რესპუბლიკა - ტრანსვაალი დააარსეს. თითოეული მათგანი თავს მოვალედ მიიჩნევდა, საკუთარი მონაგრიდან წილი გაეღო რესპუბლიკის აღმშენებლობისა და დაცვისათვის.

KvirisPalitra.Geდა აი, ამ პატარა, მშვიდობიან ქვეყანას მსოფლიოში უდიდესმა იმპერიამ, ინგლისმა, ომი გამოუცხადა, რათა ოქროსა და ალმასების უმდიდრეს საბადოებს დაჰპატრონებოდა. ამ ამბავმა ფეხზე დააყენა მთელი რესპუბლიკა და მოხუცი პრეზიდენტის პაულ კრიუგერის მეთაურობით ომისთვის მზადება დაიწყო. ნიკო ბაგრატიონი უყოყმანოს ჩაება ამ უთანასწორო ომში.

სახლის კარებთან გაისმა გაბმული ღრიალი, რამაც ყველას ფერი გაგვიკრთო. მყისვე ფეხზე წამოვხტი, მეორე ოთახში დატოვებული თოფი გამოვარბენინე და მიუხედავად მასპინძლების წინააღმდეგობისა, კარი გამოვაღე. უკვე აღარ წვიმდა, მთვარისაგან ყველაფერი თეთრად ქათქათებდა. თვალი მოვკარი ვეფხვს. მისი შავფორეჯებიანი ოქროსფერი ტანი ათასფრად ლივლივებდა მთვარის შუქზე.

დავუმიზნე და ვესროლე. სროლის ხმასთან ერთად გაისმა საშინელი ღრიალი. ვესროლე მეორეჯერაც. ვეფხვი კიდევ ერთხელ შეხტა და უსულოდ დაეცა.

ეს უკვე ტარიელის გმირობას უდრიდა და მე საკუთარი თავით მეტად კმაყოფილმა დავაპირე სახლში შესვლა, მაგრამ კარები დაკეტილი დამხვდა.

- ნუ გეშინიათ, გააღეთ, ვეფხვი მოკლულია! - რატომღაც ყვირილით მივმართე შეშინებულ მასპინძლებს.

გაბედეს გარეთ გამოსვლა...

ჩემი მასპინძელი ტიპური ჰოლანდიელი იყო, რემბრანდტის ფუნჯით დახატული. ფრანგულად ლაპარაკი უჭირდა. შემომჩივლა, რომ ამ ბოლო დროს მის ფერმას შეჩვევია საოცარი სიდიდის ვეფხვი და რამდენიმე ცხვარი უკვე მოუტაცნია.

იგი აგრეთვე წუხდა ინგლისელების მიერ ომის გამოცხადების გამო. კარს მომდგარი ორივე ეს საშიშროება ეტყობოდა მას ძლიერ აშფოთებდა.

როცა მთელი კარ-მიდამო დავათვალიერე, მასპინძელმა მირჩია, დამესვენა. მართლაც, ძლიერ დაღლილი ვიყავი და თანაც შიშნაჭამი, ამიტომ მაშინვე შევედი ჩემთვის განკუთვნილ ოთახში, მაგრამ ვერ დავიძინე და მზის ჩასვლისთანავე ზეზე წამოვდექი. ცხელი დღე შეიცვალა გრილი ღამით. ფანჯრებიდან გავხედე ცას. იგი ვარსკვლავებით იყო მოჭედილი, მაგრამ ბრწყინვალე ცა ერთბაშად დაბნელდა და ატყდა საშინელი ჭექა-ქუხილი. დედამიწა ირყეოდა. წამდაუწუმ თვალის მომკვეთად ელავდა. მალე წამოვიდა კოკისპირული ტროპიკული თქეში.

ჭექა-ქუხილი გრძელდებოდა. ცისა და მიწის ზანზარს თან ერთვოდა გარეული მხეცების ღმუილი.

შემოვიდა მასპინძელი და მიმიწვია ყავაზე. ყავა შესანიშნავი იყო. მისი დამათრობელი სურნელება მთელ ოთახში იდგა. გაიმართა საუბარი. დამიწყეს ფრთხილად გამოკითხვა: ვინა ვარ და რა მინდა მათ რესპუბლიკაში. თანაც თვალს არ აშორებდნენ ჩემს ჩაცმულობას.

მე სიამოვნებით დავაკმაყოფილე მათი სრულიად ბუნებრივი ცნობისმოყვარეობა, ხოლო როცა განვაცხადე, რისთვისაც ვიყავი ჩასული, ოჯახის წევრები მაშინვე წამოდგნენ და დიდი მოწიწებით სათითაოდ ჩამომართვეს ხელი.

უცებ ზედ სახლის კარებთან გაისმა გაბმული ღრიალი, რამაც ყველას ფერი გაგვიკრთო.

მყისვე ფეხზე წამოვხტი, მეორე ოთახში დატოვებული თოფი გამოვარბენინე და მიუხედავად მასპინძლების წინააღმდეგობისა, კარი გამოვაღე. უკვე აღარ წვიმდა, მთვარისაგან ყველაფერი თეთრად ქათქათებდა. თვალი მოვკარი ვეფხვს. მისი შავფორეჯებიანი ოქროსფერი ტანი ათასფრად ლივლივებდა მთვარის შუქზე.

დავუმიზნე და ვესროლე. სროლის ხმასთან ერთად გაისმა საშინელი ღრიალი. ვესროლე მეორეჯერაც. ვეფხვი კიდევ ერთხელ შეხტა და უსულოდ დაეცა.

ეს უკვე ტარიელის გმირობას უდრიდა და მე საკუთარი თავით მეტად კმაყოფილმა დავაპირე სახლში შესვლა, მაგრამ კარები დაკეტილი დამხვდა.

- ნუ გეშინიათ, გააღეთ, ვეფხვი მოკლულია! - რატომღაც ყვირილით მივმართე შეშინებულ მასპინძლებს.

გაბედეს გარეთ გამოსვლა.

მე კი დასაძინებლად შევედი შინ.

დილის 6 საათზე უკვე მეღვიძა. ოჯახის წევრები საუზმეზე მელოდებოდნენ.

კვლავ ბიბლიის კითხვა და ლოცვის წარმოთქმა...

გულდაგულ ვისაუზმეთ, რის შემდეგ მასპინძლებს დიდი მადლობა მოვახსენე და ეზოში გავედი.

ჩემს გამყოლს ცხენები უკვე სამგზავროდ მოემზადებია.

ფერმის პატრონმა სამახსოვროდ მომართვა წუხელ ჩემ მიერ მოკლული ვეფხვის ტყავი.

ეს მართლაც დიდი საჩუქარი იყო და გახარებულმა მასპინძელი ლამის გადავკოცნე.

ამ დროს ჭიშკარს მოადგა ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელმაც ჩემს მასპინძელს სთხოვა თავისი ხვედრი ფული ვადაზე ადრე გადაეხადა, და აგრეთვე შეძლებისამებრ, სურსათ-სანოვაგე ჩაებარებია ჯარის გამოსაკვებად.

ოჯახის უფროსი მაშინვე შეუდგა რესპუბლიკის წინაშე თავის წმინდა მოვალეობის მოსახდელად საჭირო თადარიგს.

ხელისუფლების წარმომადგენელს გამოველაპარაკე. მისი სიტყვიდან გავიგე, რომ თავდაცვის ხაზიდან პრეზიდენტი გუშინ საღამოს დაბრუნებულიყო იოჰანესბურგში და უკვე პრეტორიაში გამგზავრებულიყო. გადავწყვიტე, აქედან მეც პირდაპირ პრეტორიაში წავსულიყავი. მანვე მასწავლა, თუ რომელი გზით უფრო უხიფათო იქნებოდა ჩემი უკან დაბრუნება, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლებოდა ინგლისელების განლაგების ზონაში მოვხვედრილიყავი.

დავემშვიდობე ყველას და გავუდექი გზას.

მიუხედავად წუხანდელი თქეშისა, მიწა ამ დილით მთლად მშრალი იყო. ტყეში ფოთოლიც არ ირხეოდა. დიდი ბობოქრობის შემდეგ ბუნება თითქოს ისვენებდა. მზე კარგა მაღლა იყო წამოსული, მაგრამ გუშინდელთან შედარებით გაცილებით გრილოდა.

ინგლისელებისა და მახრჩობელა გველის შიშით, მე და ჩემი გამყოლი ახლა უკან ვბრუნდებოდით სულ სხვა მიმართულებით, რის გამოც ზოგან გაუვლელი ადგილების გადალახვაც გვიხდებოდა, რაც აბრკოლებდა ჩვენს მგზავრობას.

მხოლოდ მზის ჩასვლისას მივაღწიეთ პრეტორიას. სასტუმროში მისვლისთანავე სასტუმროს პატრონს ვთხოვე, გაეგო, თუ როდის შეიძლებოდა მენახა პრეზიდენტი.

- რა თქმა უნდა, დღეს აღარ მოხერხდება მისი ნახვა. მიუხედავად ყოველგვარი მდგომარეობისა, პრეზიდენტი მუდამ საღამოს 7 საათზე წვება და დილის 3 საათზე დგება. შემიძლია გავიგო მხოლოდ ხვალ, რა დროს ისურვებს იგი თქვენს მიღებას, - მითხრა მან და წავიდა.

მალე დაბრუნდა.

- ვნახე ძალუა სამა, - მაცნობა მან ალერსიანად, - მისი სიტყვით, პრეზიდენტს შეგიძლიათ ეახლოთ მხოლოდ ზეგ, ორშაბათს, დილით 11 საათზე.

- სამა ვინაა? - ვკითხე მე.

გამოირკვა, რომ ბურები თავიანთ მოხუც პრეზიდენტს, კრიუგერს, ეძახდნენ ბიძია პავლეს, ხოლო მის მეუღლეს - ძალუა სამას.

ზეგამდე გაძლება არ გინდოდა?

მეორე დღეს კვირა იყო. ამ დღეს ყოველი ბური მხოლოდ ეკლესიაშია და მერმე თავის ოჯახში. ესაა კულტი. კვირაობით არც ერთ უცხო კაცს არ იღებენ. არც გარეშე ამბებზე მსჯელობენ, ეკლესიაში ლოცულობენ, ოჯახში ისვენებენ და აქაც სასოებით არიან გამსჭვალულნი. როგორც ჩანს, ახლაც, ომის პირობებში, ამ წესს არ არღვევენ, თორემ ძალუა სამა ხვალვე უთუოდ მომიწყობდა პრეზიდენტთან შეხვედრის საქმეს.

გულდაწყვეტილი დავწექი. გუშინ და დღეს მგზავრობითა და განცდილით დაღლილს ღრმად ჩამეძინა.

დილით 8 საათზე სასტუმროს პატრონმა გამაღვიძა და მირჩია, თუ პრეზიდენტის დანახვა მინდოდა, გავჩერებულიყავი ფანჯარასთან.

დაუყოვნებლივ წამოვდექი.

სასტუმრო ისეთ ადგილზე იყო, რომ ეკლესიაში ლოცვის მსურველს უთუოდ მის წინ უნდა გაევლო, პატარა ტაძარი ძველ ჰოლანდიურ ხუროთმოძღვრების ნიმუშს წარმოადგენდა. მღვდელმსახურებაც ჰოლანდიურ ენაზე წარმოებდა. აქვე უნდა შევნიშნო, რომ ბურების სახელმწიფო ენად ითვლებოდა ჰოლანდიური.

გაფაციცებით ვიცქირები ფანჯარაში.

აი, გამოჩნდა ეკლესიისაკენ მიმავალი პრეზიდენტის ამალა, წინ მიუძღოდა კრიუგერი, მაღალი, მხარბეჭიანი, მხნე მოხუცი, რომელსაც მკლავდამკლავ მოჰყავს თავისი მეუღლე. პრეზიდენტის მეუღლე ქმარზე უფრო დაბალია და გამხდარი. იგი წარმოშობით ფრანგი ჰუგენოტია და მრავალი შვილის დედა.

მათ უკან, დაშორებით, მოჰყვება სამი წარჩინებული სამხედრო პირი - ჟუბერი (ბურების გამოჩენილი მხედართმთავარი), კრონიე (ბურების შესანიშანვი მხედართმთავარი) და დელარიე (ბურების პოლიტიკური მოღვაწე და გენერალი). შემდეგ მოდიან სხვადასხვა თანამდებობის პირნი და პრეზიდენტის ოჯახის წევრები. მთელ ამ ამალას, როგორც მცველები, ირგვლივ არტყია თეთრ მუნდირებში გამოწყობილი ბური ოფიცრების წრე.

გადავწყვიტე, მეც წავსულიყავი ეკლესიაში.

- უხერხული ხომ არ იქნება ან თავხედობად ხომ არ ჩამეთვლება უცხო ეროვნებისა და სარწმუნოების კაცი თქვენს ეკლესიაში წავიდე? - ვკითხე სასტუმროს პატრონს.

მან დამარწმუნა, მლოცველ ბურებს ეს სასიამოვნოდაც დარჩებათო.

გავხსენი ჩემოდანი და ამოვიღე ახალთახალი ჩოხა-ახალუხი, მე იგი ამ დღეს პირველად ჩავიცვი. არათუ რევოლვერი, ხანჯალიც კი არ დამიკიდია.

სასტუმროს პატრონიც წამომყვა.

როდესაც ეკლესიის ზღურბლს გადავაბიჯეთ, საკმევლის მძაფრი სურნელი ვიგრძენით. ყველა სკამი დაკავებული აღმოჩნდა. მლოცველები გართული იყვნენ ლოცვაში და ჩვენი მისვლა არც კი გაუგიათ.

განმარტოებით, ფრთხილად დავდექით კუთხეში.

ორღანო რაღაც ღვთის სადიდებელ მელოდიას უკრავდა. მალე ორღანოს ხმაზე მლოცველებმა დაიწყეს ამ დღისათვის განკუთვნილი ფსალმუნის გალობა.

ეტყობოდა, ყველა განსაკუთრებული ექსტაზით იყო მოცული და იმავე დროს ყველას იმედი ჰქონდა, ღმერთი უთუოდ გაამარჯვებინებდათ მტერზე.

დამთავრდა წირვა.

ხალხმა წყნარად დაიწყო ეკლესიიდან გასვლა.

ისე მოხდა, რომ მე და ჩემი სასტუმროს პატრონი სულ ახლოს აღმოვჩნდით ძალუა სამასთან.

ამით ისარგებლა მან და გამაცნო პრეზიდენტის თანამეცხედრეს.

სამამ დედობრივი კილოთი მთხოვა, ხვალ 11 საათზე უთუოდ ვწვეოდი მის მეუღლეს.

მე დიდი მადლობა მოვახსენე და განზე გავდექი.

პრეზიდენტი და მისი მხლებლები იმავე წესით გაემართნენ შინისაკენ, როგორც მოვიდნენ ეკლესიაში.

ძალუა სამამ ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა. იგი უყვარდათ არა მარტო ბურებს, არამედ, რაც მეტად საკვირველია, ინგლისელებსაც. თუ გადმოცემის მიხედვით განვსჯით, ის თითქოს არ იყო მიწიერი არსება. ეს მოხუცი კეთილი ქალი მტერსა და მოყვარეს ერთნაირი მზრუნველობით ექცეოდა და ყველას მწუხარებას თავის მწუხარებად თვლიდა.

იგი გულწრფელად ლოცულობდა როგორც ბურების, ისე ინგლისელების საკეთილდღეოდ, რასაც მას საერთოდ ადამიანის სიყვარული უკარნახებდა. იგი ცხარე ცრემლით დასტიროდა ორივე მხარის მიერ გაღებულ მსხვერპლს, რის გამოც მას დიდად პატივს სცემდნენ ბურების ისეთი მოძულე ინგლისელი გენერლებიც კი, როგორიც იყვნენ რობერტსი და კიტჩენერი.

ეს სათნო ადამიანი ჭირსა და ლხინში თავისი მეუღლის განუყრელი მეგობარი და კეთილი აზრების შთამაგონებელი იყო. ამიტომაც მისმა სიკვდილმა დიდი მწუხარება გამოიწვია როგორც მოხუც პრეზიდენტში, ისე თითოეულ ბურში.

სამა გარდაიცვალა 1900 წელს, ივნისის პირველ რიცხვებში, წყალმანკისაგან. ამ დროს პრეზიდენტი ევროპაში იყო, ის ცდილობდა, რათა ევროპის სახელმწიფოებს დახმარება გაეწიათ ბურებისათვის და მათი რესპუბლიკა ეხსნათ ინგლისელების უღლისაგან.

ინგლისელებმა ყაჩაღურად დაარღვიეს საერთაშორისო წესი და ჰააგის კონფერენციის დადგენილება. მოხუც კრიუგერს არ ეგონა, თუ ამ კონფერენციის დადგენილება იყო უბრალო, ლიტონი სიტყვა და ამიტომ ელოდა, დღეს თუ არა ხვალ მაინც ევროპა ჩაერეოდა ორთაბრძოლაში და დაიცავდა სრულებით უდანაშაულო ბურების უფლებებს.

მაგრამ ამაო იყო კრიუგერის ოცნება!

იგი იმედგაცრუებული დაბრუნდა თავის რესპუბლიკაში, მაგრამ ქედი არ მოუხრია საშიშროების წინაშე! იგი ახალი ძალით შეუდგა ქვეყნის დაცვის საქმეს. მას ღრმად სწამდა, რომ სიმართლე უთუოდ გაიმარჯვებდა, სიმართლე კი ბურების მხარეზე იყო. მან ამაყად ასწია ჭაღარა თავი და თანამემამულეთ მოუწოდა, უკანასკნელ სისხლის წვეთამდე ებრძოლათ ბოროტების წინააღმდეგ.

კრიუგერი იყო ნამდვილი ცინცინატი (ცინცინატი იყო რომის სახელოვანი მხედართმთავარი 460წ. ჩვენს ერამდე). ყოველი ომის შემდეგ იგი უბრუნდებოდა მიწის მუშაობას. როგორც ცინცინატი, იგი ომის დროს ომობდა, ხოლო მშვიდობიანობის დროს უბრალო გლეხივით მუშაობდა მინდვრად. მაგალითად, კრიუგერი პირადად იღებდა მონაწილეობას ინგლისელების მიერ აჯანყებული კაფრების წინააღმდეგ ომში, ხოლო 1880 წელს ებრძოდა ინგლისელებს, ახლაც იგი ნახევარჯერ ფრონტზე იყო.

აქვე მინდა მკითხველს ვუამბო კრიუგერის უკანასკნელი ცხოვრების ერთი ეპიზოდი.

ქვრივი პრეზიდენტი შეუყვარდა სიცოცხლით სავსე, სრულიად ახალგაზრდა ერთ ფრანგ ქალს, რომელსაც აგრეთვე ერქვა სამა. იგი მეტად ლამაზი იყო და აუარებელი თაყვანისმცემელი ეხვია მუდამ ირგვლივ, მაგრამ მან ყველას არჩია კრიუგერი.

კრიუგერმა იგი შეირთო.

რამდენადაც ვიცი, მოხუც პრეზიდენტს ძლიერ უყვარდა თავისი ახალგაზრდა ცოლი და ხშირად ეჭვიანობდა კიდეც.

ბოდიშს ვიხდი მკითხველის წინაშე, რომ ამბების თანამიმდევრობას გადავუხვიე.

გათენდა ორშაბათი.

მე და ჩემი სასტუმროს პატრონი, რომელიც თარჯიმნის მაგივრობის გასაწევად წავიყვანე, ისეთი ვარაუდით გავედით სასტუმროდან, რომ სრულ 11 საათზე უთუოდ პრეზიდენტის სასახლეში ვყოფილიყავით, მაგრამ წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, როცა სასახლის ნაცვლად მივადექით ერთ სადა სააგარაკო სახლს. სახლი იდგა ბაღში და შესავალში მას მწოლიარე მარმარილოს ორი ლომის ქანდაკება ამშვენებდა.

ეს იყო და ეს სხვა სახლებისაგან ამ სახლის განმასხვავებელი სამკაული.

სადღესასწაულოდ გამოწყობილი გუშაგები შიშველი ხმლებით იდგნენ სახლის წინ.

სალუტით შეგვეგებნენ. ცხადია, ეს ჩემს პატივსაცემად იყო გამართული, მაგრამ რა დამსახურებისათვის?