ჩაის კულტურის ქართულ-ჩინური თავგადასავალი
06-04-2015
ჩაის კულტურის  ქართულ-ჩინური თავგადასავალი
ვინ ჩამოიტანა ჩაის ნერგები საქართველოში

პირველად ჩაი საქართველოში 1770 წელს გამოჩენილა, მაშინ, როდესაც რუსეთის იმპერატორმა ეკატერინე მეორემ ერეკ­ლე მეორეს სამოვარი და ჩაის სერვიზი აჩუქა. შემდეგში ამიერკავკასიაში ჩაის მოშენების მცდელობა XIX საუკუნის 30-იანი წლებ­იდან ჩანს. ამ საქმეში ინიციატივა ეკუთვნის თავად ვორონცოვს, რომელმაც ჩაის ბუჩქი­ იმპერატორის ბაღიდან სოხუმის ბოტანიკურ ბაღსა და ოზურგეთის მცენარეთა ჯიშსაშენებში გადმორგო. მცენარემ შესანი­შნავად იგუა ადგილობრივი ჰავა. აქედან ჩაის ბუჩქი გადაურგავთ ზუგდიდში, დადი­ანების სასახლეში, მოგვიანებით ჩოხატაურის მახლობლად, ერისტოვების მამულში.
თუმცა, შესაბამისი­ ტექნოლოგიების უცოდინარობის გამო დაბალი ხარისხის მოსავალი მიუღიათ. ეს, რაც შეეხება მცდელობებს, საქართველოში ჩაის კულტურის განაშენიანება კი კონსტანტინე პოპოვის სახელთან არის დაკავშირებული, რომელმაც ამ საქმის ასაღორძინებლად 1893 წელს ჩინე­თიდან აჭარის ზღვისპირეთში ლაო ჯონჯაო ჩამოიყვანა. ლაო ჯონჯაოს შვილიშვილი გუანვენ ლიუ-ყანდარელი გვიამბობს:

- ლაო ჯონჯაო კუანვენის
პროვინციაში შეძლებული სამხედრო პირის ოჯახში დაიბადა. მამა ბრძოლაში დაეღუპა. იმის შიშით, რომ ლაოც სამხედრო საქმეს არ გაჰყოლოდა, ჩემმა დიდმა ბებიამ ის ნჭოუს პროვინციაში ჩაის ფაბრიკაში მოაწყო სამუ­შაოდ. მალე შესანიშნავად შეისწავლა ეს საქმე. სწორედ ამ პერიოდში ჩადის ჩინეთში რუსი კონსტანტინ პოპოვი. პოპოვები ჩაით მოვაჭრენი იყვნენ. უფროს ძმას, ძირითადად, ინდოეთთან ჰქონდა საქმიანი ურთიერთობები, კონსტანტინე კი ჩინეთში საქმიანობდა. კონსტანტინე პოპოვს­ მიწები ჰქონდა ბათუმშიც. მას მოეჩვენა, რომ ამ მიდამოების მოწითალო ნიადაგი ძალიან ჰგავდა კანტონურს (ჩინეთის პროვინცია გუანჯოუს ევროპელები კანტონს უწოდებდნენ), ამიტომაც წამოიწყო ეს ექსპერიმენტი. ჩემი პაპა ლაო ჯონჯაო მისი მოწვევით 1893 წლის 4 ნოემბერს პირველად ჩამოვიდა საქართველოში 10 ჩინელ ოსტატთან ერთად. ამ დროს ის 23 წლის გახლდათ. "პირობები ჩემთვის სავსებით მისაღები იყო - თვიური შემოსავალი 500 მანეთი, ბინა, კვება, ცხენი აღჭურვილობით," - ვკითხულობთ მის ჩანაწერებში.

ლაომ წელიწადზე მეტი დრო დაჰყო მოსამზადებელი სამუშა­ოებისთვის. შემდეგ ნახევარი წლით ჩინეთში­ დაბრუნდა, 1897 წელს კი თავისი ოჯახით ბათუმში გამოემგზავრა. ამჯერად პოპოვმა მგზავრობისთვის მთელი გემი იქირავა. ლაოს ბათუმში მოჰყავდა დედა, ცოლი, და, 5 წლის ვაჟი და ახალშობილი ქალიშვილი, ასევე 12 მუშა-ოს­ტატი მეუღლეებთან ერთად. ლაომ ასევე წამოიღო მანდარინის, ლიმონის, ბამბუკის ნერგები, სხვადასხვა ჯიშის ყვავილ­ები. როცა ჩამოვიდნენ, მათთვის განკუთვნილი სახლი ზღვის პირას, პოპოვის ერთ-ერთ მამულში - კაპრეშუმის ნაკრძალში, უკვე დასრულებული იყო. ეს სახლი ახლაც დგას ჩაქვში, ნინოშვილის #12-ში. ოჯახს ემსახურებოდა რვაცხენიანი ეტლი. პაპაჩემს ცხენები ძალიან უყვარდა და საუკეთესო ჯიშის ცხენებიც ჰყავდა. ლაო ჯონჯაოს ოჯახს გადაეცა აგარაკი მწვანე კონცხზეც.

1900 წელს პარიზში გამართულ ჩაის მსოფლიო გამოფენაზე პოპოვის ფაბრიკაში­ ლაო ჯონჯაოს დამზადებული ჩაი წარადგინეს და მსოფლიოში საუკეთესო ჩაისთვის პოპოვი ოქროს მედლით დააჯილდოეს. ამ დროს საქართველოში უკვე ჩაის 23 საცდელი ნაკვეთი იყო.

ლაოს შვიდი შვილიდან ხუთი საქართველოში დაიბადა. გიმნა­ზიაც ბათუმში დაამთავ­რეს. მამიდაჩემი ლიუ სანსანი ამბობდა: "ქართველები დელიკატური ხალხია. კეთილგანწყობილნი ყველასადმი, მიუხედავად განსხვავებული კანის ფერისა, ტრადიციებისა და რწმენისა. ეს მათი კულტურის ღირსებაა".

მამიდაჩემს პაპაჩემზე ძალიან საინტერესო­ მოგონებები აქვს. ლაო ჯონჯაოს თურმე გრძელი ნაწნავი ჰქონდა. მხოლოდ მას შემდეგ შეუჭრია, რაც 1911 წელს შეუტყვია, რომ ჩინეთში რევოლუციის შედეგად დაემხო­ მონარქია - მანჯურიის იმპერატორი. ევროპული სამოსის ჩაცმაც ამ დღის შემდეგ დაუწყია. ამასთან დაკავშირებით დიდი ბანკეტი გაუმართავს და მთელი იმდროინდელი ელიტა მიუწვევია.
ჩემი მშობლები განსაკუთრებით სტუმ­ა­რ­თმოყვარენი იყვნენო, - წერს მამიდა და დასძენს: - თუმცა, ამით საქართველოში­ ვერავის გააკვირვებო.

ჩაქვში მცხოვრები ეს ჩინური ოჯახი, თურმე აღდგომის დღესასწაულსაც აღნიშნავდა. "ამ დღეს ჩვენი ოჯახი აწყობდა­ პიკნიკს ზღვის სანაპიროზე­. სტუმრებს უმასპინძლდებოდნენ შინ გამომცხვარი, სანთლებით გაჩირაღდნებული­ კულიჩით, ხაჭოს პასქითა და წითე­ლი კვერცხით, რომლებსაც ვღებავდით უფროსებიც და ბავშვებიც. ამინდის მიუხედავად, სუფრა იშლებოდა ბაღში. ამ დღისთვის საჩუქრებიც უხვად გვქონდა", - იხსენებს ლიუ სანსანი.

ლაოს შვილებს, ისევე, როგორც ზღვისპირა აჭარის მკვიდრთ, ბავშვობა გატარებ­ული ჰქონდათ ქართველი, რუსი, სომეხი, ებრაელი მეგობრების გვერდით. მათთან ერთად გიმნაზიაში სწავლობდნენ გარუსებული გერმანელები და პოლონელები. ამ დროს აჭარაში გაჭირვებული ცხოვრება ყოფილა. "ჩვენ გიმნაზიაში არ გვაძლევდნენ ცხენით წასვლის საშუალებას. თვლიდნენ, რომ სხვა ფეხით მოსიარულე ბავშვებთან ასეთი ფუფუნება უხერხული იყო", - ამბობდა მამიდა.

- ლაომ ათასგვარი ნერგი წამო­იღოო, ახსენეთ. გაიხარეს?
- "1917 წლისთვის მოვასწარი სხვადასხვა ხეხილის მოშენება, როგორიცაა, მანდარინი, ლიმონი, ამერიკული ფორთოხლის უახლესი ჯიში "ვაშინგტონი",”- წერს ლაო ჯონჯაო. მის მიერ გამოყვანილ ჩაის ერთ-ერთ სახეობას "ლაო ჩაი" ეწოდა.

ახლა რა ჩაიც მოდის კრასნოდარში, თურქეთსა და აზერბაიჯანში, სულ "ლაო ჩაის" შვილობილია.
როცა "წითლები" ბათუმში შევიდნენ, ლაოსთვის შეუთავაზებიათ, შეიცვალე მოქალაქეობა და ჩვენთან ერთადაც განაგრძე საქმიანობაო. პაპაჩემს უარი უთქვამს. "ჩვენ ყველა შევეჩვიეთ აქაურობას. ბევრი გულწრფელი მეგობარი გვყავს, მაგრამ სამშობლო გვიხმობს და ამიტომ უნდა დავბრუნდეთ," - ამ ჩანაწერს აკეთებს ლაო ჯონჯაო საქართველოდან გამგზავრების წინ და აქაურობას 1926 წელს ტოვებს. მიწები, რა თქმა უნდა, ჩამოერთვა. ჩაქვისა­ და მწვანე კონცხის სახლებს მთავრობა გროშებად იძენს. მოგვიანებით მწვანე კონცხზე,­ ჩვენს ყოფილ აგარაკზე, სანატორიუმის სასადილო იხსნება. კარგად მახსოვს, უკვე 60-იანი წლების ბოლოს, მე და ჩემი მეუღლე რომ დავდიოდით დასასვენებლად, ამ სასადილოს დამსვენებლები ისევ "ჩინურ სახლად" იხსენიებდნენ.
სანამ ლაო საქართველოდან წავიდოდა, საინტერესო ამბავი მოხდა. ეს ამბავი ჩემი მშობლების - ნონა თუშმარიშვილისა და ვეი ჭოუს ქორწინებას ეხება.

- სად გაიცნეს ერთმანეთი?
- 17 წლის ნონა თუშმარიშვილი ზღვის­ პირას სტუ­მრად ჩამოდის მამამისთან, რომელიც იმხანად იქ საქმიანობდა და ლაო ჯონჯაოს ოჯახთანაც ახლობლობდა. აქვე იყო ნონას უფროსი და - ნატა. გოგონებმა­ გაიცნეს ლაოს მეორე ვაჟი - ვეი ჭოუ, რომელიც ხშირად მიემგზავრებოდა ცხენით ბათუმში და იქიდან დაბრუნებულს ინგლისური შოკოლადები მოჰქონდა გოგონებისთვის. თურმე, სწორედ ამ შოკოლადის კოლოფებში იდო ნონასადმი მიძღვნილი სასიყვარულო ბარათები. ბუნებრივია, მშობლებისთვის შოკის მომგვრელი აღმოჩნდა მათი სიყვარულის ამბავი.
დედა და მამა 1922 წელს გაიპარნენ. დაეხმარათ რუსი მოახლე და გურული მეეტლე. ისინი ჩვენს ოჯახებს ემსახურებოდნენ. ჯვარი მთაში, ნახევრად დანგრეულ ეკლესიაში დაუწერიათ, რომელიც ახლა თურქეთის ტერიტორიაზეა. ჯვრისწერის წინ მამაჩემი მართლმადიდებლურად მონათ­ლულა. ხელის მოწერაზე არც უფიქრიათ, დარწმუნებული იყვნენ, რომ ინგლისი ან გერმანია დაეხმარებოდა საქართველოს. კომუნისტების წამოწყებას არასერიოზულად აღიქვამდნენ და არც მათი რეგისტრაცია მიაჩნდათ რამედ.

- როგორ მიიღეს ეს ამბავი ოჯახის წევრებმა?

- მეხის გავარდნასავით, რა თქმა უნდა.არც ერთი მხარე არ ყოფილა აღფრთოვანებული ამ სიახლით. დედა არისტოკრატულ ოჯახში იყო აღზრდილი. საოცრად ლამაზი, გონიერი, საყვარელი და გათამამებული­ შვილი იყო. გიმნაზიაში სწავლისას ასწავლიდნენ რუსულს, გერმანულს, ლიტერატურას, სიმღერას, ფორტეპიანოზე დაკვრას, ბალეტს, ქარგვას. მისი წარმატებებით გახარებულ პაპაჩემს, სამხედრო შაქრო თუშმარიშვილს, ფრანგულ ბანკში ორი ათასი ოქროს მანეთი შეუტანია ქალიშვილის პარიზში სწავლის გასაგრძელებლად. თუმცა, დედაჩემის ცხოვრება სულ სხვაგვარად წარიმართა...

- როგორ გაგრძელდა ლაო ჯონჯაოს ოჯახის ცხოვრება ჩინეთში?
- თავდაპირველად ხარბინში დაბინავდნენ. მეც იქ დავიბადე 1935 წელს. პირველი 10 წლის განმავლობაში ყველა ბედნიერად ცხოვრობდა, სანამ ჩინეთ-იაპონიის ომი დაიწყებოდა. მერე ოჯახი იძულ­ებული გახდა, იქაურობა მიეტოვებინა. წამოსვლაზე მხოლოდ პაპაჩემმა განაცხადა უარი - ცხენსაშენის მიტოვება არ შეეძლო. 1942 წელს კი ცხენიდან ჩამოვარდა და მისი სიცოცხლე ცხენების სიყვარულმა შეიწირა...
მამაჩემი ჩემს უფროს ძმასთან ერთად ლანჭოუში გაერიდა იაპონელებს. ჩვენ პეკინში დავბინავდით...

- საქართველოში როდის ჩამოვიდა ნონა თუშმარიშვილი?
- სამშობლოსთან 31-წლიანი განშორების შემდეგ დედა 1956 წელს ჩამოვიდა საქართველოში. მას ნოსტალგია­ ტა­ნჯავდა. თუმცა, არა მხოლოდ მას. მამი­დაჩემი მოგონებებში წერს: "ვიცოდი, რომ კანტონელები აშშ-შიც ცხოვრობენ და იქ ბევრი ჩინური დასახლება იყო, მაგრამ ნუთუ ისინიც ასე იყვნენ შეყვარებული ამერიკაზე, როგორც ჩვენ - აჭარაზე?"

დედაჩემი და მამაჩემი სიცოცხლის ბოლომდე ტკბილ და მოსიყვარულე წყვილად დარჩნენ. უთანხმოება მხოლოდ ერთ საკითხზე მოსდიოდათ. დედა ამბობდა, რომ კახეთი­ იყო ყველაზე ლამაზი ადგილი დედამიწაზე, მამა არ ეთანხმებოდა - ასე იმიტომ ფიქრობ, რომ მთიანი აჭარა არ გინახავსო. სტალინს ლანძღავდნენ - ომის შემდეგ მას ქართული მიწების შემოერთების საშუალება ჰქონდა და არ გამოიყენაო. მათ საუბარს ვუსმენდი და ვფიქრობდი: "ნეტავ, როგორია ს­აქართველო?" 1958 წელს ჩამოვედი. პეკინის სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობდი და მესამე კურსიდან აქ განვაგრძე სწავლა. ვცხოვრობდი პლეხანოვზე, ბებიასთან. ერთი წლის შემდეგ მხატვარ გივი ყანდარელს გავყევი ცოლად. იგი 2006 წელს გარდაიცვალა.

- დღეს როგორ ცხოვრობთ?

- თბილისში, აზიისა და აფრიკის ინსტიტუტში ვასწავლი ჩინურ ენას. ვხელმძღვანელობ ქართულ-ჩინურ კულტურულ ცენტრ "აბრეშუმის გზას". ჩემი წინაპრების ცხოვრების ქართულ-ჩინური ისტორია კი გამოვეცი წიგნად "ჩაის კულტურის სათავეებთან საქართველოში".


როგორ "იტაცებდნენ" რუსები აჭარას


აჭარა  XIX  საუკუნის 80-იანი წლებისა და  XX  საუკუნის დასაწყისში (დ. კლდიაშვილის მემუარების - "ჩემი ცხოვრების გზაზე" - მიხედვით):
"1882 წელს პირველად ჩავედი ბათუმში­ სამხედრო ნაწილში­ სამსახურისთვის. ბათუმი მაშინ "პორტო-ფრანკო" იყო, პატარა ქალაქი­ ოთხი ათასი­ მცხოვრებით მდებარეობდა ზღვისპირად. ზღვისპირადვე იყო ბაზარი. პატარა დაბალი ქოხმახები, ვითომ მაღაზიები, რამდენიმე­ ქუჩა, ვიწრო და მოუკ­ირწყლავი. ქალაქის გარეთ გაბნეული იყო ფაცხები, რომლებშიც ცხოვრობდნენ აჭარ­ლები და ზოგან - ზანგები. ახლა რომ რკინიგზა მიდის ქალაქში, ისეთი მოშორებული იყო, რომ მარტოდ წასვლა საშიში და სარიდებელი იყო".”
"პორტო ფრანკოს" ხაზის გადაღმა აშენ­ე­­ბული იყო როტშილ­დის ნავთის ქარხნის­ შენობები. ქალაქის­ გარშემო ადგილები ჭაობებით იყო დაფარული. 1883 წლის ბოლოს რკინიგზის მშენებლობა დამთავრდა და ბათუმი თბილისს დაუკავშირდა. 1885 წელს "პორტო-ფრანკო" გაუქმდა. რკინიგზის ნაპ­ირებზე ქალაქის მახლობლად იწყეს ტყეების გაჩეხა და აგარაკების აშენება... დასახლება. მიწა მუქთად იშოვებოდა. განსაკუთრებით დიდი ადგილები შემოფარგლეს ქუთაისის გიმნაზიის დირექტორმა სტოიანოვმა,­ გადამდგარმა პოლკოვნიკ-ინჟი­ნერმა სოლოვც­ოვმა, ბათუმის ნოტარიუსმა გერენშტეინმა, ექიმმა ოლინსკიმ, მილიონერმა სერებრიაკოვმა - მათ მუჰაჯირებისგან შეისყიდეს დიდ­ძალი ადგილები. "ბევრს აცდენდნენ ფულის შეტყუებით და ეშმაკურად ხელიდან აცლიდნენ სამოსახლოს". მიწა შეისყიდა ჩაის ცნობილმა ვაჭარმა პოპოვმაც, რომელმაც იწყო ჩაის პლანტაციების გაშენება და რამის მოყვანა (რამი ჩინური ჭინჭარია, რომლისგანაც კეთდება საუკეთესო­ ქაღალდი). ფულისთვის ქაღალდს ამ რამისგან ამზადებდნენ და დიდი სარგებელიც მოჰქონდა. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც დაურიგებლად ითვი­სებდნენ მიწას. გასაოცრად მოხერხებული ყოფილა მებაღე­ ვინმე დალფონსი. ადმინისტრაცია­ დიდად მოწ­ინააღმდეგე იყო მისი, მაგრამ ვერას უშვრე­ბ­ოდა. არაჩვეულებრივი მოხერხებით მან პირველმა ჩადგა ფეხი ე.წ. მწვანე­ კონცხში ბათუმის მახლობლად....

თანდათან იზრდებოდა ზღვის სანაპი­რო. სოფელ მახინჯაურიდან დაწყებული თითქმის ქობულეთამდე მოფენილი იყო აგარაკებით. მთავრობა მათ ხელს არ უშლიდა დასახლებაში, ეტყობა, ეს მისთვის სასურველი­ იყო, ვინაიდან მისი მიზანი იყო, ადგილობრივი მცხოვრებლები აეყა­რა და მათ ადგი­ლას რუსი მოსახლეობა დაესახლებინა­. ოცი ვერსის სიგრძეზე გაშენებულ აგარაკებში მხოლოდ ერთადერთი აგარაკი ეკუთვნოდა ქართველს. ეს იყო სევასტი ჭელიძის აგარაკი, ისიც პატარა. მცდე­ლობას არ აკლებდნენ, რომ ეს კაცი თავისი აგარაკიდან გამოედევნათ, მაგრამ ისიც ჯიუტი და რკინაკაცი იყო და ვერ აყარეს.

თვით ბათუმშიც იძენდნენ აგარაკებს, განსაკუთრებით - აფხაზებისაგან, რომლებიც ტოვებდნენ თავიანთ ფაცხებს და მიეშურებოდნენ ოსმალეთისაკენ საცხოვრებლად. ფაცხების ნაცვლად ჩნდ­ებოდა დიდი სასახლეები. პაწაწინა ქალაქი ნელ-ნელა იზრდებოდა. აქ ცხოვრობდა: ქართველი, რუსი, სომეხი, ბერძენი, თათარი­, ოსმალო, აფხაზი,­ იყო ბევრი შავკანიანი. აქაურობას განაგებდა გუბერნატორი, სახელგანთქმული ადმინისტრატორი გენერალი სმეკა­ლოვი. ქალაქის უფროსი კი "გროდონაჩალნიკი", ლევ ტოლსტოის ცოლისძმა­ ბერსი იყო. მას ცოლად ჰყავდა ერისთავის ლამაზი ქალი.
ბათუმის "პორტო-ფრანკოს" გაუქმების შემდეგ ქალაქში მისვლა-მოსვლა გაადვილდა და ერთ ღამეს ცეცხლს მისცეს ბათუმში მინგრეულ-მონგრაული ქოხები. გაფართოვდა ზღვის ნაპირი. პოლიცმეისტერმა, ვინმე ვოზნესენსკიმ, ფოთიდან გადმოიყვანა გერმანელი მოხუცი, ნასწავლი მებაღე რუსლერი. შეუდგნენ ბულვარის კეთებას ქვიშაზე. ყველა დასცინოდა, "შემდეგ დარწმუნდნენ, რომ საკეთილო საქმე იყო დაწყებული - ზღვის ნაპირზე გადაიშალა ლამაზი, ნორჩი ბულვარი, შემდგომში ბათუმის მშვენებად ქცეული".

ამ დროისათვის ქალაქის არქიტექტორად იყო ვინმე კარცევი, მოძულე "ყოველი­ ადგილობრივის". ის იწვევდა რუსეთიდან ფულიან კაცებს, ბათუმის რუსობის გასა­ძლი­ერებლად და ამას არც მალავდა. სომ­ხების მოძალებაც იყო. მათ შეიძინეს­ დიდძალი ტერიტორია ­აბაშიძეებისაგან, რომლებიც ძალიან შევიწროებული იყვნენ და მუქთად ყიდდნენ მიწებს...

"პორტო-ფრანკოს" სტატუსი

1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის­ ომი ოსმალთა სრული კატასტროფით და­ს­რულდა. შედეგები სან-სტეფანოს საზავო­ ხელშეკრულებასა და ბერლინის ტრაქტატში­ აისახა. რუსეთმა მიიღო აჭარის შავი ზღვის­ სანაპირო, მდ. ჩოლოქის შესართავიდან მდ. ხოფასა და მდ. ჭოროხის წყალგამყოფამდე.
დამარცხების მიუხედავად, ოსმალეთი და მასთან ერთად, დასავლეთ ევროპის ქვეყნებიც, რუსეთს ბოლომდე უწევდნენ წინააღმ­დ­ეგობას და ცდილობდნენ, არ დაენებებინათ+ აჭარა. გრძნობდნენ, თუ რა დიდი საფრთხე იყო რუსეთის გაბატონება ამ მხარ­ეში. დასავლეთევროპელი და ოსმალო დიპლომატები ცდილობდნენ, გამარჯვებული მხარე ფულად კომპენსაციაზე დაეყოლიებინათ, რის სანაცვლოდაც რუსეთს ოსმა­ლეთისათვის ქართული მიწები და სხვა ტერიტორიები უნდა დაეთმო. კომპენსა­ციის ოდენობა შთამბეჭდავი იყო - ოსმალები 1 410 000 მან­ე­თს სთავაზობდნენ რუსებს, მაგრამ რუსეთის იმდროი­ნდელმა იმპერატორმა ალექსანდრე მეორემ კატეგორიული უარი განაცხადა­ ბათუმის დათმობაზე - ეს რეგ­იონი ღირს ამ თანხის დაკარგვადო. თავის მხრივ, ბათ­უმის მნიშვნელობა კარგად ესმოდათ დას­ავლეთ ევროპის დიდი სახელმწიფოების პოლიტიკურ ლიდერებსაც. ამიტომაც იყო, რომ მათ უკანასკნელი­ ღონე იხმარეს და ბერლინის კონგრესმა ბათუმი უშუალოდ რუსეთს კი არ გადასცა, მას "პორტო-ფრანკოს" ანუ თავისუფალი­ ნავსადგურის­ სტატუსი მიანიჭა.­ ეს კი იმას ნიშნავდა, რომ რუსეთი­ ვერ იბოგინ­ებდა ბათუმში და ეს ტერიტორია რუსეთის ნაწილი არ იყო. სწორედ "პორტო-ფრანკოს" რეჟიმის არსებობის პერიოდში დაიწყო ბათუმში დიდი აღმშენებლობა და პატარა დასახლებამ თანდათან თანამედროვე ქალაქის სახე მიიღო. თუმცა, რუსეთი არასდროს შეჰგუებია ბათუმში "პორტო-ფრანკოს" რეჟიმს და ხელსაყრელ მომენტს ელოდა. ეს დროც დადგა.­ "პორტო-ფრანკოს" სტატუსის­ გაუქმება ითხოვდა ბერლინის ტრაქტატზე ხელის­ მომწერი ქვეყნების (ინგლისი, საფრანგეთი, პრუსია და სხვა) თანხმობას. როგორც ხშირად, რუსეთმა ამ საკითხის მოსაგვარებლადაც აირჩია პრინციპი: "ძალა თუ გაქვს,­ ჭკუა რად გინდა?!"

1885 წელს იმპერატორმა ალექსანდრე მესამემ ცალმხრივი აქტით გააუქმა ბათუმის "პორტო-ფრანკოს" სტატუსი და ბათუმში რუსული მმართველობა დამყარდა, რომელიც რუსეთის იმპერიის აღსასრულამდე არსებობდა.

(მომზადებულია ისტორიკოს ვახტანგ
გურულის მასალების მიხედვით)


ეკა შავლაძე
nana
28 აპრილი 2015 00:35
კვირის პალიტრას ,ჰემს საყვარელ გაზეტს ახალი ნიჭიერი ჯურნალისტი შეემატა .სასიხარულოა.ეს სტატიაც როგორც წინა სტატიები გრმა დაყოვლისმომცველია.სულმოუტქმელად წავიკიტხე ...ბოლოს რუსული ანდაზაც მენიშნა.ასეტი სტატიები ჯობს სხვის ბოიფრენდებზე და კაბებზე ამბებს.ეკა შავლადზეს ვუსურვებ წარმატებებს .გილოცავტ 20 წლის იუბილეს გაიხარეტ.
kuxeTi
06 აპრილი 2015 21:34
ჩაის სამშობლო გურია. მერე გაიტანეს ჩინეთში და სხვაგან!>.

რედაქტორის რჩევით