"ჩემი დიდი ბაბუა - უფლისწულ რომანოვის მკურნალი­ ექიმი" - კვირის პალიტრა

"ჩემი დიდი ბაბუა - უფლისწულ რომანოვის მკურნალი­ ექიმი"

როგორ გადაურჩა ბორჯომი რუსეთის  შემადგენლობაში შეყვანას

სპირიდონ ვაწაძე იმპერატორ ნიკოლოზ II-ის ძმის, გიორგი რომანოვის, მკურნალი ექიმი გახლდათ. სპირიდონ ვაწაძის შთამომავალი გიორგი შარაშიძე გვესაუბრება:

"ჩემს დიდ ბაბუას, სპირიდონ ვაწაძეს, პეტერბურგის სამხედრო-სამედიცინო აკადემია ჰქონდა დამთავრებული. შემდეგ თბილისის ნიჟეგოროდის პოლკის ჰოსპიტალში მუშაობდა. მოგვიანებით, გრიგოლ ორბელიანმა თბილისში კავკასიის ექიმთა საზოგადოება დააარსა, რომლის პრეზიდიუმის წევრი სპირიდონ ვაწაძე იყო. მისი სახელი მალე საქართველოს ფარგლებს გასცდა, ნიკოლოზ II-ის ყურამდეც მივიდა და იმპერატორმა თავისი ტუბერკულოზით დაავადებული ძმის, გიორგი რომანოვის მკურნალ ექიმად დანიშნა.

უფლისწული გიორგი თავს ყველაზე კარგად საქართველოში, აბასთუმანში გრძნობდა. ამიტომ მისთვის რომანოვებმა აბასთუმანი საუცხოოდ მოაწყვეს: სასახლე ააშენეს მდიდრული აბაზანებით. უფლისწულის სურვილით ამ მიდამოებში ააგეს ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესია, რომელიც თავისი არქიტექტურით ზარზმის მონასტრის ანალოგია. სწორედ ამიტომ მას "ახალ ზარზმასაც" უწოდებენ. აბასთუმანი, როგორც კურორტი, ამ პერიოდიდან იღებს სათავეს, ისევე როგორც ლიკანი. ლიკანშიც სპირიდონ ვაწაძის რეკომენდაციით შეირჩა ადგილი ცივ წყაროსთან, სადაც რომანოვებმა 1892-1895 წლებში საზაფხულო რეზიდენცია ააშენეს.

- ქალაქში პირველი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის დაარსებაც სპირიდონ ვაწაძის სახელს უკავშირდება.

- დღეს რომ არამიანცის საავადმყოფოს ეძახიან, ეს შენობები მოგვიანებით აშენდა. მანამდე ამ მიდამოებში სპირიდონ ვაწაძის თაოსნობით თბილისში პირველი ინფექციური სტაციონარი, 20-საწოლიანი ბარაკის ტიპის საავადმყოფო გაიხსნა. 1911 წელს კი მისი თაოსნობით პირველი სამედიცინო დახმარების ეტლები შემოიტანეს. სპირიდონ ვაწაძეს აქტიური ურთიერთობა ჰქონდა ილია ჭავჭავაძესთან, კოტე აფხაზთან, ივანე მაჩაბელთან. ილია სპირიდონის უფროსი შვილის ნათლიაც იყო.

- სპირიდონ ვაწაძის მეუღლე ვინ იყო?

- სპირიდონის მეუღლე მარია ხრისტიჩი გახლდათ; მამით - სერბი, დედით - ქართველი. მარიას დედა სურგუნაშვილი ყოფილა გვარად. მისი დიდი პაპა, ერეკლე II-ის დროს, ქალაქისთავი ყოფილა.

მარიასა და სპირიდონის უფროსი ვაჟი, ალექსანდრე, რევოლუციის შემდეგ საქართველოდან იტალიაში წავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს. წლების შემდეგ კი ოჯახს შეატყობინეს, რომ ამერიკაში გაემგზავრა, სადაც ცნობილი მილიონერის, ჰენრი ფორდის (სწორედ მან დაუდო სათავე საავტომობილო წარმოებას) ერთადერთ ქალიშვილზე იქორწინა...

სპირიდონის მეორე ვაჟი, ერასტი, ახალგაზრდა გარდაიცვალა. კიდევ ერთი ვაჟი, იოსები, ტექნიკურ უნივერსიტეტში კათედრას ხელმძღვანელობდა, სწორედ მის  სახელს უკავშირდება თბილისში - დენის, შემდეგში კი ტრამვაის ქსელების გაყვანა. ქალიშვილი ნინა ცნობილი პიანისტი გახლდათ. თამარის სახელს უკავშირდება გლდანის ულამაზესი ბაღები. ბაბუაჩემი, გიორგი ვაწაძე, მესამე იყო სპირიდონ ვაწაძის შვილთაგან.

- რევოლუციის შემდეგ როგორ გრძელდება სპირიდონ ვაწაძის ცხოვრება?

- რევოლუციის შემდეგ ყველაფერი ჩამოართვეს, დაწყებული გლდანის აგარაკით, დამთავრებული თბილისში 45-ოთახიანი სახლით, რომელიც ლენინგრადის ქუჩა #9-ში მდებარეობდა.

ის 1923 წელს გარდაიცვალა.

- როგორც ვიცი, მამის საქმიანობას მხოლოდ თქვენი ბაბუა გაჰყვა.

- გიორგი ვაწაძე მოსკოვში სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობდა. პირველი მსოფლიო ომის დროს "წითელი ჯვრის" მოხალისეთა რაზმში ჩაეწერა და ომში წავიდა. 1915 წელს დედა-დედოფალმა იმპერატორის სასახლეში ოფიცერთა ჯგუფი დააჯილდოვა, მათ შორის გიორგი ვაწაძეც გახლდათ. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ივანე ჯავახიშვილმა თბილისის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე მიიწვია. მუშაობდა ჯანდაცვის სახალხო კომისრის მოადგილედ და საკურორტო სამმართველოს უფროსად.

1924-25 წლებში ბორჯომში საკავშირო განათლების სახალხო კომისარი ანატოლი ლუნაჩარსკი ისვენებდა, ძალიან მოეწონა ბორჯომის წყალი და საკავშირო ჯანმრთელობის სახალხო კომისართან, სემაშკოსთან ერთად გადაწყვიტა, ბორჯომი საქართველოს დაქვემდებარებიდან რუსეთის შემადგენლობაში გადაეყვანა. მალე ბრძანებაც მოვიდა... ამ წამოწყებას გიორგი ვაწაძის თაოსნობით ქართველ ექიმთა ჯგუფი შეეწინააღმდეგა, მაგრამ სემაშკომ მოკლედ მოუჭრა, დავა შეწყვიტეთო! გიორგი ვაწაძის პასუხი გადამწყვეტი აღმოჩნდა, - რაკი სხვა გზას არ მიტოვებთ, იძულებული ვარ, ყოველივე სტალინს ვუამბოო. ამას დაუფრთხია რუსი მოხელე და ბორჯომის ტერიტორიული შემადგენლობა კამათის საგანი აღარასდროს გამხდარა.

- სტალინთან მეგობრობდა?

- სტალინის დედასთან, კეკე ქიაჩელზე ცხოვრობდა, გიორგი - ვაშლოვანის ქუჩაზე. მეზობლები იყვნენ და ხშირად შეუვლიდა ხოლმე, მოიკითხავდა მოხუცს.

გიორგი ვაწაძე იყო სამედიცინო ინსტიტუტის პირველი რექტორი და პირველი კორპუსის ამშენებელი.

როგორც კი კეკე გარდაიცვალა, გიორგიც დააპატიმრეს. თუმცა, ამჯერად მხოლოდ პარტიიდან გარიცხვა და თანამდებობის დატოვება აკმარეს. აი, მეორედ გაცილებით რთულად იყო საქმე. მას ბრალს სდებდნენ, თითქოს თანამოაზრეებთან ერთად ქვეყანაში გადატრიალების მოხდენა სურდა. 1945 წელს ბაბუა შინაგან საქმეთა სამინისტროს სარდაფში ჩასვეს. ერთ დღეს დერეფანში ჩაუტარებიათ მამაკაცი, ბაბუას ვარაუდით, სწორედ მისი ჩვენების საფუძველზე დააპატიმრეს. იხსენებდა, როდესაც ჩავუარე, პირი გააღო, იმის საჩვენებლად, რომ აღარც ერთი კბილი აღარ ჰქონდაო. ამგვარად მიანიშნა, ის, რაც დაწერა, ხანგრძლივი წამების შედეგი იყო.

რამდენიმე თვის შემდეგ გიორგი ვაწაძე ყარაღანდაში გადაასახლეს. ამინისტია მხოლოდ 10 წლის შემდეგ შეეხო. გიორგის ქალიშვილი, დედაჩემი, ექიმი-კარდიოლოგი  თინათინ ვაწაძე კარდიოლოგიის ინსტიტუტში ფუნქციონალური დიაგნოსტიკის განყოფილების შემქმნელი და ხელმძღვანელი იყო. მამა, ლუარსაბ შარაშიძე, ექიმი-მორფოლოგი, ონკოლოგიური ცენტრის ერთ-ერთი დამაარსებელი და დირექტორი გახლდათ. მეც ამ პროფესიის ერთგული ვარ. ჩემი ერთი ვაჟიც ექიმია. აი, შვილიშვილები კი სხვა პროფესიაში აპირებენ ძალის მოსინჯვას. მთავარია, წინაპრებივით ღირსეული ადგილი დაიმკვიდრონ ჩვენს გენეალოგიურ ხეზე.

ფაბერჟეს სააღდგომო კვერცხი

1891 წელს აბასთუმანში ჩამოვიდა საიმპერატორო კარის სახელგანთქმული იუველირის, კარლ ფაბერჟეს წარმომადგენელი, კონსტანტინ კრიჟინსკი. მას დავალებული ჰქონდა აბასთუმნის რამდენიმე პეიზაჟის დახატვა, საიმპერატორო ტრადიცული სააღდგომო საჩუქრის, ფაბერჟეს სააღდგომო კვერცხის მოსახატად. კრიჟინსკიმ სპილოს ძვალზე აკვარელით 4 პეიზაჟი და გიორგი რომანოვის პორტრეტი დახატა. ამის შემდეგ ყვითელი და ფერადი ოქროსგან, ვერცხლისა და პლატინისგან დამზადდა ბრილიანტებითა და მარგალიტებით მოოჭვილი სააღდგომო კვერცხი. დღეს ეს ნაკეთობა "კავკასიური კვერცხის" სახელითაა ცნობილი და ინახება აშშ-ში, ახალი ორლეანის მუზეუმში.

კარლ ფაბერჟეს სახელოსნოში საიმპერატორო ოჯახისთვის და არა მარტო მათთვის, ყოველწლიურად, თითო სააღდგომო კვერცხი მზადდებოდა. დღეისათვის ცნობილია 71 ეგზემპლარი, მათგან საიმპერატორო”მხოლოდ ორმოცდათოთხმეტია.

უფლისწულის აღსასრული

1899 წლის 28 ივლისს უფლისწულმა გიორგიმ ტრიციკლით” (ბენზინზე მომუშავე სამთვლიანი ველოსიპედი) გაისეირნა და ზეკარის უღელტეხილიდან აბასთუმნისკენ მომავალი მოულოდნელად გარდაიცვალა. გიორგი რომანოვი მაშინ 28 წლის იყო.

ეკა შავლაძე