"უნდა გავძლოთ, ბიჭებო!"
XVII საუკუნის უნიკალური ძეგლი - ახალგორის სასახლე XIX საუკუნის შუა წლებში შეაკეთებინა დავით ერისთავმა. მაშინ დაადგეს სასახლეს ზედა - ევროპული ნაწილი, სადაც სამი დარბაზი სწორედ იტალიელ მხატვრებს მოახატვინეს. ამ სასახლეში იზრდებოდა გმირი იუნკერი შალვა ერისთავი, რომელმაც ვაჟკაცურად დათმო სიცოცხლე, როცა ეს მის საქართველოს დასჭირდა.

ახალგორის ტერიტორიაზე ქსნის ერისთავთა დიდებული სასახლე დღეს ოკუპანტების ხელშია. სეპარატისტების თქმით, ამ ტერიტორიაზე ქართული კვალი საერთოდ არ არის, ქსნის ერისთავებიც, როგორც თამარ მეფის შთამომავლები თურმე ოსები
იყვნენ...

მას შემდეგ, რაც დამანგრეველმა მეთერთმეტე არმიამ გადაუარა საქართველოს, იუნკრებისათვის საძმო საფლავები გაითხარა. ერთი დღევანდელი პარლამენტის შენობის ადგილზე მდებარე მონასტრის ეზოში, მეორე - დღევანდელი ვაკის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე... ბაგების ტერიტორიაზეც მხოლოდ ვარაუდით თუ შეიძლება საძმო საფლავის ადგილის განსაზღვრა. იუნკერ შალვა ერისთავის საფლავი ერთადერთია, რომლის ადგილიც
დადასტურებულად იცის ოჯახმა...

1920 წელს ბოლშევიკებმა მუხანათური გეგმა შეიმუშავეს: პირველ რიგში თბილისში სამხედრო სკოლა უნდა განეიარაღებინათ, შემდეგ კი ხელში ჩაეგდოთ მთავრობა. ამ საქმის მოგვარება ალექსანდრე (საშა) გეგეჭკორს ჰქონდა დავალებული. 2 მაისის ღამეს რამდენიმე ათეულმა ბოლშევიკმა მძინარე იუნკრები დაატყვევა და იარაღის საცავი ხელში ჩაიგდო. პოლკოვნიკი ალექსანდრე ჩხეიძე არ დაიბნა, მისი გაბედულებით შეგულიანებულმა იუნკრებმა მალევე მოახერხეს ბოლშევიკი გუშაგების განიარაღება და იერიშზე გადასვლა. ხომ წარმოგიდგენიათ, რა სული და ფიზიკური მომზადება ჰქონდათ ყმაწვილებს, რომ ქვეყნის თავისუფლების მთავარ დასაყრდენად იქცნენ.


ამხედრო სკოლამ ღირსეულად გაიმარჯვა, სამი ბოლშევიკი ბრძოლაში მოკლეს, სამიც დაატყვევეს და მეორე დღეს დახვრიტეს სკოლის ეზოში... იუნკერთაგან დაიღუპა ერთი, დაიჭრა ერთი კურსანტიც. ახალგაზრდა მეომრებს გამარჯვება ნოე ჟორდანიამ მიულოცა. მაშინ რას წარმოიდგენდნენ ბიჭები, რომ სულ მალე, ქვეყნის დასაცავად გასულებს არავინ დაეხმარებოდა, გარდა პედაგოგი ოფიცრებისა. რას წარმოიდგენდნენ, რომ ის აღფრთოვანება, რომლითაც თბილისში ხვდებოდნენ უთანასწორო ბრძოლაში გამარჯვებულ ვაჟკაცებს, მალე ჩაცხრებოდა და მაშინ, როცა თვითონ 1921 წლის თებერვალში, როგორც ერთი, სამსხვერპლოზე მიიტანდნენ სიცოცხლეს, ზოგიერთი ქართველი თეთრ ცხენზე ამხედრებულიც კი მიულოცავდა თბილისელებს - მე-11 არმია მოდისო!

17 თებერვალს გენერალმა გიორგი კვინიტაძემ დავალება მისცა იუნკრებს: კოჯრისა და შავნაბადის მონასტერს შორის გაშლილ ფრონტზე მოწინააღმდეგე უნდა შეეჩერებინათ. საუბედუროდ, რაოდენობრივად მეტისმეტად მცირე ძალა უნდა დაჰპირისპირებოდა მე-11 არმიას. მაგრამ გენერალ კვინიტაძეს არჩევანი არ ჰქონდა, რეზერვი არ ჰყავდა, იმის იმედითღა იყო, რომ ფიზიკურად ძლიერი და სულიერად გაუტეხელი ყმაწვილები შეუძლებელს შეძლებდნენ.

სამი დღე იბრძოდნენ თავგანწირვით იუნკრები, მხოლოდ მესამე დღეს გამოჩნდა მაშველი თბილისიდან - გვარდიელთა რაზმი და მოხალისე თბილისელები. ამით გამოწვეული სიხარული მალევე ჩაიფერფლა, როცა დამხმარე ძალამ ფრონტის ხაზი მიატოვა და  თავქუდმოგლეჯილმა მოკურცხლა თბილისისკენ. იუნკრებმა ზედიზედ რამდენიმე იერიში მოიგერიეს, ბაქოელ კურსანტებს კუდით ქვა ასროლინეს. არც ბოლშევიკებს დაადგათ კარგი დღე. იმდენი მოახერხეს, იერიშზე გადავიდნენ და მნიშვნელოვანი მაღლობები გაათავისუფლეს.

- კიდევ ერთი შეტევაც, ცოტაც უნდა გავძლოთ, ბიჭებო! - ამხნევებდნენ ერთმანეთს. რაც უფრო დიდი იყო მსხვერპლი იუნკრებისა, მით უასმაგდებოდათ ბრძოლის ჟინიც და სამშობლოს სიყვარულიც. ერთი ის სიმაღლეც ააღებინა იუნკრებს, რუსული ტყვიამფრქვევი რომ შემოუყენებიათ ბოლშევიკებს და მერე პოზიციები ისე ექნებათ გამაგრებული, იმედიც იათმაგებს! ლოდინის დრო არ იყო და სწორედ მაშინ გამოეყო ჭაბუკებს ლამაზი, მხედრული აღნაგობის იუნკერი, ისე მოულოდნელად აირბინა აღმართი, ისე თამაშ-თამაშით გასწია გარდაუვალი სიკვდილისკენ, თითქოს ომში კი არ იყო,  ლხინში მიდიოდა. გაუცინა კიდეც ქვემოთ დარჩენილებს: - ნუ გეშინიათ, ბიჭებოო... გაოცებულ მომხდურს ტყვიითა და ხიშტით იგერიებდა, სულ რამდენიმე ნაბიჯი და... ტყვიამფრქვევის ლულა საკუთარი მკერდით დაფარა იუნკერმა.

KvirisPalitra.Geშალვა ერისთავი - იუნკერი, რომელმაც ეს გმირობა ჩაიდინა, 22 წლისა იყო. ახალგორელი კოლა ერისთავის ვაჟი თბილისელებისთვის კარგად ცნობილი პირველი ფეხბურთის მოთამაშე და მორბენალი გახლდათ. ოჯახში ბალღობიდანვე ასწავლიდნენ, ამზადებდნენ, რომ სამშობლოსთვის სიცოცხლე ლაღად დაეთმო... აკი, დათმო კიდეც.

მისი ძმის, ნინველობაშივე გარდაცვლილი გიგუშას ნათლია დიდი ილია ჭავჭავაძე იყო. როგორ ჰყვარებია ილიას მათთან სტუმრობა, კოლას მეუღლის, ტასო ციციშვილის მომზადებულ ლობიოს ხშირად ნატრობდა კიდეც თურმე ერის მამა. ეს - სიტყვამ მოიტანა, იმ სიახლოვის საჩვენებლად გიამბეთ, რაც გმირი იუნკრის ოჯახს ჰქონდა დიდ ილიასთან, მისი ნათელ-მირონიც ხომ გაუნათებდა სულს ერისთავების ოჯახში აღზრდილ ქალსა თუ ვაჟს...

იუნკერ შალვა ერისთავზე მაშინ ყველა ლაპარაკობდა, მაგრამ ძალიან ცოტა ხანს, რადგან მერე, ტერორის დროს, შალვა ერისთავის კი არა, ღვიძლი შვილებისა და მამების ხსენება ეკრძალებოდათ. შალვას ხსენებაც მოისპო... ამიტომ აღარავინ ლაპარაკობდა გულდიდ ვაჟკაცზე, გარდა თავისივე ოჯახისა.

ტაბახმელასთან დატრიალებული ტრაგედია მალევე გაუგია კოლა ერისთავს. ერთადერთი ვაჟის დაკარგვით თავზარდაცემულ მამას შვილის მეგობრები დასდგომიან გვერდით და დიდი გმირობისა და გამბედაობის ფასად წასულან ცხედრის გამოსასვენებლად. ყველაფერი საიდუმლოდ ხდებოდა. ცხედარი ტომრით გამოუპარებიათ. მამაკაცებს გაჰყოლია შალვა ერისთავის გულმოკლული და თამარი და შალვას საცოლე ანა ვასილევა.

ანა, დედით სიდამონ ერისთავების ჩამომავალი, სიკვდილამდე ატარებდა შალვა ერისთავის სიყვარულს და ამბობენ უკვე მოხუცი, აგონიაშიც მხოლოდ მის სახელს ახსენებდაო. ოჯახში ინახება ფოტო, რომელიც შალვა ერისთავის ცხედარს გადაუღეს. გმირი იუნკერი ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს დანიელ ჭონქაძის გვერდით, მაგრამ ოჯახს უფლება არ მისცეს, რომ რაიმე ნიშანი მაინც დაედო. მეორე მხრივ, თვითონაც შიშობდნენ, ბოლშევიკებს ცხედარი არ შეურაცხეყოთ. ვიდრე კოლა ერისთავი ცოცხალი იყო, არაერთხელ უკურთხებინებია ეს საფლავი. მერეც, ოჯახს ტრადიციად ჰქონდა სასაფლაოზე გასვლა და გმირის გახსენება. საფლავისთვის მომზადებული, ოვალური, მინისა და ლითონის მძიმე ჩარჩოში ჩასმული ფოტო, საიდანაც შალვა ერისთავი შემოგვცინის, ახლაც ერისთავების შთამომავალთან - თამარ აშხაცავასთან ინახება.

კიდევ ერთხელ დადგება თებერვალი და გაივლის... იქნება მოგონების სიტყვები...

შალვა ერისთავის საიდუმლო საფლავი კი ისევ მდუმარედ, ყოველგვარი ნიშის გარეშე გააცილებს საკუთარი არსებობის უკვე 89-ე წელს. ახლა ჯერი თბილისის მესვეურებზეა. ქალბატონ თამარს მერია ჰპირდება დახმარებას, რომ შალვა ერისთავი, რომელიც არა მხოლოდ ერთი ოჯახის, არამედ საქართველოს შვილია, თავისი მიწიერი არსებობის პატარა ნიშანს - მოკრძალებულ საფლავის ქვას მაინც ეღირსოს. როგორც ამბობენ, მერიაშიც ფიქრობენ ამაზე... ვნახოთ!
vaja
12 თებერვალი 2010 16:24
როგორ დავპატარავდით და დავდედლდით ქართველი ვაჯკაცები.. დღეს 21 წლის კაცს, ბავშვი ქვია, დედის კალთასაა გამოკერებული და მის გარეშე საჭმლის ჭამა ვერ მოუხერხებია. შარვლის ტოტების დამოკლება ვერ მოუხერხებია და ცჰაცჰაცჰული უბის გასწორება. აბა რა უნდა მოტXოვო დღევანდელ ,,ბავშვებს,, როცა უნებლიედ ნატკეტ ფრჩხილზე სანტავიკგადაკრულები დადიან.. ეგ თქვენი ბრალი არ არის შვილებო. გარემო შეგვიქმნეს ისეთი, რომ დედლებად გაგზარდონ.. როდემდე.. როდემდე!!??
mama
12 თებერვალი 2010 11:28
ასეთი გმირების პატრონ საქართველოს რომ სააკაშვილისნაირებს ჩაუგდებ ხელში,მეტი უნდა დაგვემართოს.დღევანდელ ქართველ ხალხს სირცხვილისაგან ხმა აღარ ამოეღებათ.რა კარგად ვაფასებთ ამ ხალხის გმირობას,ოღონდ ერთეულები იზვნენ კარგად და კომფორტულად,ეს ხალხი სიმბოლურადაც აღარ ახსოვთ.ეჰ რაც ხალხი ის მთავრობა
AFXAZI
11 თებერვალი 2010 10:46
გმირები გვავიწყდება და მოღალატეთა გვარები კარგად გვახსოვს, სასაცილოა, სატირელი, რომ არ იყოს...

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა