დიდი ტერორი - "ქალებსაც ისევე ხვრეტ­დნენ და ასახლებდნენ, როგ­ორც მამაკაცებს" - კვირის პალიტრა

დიდი ტერორი - "ქალებსაც ისევე ხვრეტ­დნენ და ასახლებდნენ, როგ­ორც მამაკაცებს"

"ევგენი მიქელაძეს თვალები დასთხარეს, მეუღლე ქეთევანი კი 5 წლით შრომა-გასწორების ბანაკში გადაასახლეს"

პოლიტიკური რეპრესიები საბჭოთა რეჟიმის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. მან არნახულ მასშტაბს 30-იან წლებში მიაღწია. მაშინ გაჩნდა გამონათქვამი, - კედლებსაც კი ყურები აქვთო! ქვეყანაში შიშმა, უიმედობამ, სასოწარკვეთილებამ დაისადგურა.

პროფესორი ლევან ჯიქია 1937-1938 წლებში, "დიდი ტერორის" პერიოდში, რეპრესირებულთა საქმეებსა და სამეულთა სხდომის ოქმებზე მუშაობს:

- რეპრესიების ინიციატორი საბჭოთა კავშირის მასშტაბით ერთი კაცი იყო - იოსებ სტალინი. საქართველოში რეპრესიების სათავეში ლავრენტი ბერია იდგა, რომელიც ე.წ. შავ სიებს თვითონ ადგენდა. მთავარი იყო, რეპრესირებულთა სიებში მოხვედრა, დაპატიმრება და აღიარებითი ჩვენების მიღება კი "პრობლემას" არ წარმოადგენდა. მიხეილ ჯავახიშვილი 1937 წლის 14 აგვისტოს დააპატიმრეს. მწერლის პირველ დაკითხვას ბერიაც ესწრებოდა. პირველად გამომძიებელ აბაშიძეს დაურტყამს და ჯავახიშვილი იატაკზე გულაღმა დაუგდია. ბერიამ გულზე ფეხი დაადგა და უთხრა, ახლა გადგას ჩეკისტი თავზეო!”საქმე ის არის, რომ როდესაც ბერია საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნად დანიშნეს, ჯავახიშვილს უთქვამს, ისღა გვაკლდა, ჩეკისტი დაგვდგომოდა თავზეო.

- ქალებიც მრავლად იყვნენ რეპრესირებულთა შორის...

- ქალებსაც ისევე ხვრეტდნენ და ასახლებდნენ, სცემდნენ და აწამებდნენ, როგორც მამაკაცებს. გამომძიებელი ალექსანდრე ხაზანი აცხადებდა: "მე ქალებს არ ვცემდი. ჩემი განკარგულებით, ისიც მხოლოდ ერთხელ, სტარშოვამ, რომელიც შემდგომში თავადაც გაასამართლეს, პატიმარ მარიამ ორახელაშვილს (საქართველოს სსრ განათლების ყოფილი კომისარი, კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ყოფილი მდივნის, მამია ორახელაშვილის მეუღლე) სილა გააწნა".

- რა იყო ყველაზე უცნაური მიზეზი, რის გამოც შესაძლოა აღმოჩენილიყო ადამიანი რეპრესირებულთა შორის?

- მაგალითად, ერთ ქალს, ოლია მესხს, კოლექტივიზაციაზე უხუმრია და დააპატიმრეს. ვინმე სამსონ გობრონიძე სტალინზე ანეკდოტის მოყოლის გამო დაიჭირეს.

დაპატიმრების მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო სილამაზე. მამია და მარიამ ორახელაშვილებს ჰყავდათ სილამაზით განთქმული ქალიშვილი ქეთუსია. ბერიას ერთხელ ქუჩაში დაუნახავს, მანქანა გაუჩერებია, საუბარი სურდა, მაგრამ უეცრად გამოჩენილ მარიამს პირდაპირ მიუხლია შვილისთვის, ამ გომბეშოსთან როგორ ლაპარაკობო...

ქეთევანი ოპერის სამხატვრო ხელმძღვანელსა და დირიჟორს, ევგენი მიქელაძეს გაჰყვა ცოლად. საყოველთაო რეპრესიების ხანაში ბერიამ შურისძიება გადაწყვიტა: სამშობლოს ღალატის ბრალდებით ჯერ ქეთევანის მშობლები, მამია და მარიამ ორახელაშვილები დააპატიმრეს. მარიამს რომ ვერაფერი ათქმევინეს, მკერდი მოაჭრეს და მარილი დააყარეს. ორივეს წამებით ამოხადეს სული. 1937 წლის 5 ნოემბერს ევგენი მიქელაძე და მისი მეუღლე ქეთევანი დააპატიმრეს. მიქელაძეს თვალები დასთხარეს, მაგრამ უბადლო სმენის პატრონმა წამებისას მაინც იცნო ბერიას ხმა...

შინსახკომის განსაკუთრებული სათათბიროს 1938 წლის 7 იანვრის დადგენილებით, ქეთევანს, როგორც სამშობლოს მოღალატის ოჯახის წევრს, მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შრომა-გასწორების ბანაკში. ასე აღმოჩნდა ქეთევან ორახელაშვილი აკმოლინსკის ბანაკში. გადასახლებიდან დაბრუნებული საქართველოში გარდაიცვალა...

1937-1938 წლებში საქართველოში რეპრესირებული (დახვრეტილი და გადასახლებული) დაახლოებით 21 000 კაცი იყო, აქედან დახვრეტა დაახლოებით 11 000-ს მიესაჯა. დახვრეტილი და გადასახლებული ქალების რაოდენობით საქართველო სხვა მოკავშირე რესპუბლიკებს ბევრად უსწრებდა -  "დიდ ტერორს" 563 ქალი ემსხვერპლა. გადასახლებულთაგან მხოლოდ მცირედმა მოახერხა სამშობლოში დაბრუნება, უმრავლესობამ კი სული უცხოეთში საშინელ ტანჯვაში დალია.

პენსნეიანი კაცი

1931 წელს, სტალინის რეკომენდაციით, ლავრენტი ბერია საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი გახდა. ამავე წელს ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის პირველ მდივნად აირჩიეს.

სტალინმა ბერიას დიდი გეგმები დაუსახა და შესაბამისი უფლებებითაც აღჭურვა. ლავრენტი ბერიას ხელისუფლებაში მოსვლამდე თბილისში ქართველობა უმცირესობას წარმოადგენდა. ბერიამ დედაქალაქში ქართველები, ძირითადად, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტთა ხარჯზე გაამრავლა - რაიონებიდან ჩამოჰყავდა და თბილისში ამკვიდრებდა. ის პირადად ხელმძღვანელობდა ქალაქის დაგეგმარებასა და მშენებლობას. ამ დროს დაიწყო მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროების გაშენება, სპორტული ბაზების მშენებლობა, აიგო ცირკის, იმელისა და ფოსტის შენობები. ყველა ფიქრობდა, რომ სტალინი ბერიას გაცილებით დიდი მისიისთვის ამზადებდა და მართლაც, 1938 წლის 31 აგვისტოს ლავრენტი ბერია მოსკოვში გაემგზავრა...

სტალინის გარდაცვალების შემდეგ, ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში ძალაუფლებისთვის ბრძოლა დაიწყო. 1953 წელს ბერია შპიონაჟისა და შეთქმულების ბრალდებით დააპატიმრეს. 6 თვის შემდეგ გაასამართლეს და 1953 წლის 23 დეკემბერს დახვრიტეს. მისი მეუღლე, ნინო გეგეჭკორი და ვაჟი სერგო ბერია 1953 წელს დააპატიმრეს და გადაასახლეს. ნინო 1991 წელს გარდაიცვალა. სერგო ბერია დაბეჯითებით ამბობდა, რომ ლავრენტი ბერია არ დაუპატიმრებიათ და სასამართლოს განაჩენის საფუძველზე არ დაუხვრეტიათ, იგი თავის ბინაში მოკლეს, ხოლო სასამართლოზე ლავრენტი ბერიას ორეული ცხადდებოდა. სერგო ბერია 2000 წელს გარდაიცვალა. იგი დიდხანს იბრძოდა ლავრენტი ბერიას რეაბილიტაციისთვის, მაგრამ უშედეგოდ.

ეკა სალაღაია