ხევსურების თხოვნა ამერიკის მთავრობას და თვითმარქვია ამერიკელი ჟურნალისტის მიერ "შეკერილი" ლიქოკელთა საქმე - კვირის პალიტრა

ხევსურების თხოვნა ამერიკის მთავრობას და თვითმარქვია ამერიკელი ჟურნალისტის მიერ "შეკერილი" ლიქოკელთა საქმე

1936 წლის 13 იანვარს, დილით, სოფელ ბარისახოში უცხო ადამიანი გამოჩნდა. ახალგაზრდა მამაკაცს ტყავის ჩექმებში ჩატანებული კუბოკრული შარვალი და ბეწვის ქურქი ეცვა. ცალ მხარზე ზურგჩანთა გადაეკიდებინა, მეორეზე თხილამურები გაედო. უცნობმა ადგილობრივ სკოლას მიაშურა, სადაც რამდენიმე მოწაფე და მასწავლებელი დახვდა. სტუმარი მათ რუსულ ენაზე მიესალმა და ამერიკელ ჟურნალისტად, რობერტ მაკგრეგორად გაეცნო, რომელიც ხევსურთა ყოფა-ცხოვრებისა და ადათ-წესების შესწავლას აპირებდა.

მაკგრეგორმა ბარგი ბარისახოს დასასვენებელ სახლში დააბინავა და სოფლის საფიხვნოზე შეკრებილ მამაკაცებს შეუერთდა. ამერიკელის განსაკუთრებულ ინტერესს მახლობლად მდებარე ლიქოკის ხეობა იწვევდა.

საქართველო გასაბჭოების მე-15 წლისთავს ითვლიდა. ამის მიუხედავად ხელისუფლებას რესპუბლიკაში სრული კონტროლი დამყარებული ჯერ კიდევ არ ჰქონდა - მთიელები საბჭოთა რეჟიმს ვერ ეგუებოდნენ. ამ მხრივ განსაკუთრებით ხევსურები გამოირჩეოდნენ. ჯერ კიდევ 1922 წელს ხევსურეთში აჯანყებამ იფეთქა, რომელსაც ქაქუცა ჩოლოყაშვილი ხელმძღვანელობდა. ბოლშევიკების შეიარაღებულ რაზმებთან შეტაკებები ორწყალთან და ლიქოკის ხეობაში გაიმართა. ბოლშევიკებმა აჯანყება სისხლში ჩაახშვეს და რამდენიმე სოფელი მთლიანად გადაწვეს, თუმცა, 1922 წლის აჯანყებამ შედეგი მაინც გამოიღო - საბჭოთა რეჟიმი მორიგ ამბოხს ერიდებოდა და მთაში ფრთხილ პოლიტიკას ატარებდა.

13 იანვრის ღამეს ლიქოკელები ძველით ახალ წელს აღნიშნავდნენ. სალოცავთან შეკრებილმა 50-მდე ადამიანმა მაკგრეგორი ჩვეული სტუმართმოყვარეობით მიიღო. ამერიკელმა გვარიანად მოილხინა. პრობლემა მხოლოდ მაშინ შეექმნა, როცა თავისი ფოტოაპარატით სალოცავის გადაღება ისურვა. რამდენიმე ხევსურს ეჭვი გაუჩნდა, რომ სტუმარი ხელისუფლების მიერ მიგზავნილი კაცი იყო, რომელიც სალოცავში არსებული საკულტო ნივთების აღრიცხვას აწარმოებდა. მაკგრეგორს გადაღების უფლება არ მისცეს, სამაგიეროდ, როცა სასმელი მოეკიდათ, გული გაუხსნეს და საბჭოთა ხელისუფლებისადმი სიძულვილის შესახებ გაანდვეს.

მაკგრეგორმა მასპინძლებს კომუნისტების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება აღუთქვა - ამერიკის მთავრობა თქვენს მხარეს არის და მალე იარაღით მოგამარაგებთო.

სტუმარი ერთი კვირის მანძილზე მოსმენილს უბის წიგნაკში იწერდა და ხევსურებს აიმედებდა, რომ კომუნისტების აღსასრული მალე დადგებოდა. მერე თბილისში გაემგზავრა, შემდეგ თვეებში კი ხევსურეთში კიდევ რამდენჯერმე ავიდა.

მთაში ყოფნისას ჟურნალისტს თარჯიმნობას ერთი ხევსური, ღერენა ლიქოკელი უწევდა. ღერენა უწინ ჯარში მსახურობდა და რუსული ენა იცოდა. მაკგრეგორი რწმუნდებოდა, რომ საკუთარი რელიგიისა და ადათ-წესების დათმობას მთიელები სიკვდილს ამჯობინებდნენ.

1936 წლის დასაწყისში საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მეექვსე განყოფილებაში, რომელსაც კაპიტანი ალექსანდრე ქვლივიძე ხელმძღვანელობდა, სისხლის სამართლის მორიგი საქმე აღიძრა.

ჩეკისტებმა გამოავლინეს ჯგუფი, რომელიც შესაძლო ამბოხის შემთხვევაში მთიელებს უხელმძღვანელებდა. ამ ჯგუფს ამერიკელი ჟურნალისტის თარჯიმანი, 60 წლის ღერენა ლიქოკელი მეთაურობდა.

ღერენა 1922 წლის აჯანყების აქტიური წევრი და ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეგობარი იყო. ჯგუფის სხვა წევრთაგან მე-6 განყოფილება ყველაზე საშიშ პირად ხუცეს მინდია ლიქოკელს განიხილავდა. ხევსურები ხუცესის ბრძანებას უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ. სისხლის სამართლის საქმეში გამორჩეული ადგილი ლეგენდარული მკურნალის, მგელიკა ლიქოკელის ვაჟს, დათვიასაც ეკავა. ის ქაქუცას ძმადნაფიცი იყო. შინსახკომის ინფორმაციით, ხევსურები ამ კაცს ეროვნულ გმირად აღიარებდნენ.

1936 წლის 23 ივნისს ღერენა ლიქოკელი, ორ ნათესავ კაცთან ერთად, თბილისში სოლოლაკში, ამერიკელი ჟურნალისტის ნაქირავებ ბინაში მივიდა. მაკგრეგორმა ხევსურებს ამერიკის ხელისუფლების სახელზე წერილის გაგზავნა შესთავაზა. წერილი იმავე დღეს, ამერიკელის ბინაში დაიწერა. მაკგრეგორი სტუმრებს შეჰპირდა, რომ უახლოეს ხანში მას ამერიკის შეერთებული შტატების პირველ პირებს გადასცემდა.

ასეთი დაპირებით კმაყოფილი ლიქოკელები ხევსურეთში დაბრუნდნენ და მაკგრეგორის რჩევით, მეამბოხეთა სიის შედგენას შეუდგნენ. ორი თვე კარდაკარ დადიოდნენ და აჯანყებაში მონაწილეობის მსურველებს სიაში წერდნენ. მხოლოდ ლიქოკის ხეობაში 48 ადამიანი შეკრიბეს.

1936 წლის 1-ელ ოქტომბერს ღერენა ორ შეთქმულთან ერთად, კვლავ თბილისში ჩავიდა, მაკგრეგორის საცხოვრებელს მიადგა. კარი არავინ გააღო. მოულოდნელად კომუნალური ბინის მეზობელი ოთახებიდან შეიარაღებული ჩეკისტები გამოცვივდნენ და ხევსურები შეიპყრეს.

შეთქმულები შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატში მიიყვანეს. დაპატიმრებულთა ბედი იმ დღეებში სხვა მთიელებმაც გაიზიარეს. იზოლატორში 14 ხევსური აღმოჩნდა. სასტიკი წამების შედეგად თოთხმეტივემ ბრალი აღიარა. მათ არ უთქვამთ, რომ კონტრრევოლუციონერები იყვნენ და ბოლშევიკებთან ომს აპირებდნენ, მაგრამ არც იმას უარყოფდნენ, რომ ეწინააღმდეგებოდნენ კოლმეურნეობებს, შრომით ბეგარას, ჯვართლოცვის აკრძალვას და თუ ხელისუფლება სოციალისტური კანონების დამკვიდრებას მაინც შეეცდებოდა, ხელში იარაღის აღებას გეგმავდნენ. დაკითხვებს შინსახკომის მე-6 განყოფილების უფროსი ალექსანდრე ქვლივიძე პირადად უძღვებოდა.

1937 წლის ივნისში დუშეთში უმაღლესი სასამართლოს სპეცკოლეგიის გამსვლელი სხდომა გაიმართა. #8221 საქმის განხილვას თათეზოვი აწარმოებდა. განსასჯელთა სკამებზე 9 ლიქოკელი, 3 არაბული, თითო ოჩიაური და ჭინჭარაული ისხდნენ. 14 განსასჯელთაგან ორი გაამართლეს და გაათავისუფლეს. ერთს - დათვია ლიქოკელს - დახვრეტა მიუსაჯეს. დანარჩენებს სხვადასხვა ვადით პატიმრობა შეეფარდათ, თუმცა, არც ერთი მათგანი შინ აღარ დაბრუნებულა. ხევსურების ბედი დღემდე უცნობია.

დაბოლოს: 1937 წლის მაისში, ძიების დასრულების შემდეგ, დაპატიმრებული ხევსურების ნაწილს ოჯახის წევრებთან ხანმოკლე შეხვედრის უფლება მისცეს. პატიმრებმა შინაურებს საიდუმლოდ აცნობეს, რომ მათ წამებასა და დაკითხვას აწარმოებდა ქართველი ჩეკისტი ალექსანდრე ქვლივიძე. განსასჯელებმა ისიც თქვეს, რომ ქვლივიძე და მაკგრეგორი ერთი და იგივე ადამიანი იყო.

ხევსურების თხოვნა ამერიკის მთავრობას

"ამერიკის დიდს მთავრობას ხევსურეთის წარმომადგენლობის თხოვა. ჩვენი ხევსურეთის ხალხი შეწუხებულ არს ბალშოვიკებით. გვიკრძალავენ რჯულს. უნდათ კოლხოზების გაკეთება და ბევრის ნალოგების გამორთმევა და მოდიან, ხშირად გვეუბნებიან, მაგრამ ჩვენ თანახმა არა ვართ, მანამ სრუა დავიხოცებით მთელი ხევსურეთი თანახმად არ ვიქნებით. მართალია, იარაღი კი არა გვაქვ, მაგრამ ხმლითა და ხანჯრით უნდა ვიომოთ, მაგრა ამერიკას გთხოვთ დიდის თხოვნით ძრიელის სახელმწიფო ხართ და მოგვეშველენით და დახმარება გაგვიწივეთ თორე ცოდო ვართ. იმედი გვაქვს რო მოგვეშველებით თუ გვიშველით თქვენ თუ არა ჩვენი მეშველი აღარა არი. აბა ძმებო უკანასკნელს დღეში იართ ჩვენ. მთელი ხევსურეთის წარმომადგენლები გიგა ლიქოკელი, ღერენა ლიქოკელი, გიორგი ლიქოკელი. 1936 წლის 23 ივნისი".

ამერიკის ხელისუფლებისადმი შედგენილი მიმართვა ათწლეულების მანძილზე საბჭოთა უშიშროების არქივში ინახებოდა. შემდეგ ოკუპაციის მუზეუმს გადაეცა. 2006 წელს ამ დოკუმენტის ასლი აშშ-ის პრეზიდენტ, ჯორჯ ბუშს გადასცეს. ხევსურთა წერილი ადრესატამდე 70 წლის დაგვიანებით მივიდა.

მიხეილ ჩერქეზია

(სტატია მომზადებულია შსს-ს არქივში დაცული მასალების მიხედვით)