ხევსურების თხოვნა ამერიკის მთავრობას და თვითმარქვია ამერიკელი ჟურნალისტის მიერ "შეკერილი" ლიქოკელთა საქმე
18-05-2015
ხევსურების თხოვნა ამერიკის მთავრობას და თვითმარქვია ამერიკელი ჟურნალისტის მიერ "შეკერილი" ლიქოკელთა საქმე
1936 წლის 13 იანვარს, დილით, სოფელ ბარისახოში უცხო ადამიანი გამოჩნდა. ახალგაზრდა მამაკაცს ტყავის ჩექმებში ჩატანებ­ული კუბოკრული შარვალი და ბეწვის ქურქი ეცვა. ცალ მხარზე­ ზურგჩანთა გად­აეკიდებინა, მეორეზე­ თხილამურები გაედო.­ უცნობმა ადგი­ლ­ობრივ სკოლას მიაშურა, სადაც რამდენიმე მოწაფე­ და მასწავლებელი დახვდა. სტუმარი მათ რუსულ ენაზე მიესალმა და ამერიკელ ჟურნ­ალისტად, რობერტ მაკგრეგორად გაეცნო, რომელიც ხევსურთა ყოფა-ცხოვრებისა და ადათ-წესების შესწავლას აპირებდა.
მაკგრეგორმა ბარგი ბარისახოს დასასვენებელ სახლში დააბინავა და სოფლის საფ­იხვნოზე შეკრებილ მამაკაცებს შეუერთდა.­ ამერიკელის განსაკუთრებულ
ინტერესს მახლობლად მდებარე ლიქოკის ხეობა იწვევდა.

საქართველო გასაბჭოების მე-15 წლისთავს ითვლიდა. ამის მიუხედ­ავად ხელისუფლებას რესპუბლიკაში სრული­ კონტროლი დამყარებული ჯერ კიდევ არ ჰქონდა - მთიელები საბჭოთა რეჟიმს ვერ ეგუ­ებოდნენ. ამ მხრივ განსაკუთრებით ხევ­სურები გამოირჩეოდნენ. ჯერ კიდევ 1922 წელს ხევსურეთში აჯანყებამ იფეთქა, რომელსაც ქაქუცა ჩოლოყაშვილი ხელმძღვანელობდა. ბოლშევიკების
შეიარაღებულ რაზმებთან შეტაკებები ორწყალთან და ლიქოკის ხეობაში გაიმართა. ბოლშევიკებმა აჯანყება სისხლში­ ჩაახშვეს­ და რამდენიმე სოფელი მთლიანად გადაწვეს, თუმცა, 1922 წლის აჯანყებამ შედეგი მაინც გამოიღო - საბჭოთა რეჟ­იმი მორიგ ამბოხს ერიდებოდა­ და მთაში ფრთხილ პოლიტიკას ატარებდა.

13 იანვრის ღამეს ლიქოკელები ძველით ახალ წელს აღნიშნავდნენ. სალოცავთან შეკრებილმა 50-მდე ადამიანმა მაკგრე­გორი ჩვეული სტუმართმოყვარეობით მიიღო. ამერიკელმა გვარიანად მოილხინა. პრობლემა მხოლოდ მაშინ შეექმნა, როცა თავისი ფოტოაპარატით სალოცავის გადაღება ისურვა. რამდენიმე ხევსურს ეჭვი გაუჩნდა, რომ სტუმარი ხელისუფლების მიერ მიგზავნილი კაცი იყო, რომელიც სალოცავში არსებული საკულტო ნივთების აღრიცხვას აწარმოებდა. მაკგრეგორს გადაღების უფლება არ მისცეს, სამაგიეროდ, როცა სასმელი მოეკიდ­ათ,­ გული გაუხსნეს და საბჭოთა ხელისუფ­ლებისადმი სიძულვილის შესახებ გაანდვეს.
მაკგრეგ­ორმა მასპინძლებს კომუნისტების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება აღუთქვა - ამერიკის მთავრობა თქვენს მხარეს არის და მალე იარაღით მოგამარაგებთო.
სტუმარი ერთი კვირის მანძილზე მოსმენილს უბის წიგნაკში იწერდა­ და ხევსურებს აიმედებდა, რომ კომუნისტე­ბის აღსასრული მალე დადგებოდა. მერე თბილისში გაემგზავრა, შემდეგ თვეებში კი ხევსურეთში კიდევ რამდენჯერმე ავიდა.

მთაში ყოფნისას ჟურნალისტს თარჯიმ­ნობას ერთი ხევსური, ღერენა ლიქ­ოკელი უწევდა. ღერენა უწინ ჯარში მსახურობდა და რუსული ენა იცოდა. მაკგრეგორი რწმუნდებოდა, რომ საკუ­თარი­ რელიგიისა და ადათ-წესების დათმობას მთიელები სიკვდილს ამჯობინებდნენ.

1936 წლის დასაწყისში საქართველოს შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის მე­ე­ქვსე განყოფილებაში, რომელსაც კაპიტანი ალექსანდრე ქვლივიძე ხელმძღვანელობდა, სისხლის სამართლის მორიგი საქმე აღიძ­რა­.
ჩეკისტებმა გამოავლინეს ჯგუფი, რომელიც შესაძლო ამბოხის შემთხვევაში­ მთიელებს უხელმძღვანელებდა. ამ ჯგუფს ამერიკელი ჟურნალისტის თარჯიმანი, 60 წლის ღერენა ლიქოკელი მეთაურობდა.
ღერენა 1922 წლის აჯანყების აქტიური­ წევრი და ქაქუცა­ ჩოლოყაშვილის მეგობარი იყო. ჯგუფის სხვა წევრთაგან მე-6 განყოფილება ყველაზე საშიშ პირად­ ხუცეს მინდია ლიქოკელს განიხილავდა. ხევსურები ხუცესის ბრძანებას უსიტ­ყვოდ ემორჩილებოდნენ. სისხლის სამარ­თლის საქმეში გამორჩეული ადგილი ლეგენდარული მკურნალის, მგელიკა ლიქოკელის ვაჟს, დათვიასაც ეკავა. ის ქაქუცას ძმადნაფიცი იყო. შინსახკომის ინფორმაციით, ხევსურები ამ კაცს ეროვნულ გმირად აღიარებდნენ.

1936 წლის 23 ივნისს ღერენა ლიქოკელი,­ ორ ნათესავ კაცთან ერთად, თბილისში სოლოლაკში, ამერიკელი ჟურნალისტის ნაქირავებ ბინაში მივიდა. მაკგრეგ­ორმა ხევსურებს ამერიკის ხელისუფლების­ სახელზე წერილის გაგზავნა შესთავაზა. წერ­ილი იმავე დღეს, ამერიკელის ბინაში დაიწერა. მაკგრეგორი სტუმრებს შეჰპირდა, რომ უახლოეს ხანში მას ამერიკის შეერთებული­ შტატების პირველ პირებს გადასცემდა.
ასეთი დაპირებით კმაყოფილი ლიქოკე­ლე­ბი ხევსურეთში დაბრუნდნენ და მაკგრე­გ­ორის რჩევით, მეამბოხეთა სი­ის შედგენას შეუდგნენ. ორი თვე კარდა­კარ­ დადიოდნენ და აჯანყებაში მონაწილ­ეობის მსურველებს სიაში წერდნენ. მხოლ­ოდ­ ლიქოკის ხეობაში 48 ადამიანი შეკრიბეს.

1936 წლის 1-ელ ოქტომბერს ღერენა ორ შეთქმულთან ერთად, კვლავ თბილისში ჩავიდა, მაკგრეგორის საცხოვრებელს მიადგა. კარი არავინ გააღო. მოულოდნელად კომუნალური ბინის მეზობელი ოთახებიდან შეიარაღებული­ ჩეკისტები გამოცვივდნენ და ხევსურები შეიპყრეს. 

შეთქმულები შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატში მიიყვანეს. დაპატიმრებულთა ბედი იმ დღეებში სხვა მთიელებმაც გაიზი­არეს. იზოლატორში 14 ხევსური აღმ­ოჩნდა. სასტიკი წამების შედეგად თოთხმ­ეტივემ ბრალი აღიარა. მათ არ უთქვამთ, რომ კონტრრევოლუციონერები იყვნენ და ბოლშევიკებთან ომს აპირებდნენ, მაგრამ არც იმას უარყოფდნენ, რომ ეწინააღმდეგ­ებოდნენ კოლმეურნეობებს, შრომით ბეგარას, ჯვართლოცვის აკრძა­ლვას და თუ ხელისუფლება სოციალისტური კანონების დამკვიდრებას მაინც შეეცდებოდა, ხელში იარაღის აღებას გეგმავდნენ. დაკითხვებს შინსახკომის მე-6 განყოფილების უფროსი ალექსანდრე ქვლივიძე­ პირადად უძღვებოდა.
1937 წლის ივნისში დუშეთში უმაღლესი სასამართლოს სპეცკოლ­ეგიის გამსვ­ლელი სხდომა გაიმართა. #8221 საქმის განხი­ლვას თათეზოვი აწარმოებდა. განსას­ჯ­ელთა სკამებზე 9 ლიქოკელი, 3 არაბული, თითო ოჩიაური და ჭინჭარაული ისხდნენ. 14 განსასჯელთაგან ორი გაამართლეს და გაათავისუფლეს. ერთს - დათვია ლიქოკელს - დახვრეტა მიუსაჯეს. დანარჩენებს სხვადასხვა ვადით პატიმრობა შეეფარდათ, თუმცა, არც ერთი მათგანი შინ აღარ დაბრუნებულა. ხევსურების ბედი დღემდე უცნობია.

დაბოლოს: 1937 წლის მაისში, ძიების დასრულების შემდეგ, დაპატიმრებული ხევ­სურების ნაწილს ოჯახის წევრებთან ხანმო­კლე შეხვედრის უფლება მისცეს. პატიმრებმა­ შინაურებს საიდუმლოდ აცნობეს, რომ მათ წამებასა და დაკითხვას აწარმოებდა ქარ­თ­ველი ჩეკისტი ალექსანდრე ქვლივიძე. განსა­სჯელებმა ისიც თქვეს, რომ ქვლივიძე და მაკგრეგორი ერთი და იგივე ადამიანი იყო.

ხევსურების თხოვნა ამერიკის მთავრობას

"ამერიკის დიდს მთ­ა­­ვ­რობას ხევსურეთის წარმომადგენლობის თხოვა. ჩვენი­ ხევსურეთის ხალხი შეწუხებულ არს ბალ­შოვიკებით. გვიკრძ­ალავენ რჯულს. უნდათ კოლხოზების გაკეთება და ბევრის ნალოგების გამორთმევა და მოდიან, ხშირად გვეუბნებიან, მაგ­რამ ჩვენ თანახმა არა ვართ, მანამ სრუა დავიხოცებით მთელი ხევსურეთი თანახმად არ ვიქნებით. მართალია, იარ­აღი კი არა გვაქვ, მაგრამ ხმლითა და ხანჯრით უნდა ვიომოთ, მაგრა ამერიკას გთხოვთ დიდის თხოვნით ძრიელის სახელმწიფო ხართ და მოგვეშველენით და დახმარება გაგვიწივეთ თორე ცოდო ვართ. იმედი­ გვაქვს რო მოგვეშველებით თუ გვიშველით თქვენ თუ არა ჩვენი მეშველი აღარა არი. აბა ძმებო უკანასკნელს დღეში იართ ჩვენ. მთელი ხევსურეთის წარმომადგენლები გიგა ლიქოკელი­, ღერენა ლიქოკელი, გიორგი ლიქოკელი. 1936 წლის 23 ივნისი".
ამერიკის ხელისუფლებისადმი შედგენილი მიმართვა ათწლეულების მანძილზე საბ­ჭოთა უშიშროების არქივში ინახებოდა. შემდეგ ოკუპაციის მუზეუმს გადაეცა. 2006 წელს ამ დოკუმენტის ასლი აშშ-ის პრეზიდენტ, ჯორჯ ბუშს გადასცეს. ხევსურთა წერილი ადრესატამდე 70 წლის დაგვიანებით მივიდა.

მიხეილ ჩერქეზია
(სტატია მომზადებულია შსს-ს არქივში დაცული მასალების მიხედვით)
Givi
22 ნოემბერი 2015 21:08
წყალი გამოუგზავნიათ გემით ამერიკელებს ხევსურელების დასახმარებლათ ფოთში დგანან თურმე :)
GIORGI
25 ივნისი 2015 16:50
ფოტოზე, უკანა რიგში, ჯვრით ხელში, ხუცესი მინდია ლიქოკელია. წინა რიგში, ბოთლით ხელში კი ღერენა ლიქოკელი.
გულიკო
18 ივნისი 2015 18:32
დიღმის მასივში ცხოვრობს ისტორიკოსი ივანე ლიქოკელი, რომელიც მაშინ ბავშვი იყო, მაგრამ ის ვითომ ამერიკელი კარგად ახსოვს.
სტატია ძაან მომეწონა. მადლობა.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები