"ძლიერ კი არა ვსცემდი, ისე ნელა... დედაშვილურად" - სადისტი აღმზრდელები ძველ საქართველოში - კვირის პალიტრა

"ძლიერ კი არა ვსცემდი, ისე ნელა... დედაშვილურად" - სადისტი აღმზრდელები ძველ საქართველოში

ძველი პრესის გაცნობისას დავრწმუნდით, რომ ყოფითი და საზოგადოებრივი საკითხები, რომელიც დღესაც ძალიან გვაღელვებს ადამიანებს, საუკუნეების წინაც აქტუალური იყო. თუნდაც საუბარი ბავშვთა უფლებებზე, მათ პრობლემებზე, ძალადობაზე, სადიზმზე, გაშვილებაზე და ა.შ. თუ როგორ გამოხატავდა იმჟამინდელი საზოგადოება ამ საკითხებზე თავის პოზიციას, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის არქივში დაცული პუბლიკაციებით მიხვდებით.

1896 წლის 1-ლი დეკემბრის გაზეთ "ცნობის ფურცელში" სათაურით "დატანჯვა 8 წლის ბავშვისა" იტყობინებიან, რომ 1895 წელს თბილისში მცხოვრებმა ვასილ ბაღათუროვმა თავისი დის შვილი, 8 წლის ობოლი ეკატერინე მოახლედ და აღსაზრდელად ვინმე ალექსანდრე ღოღაძეს მიაბარა. წინასწარი შეთანხმების მიხედვით, ბიძამ დაიჯერა, რომ ობოლს ბინაც ექნებოდა, ასწავლიდნენ და ჩააცმევდნენ კიდეც, სანაცვლოდ კი ბავშვი საოჯახო საქმეებში მოეხმარებოდა ოჯახის დიასახლისს. "ხოლო ასე არ ფიქრობდა და სჯიდა კეთილ-მორწმუნე მეუღლე ალექსანდრე ღონღაძისა თამარა ღონღაძე", - წერს გაზეთი და განაგრძობს: "ამის ფიქრით კაცი მაშინ იქცევა ადამიანად, როდესაც ბევრსა სცემ, გაატყავებ, სულს ამოაძრობ, თავ-ბედს აწყევლინებ. ბევრიც აღარ ახანა და შეუდგა ასეთ წვრთნას პატარა ბავშვისას. იმდენს სცემდა, იმდენს სტანჯავდა საწყალ ობოლს, რომ იმისი ცრემლი და ტირილი უბანს აწუხებდა. ვეღარ შესძლო ამოდენა უბედურების ცქერა აზნაურის ცოლმა ანტონინა ბოლდანიმ, მეზობელმა; შეეცოდა საწყალი ობოლი და ერთ მშვენიერ დღეს წაართვა ძალად ხელიდან საცოდავი ყმაწვილი კეთილ-შობილ ცოლ-ქმართ ღონღაძეებს. საქმე გამომძიებელს გადაეცა. გამომძიებლის კითხვაზედ მოწამე ლიტვინოვისამ აჩვენა: არა ერთხელ და ორჯერ დამინახავს, რომ თამარა ღოღაძეს დაუსრესია და დაუგლეჯია ყურები ბავშვისთვის, მერე წაუქცევია იატაკზედ, შესდგომია ზედ და იქამდის უცემია წიხლით, ვიდრე ვინმე მიშველებია საცოდავ ბავშვს. სცემდა ბავშვს თვით ბატონი ღოღაძეც. ერთხელ ისე დაარტყა ჯოხი ხელში, - რად გასტეხე ერთი კვერცხიო, - რომ ბავშვი ხელ-ახვეული დადიოდა რამოდენიმე ხანი. უშველებელ ეზოს აგვევინებდნენ და თუ ვერ შესძლებდა საცოდავი დაგვას, დაიჭერდნენ და ცოცხით სცემდნენ. ბავშვის მთელი ტანი დალურჯებული აღმოჩნდა ცემისა და ტყეპისაგან.

სასამართლოში თამარა ღოღაძემ განაცხადა, რომ მეო, მე... ძლიერ კი არა ვსცემდი, ისე ნელა... დედაშვილურად. მე მხოლოდ ვასწავლიდი, ვზრდიდი ბავშვს, ადამიანად უნდა მექციაო..." ოლქის სასამართლოს სადისტი "აღმზრდელი" დამნაშავედ გამოუცხადებია და რვათვიანი პატიმრობაც მიუსჯია: "ასე დასრულდა საოსტატო ვარჯიშობა ქალბატონ ღოღაძისა", - ასრულებს სტატიას ავტორი. როგორც ჩანს, დღევანდელისგან განსხვავებით, იმხანად საკმაოდ მარტივად წყდებოდა ბავშვის გაშვილების საკითხი და ამის დასტურია 1898 წლის 1-ელი აგვისტოს "ცნობის ფურცელში" დაბეჭდილი განცხადება: "სამი წლის ბავშვი, მდედრობითი სქესისა, რომელიც ბუნებისაგან დაჯილდოვებულია ლამაზ-სანდომიანი სახით და, რამდენიც მოეთხოვება, ჭკუის სიმკვირცხლით, ეს ცხოველი და ნიჭიერი ბავშვი, რომელიც კარგი პატრონის და რიგიანი ყურის მგდებლის ხელში ფრიად სიმპათიური ქალი დადგებოდა, დღეს ისეთ მდგომარეობაშია, რომ იტანს თითქმის შიმშილ-წყურვილ-სიშიშვლეს და მომავალში, მგონი, სულ უპატრონოდ და ბედის ამარად დარჩეს, თუ ეხლა რამე არ ეშველა... ორი წლის წინად ამ ბავშვს მოუკვდა ჯერ მამა, ალექსანდრე ციცაგი და შემდეგ დედაც. რადგანაც სხვა პატრონი არავინ გააჩნდა, იმისმა დიდედამ ანუ ბებიამ, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ ღატაკად იყო და ნივთიერად შევიწროებულს მდგომარეობში იმყოფებოდა, აიყვანა ეს ბავშვი და აქამდინ, ერთი წლის განმავლობაში, ასე თუ ისე უპატრონა...". ბებიამ, სიღარიბისა და ავადმყოფობის გამო ბავშვის მოვლას რომ ვეღარ ახერხებდა, გაზეთის რედაქციას სთხოვა, პატარა ოლღა ციცაგისთვის ღვთისნიერი პატრონის მოსაძებნად განცხადება დაებეჭდა: "თუ გამოჩნდება ისეთი პირი, რომელიც ინდომებს შვილად აიყვანოს ზემო დასახელებული ბავშვი, კეთილ ინებოს და მობრძანდეს ამაღლების ქუჩაზე, დეკანოზ ტერ-სარქის აღაჯანოვის სახლში, #58 და იკითხოს სალომე ციცაგი".

მოამზადა ირმა ხარშილაძემ

გაზეთ "ყველა სიახლის" არქივიდან