ბურებთან - კვირის პალიტრა

ბურებთან

ნიკო ბური (ბაგრატიონი)

მოგონება

(დასაწყისი "კვირის პალიტრა" #50-51, 2009; #1-6 2010)

ინგლისთან ომის ზღვარზე მდგომმა ტრანსვაალის პრეზიდენტმა პაულ კრიუგერმა ევროპას მიაშურა, რათა მხარდამჭერების დახმარებით ეხსნა თავისი ქვეყანა ინგლისელთა უღლიდან. ბრიტანელებმა მუხანათურად დაარღვიეს ჰააგის კონფერენციის დადგენილება, რომელიც მხარს უმაგრებდა სამხრეთ აფრიკის სავანებში ჩაკარგულ პატარა, მაგრამ თავისუფლების მოყვარულ ხალხს. მაგრამ ამაო გამოდგა კრიუგერის იმედი. ცივილიზებული სამყარო თუმც აღაშფოთა ინგლისელთა თავხედობამ, მაგრამ თავაზიანი უარით გაისტუმრეს ხანდაზმული პრეზიდენტი... იმედგაცრუებული დაბრუნდა კრიუგერი უკან, მაგრამ ქედი არ მოუხრია საშიშროების წინაშე! სწამდა, რომ უთუოდ გაიმარჯვებდა, რადგან სიმართლე ბურების მხარეს იყო და მოუწოდა თანამემამულეთ, სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ებრძოლათ ბოროტების წინააღმდეგ.

სასტუმროს პატრონს უნდოდა, ჩამომშორებოდა, მაგრამ გავაფრთხილე, არ მომცილებოდა, რადგან კრიუგერთან საუბარს მისი დახმარების გარეშე ვერ მოვახერხებდი. მან კარგად იცოდა ჰოლანდიურიც, კრიუგერი კი მხოლოდ ამ ენაზე ლაპარაკობდა.

KvirisPalitra.Geსაკვირველია, მაგრამ პრეზიდენტმა სხვა ენა არ იცოდა, ამიტომ ევროპაში მოგზაურობის დროს თან დაჰყავდა თავისი მდივან-მწიგნობარი რეიცი, ან თავისი მეგობარი, მეზობელი რესპუბლიკის ორანჟის პრეზიდენტი შტეინი. შტეინი კრიუგერზე გაცილებით ახალგაზრდა იყო და დიდად უყვარდა მოხუცი მეგობარი. როგორც კრიუგერს, მასაც ძლიერ სძულდა ინგლისელები, მიუხედავად იმისა, რომ კრიუგერისაგან განსხვავებით, შტეინს განათლება მიღებული ჰქონდა ინგლისში.

მართალია, კრიუგერმა არ იცოდა ინგლისური ენა, მაგრამ როგორც შტეინი, ისიც კარგად იცნობდა ინგლისის იმპერიალიზმის წარმომადგენლების - დიზრაელისა და ჩემბერლენის პოლიტიკას.

ოთახი, სადაც ღრმა სავარძელში იჯდა კრიუგერი და ხელში ყავით სავსე დიდი ფინჯანი ეჭირა, საკმაოდ ვრცელი იყო. როგორც კი შევედი, პრეზიდენტმა თავი ასწია და შედარებით პატარა, მაგრამ ჭკვიანი თვალები გაოცებით მომაპყრო. მერმე ფინჯნისაგან ხელი გაიცალა და სწრაფად წამოდგა. მე მყისვე მივედი და ხელი ჩამოვართვი.

კარგა ხანს მიცქერდა. ახლაც ქულაჯა მეცვა. ეტყობოდა, ჩემმა ჩაცმულობამ ძლიერ გააკვირვა. დავსხედით. დამიწყო თავაზიანი საუბარი. ჩემმა ვინაობამ იგი კიდევ უფრო გააოცა. ქართველი და საქართველო მას თურმე არასოდეს გაეგონა. ცოტა მეწყინა, მაგრამ გამახსენდა, რომ მეც არ ვიცოდი აქამდე ბურების არსებობა და მხოლოდ სულ ბოლოს გავიცანი მათი ხალხი და ქვეყანა, ისიც ჯერ კიდევ არა საკმაოდ.

ყველაფერი ეს პირდაპირ ვუთხარი, რაც მას არათუ ეთაკილა, არამედ ჩემი გულახდილობა მოეწონა, რის დასამტკიცებლადაც კიდევ ერთხელ ჩამომართვა ხელი.

ამის შემდეგ მე პრეზიდენტს ვუთხარი, რომ შორეული საქართველოდან ჩამოვედი მათ დასახმარებლად და ვთხოვე, მივეღე მოხალისედ რესპუბლიკის ჯარში.

კრიუგერი კვლავ წამოდგა და თარჯიმანს უთხრა, ჩემთვის გადმოეცა მისი და ყველა ბურის უღრმესი მადლობა. შემდეგ გამოიხმო "ძალუა სამა", რომელიც, ჩემდა გასაოცრად, რევერანსით მომესალმა, რაც სრულებით არ შეეფერებოდა რესპუბლიკის პრეზიდენტის მეუღლეს, მით უფრო მის ასაკში მყოფ მანდილოსანს.

კრიუგერმა მეუღლეს აცნობა, ვინც ვიყავი და თანაც განუმარტა ჩემი სტუმრობის მიზანი. გახარებულმა სამამ, მადლობის ნიშნად, თავისი ხელით გამომიტანა ყავა.

როცა დიასახლისი გავიდა, კრიუგერს კვლავ ვთხოვე, მივეღე მოხალისედ, მხოლოდ მოქმედი არმიის ისეთ ნაწილში გავეგზავნე, რომლის უფროსსაც ფრანგული ენა ეცოდინებოდა.

კრიუგერმა დარეკა ზარი. შემოვიდა ადიუტანტი. რაღაც უთხრა. ადიუტანტი მყისვე გაბრუნდა. რამდენიმე წუთის შემდეგ გამოცხადდა სამი სამხედრო პირი. ერთი მათგანი იყო გენერალი ჟუბერი, ბურების შესანიშნავი მთავარსარდალი. იგი შიშის ზარს სცემდა ინგლისელების მიერ აჯანყებულ კაფრებსა და თვით ინგლისელებს. სამხედრო მოღვაწეობის გრძელ მანძილზე მას არ უნახავს არც ერთი დამარცხება. ჟუბერს არაერთხელ ჰქონდა მოვლილი გერმანია, საფრანგეთი და ჰოლანდია.

როგორც ყოველი ფრანგი ჰუგენოტი, რომელსაც წინათ გამუდმებით დევნიდნენ, ჟუბერიც ცოტა ზედმეტად ფრთხილი და ეჭვიანი იყო ადამიანებისადმი. იმავე დროს მას მეტად ღრმად სწამდა ღმერთი და უყვარდა თავისი ქვეყანა. ამ სიყვარულს სახელოვანი მხედართმთავარი უნერგავდა თავის მებრძოლებსაც.

რაც შეეხება გენერალ კრონიეს, მისთვის ომი გმირობისა და მოხერხებულობის ასპარეზი იყო. იგი განსაკუთრებით დიდ სიმარჯვესა და გამომგონებლობის უნარს იჩენდა მტრისგან გარემოცვის პირობებში. ერთი შეხედვით, კრონიე სათნო კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა და მხედრისათვის უჩვეულო სიმსუბუქე იგრძნობოდა მთელ მის აღნაგობაში, მაგრამ ნამდვილად მტრისათვის ღვთის რისხვას წარმოადგენდა.

იგი განაგებდა არტილერიის საქმეს და ყოველთვის ენერგიულად აქეზებდა თავის ხელქვეითებს - ჯოზეფ ჩემბერლენის ქუხილისათვის გამანადგურებელი გრგვინვით ეპასუხნათ.

ინგლისელები არაერთხელ გაუკვირვებია კრონიეს თავისი სამხედრო ტალანტით.

მესამე გენერალი დელარეი კი იყო ნამდვილი გიგანტი, უშიშარი, სამხედრო სულისკვეთებით მთლად გამსჭვალული. ზოგჯერ წრეგადასული სიფიცხის გამო შეეძლო, გაებედა მარტო შებრძოლებოდა ყველა ინგლისელს და როგორც გველები გაესრისა თავისი მაგარი ტერფებით. მას თავისი ტაქტიკით არაერთხელ ჩაუყენებია ინგლისელები მძიმე მდგომარეობაში.

დელარეი რატომღაც ერთბაშად მომეწონა, ეტყობოდა, მასაც თვალში მოვუვედი. იგი სხვა ორ გენერალთან ერთად, მხედრის წესისამებრ, მხრებგასწორებული იდგა და ზოგჯერ, მგონი, ჩემს შესახებ რაღაცას მორიდებით ელაპარაკებოდა მათ.

როცა პრეზიდენტმა წარუდგინა გენერლებს ჩემი თავი და აცნობა, რისთვისაც ვიყავი შორეულ ქვეყნიდან აფრიკაში წასული, დელარეი მოვიდა ჩემთან და დიდი ხნის უნახავი მეგობარივით ჩამომართვა ხელი, იმავე დროს წინადადება მომცა, მასთან მემსახურა.

მისი დივიზია შედიოდა კრონიეს არმიაში.

მე დიდი სიამოვნებით განვუცხადე თანხმობა.

დელარეიმ მითხრა, გამოვცხადებულიყავი ხვალ, დილის 8 საათზე მისი დივიზიის შტაბში, რომელიც მახლობელ სახლში იყო მოთავსებული.

აუდიენცია დამთავრდა. როგორც უბრალო ჯარისკაცი, შორიდან დავემშვიდობე ყველას და დავაპირე წასვლა, მაგრამ კრიუგერმა შემაჩერა, მოვიდა და მომეხვია.

ვიგრძენი მშობლიური მამის სითბო და გული ამიჩქროლდა. მოხუცი მეხვეოდა და თარჯიმნის მეშვეობით მიხდიდა მადლობას, მთავაზობდა ფულს, მამულს. მე, რა თქმა უნდა, უარი განვაცხადე. თან დავურთე, რომ ყოველგვარი ანგარი განზრახვის გარეშე გამოვიარე ამოდენა გზა და გულწრფელად მსურდა დავხმარებოდი ბურებს.

კრიუგერმა ბოლოს მთხოვა, ხვალ დელარეიდან მასთან შემევლო და დამელია ერთი ფინჯანი ყავა.

როგორც შემდეგ გავიგე, ეს იყო დიდი პატივისცემის ნიშანი. ყველას როდი ჰქონდა ბედნიერება პრეზიდენტის ასეთი მასპინძლობის ღირსი გამხდარიყო.

თვითონ კრიუგერი მთელი დღე სვამდა ყავას და ეწეოდა ყალიონს.

მეორე დილას წავედი დელარეის შტაბში.

ბურებს, ისე როგორც მის პრეზიდენტს, არასოდეს გაეგონათ საქართველო და ქართველი, მაშასადამე, ჩემი გვარიც მათ არაფერს ეუბნებოდათ, მაგრამ პრინცის ტიტულმა კი საოცრად დიდი აღტაცება გამოიწვია შტაბში, ბედნიერი ღიმილით ჩამომართვეს ხელი და თან იმეორებდნენ: "პრინცი, პრინცი".

გაკვირვებული ვიდექი, როგორც შემდეგ გამოირკვა, ბურებს ეგონათ, მათ რიგებში პრინცის ყოფნა იქნებოდა ევროპის თვალში კიდევ ერთი ზედმეტი საბუთი იმისა, რომ ინგლისელების წინააღმდეგ მათი ბრძოლა იყო ბრძოლა სამართლიანი.

ეს, მეტი რომ არ ვთქვათ, წარმოადგენდა ნამდვილ ბავშვურ გულუბრყვილობას. მოვლენების სწორედ ასეთმა მიამიტურმა შეფასებამ მიიყვანა ბოლოს ბურები სავალალო მდგომარეობამდე. მაგრამ ამის შესახებ შემდეგ.

მივიღე ბური ჯარისკაცისათვის შესაფერი ტანისამოსი - ევროპული ყაიდის კოსტიუმი და კეპი. მართალი გითხრათ, არაფრად მესიამოვნა, როცა ამ ტანისამოსში წარმოვიდგინე თავი. მაგრამ სხვა რა გზა მქონდა, ჩემი ქულაჯით ან ჩოხა-ახალუხით ხომ ვერ წავიდოდი ფრონტზე.

ახალი მორთულობა სასტუმროში გავგზავნე, თვითონ, გუშინდელი დაპირებისამებრ, გავეშურე პრეზიდენტთან. ისევ ქულაჯა მეცვა, რის გამოც კმაყოფილი დავრჩი, რადგან გამოირკვა, კრიუგერს ამ დილით ჩემთან სურათის გადაღება ნდომებოდა.

მოვიდა ფოტოგრაფი, პატარა მაგიდასთან შუა ადგილას დამსვეს. მაგიდაზე ყავის ჭურჭელი ეწყო. პრეზიდენტი და მისი მეუღლე აქეთ-იქიდან მომისხდნენ. სურათის გადაღების პროცესი მოხუც პრეზიდენტს მეტად მოსწონდა, იგი ცოლს მხიარულად ელაპარაკებოდა და თან ისე გულიანად იცინოდა, თითქოს ინგლისელები ქვეყნად სულ არ არსებულიყვნენ და არც სადმე ომი ყოფილიყო.

შევსვით ყავა. როგორც მშობლებს, გულთბილად დავემშვიდობე მოხუც ცოლ-ქმარს და წავედი. ტალანში შევხვდი დელარეის, დავპატიჟე სადილად, მაგრამ მოუცლელობის გამო თავაზიანი უარი მითხრა, იმავე დროს გამაფრთხილა, სრულ ხუთ საათზე შტაბში ვყოფილიყავი, რომ აგრილებისთანავე ფრონტზე გავმგზავრებულიყავით.

ჩემი სასტუმროს პატრონის დახმარებით ვიყიდე საკუთარი ფულით კარგი ცხენი, ჩავიცვი ნამდვილი ბურისებურად და სასტუმროს პატრონს გავუმართე სადილი, რის დროსაც დიდი მადლობა მოვახსენე გაწეული დახმარებისა და მზრუნველობისთვის.

დანიშნულ დროს მივედი დელარეის შტაბში და მასთან ერთად მალე დავტოვე პატრიარქალური პრეტორია.

თბილი, ნელი სიო ქროდა. ოდნავ ირხეოდა მაღალი პალმების წვეროები. შორს მოჩანდა დაისით ვარდისფრად აელვარებული ლაჟვარდი. ბინდი შეუმჩნევლად ეპარებოდა მიდამოს და მხურვალე მიწა გრილი ხდებოდა.

სიჩუმე ისადგურებდა. უკვე აღარ ისმოდა ფრინველების ჟრიამული. ბნელი ღამე ჩამოწვა. ცაზე ერთი ვარსკვლავიც არსად კიაფობდა. გამალებული მივქროდით. ჩვენს ცხენებს თითქოს ფრთები ესხათ, ნიადაგს ფლოქვებს არ აკარებდნენ.

"აი, ბანაკიც", - ამბობს დელარეი. მე გაკვირვებით დავიწყე ცქერა აქეთ-იქით, რომ იქნებ ღამეში თეთრი კარვების ანარეკლი მაინც დამენახა. მსგავსიც არაფერი ჩანდა. ყველაფერი მოეცვა კუპრივით ბნელ ღამეს. ჩქამიც არ ისმოდა.

არც გუშაგები ჩანდნენ. ეს როგორი სამხედრო ბანაკია? უცებ სასწაული მოხდა - გაისმა სტვენისმაგვარი რაღაც და ყოველი ხე ბურად იქცა. როგორც კი პირველმა გუშაგმა შეიცნო დელარეი, მყისვე მისი მისვლა გაიგო მთელმა ბანაკმაც. აქა-იქ ციცინათელების მსგავსად აციალდნენ პატარა ფარნები, მაგრამ მალე ისევ ტყე ბნელმა შთანთქა. ჩვენთან დარჩა ორი-სამი კაცი. გადმოვხტით ცხენებიდან. დელარეი მაცნობს მათ და მოკლედ უხსნის, თუ რისთვისაც მივედი ბანაკში.

შევდივართ პალმებისაგან გაკეთებულ კარავში. თავი რობინზონი მგონია, მაგრამ განსხვავება იმაშია, რომ მარტო არა ვარ და ირგვლივ მახვევია შავწვერიანი გოლიათები, რომლებიც მეტად თავაზიანად მეპყრობიან. ერთი მათგანი ცარიელ ყუთებს გვთავაზობს, რომ დავისვენოთ. მალე ვახშამიც მოგვიტანეს. მართალია, კონსერვი თვალის დასანახავად მეზარება, მაგრამ აუცილებელია აქედანვე შევეჩვიო მას, ორი დღით ხომ არ ვარ მოსული ამ ტყეში!

დამხვდურთა საუბრიდან ვატყობ, ბურები პარტიზანულ ომს განაგრძობენ და ერიდებიან გადამწყვეტი ან ნახევრად გადამწყვეტი ხასიათის ბრძოლებს. ეს გამოწვეულია მათი მცირე რიცხვისა და რეგულარული ჯარის უყოლობის გამო.

ისინი თითქმის როგორც პანსიონერები, ისე არიან ფრონტზე, მრავალი მათგანი შაბათ საღამოს ორშაბათ დილამდე მიდის თავის ფერმაში, რითაც არევ-დარევა შეაქვთ ჯარში და იმავე დროს მტერს საშუალებას აძლევენ მთელი კვირის განმავლობაში ბრძოლით მოქანცულმა ახალი ძალა მოიკრიბოს.

გენერალმა ბოტამ ამის აღსაკვეთად რამდენიმე გამოუსწორებელი დეზორგანიზატორი დახვრიტა, ყველა დივიზიასთან ჩამოაყალიბა თავდადებული ახალგაზრდა ბურებისა და მტკიცე ხასიათის მოხუცთა ბატალიონები, მათში შეურია უცხოელ მოხალისეთა რაზმები და ამ ბატალიონებს დააკისრა დივიზიებში სრული წესრიგის დაცვა. ჯარში დისციპლინის აღდგენას ხელი შეუწყვეს ქალებმაც. როცა ოჯახის ქალებმა გაიგეს, რომ მათი ქმრები და შვილები ზოგჯერ თვითნებურად ტოვებდნენ ფრონტს, საშინლად გაწყრნენ და ასეთებს შინ არ უშვებდნენ.

უნდა ითქვას, რომ ბურებს შესანიშნავი გენერლები ჰყავდათ. ჩემ მიერ ჩამოთვლილ გენერლებს გარდა, შემთხვევა მქონდა, გავცნობოდი კიდევ მრავალ გმირ გენერალს. მათ შორის ნამდვილ აქილევსს. ეს იყო დე ვეტა. მისი ენერგიული სახე, მუდამ ელვარე მჯიღისოდენა თვალებით გაშუქებული, მოწიწებას იწვევდა მნახველებში.

დე ვეტა ინგლისელებისთვის ყოველთვის მოულოდნელი უბედურება იყო. თითქოს მას უჩინმაჩინის ქუდი ხურებოდეს, სადაც არ ელოდნენ, სწორედ იქ დაატყდებოდა მტერს თავზე სამშობლოსათვის თავდადებული ვაჟკაცი.

დღე და ღამე ყველგან დე ვეტა ელანდებოდათ.

დე ვეტა ატარებდა ფრენჩისმაგვარ ტანისამოსს, თავზე ეხურა წითელბაფთიანი და ფართოფარფლებიანი ქუდი. ასეთ ქუდებს ატარებდნენ მისი ოფიცრებიც.

მისი ტაქტიკა იყო შესანიშნავი. იგი თავისი ჯარით მუდამ მოძრაობდა ინგლისელების ჯარის პარალელურად, რის დროსაც მოულოდნელად თავს ესხმოდა მათ, იტყუებდა ისეთ ადგილებში, საიდანაც გამოსვლა მტერს ძვირად უჯდებოდა.

გარდა ამისა, მოთარეშე რაზმების მეოხებით, მოპირდაპირეს გამუდმებით უნადგურებდა კომუნიკაციებს, სურსათ-სანოვაგეს და საჭურვლის მიმწოდებელ ბაზებს.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)