"ჩემი ნოე ქვაფენილზე გაშხლართულიყო..." - ვინ დაუკვეთა ნოე რამიშვილის მკვლელობა - კვირის პალიტრა

"ჩემი ნოე ქვაფენილზე გაშხლართულიყო..." - ვინ დაუკვეთა ნოე რამიშვილის მკვლელობა

მკვლელი მითითებულ ადგილზე ფეხით მივიდა, იქაურობა ყურადღებით შეათვალიერა და სკამზე ჩამოჯდა. იქ, პარიზის ცენტრში, მე-13 რაიონის თვითმმართველობის შენობასთან, მისთვის ყურადღება არავის მიუქცევია. მამაკაცმა ჯიბიდან გაზეთის ნაგლეჯი ამოიღო, შიგ თუთუნი გაახვია და მშვიდად გააბოლა. თავადაც უკვირდა, რომ არ ნერვიულობდა. მალე ხომ კიბეზე ამომავალი ადამიანი უნდა დაენახა, რომლის მოკვლაც დაავალეს...

1921 წლის 17 მარტს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლება ემიგრაციაში გაემგზავრა. ემიგრანტთა შორის იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილიც. ქართველმა ემიგრანტებმა თავიდან კონსტანტინოპოლში დაიდეს ბინა. მოგვიანებით დევნილთა უდიდესმა ნაწილმა საფრანგეთს მიაშურა. 20-იანი წლების პირველ ნახევარში ამ ქვეყანაში 1000-ზე მეტმა ქართველმა მოიყარა თავი. საქართველოს მთავრობისა და დამფუძნებელი კრების წევრთა გარდა, საფრანგეთში აღმოჩნდა მრავალი უჩინო ქართველიც. მათ შორის იყო ეროვნული გვარდიის ლეიტენანტი პარმენ ჭანუყვაძე. ნოესა და სხვა ქართველთა დახმარებით, ჭანუყვაძე სამუშაოდ ჯერ "პეჟოს" ქარხანაში, შემდეგ კი მონპარნასის სადგურზე მუშად მოეწყო.

დღის წესრიგში დადგა შენობის შეძენა, სადაც ემიგრანტთა შტაბი განთავსდებოდა. დევნილმა ხელისუფლებამ საქართველოდან ჩატანილი სახაზინო ვერცხლი გაყიდა, მაგრამ პარიზში შესაფერისი შენობა ვერ იყიდეს. ამიტომ დედაქალაქიდან 40 კილომეტრში, სოფელ ლევილში, ორსართულიანი სასახლე და 5 ჰექტარი მიწა შეიძინეს. ლევილში ნოე რამიშვილის ოჯახს ორი პატარა ოთახი ეკავა. შენობის მეორე ბოლოში ნოე ჟორდანია ცხოვრობდა, შუაში კი ექვთიმე თაყაიშვილი. იქვე იყვნენ სხვა დევნილი ქართველებიც.

1924 წლის აგვისტოში საქართველოში საყოველთაო აჯანყებამ იფეთქა. მოსახლეობამ ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღსადგენად დაიწყო ბრძოლა. აჯანყების ერთ-ერთი ორგანიზატორი პარიზში მყოფი ნოე რამიშვილი იყო. ორკვირიანი შეტაკებები წითელი არმიისა და ჩეკას ნაწილების გამარჯვებით დასრულდა, მაგრამ ომი ამით არ დამთავრებულა. დევნილი მენშევიკები ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობდნენ. რამიშვილს ლევილში თითქმის ყოველდღე სტუმრობდნენ საფრანგეთის სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ქართველები. ვიზიტის მიზანი, როგორც წესი, სამსახურის შოვნის სურვილი იყო. რამიშვილი მათ შეძლებისდაგვარად ეხმარებოდა, ანტიბოლშევიკურ საქმიანობაში ყველაზე გამორჩეულებს კი საქართველოში ემისრებად გზავნიდა.

1929 წლის შემოდგომაზე ნოეს თავისი კარგი ნაცნობი პარმენ ჭანუყვაძე ესტუმრა. ჭანუყვაძემ სამსახური თავისი რთული ხასიათის გამო დაკარგა და დახმარებისთვის კვლავ გავლენიან ნაცნობს მიმართა. ჭანუყვაძემ რამიშვილს ამჯერად საქართველოში გაგზავნა სთხოვა - თანახმა იყო, ნებისმიერი სადაზვერვო საქმიანობა შეესრულებინა, მაგრამ მოულოდნელად უარი მიიღო. როგორც ჩანს, ნოე გრძნობდა, რომ ჭანუყვაძე ასეთი საქმიანობისთვის შეუფერებელი იყო. უარმა ჭანუყვაძე უკიდურესად გაანაწყენა.

1930 წლის 11 აგვისტოს საქართველოს კომპარტიის ცეკაში საიდუმლო თათბირი გაიმართა. დასკვნითი სიტყვა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარმა ლავრენტი ბერიამ წარმოთქვა: "ამხანაგებო, საჭიროა ემიგრაციის გახლეჩა. საქართველოში მენშევიზმი ემიგრაციიდან იღებს საკვებს და, როგორც კი შეწყდება კავშირი მათ შორის, ჩვენ მივაღწევთ იმ ორგანიზაციების განადგურებას, რომლებიც აქ არსებობენ"...

პარიზში, გრენელის ქუჩის #79-ში მდებარე უზარმაზარი შენობა დღესაც რუსეთს ეკუთვნის, 20-იან წლებში კი იქ საბჭოთა კავშირის საელჩო მდებარეობდა. ამავე შენობაში იყო საბჭოეთის საგარეო დაზვერვის რეზიდენტურა, რომელსაც ბერიას მეგობარი, თბილისელი სომეხი, სიმონ ფირუმიანი ხელმძღვანელობდა. საფრანგეთში მოწყობილი დივერსიები, მკვლელობები, გატაცებები სწორედ ამ შენობიდან იმართებოდა.

20-იანი წლების მიწურულს პარიზის ერთ კონსპირაციულ ბინაში საიდუმლო შეხვედრა შედგა. საბჭოთა რეზიდენტი თავის აგენტს შეხვდა. აგენტი ქართველი იყო - გიორგი გეგელია, რომელიც დასავლეთ ევროპაში 1925 წელს მიავლინეს. ჩეკაში სამუშაოდ ის ბერიამ გადაიბირა. გეგელიას ევალებოდა, მოეძებნა ადამიანი, რომელიც ნოე რამიშვილს მოკლავდა. რეზიდენტმა აგენტს აცნობა, რომ რამიშვილის მკვლელობით თვით სტალინი და ბერია იყვნენ დაინტერესებული - პოლიტიკურის გარდა, ნოესთან ორივეს პირადი მტრობა აკავშირებდა. 1904 წელს ჭიათურაში

ქართველი სოციალისტების არალეგალური შეკრების დროს ახალგაზრდა იოსებ ჯუღაშვილს ნოე რამიშვილი ფიზიკურად გაუსწორდა. ნაცემი სტალინი რამიშვილს დაემუქრა, სამაგიეროს აუცილებლად გადაგიხდიო.

წლების შემდეგ ნოემ მეორე საშიში მტერიც შეიძინა. 1920 წელს ლავრენტი ბერია ბოლშევიკების დავალებით ბაქოდან თბილისში ჩავიდა. რამიშვილისადმი დაქვემდებარებულმა სპეცსამსახურმა, რომელსაც მელქისედეკ კედია მეთაურობდა, ბერია დააკავა. დაკავებულს ნოე რამიშვილი პირადად ესაუბრა. ბერიამ ამხანაგები გასცა და საიდუმლო ვიზიტის შესახებ მინისტრს ბევრი რამ უამბო. მოგვიანებით რამიშვილი იხსენებდა, რომ დაკითხვების დროს ბერია ტიროდა და საბრალო სანახავი იყო. რამიშვილი ფიქრობდა, რომ ყოველივე ამის გამო ბერია შურს იძიებდა. ასეც მოხდა.

რეზიდენტ ფირუმიანისა და მისი აგენტის, გეგელიას საუბრიდან მოკლე ხანში ისინი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს. გეგელიამ უფროსს აცნობა, რომ რამიშვილის ლიკვიდაციისთვის შესაფერისი პირი შეარჩია. მას ოპერატიულ ფსევდონიმად კალენიკე შეურჩიეს. ის ქართველი მენშევიკი და ყოფილი სამხედრო იყო. კალენიკეს შეჰპირდნენ, რომ ნოე რამიშვილის მკვლელობის შემთხვევაში საქართველოში გმირად დააბრუნებდნენ. კალენიკეს სჯეროდა, რომ ბოლშევიკები არ მიატოვებდნენ. სინამდვილეში, ჩეკისტებს აწყობდათ, რომ მკვლელი სასამართლოს წინაშე წარმდგარიყო. ისინი სასამართლოზე დაამტკიცებდნენ, რომ დანაშაული პირადი ინტერესის გამო სწორედ ქართველმა მენშევიკმა ჩაიდინა.

1930 წლის 7 დეკემბერს დილით ნოე რამიშვილი კაფე "მარეშალ ჟურდენში" თანაპარტიელ სანდრო მენაღარიშვილს შეხვდა. პარიზის ცენტრში, იტალიის მოედანზე მდებარე მეტროსადგურიდან ნოე და სანდრო დღის სამ საათზე ამოვიდნენ. ემიგრანტები გობელენების ქუჩას დაუყვნენ... კალენიკემ რევოლვერი პალტოს ჯიბეში მოისინჯა. მალე სამიზნეც დაინახა. მკვლელი მათ უკან მიჰყვა... ჯიბიდან იარაღი ამოიღო, რამიშვილთან მიირბინა და ზურგში ორი ტყვია დაახალა, მერე იარაღი მენაღარიშვილს დაუმიზნა. ამასობაში ეს უკანასკნელი შემობრუნდა და თავდამსხმელი იცნო. მისგან სამიოდე ნაბიჯში ნოე რამიშვილის კარგი ნაცნობი - პარმენ ჭანუყვაძე იდგა...

სანდრო მენაღარიშვილის მოგონებიდან: "ერთმანეთს დავეტაკეთ, ვცდილობ, იარაღი ავართვა, ის კი ეძებს შესაფერის მდგომარეობას, რომ ტყვია მომიძღვნას. მე ნოე დაჭრილი მგონია და აი, ამ დროს, ამ ჭიდილში, თვალი მოვკარი, რომ ჩემი ნოე ქვაფენილზე გაშხლართულიყო. ნახულის შთაბეჭდილებით ხელი ავუკარი და ტყვიები ჩემს თავზე გავარდა. ერთი გაბრძოლებაც და ჭანუყვაძე ჩაიკეცა, რევოლვერი ხელთ ჩამივარდა... გასისხლიანებული, მაგრამ სამწუხაროდ ცოცხალი, ლაჩარი ჭანუყვაძე პოლიციამ წაიყვანა".

სასამართლოზე ჭანუყვაძემ თანამონაწილენი არ გასცა. იმედი ჰქონდა, რომ ბოლშევიკები დაიხსნიდნენ. საბჭოთა დაზვერვამ მკვლელს ცნობილი ადვოკატი ანრი ტორესი დაუქირავა, რომელმაც მოსამართლეები დაარწმუნა, რომ მკვლელობა საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მოხდა. დანაშაულში საბჭოთა სპეცსამსახურების მონაწილეობა ვერ დამტკიცდა. სასამართლო პროცესი სამი დღე მიმდინარეობდა. ამ ხნის განმავლობაში ჭანუყვაძე დარბაზში მყოფთ მშვიდად ადევნებდა თვალს. მხოლოდ მაშინ აღელდა, როცა განაჩენი გამოუცხადეს. მას 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. საპატიმრო ვადის მოხდის შემდეგ კი 20 წლით საფრანგეთში ცხოვრებაც ეკრძალებოდა. იმავე დღეს პარმენ ჭანუყვაძე, ქალაქ კლერმონ-ფერანის ციხეში გადაიყვანეს...

ნოე რამიშვილის დაკრძალვაზე უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი. ქართველებთან ერთად იყვნენ კავკასიის, რუსეთისა და სხვა ქვეყნების ემიგრანტული წრეების ცნობილი წარმომადგენლები. დაკრძალვაზე არ მისულა ქართველ ემიგრანტთა რამდენიმე ლიდერი. ნოეს სიკვდილი, ბოლშევიკების მსგავსად, ალბათ, მათ ინტერესშიც შედიოდა.

გობელენების ქუჩაზე მომხდარი შემთხვევიდან 3 წლის შემდეგ

ნოე რამიშვილის ოჯახმა მკვლელის წერილი მიიღო. ჭანუყვაძე დანაშაულს ინანიებდა და ხელახალ გამოძიებას ითხოვდა. ირწმუნებოდა, რომ დაასახელებდა ყველა იმ პირს, ვინც ნოეს მკვლელობის ორგანიზებაში მონაწილეობდა.

რამიშვილის ოჯახი ამ საკითხით არ დაინტერესებულა. ჩანს, მათ საბჭოეთის სპეცსამსახურების დიდი შიში ჰქონდათ.

ციხეში ჭანუყვაძე მუხლებზე დაჩოქილი გამუდმებით ლოცულობდა. ასეთ მდგომარეობას დიდხანს ვერ გაუძლო და 1934 წელს გარდაიცვალა.

მიხეილ ჩერქეზია