"დივერსანტი გამთენიისას გამოჩნდა. ალპინისტები მოულოდნელად დაესხნენ, იარაღი აართვეს. ლევანმა დაკავებული იცნო..." - როგორ "გაყიდა" ბავშვობის მეგობარმა ლევან გოთუა - კვირის პალიტრა

"დივერსანტი გამთენიისას გამოჩნდა. ალპინისტები მოულოდნელად დაესხნენ, იარაღი აართვეს. ლევანმა დაკავებული იცნო..." - როგორ "გაყიდა" ბავშვობის მეგობარმა ლევან გოთუა

ლევან გოთუა უკანასკნელი გადასახლებიდან 50 წლისა დაბრუნდა. პატიმრობაში სულ 22 წელი დაყო

1960 წელს გამომცემლობა "საბჭოთა საქართველომ" გამოსცა მწერალ ლევან გოთუას ისტორიული რომანი "გმირთა ვარამი", რომელიც მაშინვე ბესტსელერად იქცა. იმ ეპოქაში წიგნებს ხშირად ახლდა წინასიტყვაობა, რომელშიც მოქმედი რეჟიმის წინაშე ავტორის დამსახურებაზე იყო საუბარი. "გმირთა ვარამს" ასეთი შესავალი არ აქვს. შესაბამისი უწყება, ჩანს, მოერიდა იმ კაცის ქება-დიდებას, რომელმაც რომანი საბჭოთა კოლონიაში დაწერა. ეს კი ცოტამ იცის. ბევრმა არც ის იცის, რომ ლევან გოთუა დისიდენტი იყო და ამის გამო ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილი პატიმრობაში დაყო.

1921 წლის თებერვალში დამოუკიდებელ საქართველოში შემოჭრილ წითელ არმიას ყველაზე დიდი წინააღმდეგობა ქართველმა ახალგაზრდებმა გაუწიეს. მათ შორის იყო 16 წლის ლევან გოთუა, რომელიც ძმასთან, არჩილთან ერთად ტაბახმელაში, კოჯორსა და უძოს მთის მიდამოებში მტერს რამდენიმე დღე ებრძოდა. შინ ორივე ცოცხალი, მაგრამ დაბეჩავებული დაბრუნდა. რეპრესიებს სასწაულებრივ გადაურჩნენ, თუმცაღა დროებით.

1924 წელს საქართველოში სიკვდილით დასჯის მასობრივი კამპანია დაიწყო. იმხანად გოთუების მრავალრიცხოვანი ოჯახი დაბა აბასთუმანში ისვენებდა. 29 აგვისტოს, ღამით, მათ სახლს ჩეკისტების რაზმი დაესხა. 20 წლის ლევანი დააპატიმრეს. ბოლშევიკებმა იცოდნენ, რომ იგი საბჭოთა წყობისადმი მტრულად იყო განწყობილი. ამის დამადასტურებელი დოკუმენტები ბინის ჩხრეკისასაც აღმოაჩინეს.

ამონაწერი საგამოძიებო საქმიდან: "საიდუმლოდ. ამხანაგ ბერიას. თქვენი შიფრ-დეპეშის თანახმად, ახალციხის მაზრის პოლიტბიურო წარმოგიდგენთ დაპატიმრებულ გოთუას სხვადასხვა მიმოწერას, რომელიც 78 გვერდს შეადგენს. პოლიტბიუროს უფროსი ქალანთაძე."

ლევანი თბილისში, მეტეხის ციხეში გადაიყვანეს. დილეგში დამწყვდეული დროდადრო დასაკითხად მიჰყავდათ ქალაქის კომენდატურაში, სადაც ჩეკისტები აიძულებდნენ, შენობების აფეთქების მცდელობა ეღიარებინა. ერთ-ერთი დაკითხვისას, როცა სასტიკად ნაწამები პატიმარი იატაკზე დააგდეს, მან ფანჯარაში ქაშუეთის ეკლესიის გუმბათს მოჰკრა თვალი. გამახსენდა, - უთქვამს ჩეკისტებისთვის, - ქაშუეთის აფეთქებას ვგეგმავდიო. გახარებიათ მწამებლებს - დანაშაული ხომ მაინც ვაღიარებინეთო და შესაბამისი ოქმიც გაუფორმებიათ...

ლევანის მამა პართენ გოთუა აკაკი წერეთლის მეგობარი იყო. საქართველოს გასაბჭოებამდე სათავადაზნაურო ბანკსა და რამდენიმე ჟურნალს ხელმძღვანელობდა, ბოლშევიკების შემოსვლის შემდეგ კი ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში ჩაება. პართენი თბილისში სწორედ იმ დღეს შეიპყრეს, როცა აბასთუმანში ლევანი დააპატიმრეს.

ერთხელ, მეტეხის ციხის ეზოში სეირნობისას, ლევან გოთუა მამას შეეყარა - ერთმანეთის პატიმრობის შესახებ არაფერი იცოდნენ. ერთმანეთს ჩაეხუტნენ და ატირდნენ. საპყრობილეში 7 თვე დაყვეს. შემდეგ მოულოდნელად გაათავისუფლეს, მაგრამ მალე ლევანი კვლავ დააკავეს.

გოთუას მეორე პატიმრობის საფუძვლად ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში მისი აქტიური მოღვაწეობა იქცა. 1925 წლისთვის ამ უკვე დეზორგანიზებული პარტიის ბევრი ლიდერი ციხეში მოხვდა. ჩეკისტებს აგენტურული ინფორმაცია ჰქონდათ, რომ ახალგაზრდა ეროვნულ-დემოკრატები პარტიის აღდგენას გეგმავდნენ. ყველა მათგანი დააპატიმრეს და რუსეთში გაგზავნეს.

ლევან გოთუას წერილიდან: "ჩემო კარგებო, ვიმყოფები მოსკოვში, ბუტირკის ციხეში. გზიდან სამი წერილის გადმოგდება შევძელი. იქნებ, ერთ-ერთმა მაინც მოაღწიოს თქვენამდე. მოსკოვიდან, ალბათ, გრძელი გზა მელის, ამიტომ, ეცადეთ, თბილი ტანსაცმელი გამომიგზავნოთ. ლევანი. 1925 წლის 21 სექტემბერი."”

ლევან გოთუას ბუტირკის ციხეში აწამებდნენ და თანაპარტიელთა დაბეზღებას აიძულებდნენ. მეგობრები არ გასცა. 2 თვის თავზე განაჩენი გამოუტანეს.

ყველაზე სასტიკი რეჟიმის საბჭოთა საკონცენტრაციო ბანაკში, იმიერპოლარეთში, სოლოვეცკის კუნძულებზე, ხელისუფლებისთვის განსაკუთრებით საშიშ პირებს - პოლიტიკურ პატიმრებს ათავსებდნენ. მათ რიცხვში ლევან გოთუაც მოხვდა.

ქართველთა ჯგუფთან ერთად გოთუა სოლოვეცკში ყინულმჭრელი გემით ჩაიყვანეს და ნესტიან სარდაფში ჩასვეს, სადაც ასამდე დედიშობილა ადამიანი იმყოფებოდა. უმრავლესობა სასტიკად იყო ნაწამები. პატიმრებისთვის სხეულზე საბჭოთა სიმბოლიკიანი რკინის ნივთები მიეკერებინათ და მათ მოხსნას უკრძალავდნენ...

ლევან გოთუას წერილიდან: "საყვარელო მშობლებო, ვერც კი წარმოიდგენთ, აქ, სოლოვეცკში, რა ხდება. ჯერ მე თვითონ ვერ გავერკვიე ამ ჯოჯოხეთში. ირგვლივ ყინულოვანი მთები და ჩრდილოეთის პოლარული ნათებაა. ქართველი ბიჭები ერთმანეთს ვეხმარებით. ვნახოთ, რას მოგვიტანს ახალი, 1926 წელი.

ეს წელი ლევანისთვის შედარებით იოლი აღმოჩნდა - მამამისმა თავის ნაცნობს, საკავშირო ცენტრალური აღმასრულებელი კომისიის მდივანს აბელ ენუქიძეს მიმართა. ამ უკანასკნელმა ბრძანება გამოსცა: "საკონცენტრაციო ბანაკიდან გათავისუფლდეს. დარჩენილი ვადის განმავლობაში აეკრძალოს ცხოვრება 6 ცენტრალურ პუნქტსა და საზღვრისპირა გუბერნიებში." ოჯახმა ლევანისთვის საცხოვრებლად ვლადიკავკაზი შეარჩია. ლევანი 2 წელი ქართულ სკოლაში= ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა, წერდა ნარკვევებს, ლექსებს, ნოველებსა და პიესებს. თამაშობდა ჭადრაკს და ქალაქის ჩემპიონობაც კი მოიპოვა.

1928 წელს გადასახლების ვადა ამოეწურა, მაგრამ სასჯელი კიდევ 3 წლით გაუხანგრძლივეს. ლევანმა საბჭოთა კავშირიდან გაქცევა გადაწყვიტა. 1930 წლის დეკემბერში ორ მეგობართან ერთად ბათუმში ჩავიდა. იქ გაიცნო აფხაზი, რომელიც საზღვარზე გადასასვლელ გზას კარგად იცნობდა.”მან ლევანი და მისი მეგობრები მთელი ღამე ტყე-ტყე ატარა. გამთენიისას მდინარე ჭოროხს მიადგნენ, სადაც სახელმწიფო საზღვარი გადიოდა. არემარე დაზვერეს. გამყოლმა თქვა, საზღვარზე გადასასვლელად შესაფერისი დროაო. ახალგაზრდებმა ნეიტრალურ ზონას მიაღწიეს და თითქმის სამშვიდობოს გავიდნენ - თურქეთის ტერიტორიამდე 50 მეტრიღა რჩებოდა...

ლევან გოთუას წერილიდან: "თურმე ჩვენი დაჭერა წინასწარ მომზადებული სცენარით გათამაშებული წარმოდგენა ყოფილა. ჩვენს გამყოლს თავიდანვე გავუყიდივართ. მათ, ალბათ, აწყობდათ ვაჟკაცების სიკვდილი."

სამივე შეიპყრეს. ლევანს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ის ჯერ ტაშკენტის ციხეში, მოგვიანებით კი ციმბირში, ნარიმის კოლონიაში გაგზავნეს.

ლევან გოთუას წერილიდან: "ჩეკისტებმა ასეთი წამებაც მოიფიქრეს: პატარა იზოლატორს 50 გრადუსამდე გაახურებენ. მოსარჯულებელ პატიმარს დამარილებულ თევზს აჭმევენ, იზოლატორში ჩააგდებენ და გარეთ წყალს მოუშვებენ, რომ მისმა ჩხრიალმა მოწყურებული კაცი გააგიჟოს".

საბჭოთა რეჟიმმა ლევან გოთუას ოჯახის წევრებიც შეიწირა. ლევანმა პატიმრობაში შეიტყო, რომ მისი ძმა, არჩილი, 1921 წელს, წითელ არმიასთან ბრძოლისას მიღებული სნეულებით გარდაიცვალა, მამას ტრამვაი დაეჯახა, თუმცა ოჯახი თვლის, რომ ავარია მოწყობილი იყო. აკრძალვის მიუხედავად, ლევანი კოლონიაშიც ბევრს წერდა. ქართველი პატიმრები მის ლექსებსა თუ მოთხრობებს მორებში გაკეთებულ სამალავებში ინახავდნენ, შემდეგ კი მალულად, ნაცნობების საშუალებით, თბილისში გზავნიდნენ.

1936 წელს ლევანს პატიმრობის ვადა ამოეწურა. მას თბილისში ცხოვრება აუკრძალეს, ამიტომ ჯერ წალკაში, შემდეგ კი ბოლნისში დასახლდა. იქ შექმნა ორი დიდი ნაშრომი - "მეფე ერეკლე" და "ჩაძირული სოფელი".

იმ პერიოდში გოთუა მთამსვლელობამაც გაიტაცა და მოკლე ხანში კავკასიის ერთ-ერთი საუკეთესო ალპინისტის წოდება მოიპოვა. 1938 წელს თბილისში დაბრუნების უფლება მიიღო, თუმცა თავისუფლებას აქაც მოკლებული იყო. მას ჯაშუშები მიუჩინეს. ამიტომ ცდილობდა, მეგობრებს იშვიათად შეხვედროდა. გოთუების ბინას ხშირად ჩხრეკდნენ. ლევანი თითქმის მთელ დროს ბიბლიოთეკაში ატარებდა. ჩანაწერებს მაგიდაზე ტოვებდა, რომ ენახათ, რაზეც მუშაობდა. ლევანის პიესები - "დავით აღმაშენებელი", "მეფე ერეკლე", "უძლეველნი" და "სამი პატარძალი" თეატრებში წარმატებით იდგმებოდა (მარჯანიშვილის თეატრში დასადგმელად ლევანის პიესები უავტოროდ იყო წარდგენილი, ავტორის ვინაობა მხოლოდ რეჟისორმა ვახტანგ ტაბლიაშვილმა იცოდა!).

ბოლოს ლევან გოთუა ბავშვობის მეგობარმა "გაყიდა". ამის შემდეგ სამშობლოს ღალატის ბრალდებIით გოთუა 10 წლით ვორკუტაში გადაასახლეს. ქაღალდი და საწერ-კალამი არ ჰქონდა, ამიტომ ზოგი მუყაოს ნაჭრებს აძლევდა, ზოგიც - თხელ ფიცრებს. საწერად ამ მასალას იყენებდა, მელანი კი ტექნიკურ სპირტში გახსნილი ქვანახშირის მტვრით დაამზადა.

"გმირთა ვარამის" წერა ძვლისგან გამოთლილი კალმით, გაზეთის მინდორზე დაიწყო. თითოეულ დასრულებულ თავს საიდუმლოდ თავის დებს უგზავნიდა, რომლებიც  მასალას ათეთრებდნენ და ინახავდნენ.

ვორკუტაში ლევანი მაღაროში, მაღალი ძაბვის ელექტროსადგურში, ელექტრიკოსად მუშაობდა. ბანაკში წერის საშუალებას არ აძლევდნენ, ამიტომ მან ხერხს მიმართა. უზარმაზარ ტრანსფორმატორთან აბრები დაკიდა და ზედ სიტყვა "სასიკვდილოა" დააწერა. შემდეგ ტრანსფორმატორის ქვეშ ორმო გათხარა. დროდადრო შიგ ძვრებოდა და ტრანსფორმატორის გამაყრუებელ ხმაურში დაწოლილი წერდა.

ლევან გოთუა უკანასკნელი გადასახლებიდან 50 წლისა დაბრუნდა. პატიმრობაში სულ 22 წელი დაყო. მართალია, საბჭოთა ხელისუფლებამ გოთუას ბევრი წიგნი გამოსცა, თუმცა ტირაჟი ყოველთვის მოკრძალებული იყო. სამთავრობო ჯილდო მწერალს არასოდეს მიუღია, რადგან არაერთი შეთავაზების მიუხედავად, კომუნისტურ პარტიაში არ გაწევრდა. საბჭოთა ციხე-კოლონიების შესახებ მოთხრობა ან რომანი არ დაუწერია. სიცოცხლის ბოლომდე ამ თემაზე საუბარსაც კი ერიდებოდა.

ბავშვობის მეგობარმა "გაყიდა!"

1942 წლის ზამთარში კავკასიის მთებიდან საქართველოში გერმანელ დივერსანტთა გადმოსვლა გახშირდა. მათ წინააღმდეგ ხელისუფლებამ ალპინისტები დარაზმა. ქართველმა მთამსვლელებმა, რომელთა შორის ლევან გოთუაც იყო, არაერთი დივერსანტი დააკავეს. ერთხელ ალპინისტებმა მორიგი დავალება მიიღეს - უნდა შეეპყროთ მტრის ერთი მზვერავი. მას რაზმი ორ დღეს ელოდა. დივერსანტი გამთენიისას გამოჩნდა. ალპინისტები მოულოდნელად დაესხნენ, იარაღი აართვეს. მოულოდნელად ლევანმა დაკავებული იცნო - ბავშვობის მეგობარი, რომელთან ერთადაც ოდესღაც მწვერვალებს ლაშქრავდა...

მთამსვლელები კოცონს შემოუსხდნენ. დაკავებულმა მოჰყვა, რომ ომის დასაწყისშივე ტყვედ ჩავარდნილიყო, შემდეგ კი გერმანელებმა ჯაშუშობა აიძულეს. რაზმის წევრებმა მისი გათავისუფლება ერთხმად გადაწყვიტეს. ლევანმა მეგობარს პირობა დაადებინა, რომ ის საქართველოში აღარასოდეს დაბრუნდებოდა. იარაღი დაუბრუნეს და უკან გაისტუმრეს.

გავიდა 4 წელი. ის მთამსვლელი საბჭოთა კავშირში დაბრუნდა და ერთ წვეულებაზე ომის დროს მთაში მომხდარ ამბავს მოჰყვა. ვიღაცამ ეს სუკ-ს შეატყობინა. ლევან გოთუა დააპატიმრეს, სამშობლოს ღალატის ბრალდება წარუდგინეს და 10-წლიანი პატიმრობა განუსაზღვრეს.

ლევან გოთუას წერილიდან: "ვიმყოფები ვორკუტაში. ეს ადგილი მდებარეობს ტუნდრაში, პოლარულ ხაზს იქით. ვმუშაობთ ქვანახშირის საბადოებზე. აქ არაადამიანური შრომის პირობებია. გავჭაღარავდი და ყველა "მოხუცს" მეძახის, არადა, მხოლოდ 43 წლის ვარ".

მიხეილ ჩერქეზია

(სტატია მომზადებულია საბჭოთა უშიშროების არქივში დაცული მასალების მიხედვით)