აჰმედ მელაშვილი - თურქეთის ქართველობის ილია ჭავჭავაძე - კვირის პალიტრა

აჰმედ მელაშვილი - თურქეთის ქართველობის ილია ჭავჭავაძე

როგორ აღმოაჩინეს თურქეთელმა ქართველებმა საქართველო

1980 წლის 5 ივლისს თურქეთში ნაციონალისტების ტყვიას ემსხვერპლა თურქეთის ქართველების ილია ჭავჭავაძედ წოდებული აჰმედ ოზქან-მელაშვილი.

თურქეთის ქალაქ ბალიქესირში სწავლისას აჰმედ მელაშვილმა ნიჭიერი ქართველი ახალგაზრდები შემოიკრიბა იმის გასარკვევად, ვინ იყვნენ ისინი, ვისაც თურქები გურჯებად მოიხსენიებდნენ, თვითონ კი საკუთარ თავს ჩვენებურებს ეძახდნენ; აზიისთვის უჩვეულო სიმღერებს მღეროდნენ, მჭადსა და მხალ-ლობიოს მიირთმევდნენ, იმ ენაზე საუბრობდნენ, რომელიც მხოლოდ მათი მოდგმის ხალხმა იცოდა.

დროის უკუღმართობის გამო თავის ნაჭუჭში ჩაკეტილმა გურჯებმა საქართველოს არსებობის შესახებ არც იცოდნენ. წინაპრებისგან მხოლოდ ის ჰქონდათ გაგონილი, რომ მათი "დიდდედეები სულის გადასარჩენად რუსთა მეფეს კავკასიიდან გამოექცნენ".

მათთვის მხოლოდ დიდი, წითელი იმპერია არსებობდა, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა. საქართველოს, მათ დედასამშობლოს, არავინ ახსენებდა...

აჰმედ მელაშვილის მეგობარმა, ილია ხიმშიაშვილმა მეჩეთის წინ დაიფიცა: "საქართველო - ასეთი ქვეყანა რომ იყო, ნამდვილად არ ვიცოდი. გვეგონა, გურჯები მხოლოდ ჩვენ ვიყავით და ისიც თურქეთში ვცხოვრობდით... საქართველო - ასეთი სიტყვაც არ ვიცოდით. ამბობდნენ მხოლოდ, რუსეთი, რუსეთიო. ვკითხულობდით: "ჩვენი სამშობლო თუ რუსეთია, ჩვენ საიდან მოვედით? ვინ ვართ? სად არის ჩვენი წყარო? რუსებს არაფერი გვიგავს, მათ ენაზე არ ვლაპარაკობთ, მათი ტრადიციები ჩვენთვის უცხოაო, მაგრამ პასუხი არ ჩანდა".

გურჯების "ახალი ანბანი"

როცა სკოლაში მისულმა აჰმედმა თურქული ანბანის შესწავლა დაიწყო, გული დასწყდა, რომ მათ, გურჯებს, არ ჰქონდათ საკუთარი ანბანი და "შეცდომის" გამოსწორება გადაწყვიტა. მეგობრებთან ერთად, ერთ ღამეში, ლათინური ანბანის საფუძველზე "ჩვენებური", ანუ "ქართული" ანბანი შექმნა. სკოლაში სწავლისას ამ "ქართული" ანბანით სწერდნენ ერთმანეთს წერილებს. უხაროდათ, რომ გურჯების ისტორიაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.

21 წლის აჰმედი 1944 წელს სამხედრო შეკრებაზე გაგზავნეს. მის საჯარისო დანაყოფში საბჭოთა რეჟიმს გამოქცეული, ევროპელი ემიგრანტი ქართველი მუშაობდა. აჰმედი გააკვირვა მისმა დიქციამ.

ის, რაც ესმოდა, ქართული იყო, მაგრამ არა ისეთი, როგორიც თურქეთში გაეგონა, არამედ უფრო "ცქვიტი", "მარდი", წინადადებები ლამაზი იყო, სიტყვები ერთმანეთს მწყობრად, რაკრაკით მიჰყვებოდა. თვალები გაუფართოვდა, ტანზე დაბურძგლა და სიხარულით ლამის ჰაერში აიწია, როცა გურჯისგან გაიგო, რომ ქართველთა ქვეყანა არსებობდა!

ყურს არ დაუჯერა, როცა მოისმინა, რომ ქართველებს საკუთარი, თანაც უძველესი ანბანი ჰქონდათ; ყაზარმაში კი არ მიდიოდა, მიფრინავდა; გულზე ქაღალდის ნაგლეჯი მიეკრა, რომელზეც ემიგრანტს 33 ქართული ასო დაეწერა. მან აჰმედს ის ადგილიც მიასწავლა, სადაც დედაენაზე წიგნებს იპოვიდა - ქართველ კათოლიკეთა სტამბოლის სავანე...

მამიდა -ასიე-ბიბი

რამდენიმე წლის წინ, აჰმედ მელაშვილისადმი მიძღვნილ წიგნზე მუშაობისას, მის არქივში ნოდარ დუმბაძის ხელმოწერილი ბარათი ვნახე. დაახლოებით იმავე შინაარსის ბარათები იდო არჩილ სულაკაურის, იოსებ ნონეშვილის, კარლო კალაძისა და სხვათა არქივებში. ამის თაობაზე ბატონმა იბერი მელაშვილმა მითხრა, - 1968 წელს ქართველ მწერალთა ჯგუფი ესტუმრა თურქეთს და მამაჩემმა მაშინ გაიცნო ისინი. სწორედ მათ დაუტოვეს ეს სამახსოვრო ბარათებიო. მერე ხელში ჩამივარდა ფრიდონ ხალვაშის წიგნი "ომრი", რომელშიც დეტალურად იყო აღწერილი ქართველი მწერლების თურქეთში ვიზიტი და გახარებულმა მხცოვან მწერალს შეხვედრა ვთხოვე...

"ეს იყო 1968 წელს. სტამბოლის აეროპორტში მაშინდელი საბჭოთა საკონსულოს თანამშრომლები დაგვხვდნენ... ვხედავ: ერთი ხმელ-ხმელი ბიჭი ხეზე მიყუდებული გვათვალიერებს და ყურს გვიგდებს. ვატყობ, რომ ქართველ მწერლებთან მოსვლას ვერ ბედავს. გავიწიე მისკენ, თავადაც კოჭლობით რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა.

- შენ ფრიდონ ხალვაში ხარ? - თურქულ-ქართული კილო მეცნო. კი-მეთქი. ხელი ჩამომართვა და, ისე, მოხვევასავით მომედო, - მე აჰმედ მელაშვილი ვარ... შენთან ლაპარაკი მინდა. ახლა არა... წაყევ ამათ, და მე ვიცი ჰოტელი, ჰაცხანა იყოთ, და მოგნახავ მემრე...

მეორე დღეს, საღამპირად, სასტუმროში მელაშვილი "დამეხატა". მითხრა: - ახლა შენთან არ შემოვალ, არც დიდხანს გავჩერდები, დამინახავენ და საქმეები გონჯა წამივა. ამაღამ ბურსაში წავალ, მე იქ ვცხოვრობ. როის ჩამოხვალთ ბურსაში, ვიცი, სად გაჩერდებით, ეგეც ვიცი. მე და იქაური ჩვენებურები დაგხვდებითო.

მოვძებნე მამიდაჩემ ასიეს მისამართი, მამაჩემისგან ოდესღაც გადმოწერილი... 1935 წლის შემდეგ მისგან წერილი არ მიგვიღია. ახლა ოთხმოცდაათზე მეტისაა. შეიძლება ცოცხალია. მოდი, "ხებერს" (ამბავს) მივცემ, იქნებ შევხვდე-მეთქი. ავიღე ღია ბარათი და თურქულად რამდენიმე სიტყვით ავუხსენი, შენი ძმისშვილი ვარ, ამა და ამ დღეს ბურსას სასტუმროში ვიქნებით-მეთქი.

სასტუმროსთან იქაური ქართველები დაგვხვდნენ, დარჩეული ბიჭები. მთელი ის გრო ხალხისა, ვინც ასეთი მონატრებული ინტერესით, ახლობლური გულითადობით გვეხვეოდა, გვეალერსებოდა, აჭარიდან ოდესღაც მუჰაჯირად გახიზნულები იყვნენ, მაგრამ იქ "გურჯისტანიდან" მოსულები ვართო, ამბობდნენ. ქართული რომ იცოდნენ და საქართველო რომ უყვარდათ, იმიტომ მოვიდნენ იქა, რომ ჩვენ, საქართველოს ქართველებს შეგვხვედროდნენ...

ამდენი ჩვენებურის შეკრების მოთავე აჰმედი იყო. მთელი იქ მყოფი ჩვენებურობა მას ემორჩილებოდა... თვალებიდან არ ამომდის, როგორ შემოგვესივნენ ვაჟკაცი ბიჭები - "შენი ჭირიმე", "შენ გენაცვალე", - გვეხუტებიან, გვეხვევიან, - ნამდვილი ქართული გავიგონეთო, ნამდვილი ჩვენებურიო, კაი ენაო. აგერ, ახლო, ქართული სოფელია, იქ სულ ჩვენებურები ვართო.

მანქანა დაიძრა თუ არა, შუქნიშანი წითლად აინთო, ამიტომ მოძრაობა წუთით შედგა. წინ ვიცქირები. ქუჩაზე ფეხით მოსიარულენი გადადიან. და ჩემდა გასაოცრად, იმდენ მოსიარულეებში ერთი მაღალი, მხრებში მოხრილი, ლეჩაქმოხვეული ხნიერი ქალი დავინახე. ჩემი თვალი იმ მოხუც ქალს დაედევნა. რაღაც ნაცნობი მიხრა-მოხრით მიდიოდა. მეცნო, რაღაცა მეახლოვა - მამაჩემმა იცოდა ასე კორწიალით სიარული, როცა მხარზე სიმინდიანკოდშემოდგმული წისქვილისკენ წავიდოდა... ვაიმე, ეს ქალი ჩემი მამიდა, ასიე-ბიბი ხომ არაა?

შუაგულ ტროტუარზე გავიჯგიმე, მომავალ მოხუცს დავემიზნე. გულში და მთელ სხეულში, ჟრუანტელთან ერთად, ბობოქრობს ტალღებად ქცეული სიტყვები: მამიდაჩემი, ასიე-ბიბი, ცოცხალი ბიბი!

როცა პირდაპირ მომეყუდა, შედგა. შემხედა, უცნაური, დაღლილ-დაკარგული თვალები მომავლო. გამოხედვაშიც რაღაცა მამაჩემისა ამოვიკითხე. გულმკერდით მომედო და ჯოხს ხელი უშვა: "შენ ხარ, ჭოვ?" - მკითხა. ჰო-მეთქი, - ჩავუფურჩულე. ხელები შემომიჭირა და ატირდა...

მაშინ დავინახე პირველად ნოდარ დუმბაძის თვალებში ცრემლი".

დიდი გზის დასასრული

1979-1980 წლებში თურქეთში ანარქია და ტერორი მძვინვარებდა. ტერორისტთა ხელით დაიღუპა 5 ათასი და დაიჭრა 14 ათასზე მეტი ადამიანი, უმეტესად, პროგრესულ შეხედულებისანი. მათ შორის იყო აჰმედ მელაშვილიც...

პროფესორ ლია ჩლაიძესთან ერთად მაგიდას ვუზივარ და მის მონათხრობს ვისმენ: "1979 წელი იდგა. იზმირის გამოფენაზე ტურისტად ვიყავი. იქ უკანასკნელად ვნახე აჰმედი. ძალიან ცუდად გამოიყურებოდა. ვიღაცებს გავაცანი, დაველაპარაკეთ, ყველა შემოეხვია, ყველა მიეფერა... მერე ცოტა ხანს თვალიდან დამეკარგა. ეზოში გამოვედი. ვხედავ: ძელსკამზე ზის, რაღაც მობუზული იყო, დაპატარავებული. გვერდზე მივუჯექი - აჰმედ, ცუდად ხომ არ ხარ-მეთქი. ცრემლით სავსე თვალებით შემომხედა, - დაია, ასე მგონია, ამას ყველაფერს უკანასკნელად ვხედავო. ეს იყო 1979 წლის სექტემბერში. მას შემდეგ სულ თვალწინ მიდგას: მუქი მწვანე, საზაფხულო კოსტიუმი აცვია, ყველას გარიდებული ზის და თვალცრემლიანი ეთხოვება იმას, რაც აგრე უყვარდა... ხშირად მითქვამს მისთვის: - შენ თურქეთის ქართველების ილია ჭავჭავაძე ხარ-მეთქი. ვაი, რომ სიკვდილიც ილიასნაირი ჰქონდა. მისი ავტორიტეტი უდიდესი იყო. როგორც ილიას სიკვდილმა გააერთიანა სრულიად საქართველო, აჰმედის კუბოსთანაც მთელი მცირე აზიის კავკასიელები გაერთიანდნენ. იქ ერთმა აფხაზმა თუ ადიღე მწერალმა თქვა: "არ იტიროთ აჰმედ მელაშვილი, რადგან ასეთი ადამიანის წასვლის შემდეგ კი არ გლოვობენ, არამედ ცდილობენ, მასავით იცხოვრონო"...

გიორგი კალანდია,

თბილისის ხელოვნების სასახლისდირექტორი