"უბილეთო" ლეგენდა
10-08-2015
"უბილეთო" ლეგენდა
ფიფას რეიტინგში სამარცხვინო, 153-ე­ ადგილისა და მომაკვდავი ქართული ფეხბურთის შემყურეთ გვსურს, კიდევ ერთხელ მოგითხროთ მსოფლიოს ნამდვილი ვარსკვლავის შესახებ. იქნებ მისი ბიოგრაფია ვინმესთვის კვლავ იქცეს შთაგონებად...

1980-იანი წლების ბოლოს თბილისის "დინამოს" სტადიონს, სადაც ჩვენი უპირველესი გუნდის მორიგი თამაში უნდა გამართულიყო, შუატანის ჭაღარა მამაკაცი მიუახლოვდა. მილიციელებმა ბილეთი მოსთხოვეს. მან ჯიბეები მოისინჯა - საშვი შინ დარჩენოდა. უბილეთო კი კარში არ შეუშვეს, - შენნაირებს­ სტადიონზე რა ესაქმებაო. უხმოდ შებრუნდა და წავიდა. ის კაცი მიხეილ
მესხი იყო...

1960 წელს თბილისი მსოფლიოს ჩემპიონი ქვეყნის, ბრაზილიის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს, "ბაიას" მასპინძლობდა. სტუმართა გუნდში ეროვნული ნაკრების რამდენიმე წევრი, მათ შორის ცნობილი ჯალმა სანტოსი თამაშობდა. სამხრეთამერიკელები არ მალავდნენ, რომ მხოლოდ გამარჯვება სურდათ და თანაც დიდი ანგარიშით, მაგრამ... "დინამომ" "ბაიას" ოთხი უპასუხო ბურთი გაუტანა.

აგვისტოს
იმ ცხელ საღამოს მესხმა დიდებული წარმოდგენა გამართა და მსოფლიოს ჩემპიონებს ტექნიკური ფეხბურთის გაკვეთილი ჩაუტარა. ერთ ეპიზოდში, როცა მიშა რამდენიმე მოწინააღმდეგეს გაექცა, მაყურებელი უცნაური სანახაობის მომსწრე გახდა: მესხს მისი ფინტებით აღფრთოვანებული ჯალმა სანტოსი მიუახლოვდა, მოეხვია და გადაკოცნა. იმავე წელს მიხეილ მესხმა, სსრკ-ის ნაკრების შემადგენლობაში, ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მალე  ნაკრები სამხრეთ ამერიკაში გაემგზავრა. მესხს ბუენოს-აირესში, 120 ათასი მაყურებლით გაჭედილ სტადიონზე, არგენტინის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ მოუხდა თამაში. ტექნიკური ფეხბურთით განებივრებული არგენტინელები ქართველი გარემარბის ფინტებმა ისე გააოცა, რომ ტრიბუნებზე "მესხი, მესხის" სკანდირება დაიწყეს, თამაშის შემდეგ კი მაისური შემოახიეს და რელიკვიად დაინაწილეს.
5 წლის შემდეგ სსრკ-ის ნაკრები "მარაკანას" სტადიონზე მსოფლიოს ჩემპიონს, ბრაზილიის ეროვნულ გუნდს ხვდებოდა.

მეორე ტაიმის ერთ ეპიზოდში მესხის ზურგს უკან პელე აღმოჩნდა. ქართველმა ისეთი მოძრაობა გააკეთა, თითქოს ბურთს აჩერებდა, სინამდვილეში გაატარა და პელეს ფეხებშუა გაუძვრინა.­ "ფეხბურთის მეფე" შეცბა, შემდეგ ახარხარდა, მეტოქეს წამოეწია, ზურგზე შეახტა და კოცნა დაუწყო... 

თამაშის შემდეგ გასახდელში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯონ კენედის ძმა, სენატორი რობერტ კენედი შევიდა და მესხს სამახსოვრო ფოტოს გადაღება სთხოვა. მას შემდეგ ნახევარი საუკუნე გავიდა, მაგრამ მიშას თამაში სამხრეთ ამერიკაში ბევრს დღემდე ახსოვს. პოლიტიკოსმა ლევან ბერძენიშვილმა გვიამბო:
"ქართველთა ჯგუფს "მარაკანას" სტადიონზე ეგზალტირებულმა ბრაზილიელმა გულშემატკივარმა შემოგვიტია - არ ვიცით, საიდან ხართ, ეს ჩვენი­ ტრიბუნაა, წაეთრიეთო. Uვითარება უკიდურესად დაიძაბა. ხან სტალინი ვახსენეთ, ხან შევარდნაძე, მაგრამ არაფერმა გაჭრა. მერე ვთქვი, მესხი-მეთქი და ბრბოც წამში დამშვიდდა. ყველა უცებ მეგობრად იქცა. ზოგს მიშა თავად ჰყავდა ნანახი, ზოგმაც გადმოცემით იცოდა. ერთი სიტყვით, ბრაზილიაში მხსნელი სიტყვა არის მესხი!"

მიხეილ მესხი 1937 წლის 12 იანვარს თბილისში დაიბადა. ბავშვობაში მოჭიდავეობაზე ოცნებობდა და კლასიკური ჭიდაობის წრეზეც დადიოდა. მწვრთნელებს ორი გამორჩეული ფალავანი ჰყოლიათ - გივი კარტოზია და მიხეილ მესხი. მოგვიანებით კარტოზია მსოფლიოს უძლიერესი მოჭიდავე გახდა, 11 წლის მიშამ კი ვარჯიშისას ხელი მოიტეხა. ექიმმა აუკრძალა ჭიდაობა. გულდაწყვეტილი ბიჭი ეზოში მობურთავე თანატოლებს შეუერთდა. იმ დღიდან ფეხბურთი მის ცხოვრებად იქცა.

ომის შემდგომი პერიოდის ქართველ ბიჭუნებს ბურთის მაგივრობას კონსერვის ცარიელი ქილა ან ძველმანებით გატენილი ტომსიკა უწევდა. პატარა მიშა და მეზობლის ბიჭები თითქმის ნახევარი წელი ზოგავდნენ ფუნთუშებზე, ნაყინსა თუ კინოს ბილეთზე ფულს. როგორც იქნა, ტყავის ბურთი შეიძინეს. ეზოში ლამის მთელი ნაძალადევის ბიჭებს მოეყარათ თავი. ყველას უნდოდა, ერთხელ მაინც შეხებოდა საოცნებო ბურთს, მაგრამ სიხარულმა მხოლოდ რამდენიმე დღეს გასტანა. მერე ბურთმა მეზობლის ფანჯარა ჩაამსხვრია... განრისხებული ბინის პატრონი გამოვარდა და პატარების თვალწინ სამზარეულოს დანით ბურთი ნაკუწებად აქცია... ამ ამბავმა მიშა ისე შეაძრწუნა, სიცოცხლის ბოლომდე ესიზმრებოდა თურმე.

13 წლის მიშა 35-ე საფეხბურთო სკოლაში ჩაირიცხა. 1955 წელს კი საქართველოს უძლიერეს გუნდში, თბილისის "დინამოში" მიიწვიეს. დილიდან საღამომდე ვარჯიშობდა. ილია დათუნაშვილმა გვიამბო: "ბაზაში შორიდან დავინახე, რაღაც უცნაურად მოძრაობდა. მივედი - მიშა პეპლებს დასდევს... ქათმებსაც დასდევდა. ასეთმა დევნამ ამოუცნობი ზიგზაგებით სირბილი ასწავლა, საოცარი ცრუმოძრაობები განუვითარა".

18 წლის ჭაბუკის დებიუტი დიდ ფეხბურთში კიევში შედგა. მას შემდეგ სტადიონებზე, სადაც მესხი თამაშობდა, ბევრი მაყურებელი ტრიბუნიდან ტრიბუნაზე ინაცვლებდა, მარცხენა გარემარბის თამაში და მისი ცნობილი ფინტი ახლოდან რომ ენახა. Aამ ეშმაკურ ილეთს, რომელიც მსოფლიოში "მესხის ფინტის" სახელითაა ცნობილი, ასეთი ისტორია აქვს: 1956 წლის 6 ოქტომბერს თბილისის "დინამო" სოფიაში ადგილობრივ გუნდს ხვდებოდა. ჩვენს მცველს, ვლადიმერ ელოშვილს სოფიელთა მარცხენა გარემარბმა რამდენჯერმე უცნაური ფინტი გაუკეთა -–ბურთს ქუსლით ერთ მხარეს უგდებდა, თავად მეორე მხარეს გარბოდა და სანამ მისი მეურვე გონს მოეგებოდა, ბურთს დაეწეოდა. მიშამ ეს ილეთი კარგად დაიმახსოვრა, შემდეგ დიდხანს ხვეწდა და მეტოქეების წინააღმდეგ მრავალი წელი იყენებდა. მესხის მეტოქეთა უმრავლესობას ეს ილეთი კარგად ჰქონდა შესწავლილი. ფინტის მოსაგერიებლად საგანგებოდაც ემზადებოდნენ, თუმცა ქართველ თავდამსხმელთან მაინც მოტყუებული რჩებოდნენ.
22 წლის მიშა საბჭოთა კავშირის ნაკრებში მიიწვიეს, ერთი წლის შემდეგ კი კონტინენტის ჩემპიონობა მოიპოვა. ადგილობრივი თუ უცხოური პრესა მესხს ხოტბას ასხამდა. ევროპის საუკეთესო კლუბმა, მადრიდის "რეალმა" საბჭოთა სპორტკომიტეტს ქართველ გარემარბში იმ დროისთვის გაუგონარი თანხა - ნახევარი მილიონი დოლარი შესთავაზა.

მაყურებელი მზად იყო, მესხის თამაშის სანახავად ნებისმიერი თანხა გადაეხადა, ამ დროს კი თავად ფეხბურთელი სიცოცხლის ბოლომდე ხელმოკლედ ცხოვრობდა
მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ სრულიად ახალგაზრდამ ფეხბურთში უდიდეს წარმატებას მიაღწია, არ გამედიდურებულა. ოჯახის წევრთა თქმით, ის საოცრად კეთილი იყო: ერთხელ თაკარა მზეში მდგომი ნაყინით მოვაჭრე მოხუცი დაინახა. მიშამ მისგან მთელი ყუთი ნაყინი იყიდა და ბავშვებს დაურიგა... ფილმების ნახვისას კი ხშირად გული უჩუყდებოდა და ცრემლი მოერეოდა ხოლმე.

მაყურებელი მზად იყო, მესხის თამაშის სანახავად ნებისმიერი თანხა გადაეხადა, ამ დროს კი თავად ფეხბურთელი სიცოცხლის ბოლომდე ხელმოკლედ ცხოვრობდა. დიდი ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ მაღალ თანამდებობებს სთავაზობდნენ, მაგრამ მან ბავშვთა საფეხბურთო ბაზაში მწვრთნელობა არჩია, სახლი კი მეგობრებმა აუშენეს სოფელ დიღომში.

1963 წელს, ფეხბურთის 100 წლისთავთან დაკავშირებით, "საუკუნის მატჩად" მონათლული შეხვედრა შედგა. მსოფლიოს ნაკრები ფეხბურთის სამშობლოს - ინგ­ლისის ეროვნულ გუნდს ხვდებოდა. სათამაშოდ სუპერვარსკვლავები მიიწვიეს: დი სტეფანო, პუშკაში, ზეელერი, შნელინგერი, ეუსებიო, გარინჩა, პელე და მიხეილ მესხი, მაგრამ საკავშირო სპორტკომიტეტმა ქართველი მსოფლიო ნაკრებში სათამაშოდ არ გაუშვა. გავიდა 3 წელი. 1966 წელს ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატს ინგლისი მასპინძლობდა. ფეხბურთის მილიონობით გულშემატკივარი ელოდა, რომ ქართველი თავდამსხმელი ნისლიან ალბიონსაც მოხიბლავდა, თუმცა საბჭოთა ნაკრების ხელმძღვანელობამ მესხი ინგლისში კვლავ არ წაიყვანა. ამას დაერთო ისიც, რომ მიშა საქართველოს სპორტკომიტეტის ხელმძღვანელმაც აითვალწუნა და 1969 წელს მიხეილ მესხი იძულებული გახდა, დიდი ფეხბურთიდან წასულიყო.
იმხანად თბილისს ურუგვაის ჩემპიონი და სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთი უძლიერესი კლუბი, მონტევიდეოს "ნასიონალი" ესტუმრა, რომელსაც სახელგანთქმული მორეირა წვრთნიდა. გადაწყდა, რომ თბილისის "დინამოს" რიგებში თავის უკანასკნელ მატჩს მიშა სწორედ "ნასიონალის" წინააღმდეგ გამართავდა. საქართველოს სპორტკომიტეტის მესვეურებმა მესხი მხოლოდ პირველ ტაიმში გამოიყვანეს...
"დინამოს" გარემარბი იმ თამაშშიც ბრწყინავდა. ორი ურუგვაელი მცველი მას მუდმივად მეურვეობდა, მაგრამ მესხი მაინც ახერხებდა დასხლტომას.

ტაიმი დასრულდა. დინამოელებმა­ მიშა მხარზე შეისვეს და ტრიბუნების გასწვრივ ჩაატარეს. მორეირას უკითხავს, - რა ხდება, ამ კაცს აცილებთო? კიო. მსოფლიო ჩემპიონი გაოგნებულა, - ამას უშვებთ და დანარჩენებს ტოვებთო?
იმ საღამოს სტადიონზე მაყურებლის დიდი ნაწილი ტიროდა... სპორტული ზეიმი პანაშვიდს დაემსგავსა...
2000 წელს საქართველოში ჩატარებული გამოკითხვით მიხეილ მესხს მიენიჭა განსაკუთრებული პრიზი - "XX საუკუნის ქართველი ხალხის სიყვარული"...


მიხეილ მესხი

მიშა სიჯიუტით გამოირჩეოდა. ზოგჯერ მოედნის განაპირას დიდხანს იდგა და თამაშში არ ერთვებოდა. ზოგიერთებმა მას "ტრიბუნების ჩრდილის მოყვარულიც" კი შეარქვეს, თუმცა გარემარბის მარჯვე ფინტების შემხედვარე, ისინიც "მიშა-მიშას" გაჰყვიროდნენ. მესხის უცნაურობანი კარგად ახსნა ბრიტანელმა მწვრთნელმა დენი ბლენჩფლაუერმა: "მეტოქისთვის განსაკუთრებით საშიში სწორედ ასეთი,  "ზარმაცი" მოთამაშეა. მესხის სიზარმაცე მოჩვენებითია. სინამდვილეში მას ყოველ წამს შეუძლია, იფეთქოს და მტრისას, ვინც მას გზას გადაუღობავს!"

მიხეილ ჩერქეზია

ზაური
18 აპრილი 2017 11:01
ბატონო ვაჯა ის სანტოსი 5 ნომერი იყო რომელმაც მიშას ხელები მოხვია წელზე და აღარ უშვებდა. მიშამ ხელები მოკკიდა ხელებზე და თხოვდა გაეშვა იგი კიისე იყო გაბრუებული რომკარგა ხანს ასე იდგნრენ როცა მსაჯი დაინახა ხელი გაუშვა და წინ აეტუზა ხოლო მეორე სანტოსმა ფეხშლით ბურთი კუთხურზე გადაუგდო მიშას გულში ხელს იცემდა ეს რა მაგარი საქმე გავაკეტეო ეს თამაში ბურევესტნიკკზე ჩატარდა დინამო მაშინ რემონტში იყო.
გიორგი
05 აპრილი 2017 19:17
რამდენადაც ვიცი მესხის ნაცვლად იაშინი შესთავაზა და გაუშვა მაშინ სსრკ-ს ფეხბურთის ფედერაციამ, რომელსაც არცერთი გოლი არ ქონდა გატანილი
დავითი
05 აპრილი 2017 13:23
ყველაფერი კარგია მარამ ჯალმა სანტოსი თბილისში არასოდეს ყოფილა, "ბაიას" იმ მცველის გვარი თქვენ მხედველობაში რომ გყავთ პერეირა იყო

რედაქტორის რჩევით