"ჩემი მეუღლე და ნოდარ დუმბაძე მართლაც ერთ საკანში ისხდნენ..." - ვინ იყო ლიმონა სინამდვილეში?! (არქივიდან) - კვირის პალიტრა

"ჩემი მეუღლე და ნოდარ დუმბაძე მართლაც ერთ საკანში ისხდნენ..." - ვინ იყო ლიმონა სინამდვილეში?! (არქივიდან)

"ერთხელ მისთვის ვიღაც ბიჭი მოუყვანიათ - ამას ქურდობა სურს და შენ რას იტყვიო? ილოს ("ლიმონას") დაწვრილებით გამოუკითხავს ყმაწვილისთვის, - ვინ ხარ, მშობლები რას საქმიანობენო და ა.შ. ბოლოს უთქვამს: "პროფესორების ოჯახიდან ყოფილხარ, ფულიც ბლომად გქონია, მაშ, რაღად გინდა ქურდობა?!"

"ნაციონალური მოძრაობის " ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტარი დავით დარჩიაშვილი,"ფეისბუქის"  საკუთარ გვერდზე მწერალ ნოდარ დუმბაძეს აკრიტიკებს და წერს: "ახლა ფბ-ზე, ვიღაც აშეარებს "თეთრი ბაირაღებიდან "პასაჟებს და წერს, გენიალურიაო. ვიღაც ულაიქებს, აბა, რა ავუხსნა, როგორ გავაგებინო, რომ ამ სიტყვების, პასაჟების დამწერი ნოდარ დუმბაძე სცოდავდა სინდისისა და ისტორიის წინაშე. რომ ვინმე ქურდი დევდარიანის სიტყვები მდარე ტომობრიობა და პოპულიზმია: "მიტომ გჯობივარ, რომ დევდარიანი ვარ...მილიონი რომ იშოვე, მეორე რაღად გინდა..." გენაცვალეთ, "თეთრი ბაირაღები" ტიპური ქართულ-საბჭოთა ნაწარმოებია, სტალინის ფილოსოფიის გადმომცემი, რომელშიც ქურდული და კომუნისტური ლოგიკა ერწყმის ერთმანეთს. მაგრამ ეგ ხომ სკოლაში და ოჯახში უნდა ისწავლოთ". პარლამენტარის სტატუსს ქართულ ინტერნეტსივრცეში დიდი სჯაბაასი მოჰყვა, სწორედ ამ გამოხმაურებამ გაგვახსენა, რომ გაზეთ "კვირის პალიტრის" არქივში მოიპოვება სტატია ადამიანზე, რომელიც ნოდარ დუმბაძის "თეთრი ბაირაღების" პერსონაჟის ლიმონას პროტოტიპი იყო.

"კვირის პალიტრის" არქივიდან, 2001 წლის მარტი:

"შეყვარებას ვერ ვასწრებ, ძალიან მალე მიჭერენ. ... ერთი უნაყოფო კაცი ვარ, მოვკვდები და დევდარიანების ეს შტოც მოკვდება" - წუხს "თეთრი ბაირაღების" პერსონაჟი, ქურდი ლიმონა. სინამდვილეში, ილო დევდარიანმა - ლიმონას პროტოტიპმა - შეყვარებაც მოასწრო და მშვენიერი ოჯახის შექმნაც.

დღეს "თეთრი ბაირაღების" გმირის მეუღლის, ვაჟისა და ერთ-ერთი შვილიშვილის (პატარა ილო დევდარიანის) სტუმრები ვართ და მთაწმინდის კოლორიტულ უბანში სწორედ იმ ერთი ციცქნა ოთახში ვიმყოფებით, სადაც სახელგანთქმული ლიმონა ცხოვრობდა.

ციალა ჭუაძე-დევდარიანი (ილო დევდარიანის მეუღლე):

"ილო 1954 წელს გავიცანი, როცა ის 26 წლისა იყო. მთაწმინდაზე მეზობლად ვცხოვრობდით. მაშინდელი თბილისი საოცრად თბილი ქალაქი იყო, ხალხიც - ვაჟკაცური, ალერსიანი და ზრდილი. მახსოვს, ბიჭები ერთმანეთში რომ იჩხუბებდნენ, მერე აუცილებლად რიგდებოდნენ და ერთად მიდიოდნენ ხოლმე საქეიფოდ. ილოს დედა - ამაშუკელის ქალი - მთელ უბანს გვიყვარდა. დაგვსხამდა ახალგაზრდებს და ისეთ საინტერესო ამბებს გვიყვებოდა, პირდაღებულები შევცქეროდით. მის მოსმენას არაფერი სჯობდა. იმ დროს მეზობელი და ოჯახის წევრი თითქმის ერთი და იგივე იყო და ამდენად, ილოსთანაც მეტად ახლოს ვიყავი. ერთად დავდიოდით კინოში, ვთამაშობდით ლოტოს, თუმცა მეგობრობის გარდა სხვა რამ ურთიერთობა არ გვაკავშირებდა. მერე, 1956 წელს, საცხოვრებლად სხვა უბანში გადავედი და მანაც სწორედ მაშინ დამიწყო უკან დევნა. ილოს საქციელით, ცოტა არ იყოს, გაკვირვებული დავრჩი - მანამდე მისგან ხომ არასოდეს მიგრძვნია ამგვარი ყურადღება. ცოლობაზე თავდაპირველად, რა თქმა უნდა, უარი ვუთხარი, თუმცა ილოს ფარ-ხმალი არ დაუყრია. ჩვენმა საერთო მეგობარმა, ლევიკო რამიშვილმა (ილოს მომავალმა მეჯვარემ) მითხრა: "ციალა, თუ ილოს გვერდით დაუდგები, ამით უდიდეს სიკეთეს გამოიჩენ, იცოდე, ის თვინიერი ადამიანია და ყველაფერში დაგიჯერებს. თანაც, ცოდვაა ბიჭი, გულით და სულით უყვარხარ".

ერთხელაც, 1957 წლის 19 სექტემბერს, სამსახურიდან შინ დაღლილი დავბრუნდი. ამ დროს ილო და ლევიკო მესტუმრნენ. შეწუხებული სახეები აქვთ. დევდარიანი მეუბნება, დედაჩემი მძიმედ არის ავად და შენი ნახვა სურსო. უმალ წამოვხტი და გავყევი, ისინი კი თურმე მატყუებენ... ილომ თავისთან მიმიყვანა და მას შემდეგ აქ ვარ..."

ჯაბა იოსელიანი:

"მე და ილო წლების მანძილზე ვახლობლობდით. ჭკვიანი, ალალი, უშიშარი და სამართლიანი კაცი იყო. თუ რამ სათქმელი ჰქონდა, ადამიანს პირდაპირ ეუბნებოდა, ზურგს უკან ჭორაობა არ უყვარდა. "საქმის გარჩევების" დროს მუდამ მართალი ადამიანის მხარეს იჭერდა - მიუხედავად იმისა, მეგობარი იყო მისი თუ მოწინააღმდეგე. ასეთი რამ ჩვენს ყოფაშიც კი დიდ იშვიათობას წარმოადგენდა.

"თეთრი ბაირაღები" რომ წავიკითხე, მაშინვე მივხვდი, ვისზეც იყო საუბარი, თუმცა მეტსახელი ლიმონა ნოდარ დუმბაძის გამოგონილია. საერთოდ, ნაწარმოების პერსონაჟი და  ილო დევდარიანი საოცრად ჰგვანან ერთმანეთს. იგივე პიროვნული შტრიხები, ცხოვრების ეპიზოდები... დევდარიანი ძალიან მიყვარდა და ვიცი - მასაც ვუყვარდი".

ქალბატონი ციალა:

"ერთ მშვენიერ დღეს, ილომ სამზარეულოს მშენებლობა გადაწყვიტა. მუშები მოიყვანა და მათთან ერთად შეუდგა საქმეს. ქალის ამბავი ხომ იცით, შევუჩნდი, - ეს ასე უნდა იყოს, ის კიდევ - ისე-მეთქი... ილოს გაეცინა: "ციალა, შენი ჭირიმე, ცოტა ხანს დამანებე თავი. აი, ჩვენი ახლობლის, წუროს ცოლი - რიტა, ერევანში მიდის და იმას გაჰყევი. რომ ჩამოხვალ, ყველაფერი ისე დაგხვდება, შენ რომ გაგიხარდება". სომხეთში იმავე საღამოს გაგვაცილა, მაგრამ იქ დიდხანს ვერ დავყავი.

შინ მისულს სამზარეულო უკვე საუცხოოდ აშენებულ-მოწყობილი დამხვდა. ილო მაღაზიაში გასულიყო, მუშები კი იქვე დამსხდარიყვნენ და ქეიფობდნენ. ვხედავ, ერთ მათგანს ილოს ლამაზი პერანგი აცვია, მეორეს - შარვალი და ფეხსაცმელი, მესამეს - ჩემი ქმრის ახალთახალი პიჯაკი... ამასობაში ილოც დაბრუნდა. გვერდზე გავიხმე და ვეუბნები, - სამზარეულო დიდებულად გამოიყურება, მაგრამ ეს კაცები შენს ტანსაცმელში რატომ გამოპრანჭულან-მეთქი? ჩამეხუტა, შუბლზე მაკოცა და ჩამჩურჩულა: "გენაცვალე, ციალა, მაპატიე. ბიჭებს სულ ძველმანები ეცვათ. შემეცოდა და ვაჩუქე..." ცოტა ხანს ვიყუჩე, მერე კი: "კარგადაც მოქცეულხარ, - ვეუბნები. - მე ერევნიდან აი, ეს საჩუქარი ჩამოგიტანე".

ჩანთიდან "სასაროჩკე" ნაჭერი ამოვიღე და მეუღლეს გავუწოდე. მშვენიერი, ე.წ. ქაშმირის ქსოვილი იყო, შავი, თეთრი წინწკლებით. მსგავსი ნაჭრისგან შეკერილ პერანგებს იმ დროს თბილისის ყველაზე "სტილნი" ბიჭები ატარებდნენ და ვიცოდი, ილოც ოცნებობდა ასეთზე. მართლაც, გულით გაიხარა.

პერანგი მალევე შეაკერინა. ორიოდ წუთით შინ მოირბინა, მე და დედამისს გაგვეპრანჭა, - ნახეთ, რა მოდური ბიჭი გყავთო. ცოტა ხნით უბანში გავიდა. კოპწია იყო, სუფთად და მოხდენილად უყვარდა ჩაცმა და ახალი სამოსიც საოცრად უხდებოდა.

გავიდა ორი საათი და მობრუნდა. შევხედე - გული გამისკდა. რაღაც ძველი, დალაქავებული პერანგი ეცვა. ვიფიქრე, - ალბათ, იჩხუბა და თავისი დაეხა-მეთქი. დამნაშავე ბავშვივით ჩაქინდრა თავი: "თუ შეგიძლია, კიდევ ერთხელ მაპატიო. ის "საროჩკა" ერთ ჩემს ძმაკაცს მოეწონა და ვაჩუქე..."

გაგრძელება იხილეთ

იხილეთ ასევე: "უზნეო დარჩიაშვილს საერთოდ წაუკითხავს მამაჩემის ნაწარმოებები?!" - რას ერჩის პარლამენტარი ნოდარ დუმბაძეს?