ბურებთან - კვირის პალიტრა

ბურებთან

ნიკო ბური (ბაგრატიონი)

მოგონება

(დასაწყისი კვირის პალიტრა" #50-51, 2009; #1-7 2010)

ტრანსვაალის პრეზიდენტთან პაულ კრიუგერთან ვიზიტით  მისულ ნიკო ბაგრატიონს ტანთ ქართული ქულაჯა ემოსა, რითაც დიდად გააკვირვა მასპინძელი, მას არც საქართველოს შესახებ სცოდნია რაიმე... როდესაც ახოვანი სტუმრის ვიზიტის მიზეზი შეიტყო, - ბურებთან ერთად ინგლისელი დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლისა, - გაიხარა და გულითადი მასპინძლობის შემდეგ თავისი გენერლები გამოიძახა უცხოელი პრინცის გასაცნობად. ნიკო ბაგრატიონი გენერალ დელარეის დივიზიაში ჩაირიცხა, ბური ჯარისკაცის სამოსში, ევროპული ყაიდის კოსტიუმსა და კეპში გამოეწყო და დაიწყო მისი თავგადასავლებით აღსავსე, ჯარისკაცული ცხოვრება.

KvirisPalitra.Geბურები პარტიზანულ ომს აწარმოებდნენ, თავს არიდებდნენ  გადამწყვეტი ხასიათის ბრძოლებს, რაც რეგულარული ჯარის უყოლობით იყო გამოწვეული. ბურების ჯარები მუდამ ინგლისელების პარალელურად მოძრაობდნენ და უცხო გარემოში მოხვედრილ და დაბნეულ მტერს მოულოდნელად ესხმოდნენ თავს, კომუნიკაციებს, სურსათ-სანოვაგესა და საჭურვლის ბაზებს უნადგურებდნენ...

იგი (დე ვეტა) თავისი გაწვრთნილი მებრძოლებით ქარივით დაქროდა მტრის ახლომახლო, ხან ავანგარდში იყო, ხან არიერგარდში - იმისდა მიხედვით, თუ სად ითხოვდა მის დახმარებას მდგომარეობა.

დე ვეტა ვერცხლისწყალივით მოძრაობდა და სულის ამოთქმის საშუალებას არ აძლევდა ინგლისელებს. მისი სახელი თავზარს სცემდა თითოეულ მათგანს.

დე ვეტა განათლებით იურისტი იყო. დაუშრეტელი უნარის მქონე ორი გენერლის - დე ვეტასა და ბოტას მისვლამ ჯარში ბურების ძალ-ღონე გააორკეცა, თუმცა ფართო შეტევაზე გადასვლას მაინც არიდებდნენ ჯერ კიდევ თავს.

ბურების წინააღმდეგ ინგლისელების მიერ უსამართლოდ ატეხილმა ომმა დიდი აღშფოთება გამოიწვია მაშინდელი მსოფლიოს პროგრესულ ადამიანებში. ბურების დასახმარებლად სხვადასხვა ქვეყნიდან განუწყვეტლივ მოდიოდნენ მოხალისეთა რაზმები.

პოლკოვნიკ ვილბუა დე მორელის მეთაურობით დგებოდა ინტერნაციონალური პოლკი, რომელშიც უკვე ირიცხებოდა 1000 მოხალისე.

დელარეის და მის ხელქვეითებთან კარგა ხანს საუბრის შემდეგ, გულში გადავწყვიტე, ჩავრიცხულიყავი ვოლონტერთა პოლკში. ალბათ, შუაღამე გადასული იყო, როცა დასაძინებლად დავიწყეთ მზადება, მაგრამ გველის მეშინია, აქ მორიელებიც ბევრია და შიშველ მიწაზე რა დამაძინებს?

ამ დავიდარაბაში რომ ვარ, შემოიტანეს დასაკეც-გასახსნელი რკინის საწოლები და ზედ სუფთა ლოგინები გაშალეს. სული მოვითქვი, გაუხდელად დავწექი და მაშინვე ჩამეძინა.

...

ინგლისელების მიერ ბურების წინააღმდეგ დაწყებული ომი ყოველგვარ ომზე უფრო საშინელი იყო. ეს იყო უბრალოდ ცინიკური სურვილი, მოესპოთ პატარა, მაგრამ მდიდარი სულის პატრონი ხალხი.

ბურები კი თავის მხრით იჩენდნენ გასაოცარ სულგრძელობას. ტყვედ წამოყვანილ ინგლისელებს ბურები როგორც სტუმრებს, ისე ეპყრობოდნენ, მალე კი მთლად ათავისუფლებდნენ.

გერმანელმა მოხალისე ოფიცრებმა კრიუგერს მასთან შეხვედრის დროს განუცხადეს: "თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილო", მაგრამ მოხუცმა პრეზიდენტმა მათი მოთხოვნა არ გაიზიარა. ამის გამო გერმანელებმა დატოვეს ბურების ჯარი და უკან დაბრუნდნენ.

ლმობიერად მოეპყრნენ ბურები  უინსტონ ჩერჩილსაც, რომელიც იმ ხანებში ტყვედ შეიპყრეს.

მე ერთხელ გენერალ ბოტას ბანაკში მოვხვდი. ჩემი იქ ყოფნის დროს მოიყვანეს ტყვედ ჩავარდნილი რამდენიმე ინგლისელი. ერთი მათგანი იყო წითელლოყებიანი 20-25 წლის ახალგაზრდა ოფიცერი, შემდეგში ყველასათვის ცნობილი უინსტონ ჩერჩილი. იგი მაშინ "მორნინგ პოსტის" სამხედრო კორესპონდენტის სახელით მოევლინა სამხრეთ აფრიკას და ითვლებოდა ბურების დაუძინებელი მტრის, სესილ როდსის დიდ თაყვანისმცემლად. ბურებმა ეს ახალგაზრდა ტყვედ შეიპყრეს შემდეგ პირობებში: ჩერჩილი უნდა ჩასულიყო ლედსმიტში, მაგრამ ქალაქი ბურების მიერ ალყაშემორტყმული იყო. ინგლისელები შეეცადნენ ჯავშნიანი მატარებლით ალყის გარღვევას, მაგრამ ბურებმა მატარებელი ხელთ ჩაიგდეს და სხვა რამდენიმე ინგლისელთან ერთად ჩერჩილიც ტყვედ წაიყვანეს.

ახალგაზრდა ტყვე ოფიცერი ჰერცოგის შთამომავალი აღმოჩნდა. დედამისი ამერიკელი ჟურნალისტის, "ნიუ-იორკ ტაიმსის" პატრონის, ჯერომის ქალი ყოფილიყო. ჩერჩილი დაბადებულა 1874 წელს, მიუღია სამხედრო განათლება, მაგრამ პირველადვე, როგორც ვთქვით, ბედმა არ გაუღიმა და ტყვედ ჩავარდა.

KvirisPalitra.Ge

ტყვედ წამოყვანილ ინგლისელებს ბურები როგორც სტუმრებს, ისე ეპყრობოდნენ, მალე კი მთლად ათავისუფლებდნენ. ერთი მათგანი იყო წითელლოყებიანი 20-25 წლის ახალგაზრდა ოფიცერი უინსტონ ჩერჩილი.

იგი მაშინ "მორნინგ პოსტის" სამხედრო კორესპონდენტის სახელით მოევლინა სამხრეთ აფრიკას და ითვლებოდა ბურების დაუძინებელი მტრის, სესილ როდსის დიდ თაყვანისმცემლად.

გენერალმა ბოტამ ტყვეები ზურგში, პრეტორიაში გადაგზავნა, საიდანაც ჩერჩილმა იოლად მოახერხა გაქცევა და თავი შეაფარა პორტუგალიის ბოღაზს - ლორენსო მარკოს, აქედან კი, როგორც შემდეგ გავიგე, იგი გადასულიყო ინგლისელების კოლონიაში, ნატალში.

რამდენიმე ხნის შემდეგ გენერალ ბოტას ბანაკიდან გენერალ დე ვეტას მოქმედ არმიაში მომიხდა ბრძოლა. ერთ დღეს გენერალს გავუმჟღავნე ვილბუა დე მორელის პოლკში ჩარიცხვის სურვილი. მან მეგზურად გამატანა ერთ-ერთი ბური, რომელმაც შედარებით ჩქარა მიმიყვანა ვიღაცის დიდ ფერმაში, სადაც იმყოფებოდა პოლკოვნიკი ვილბუა.

ჩვენი შეხვედრა და გაცნობა იყო გულითადი. პოლკოვნიკმა ვილბუამ ბროსეს შრომების მეოხებით საქართველოზე ბევრი რამ იცოდა. განსაკუთრებით აინტერესებდა ბაგრატიონების ვინაობა, კერძოდ, პეტრე ივანეს ძე ბაგრატიონის ბიოგრაფია.

შემდეგ განმიცხადა, რომ მნიშნავდა თავის ადიუტანტად, რამაც ძლიერ გამახარა. ბოლოს მაცნობა ინგლისის მთავრობის მიერ გენერალ რობერტსის გაწვევისა და მის ადგილას გენერალ კიტჩენერის დანიშვნის ამბავი. ვილბუას აზრით, კიტჩენერი მოსვლისთანავე შეეცდებოდა ბურები პარტიზანული ომიდან გადასულიყვნენ პირდაპირ ბრძოლებზე.

- ეს კი დააჩქარებდა ბურების ყოფნა-არყოფნის საკითხის გადაჭრას, - დაურთო მან.

ბურებმა იცოდნენ, რომ ახლოვდებოდა ეს წამი და დღედაღამ ემზადებოდნენ გამოცდილი გენერლის კიტჩენერის დასახვედრად.

ინგლისელები ყოველგვარ ძალადობას მიმართავდნენ, რათა გაეტეხათ ბურების მხნეობა. დაპყრობილი ადგილებიდან ქალებსა და ბავშვებს ერეკებოდნენ არა ტყვეთა ბანაკებში, არამედ პირდაპირ სასაფლაოზე.

ყველაზე საშინელი ადგილი იყო ე.წ. კიმბერლეი. იქ ალმასის საბადოებში უჭმელ-უსმელ ბავშვებსა და ქალებს საშინელ სიცხეში ამუშავებდნენ. საბადოების პატრონები მდიდრდებოდნენ საათობით, ბურების დედები, შვილები და ცოლები კი ბუზებივით იხოცებოდნენ.

ბურების მხარეზე გადმოსული შოტლანდიელის სიტყვით, პოლკოვნიკმა ვილბუამ, რომელმაც კარგად იცოდა ინგლისური ენაც, გაიგო, რომ კიტჩენერი ემზადებოდა დელარეის დივიზიისათვის ალყის შემოსარტყმელად და მის გასანადგურებლად. ამ დივიზიაში შედიოდა ჩვენი პოლკიც.

ნათქვამის შესამოწმებლად და კიტჩენერის ჯარის მოძრაობის დასაზვერავად, პოლკოვნიკმა ვილბუამ ჩემი მეთაურობით გამოყო პატარა რაზმი. რაზმში ჩემ გარდა შედიოდნენ ფრანგი გრაფი ბრედა და ვაჟკაცური გამომეტყველების რამდენიმე შვედი ოფიცერი.

როცა კარგად შეღამდა, გავუდექით გზას. მეგონა, ყოველი ტროპიკული ბუჩქიდან ვეფხვი გვითვალთვალებდა და ემზადებოდა სასიკვდილო ნახტომისათვის. ხელში შემართული რევოლვერი მეჭირა. ირგვლივ სამარისებური სიჩუმე იდგა. ჩვენ ნელა მივიკვლევდით გზას პალმებს შორის გაბარდულ უსურვაზებსა და სათუთტოტებიან მცენარეებში. საკუთარი გულისცემა გვესმოდა.

მოვიკრიბე ძალა, რომ ზედმეტი მღელვარებისაგან თავი შემეკავებია და არ ავყოლოდი პირველად ჩასახულ შიშს. აქ ხომ მართლა სანადიროდ არ ჩამოვსულვარ! მე ბურებთან მომიყვანა ჩემმა ადამიანურმა მემ, რათა დავხმარებოდი უბედურებაში ჩავარდნილ ადამიანებს და, შეძლებისდაგვარად, შემემსუბუქებია მათი ტანჯვა.

შიში და ხიფათი რას მიქვია!

დავალება ზედმიწევნით შევასრულეთ. შოტლანდიელის ნათქვამი დადასტურდა. ახლა ვწევარ და ვისვენებ სახელდახელოდ გაკეთებულ ჩემი კარვის წინ. ქვეშ ხასხასა, სურნელოვანი მოლია. ირგვლივ ათასგვარი ამბრითაა ჰაერი გაჟღენთილი.

ბრჭყვიალაფერებიანი ბუზანკლები თავზე დამფრინავენ და განუწყვეტლივ ბზუიან.

ვწევარ გულაღმა და მივჩერებივარ მოკიაფე ვარსკვლავებს. ერთი წუთით უკვე საქართველოში ვარ, ნათესავთა და ახლო მეგობართა შორის, მაგრამ ერთი წუთით - და თვალები მეხუჭება. სულ ცოტა ხანს მეძინა, კვლავ ფეხზე ვარ. დილის შეტევისათვის ვემზადებით.

სამხედრო თათბირზე გადაწყდა - დელარეის მთელმა დივიზიამ მოულოდნელად დაარტყას ინგლისელებს. საჭიროა მხოლოდ ვიჩქაროთ, რომ ტროპიკულმა მზემ ამოსვლა არ დაგვასწროს და ჩვენი განზრახვა უნებლიეთ მტერს არ გაუმჟღავნოს.

ადგილიდან დავიძარით. ირიჟრაჟა თუ არა, დაიგრიალა ჩვენმა ზარბაზანმა. ეს იყო ნიშანი. მთელი დივიზია ელვის სისწრაფით გადავიდა შეტევაზე. მირბიან ქვეითნი, მიქრიან ცხენოსნები. კრონიემ ახლა ყველა ზარბაზანს ამოადგმევინა ენა. იგი ყველგანაა. წამლის ბურუსშიც არტილერისტის გამჭრიახი თვალი ყველაფერს ხედავს.

ჩვენი ზარბაზნების ქუხილისა და ყუმბარების აფეთქებისაგან ინგლისელები უმწეოდ გარბი-გამორბიან, მაგრამ, ეტყობა, კიტჩენერმა მალე მოიყვანა ისინი გონს და ახლა მოწინააღმდეგე მხრიდანაც ატყდა საშინელი გრგვინვა.

ჩაღდება დაუნდობელი, სისხლისმღვრელი ბრძოლა. ბურებს სათადარიგოდ ჰყავთ დე ვეტა და ბოტა, მაგრამ ბოტა ცოტა შორსაა. არა უშავს, გაჭირვების დროს ის ჩვენთან გაჩნდება. პირველ დღეს ორივე მხრივ თავდადებული ბრძოლა თითქმის უშედეგოდ დამთავრდა.

ვნახოთ, რა მოჰყვება ხვალინდელ დღეს.

ვილბუა ვაჟკაცურად და მოხერხებულად ხელმძღვანელობდა პოლკს, რის გამოც მის პოლკს მხოლოდ 100 კაცი გამოაკლდა, მათ შორის ნახევარზე მეტი დაჭრილია.

ჩვენი პოლკი სავსებით ინტერნაციონალურია. ჭარბობენ ლამაზი, წარმოსადეგი და ხალისიანი შვედები. შემდეგ ყველაზე მეტნი არიან ფრანგები. მე დავუმეგობრდი ერთ ფრანგ გრაფს ბრედას. იგი ჩემთან შედარებით მომცრო ტანის იყო, ხმელ-ხმელი.

არიან ჰოლანდიელებიც.

დაღლილობისაგან ხალხს მუხლები ეკვეთება. ლაპარაკის თავიც არავის აქვს. ბანაკში თანდათან სიჩუმე მყარდება. მარტო პოლკოვნიკი ფხიზლობს თავის კარავში. იგი რუკას დასცქერის და მოსალოდნელი ბრძოლის ადგილებს აზუსტებს.

ვურჩევ ცოტა დაისვენოს, ყავა დალიოს, მაგრამ არ მიჯერებს. კვლავ რუკას დასტრიალებს. მისი დაღვრემილი იერი, მოდუნებული ქცევა რაღაც არ მომწონს და მეც ნაღველი მერევა. უხმოდ გამოვდივარ გარეთ პოლკოვნიკის კარვიდან.

საჭიროა ცოტა მაინც თვალი მოვატყუო, რომ დილას ბედს წელგამართული შევხვდე, თორემ ჩემს დღევანდელ დაღლილობას თუ უძილობაც დაერთო, ხვალ ბრძოლაში შეიძლება შევრცხვე.

ნეტავი ამ ინგლისელებს კისერს მალე მოვტეხდეთ და ბურების გამარჯვების შემდეგ, სამართლიანობის წინაშე ვალმოხდილი, ჩემს საქართველოში დავბრუნდებოდე, მაგრამ...

"ვა, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნვებ, რა ზნე გჭირსა; სად წაიყვან სადაურსა, სად აღუფხვრი სადით ძირსა".

დასწყევლოს ღმერთმა, ამ საღამოს ეს რა მომდის, ლამის სევდამ დამრიოს ხელი!

"ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა, ვით ქვითკირსა!" - მაგონდება შოთას მეორე ლექსი და მხნეობა მემატება.

ცას გავხედე. მზე კარგა ხნის ჩასულია, მაგრამ ლაჟვარდი ისევ სარკესავითაა. ცისა და მიწის შუა ნისლის გოდოლებია აღმართული - ეს გახურებული მიწიდან ასული ოხშივარია.

დასაწოლი ადგილი მოვნახე. მხარ-თეძოზე ვწვები.

სიჩუმეა. ფოთოლიც კი არ ირხევა.

ერთბაშად ბნელდება. ცა სრულებით აღარ ჩანს.

უვარსკვლავო ღამემ თავისი შავი ფრთები გადააფარა სამყაროს.

რული თანდათან მომერია. როცა თვალი გავახილე, ღამე უკვე გაცრეცილიყო. ასე სწრაფად დაბნელება და გათენება, მგონი, მარტო აფრიკაში იცის.

უცებ ქუხილი გაისმა. ეტყობა, ბურებმა ბრძოლა დაიწყეს. ინგლისელთა მხრიდანაც ატეხეს საპასუხო სროლა. მათი ყუმბარები მოშორებით ხან აქ, ხან იქ ეცემიან და ჯერჯერობით ბურებს ვერ აზიანებენ. ისინი მიმოფანტულად, კარგად გათხრილ სანგრებში სხედან.

კრონიეს მიერ გასროლილი ყუმბარები კი, ეტყობა, მტრის განლაგებას ანადგურებს, რადგან მოწინააღმდეგის ცეცხლი მალე შენელდა.

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)