"მშვიდად, თორემ ჩაგაძაღლებთ!"
12-10-2015
"მშვიდად, თორემ ჩაგაძაღლებთ!"
"მოსადის" საიდუმლო ოპერაცია ნაცისტი ჯალათის შესაპყრობად

ლოთარ ჰერმანი, გერმანიაში დაბადებული ებრაელი, 1935 წელს ნაცისტებმა დაჰაუს საკონცენტრაციო ბანაკში მოათავსეს. სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა. შემდეგ, ნაცნობების დახმარებით, თავი ჰოლანდიას შეაფარა, იქიდან კი არგენტინას მიაშურა.
ჰერმანი უსინათლო იყო, სმენა კი ჩინებ­ული ჰქონდა. ერთხელ თავისი ქალიშვილის საუბარს მოჰკრა ყური: 12 წლის სილვია მეგობარს აღტაცებით უყვებოდა, ახალგაზრდულ კლუბში 16 წლის სიმპათიური გერმ­ანელი ბიჭი, კლაუსი, გავიცანი, კლაუსი გვარად კლემენტია, თუმცა ამბობს, ნამდვილი გვარი­ აიხმანიაო. უსინათლო შეძრწუნდა. მას
სმენოდა, რომ ებრაელების წამებაში გამორჩეული ნაცისტი ადოლფ აიხმანი არგ­ენტინაში იმალებოდა. იქნებ მისი ქალიშვ­ილის ნაცნობ ჭაბუკს ფაშისტ ჯალათთან ნათეს­აობა აკავშირებდა?

ადოლფ აიხმანის სახელი ყველა გერმან­ელი ებრაელისთვის იყო ცნობილი. გესტაპოს IV-B-4 განყოფილების უფროსი! სწორედ ამ განყოფილებას ევალებოდა ებრაელთა მასობრივი განადგურება, სწორედ ეს განყოფილება იდგა 5 მილიონზე მეტი
ადამიანის მკვლელობის სათავეში...

ადოლფ აიხმანის სახელი ყველა გერმან­ელი ებრაელისთვის იყო ცნობილი. გესტაპოს IV-B-4 განყოფილების უფროსი! სწორედ ამ განყოფილებას ევალებოდა ებრაელთა მასობრივი განადგურება, სწორედ ეს განყოფილება იდგა 5 მილიონზე მეტი ადამიანის მკვლელობის სათავეში...

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აიხმ­ანი­ ამერიკელმა სამხედროებმა დააპატიმ­რეს, მაგრამ გაქცევა მოახერხა და ყალბი­ პასპორ­ტით არგენტინაში გადასახლდა.­ "მერსედესის" ადგილობრივ ქარხანაში მოეწყო, იყიდა სახლი და მეუღლესა და ოთხ შვილ­თან­ ერთად მშვიდად ცხოვრობდა. ალბათ, კიდევ მრავალი წელი უზრუნველად­ იცხოვრებდა­ და სიცოცხლეს ბუნებრივი სიკვდილით დაასრულებდა, რომ არა ერთი ებრაელი უსინათლოს მიერ შემთხვევით გაგონილი­ ფრაზა... ჰერმანმა თავისი ვარაუდი ბუენოს-აირ­ესის ებრაელთა თემის წევრებს­ გაუზიარა. მალე ამ ინფორმაციამ ისრაელის დაზვერვის­ უწყებამდე, "მოსადამდე", მიაღწია. არგენტ­ინაში არსებული­ ისრაელის სადაზვერვო­ ქსელი­ ჰერმანის ვერსიის შემოწმებას შეუდგა.­ დადგინდა, რომ 16 წლის კლაუს აიხმ­ანის მამას მართლაც ადოლფი ერქვა, მაგ­რამ ეს უკან­ასკნელი ფოტოებზე აღბეჭდილ ცნობილ ნაცისტ ოფიცერს გარეგნულად მაინცდამაინც არ ჰგავდა. იმის იმედად, რომ ობიექტის იდენტიფი­ცირებისთვის ახალ მასალას მოიპოვებდა, "მოსადი" მას 24 საათის განმავლობაში უთვალთვალებდა.

1960 წლის 21 მარტს ბუენოს-აირესში აიხმანებმა დიდი წვეულება გამართეს. ეს დღე ნაცისტი ჯალათის ქორწინების 25-ე წლისთავს ემთხვეოდა. ისრაელის სპეცსამს­ახური დარწმუნდა, რომ ეს იყო მართლ­აც­ გესტაპოს მაღალჩინოსანი, რომელსაც 15 წელი უშედეგოდ ეძებდა... თუმცა, ისრაელს აიხმანის ექსტრადირების იმედი­ არ ჰქონდა. მამხილებელი­ მასალის წარდ­გენის შემთხვევაშიც კი არს­ებობდა ალბათობა, რომ გერმანელი­ ნაცისტებისადმი ლოიალურად განწყობილი­ არგენტინის ხელისუფლება ნაცისტ ჯალათს არც კი დააპატიმრებდა. სწორედ ამიტომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა დავიდ ბენ-გურიონმა გესტაპოელის გატაცების საიდუმლო ბრძანება გასცა.
1960 წლის აპრილიდან "მოსადის" ოპერატიულმა თანამშრომლებმა არგენტინაში დაიწყეს თავმოყრა. გატაცების ოპერაცია უნდა დაემთხვიათ არგენტინის დამოუკიდებლობის 150-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ცერემონიისთვის, სადაც ისრაელის სამთავრობო დელეგაციაც მონაწილეობდა. გეგმის თანახმად, გატაცებულ აიხმანს დელეგაციის თვითმფრინავში მოათავსებდნენ.
29 აპრილისთვის არგენტინაში სპეცოპე­რაციის ყველა მონაწილე ჩავიდა. 30 მამა­კაცს, რომელთაგან შვიდს აიხმანის გატაც­ება, დანარჩენ ოცდაორს კი მათი მხარდაჭერა ევალებოდა, "მოსადის" დირექტორი ისერ ჰარელი ხელმძღვანელობდა. რაზმი­ აღჭურვილი იყო სპეცტექნიკით, უახლესი­ იარაღით, ყალბი საბუთებით და მანქანის ნომრებით. ბუენოს-აირესში მათ რამდენიმე ბინა, კერძო სახლი და ავტომანქანა იქირავეს. გესტაპოს ჯალათი 11 მაისს უნდა აეყვანათ.

აიხმანი შინ, როგორც წესი, საღამოს 7 საათზე, საქალაქო ტრანსპორტით ბრუნდებოდა. იმ დღეს კი იგი ავტობუსში არ აღმ­ო­ჩნდა. არც შემდეგი ავტობუსიდან ჩამო­სულა, რომელიც ყოველ ნახევარ საათში მოდიოდა... ოპერაცია ჩაშლის პირას იყო. ორ მანქანაში მყოფი შვიდი ოპერატიული­ მუშაკი უკიდურესად ღელავდა. ზედმიწევნით გათვლილი გეგმა იმ საღამოს უნდა ჩატარებულიყო და თუკი ობიექტი არ გამოჩნდებოდა, მისი გატაცება გაურკვეველი ვადით­ გადაიწევდა... იქნებ ინფორმაც­იამ გაჟონა და აიხმანი მიიმალა? მოსადის თან­ამშრომლებმა გადაწყვიტეს, კიდევ ნახევარი საათი დაეცადათ.

8 საათიც შესრულდა. "მერსედესის" ქარხნიდან მომავალი ტრანსპორტიც აღარ ჩანდა. ოპერმუშაკები წასვლას აპირებდნენ, რომ შორიდან ავტობუსი შენიშნეს. რამდენ­იმე­­­ წუთიც და, აიხმანიც დაინახეს. გესტაპოელმა ჯიბიდან ფარანი ამოიღო, აანთო­ და სახლისკენ მიმავალ ბილიკს მშვიდად გაუყვა.

- უკაცრავად, ბატონო! - ესპანურად მიმართა აიხმანს ჯგუფის ერთმა წევრმა. ნაცისტი შემობრუნდა და უცნობს მიაშტერდა. წამიც და, აგენტი ობიექტს ეძგერა,­ ხელი ამოუბრუნა და მიწაზე დაანარცხა. ამასობაში იქ სხვებიც გაჩნდნენ. დაბნეული აიხმ­ანი ხელში აიტაცეს, მანქანაში შეაგდეს და ხელ-ფეხი შეუკრეს. "მშვიდად იყავი, თორემ­ ჩაგაძაღლებთ!" - ეს უკვე გერმანულად უთხრეს.
აიხმანი ქალაქის გარეუბანში, ვილაში­ მიიყვანეს... ტყვემ, რომელიც ჯერ კიდევ ვერ მოსულიყო გონს, მაშინვე დაასახელა ნაცისტური პარტიის საკუთარი ბილეთის ნომერი - 889895, რომელიც მოსადის დოს­იეში მითითებულ ციფრებს დაემთხვა. ეს ასპროცენტიანი მტკიცებულება იყო იმისა, რომ ებრაელ აგენტებს მართლაც IV-B-4 განყოფილების უფროსი ჰყავდათ მოტაცებული­, თუმცა ოპერაციის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორს იყო...

შემდგომი ღონისძიებების გასა­ტარებ­ლად "მოსადის" შეფმა, ისერ ჰარელმა, ე.წ. მობილური შტაბი გამართა - მზვერავებმა­ მიიღეს ქალაქის იმ კაფეების სია, სადაც გარკვეულ დროს თათბირები უნდა გამართ­ულიყო...
ამასობაში აიხმანი ვილაში საწოლზე ჰყავდათ ხელბორკილით მიბმული. მას მუდმივად დარაჯობდა მოსადის ერთი თანამშრომელი. გესტაპოელის მცველები მკაცრი მითითებებით მოქმედებდნენ: მათ ეკრძალებოდათ აიხმანთან საუბარი, ადგილობრივი პოლიციის შესაძლო ვიზიტის შემთხვევაში კი მზვერავებს ნაცისტი სხვა კონსპირაციულ ბინაში უნდა გადაეყვანათ. "მოს­ადთან" კავშირი კატეგორიულად უნდა უარეყოთ­ და თავი ისრაელელ მოხალისეებად გაესაღებინათ.

19 მაისს ისრაელის თვითმფრინავი ბუენოს-აირესში დაეშვა. ისერ ჰარელმა მობილური შტაბი აეროპორტის კაფეში გადაიტანა და ოპერაციის დასრულებამდე იქიდან­ გასცემდა განკარგულებებს. 20 მაისის საღამოს აიხმანი ნარკოტიკებით გააბრუეს, ისრაელელი მფრინავის ფორმა ჩააცვეს, აეროპორტში მიიყვანეს და მესაზღვრეებს ებრაელი­ პილოტის, რაფაელ არნონის პასპორტით წარუდგინეს. თავად არნ­ონმა ერთი დღით ადრე ბუენოს-აირესში ავტოავარია მოაწყო, თავი განზრახ დაიზიანა­ და საავადმყოფოში მიიღო ცნობაც, სადაც ეწერა, რომ პაციენტს ფრენა მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით შეეძლო. ეს ცნობა გონებადაბინდულ აიხმანს ხელში დააჭერინეს და სასაზღვრო კონტროლი უპრობლემოდ გაატარეს. ბორტზე ასვლისთანავე თვითმფრინავმა გეზი ისრაელისკენ აიღო.

ოპერაცია ფილიგრანული სიზუსტით ჩატარდა, გაუჩინარებულ აიხმანს კი ამაოდ ეძებდა არგენტინის ხელისუფლება და ამ ქვეყანაში მცხოვრები ასობით გერმანელი ნაცისტი. მისი ამბავი მათ მხოლოდ 22 მაისს შეიტყვეს, როცა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა დავიდ ბენ-გურიონმა საჯაროდ გან­აცხადა, ადოლფ აიხმანი დაკავებულია და მის ბედს ჩვენი სასამართლო გადაწყვეტსო. ამ ინფორმაციას არგენტინის მწვავე პროტესტი მოჰყვა. ინციდენტის განსახილველად გაეროს სპეციალური სხდომაც კი მოიწვიეს, მაგრამ ჯალათის დაბრუნებაზე ისრაელმა მტკიცე უარი განაცხადა.

სასამართლოზე აიხმანს ჰოლოკოსტში მონაწილეობა დაუმტკიცეს და 1962 წლის 31 მაისს სიკვდილით დასაჯეს. შემდეგ მისი გვამი დაწვეს, ფერფლი კი ხმელთაშუა ზღვაში გადაყარეს - ისრაელის ტერიტორიული წყლების მიღმა.

მიხეილ ჩერქეზია
dahau
23 ივნისი 2017 23:59
დოქტორი მენგლე,. დაჰაუში რო ცდებს ატარებდა....ვერც ვერასოდეს იპოვეს,,,,,,ვერც ეგ და ვერც სხვა მაღალჩინოსნები.....ნიუნბერგის პროცესზე,მხოლოდ მათი მოხელეები და მოსამსახურეები გაასამართლეს და დახვრიტეს.....
სოსო
23 ივნისი 2017 21:33
ებრაელებზე ამბობდნენ,ფულის ხალხიაო,ყიდვა გაყიდვის ხალხიაო.ქართველებს ვაჭრობა და ფული არ უყვართო.არა და ქართველები ყველაფერს ჰყიდიან,სამშობლოს ჩათვლით ებრაელები კი ფულზე არ იყიდებიან და აქვთ სახელმწიფოს ღირსების შეგრძნება.ნაც ხროვა ქოც ხროვას აგინებს,ქოც ხროვა ნაც ხროვას და ორივე ხროვა ძმური ერთგულებით ხრავს საქართველოს ისედაც ძვალზე დასულ სხეულს.
ezra
23 ივნისი 2017 18:45
ისრაელის სპეცდაზვერვის სააგენტო ,,მოსადი'', სამხედრო დაზვერვა ,,ამანი'' და ეროვნული პოლიცია ,,შაბაქი''- ეს, ის სამსახურებია,რომელთა თავდადება და საქმიანობა თავიანთი სამშობლოს მიმართ სამაგალითო უნდა იყოს ქართული სპეცსამსახურებისთვის, მაგრამ...

რედაქტორის რჩევით