"მოღალატე ცოლების საქმე" და ლავრენტი ბერია - კვირის პალიტრა

"მოღალატე ცოლების საქმე" და ლავრენტი ბერია

კრემლის საიდუმლო საქმეთა არქივში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს 1940 წლის მაისიდან ივლისამდე მიმდინარე, ე.წ. "მოღალატე ცოლების საქმეს", რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლამდე უმკაცრესად იყო გასაიდუმლოებული.

საქმე ეხება წითელი არმიის მაღალჩინოსანთა ცოლების დაპატიმრებათა სერიას, რომლის ძირითადი მიზანი, როგორც ირკვევა, მათი ქმრების მორალურად გატეხა იყო. ოპერაცია დაიგეგმა იოსებ სტალინის კაბინეტში, 1940 წლის მარტში და მას პირადად ლავრენტი ბერია ხელმძღვანელობდა. უნდა ითქვას ისიც, რომ ამ საქმეში ბრალდებული ქალებიდან გადარჩა მხოლოდ ერთი - პოლკოვნიკ სერგეი დოლგორუკოვის მეუღლე, ალექსანდრა დოლგორუკოვა. ის 1970 წელს გათავისუფლდა გადასახლებიდან, მაგრამ მოსკოვში დაბრუნების ნება არ მისცეს და 15 წლის შემდეგ, მაგადანში, ღრმად მოხუცი გარდაიცვალა. ალექსანდრა დოლგორუკოვამ მოგონებებიც დაწერა, რომელმაც შემდგომ დიდი სამსახური გაუწია ისტორიკოსებს.

ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ სტალინი უკმაყოფილო იყო ფინეთის ომის დროს საბჭოთა არმიის სარდლობის მოუმზადებლობის გამო; მიუხედავად იმისა, რომ ფინეთი ამ ომში დამარცხდა, საბჭოთა კავშირმა ვერ შეძლო ამ ქვეყნის "გაწითლება" და რაც ყველაზე მთავარია, მისი შემოერთება, რაც სტალინის ოცნება იყო. ამიტომაც, ცხადია, დიდი დიქტატორი არმიის ხელმძღვანელობაზე დაიბოღმა და "უვარგისი" ოფიცრების დაშინება გადაწყვიტა.

1940 წლის 21 მარტს, სტალინმა თავის კაბინეტში ბერია იხმო: "ლავრენტი, როგორ უნდა გადავწყვიტოთ არმიის პრობლემა?" - ჰკითხა მას შემდეგ, როდესაც ჩიბუხის ორი ნაფაზი დაარტყა. პენსნეიანმა კაცმა მდუმარედ გადახედა ბელადს და უცებ, ღიმილით თქვა: "ქალები, იოსიფ ვისარიონოვიჩ, ქალები!.. ოფიცრების ცოლების უმეტესობა ძალზე ქარაფშუტულად იქცევა! ქმრებიც მათ გაკონტროლებას ცდილობენ და არმია სულ აღარ აინტერესებთ!" სტალინსაც ჩაეღიმა: "ეჰ, ლავრენტი! შენ ამ ბოლო დროს სულ ქალებზე ლაპარაკობ... თუმცა, რაც თქვი, მართალია. იმედი მაქვს, გადაწყვეტ პრობლემას!"

ლავრენტი ბერიას გადაკრული ნათქვამი იმ დროისათვის მეტად საშინელი განაჩენის მომასწავებელი იყო - პარტიულ და სამხედრო მაღალჩინოსნებს აუცილებლად მისაბაძი და იდეალური ოჯახი უნდა ჰქონოდათ; არ უნდა ჰყოლოდათ საყვარლები ანდა მსუბუქი ყოფაქცევის ცოლები და არ უნდა ყოფილიყვნენ შემჩნეულნი ამორალურ ქცევებში. რაღა თქმა უნდა, ამ აკრძალვებს არავინ ემორჩილებოდა, მაგრამ "ძლიერთა ამა ქვეყნისათა" ეს ყველაფერი მაშინ ახსენდებოდათ, როცა ვინმეს "გაფუჭება" სურდათ.

ფინეთის ომში საბჭოთა სარდლობის წარუმატებლობა კი, როგორც წესი, მართლაც მნიშვნელოვანი საბაბი იყო იმისათვის, რომ ყველა მაღალჩინოსანი "გაეფუჭებინათ" და სტალინი არც კი აპირებდა გადაწყვეტილების შეცვლას, მაგრამ სამხედროები რომ ომში წარუმატებლობის საბაბით გაეციმბირებინათ, ხალხის თვალში ეს დიდ უსამართლობად გამოჩნდებოდა - ომში ფინეთი დამარცხდა და საბჭოთა კავშირს სადავო ტერიტორიები დაუთმო. ამ დროს, სარდლების დაჭერა არაადეკვატური საქციელი იქნებოდა. სტალინმა მშვენივრად იცოდა ეს. მას სხვა, გაცილებით უფრო ეფექტური საბაბი სჭირდებოდა.

ამავდროულად, დიდ დიქტატორს არც მაღალჩინოსნების დაპატიმრება უნდოდა - ეს არმიის კიდევ უფრო დასუსტებას გამოიწვევდა. ამიტომ, ბერიას ნათქვამი სწორედაც რომ ის იყო, რისი გაგონებაც სტალინს სურდა. მან სრული თავისუფლება მისცა ბერიას და ორ კვირაში ანგარიშის ჩაბარება უბრძანა. პენსნეიანმა კაცმა გაიღიმა და კაბინეტიდან უხმოდ გავიდა. სანამ კრემლის ლაბირინთივით კორიდორებს გაივლიდა და საკუთარ შავ "ემადინთან" მივიდოდა, ბერიას უკვე მოფიქრებული ჰქონდა, რაც

უნდა გაეკეთებინა. მან მძღოლს პოდმოსკოვიეში წასვლა უბრძანა და ფანჯარასთან კარგად მოეწყო.

მეორე დილით, ლავრენტი ბერიამ სამხედრო მაღალჩინოსნებსა და მათ ოჯახებზე ინფორმაციები შეაგროვა. "განწირული" სულ 8 კაცი იყო, თუმცა ყველაზე მეტად ბერიას ყურადღება პირველი რანგის კომანდარმა გრიგორი კულიკმა მიიპყრო: "კომანდარმი ქალების ცნობილი მუსუსია. ერთგულებით არც მისი მეუღლე - კირა სიმონიჩი გამოირჩევა. ქალი 40 წლისაა და 25 წლის საყვარელი ჰყავს. გრიგორი კულიკმა ეს იცის, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო არ ახმაურებს", - ეწერა საიდუმლო დოსიეში. იქვე ისიც იყო ნათქვამი, რომ თავისზე უმცროსი საყვარელი ჰყავდა თავად გრიგორი კულიკსაც: "იგი პოდმოსკოვიეს აგარაკზე ხშირად თავისი შვილის ამხანაგთან - მეათეკლასელ ოლგა სიდოროვასთან ერთად ერთობა ხოლმე", - ამის წაკითხვისას ბერიას ირონიულად ჩაეღიმა.

მეორე დღეს, 1940 წლის 15 მარტს, "ჩეკამ" აიყვანა პოდმოსკოვიეს ქალაქ ორეხოვო-ზუევოს პირველი სკოლის მეათე კლასის მოსწავლე, ოლგა სიდოროვა. ის ლუბიანკაზე მიიყვანეს და ოთხსაათიანი დაკითხვის შემდეგ ისე გამოუშვეს, არავის არაფერი რომ არ გაეგო. შემდეგ კი, ასევე აიყვანეს კომანდორ კულიკის მოახლე, ვინმე ზინაიდა პეტროვა და ისიც, რამდენიმესაათიანი დაკითხვის შემდეგ გამოუშვეს.

პარალელურად, ამგვარივე წესით დაამუშავეს სხვა "განწირულთა" უახლოესი წრე და როდესაც ლავრენტი ბერია სტალინს ანგარიშის ჩასაბარებლად წარუდგა, მას უკვე ხელთ ჰქონდა მნიშვნელოვანი კომპრომატები. შესაბამისად, უკვე ისიც იცოდა, თუ როგორ უნდა ემოქმედა. დიდმა დიქტატორმა პენსნეიან კაცს მდუმარედ მოუსმინა და მერე ერთი შეკითხვა დაუსვა: "დარწმუნებული ხართ, რომ ეს მართლაც ასე იქნება?" ბერიას წარბი არ შეუხრია: "სავსებით, იოსიფ ვისარიონოვიჩ!" - რუსულად მიუგო მან. "მაშ კარგი... თუ ასეა, წადით, საქმეს მიხედეთ!" - ჩაეღიმა დიდ დიქტატორს.

ლავრენტი ბერია ისევ ხმის ამოუღებლად გავიდა. მეორე დღეს კი, გრიგორი კულიკს, პოლკოვნიკ სერგეი დოლგორუკოვს, პოლკოვნიკ ილია რომაშკოს, კაპიტან გრიგორი ტრუბაჩევს და რამდენიმე სხვას თითქმის ერთდროულად ანონიმური წერილებით ამცნეს მეუღლის ღალატის შესახებ. ამასთან, ყველა წერილში დეტალურად იყო მითითებული, თუ ვინ იყო მოღალატე ცოლის საყვარელი. ანონიმი "კეთილისმსურველი" სამხედროებს მოუწოდებდა, დაეცვათ მუნდირის ღირსება და პრობლემა ისე მოეგვარებინათ, როგორც კომუნისტური პარტიის იდეალების ერთგულ ჯარისკაცებს შეშვენოდათ.

როგორც ლავრენტი ბერია ვარაუდობდა, არც ერთ მაღალჩინოსანთაგანს ანონიმური წერილისთვის ყურადღება არ მიუქცევია, გარდა ერთისა - კომანდორმა გრიგორი კულიკმა კარგად იცოდა, რომ ცოლი მართლაც ღალატობდა და ანონიმურმა წერილმა საბოლოოდ აუვსო მოთმინების ფიალა. ის პოდმოსკოვიეს აგარაკზე ჩაიკეტა და თვითმკვლელობაც სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა და არყით მაგრად გამოთვრა. იმავე დღეს, მისი მეუღლე - კირა სიმონიჩი საეჭვო ვითარებაში გაუჩინარდა: სამსახურიდან შინ აღარ მისულა.

გრიგორი კულიკი გონს ცოლის გაუჩინარებიდან ორი დღის შემდეგ მოეგო და მაშინვე ცოლი მოიკითხა, მაგრამ ვერსად მიაგნო. აკანკალებული კომანდარმი მაშინვე კრემლში გავარდა და პირადად ლავრენტი ბერიას წარუდგა: "ლავრენტი პავლოვიჩ, არ ვიცი, რა და როგორ გითხრათ, მაგრამ უნდა გამიგოთ..." - აღელვებით წარმოთქვა მან და შემდეგ კი დაწვრილებით მოჰყვა ყველაფერს. პენსნეიანი კაცი წარბშეჭმუხნილი უსმენდა, თუმცა გულში გამარჯვების ყიჟინას სცემდა. კულიკმა მოყოლა რომ დაასრულა, პენსნეიანმა კაცმა სარკასტული ღიმილით, ცივად უთხრა: "თქვენს მეუღლეს ვიპოვით, ნუ სწუხხართ... მაგრამ, იქნებ თავად თქვენ შეგეწყვიტათ შვილის ტოლ გოგონებთან გართობა და უფრო მეტი ყურადღება მიგექციათ არმიისათვის"... ამის გამგონე კულიკს გული წაუვიდა.

მეორე "განწირული" - პოლკოვნიკი სერგეი დოლგორუკოვი ლავრენტი ბერიასთან არ გამოცხადებულა. მან მეგობრისგან - პოლკოვნიკ ილია რომაშკოსგან შეიტყო, რომ ანონიმური ბარათი მასაც მიეღო და იაზრა, აქ რაღაც სხვა ამბავიაო. დოლგორუკოვმა სიტუაციაში უკეთ გარკვევის მიზნით, მოცდა გადაწყვიტა. მეუღლისთვის - ალექსანდრა დოლგორუკოვასთვის არაფერი უთქვამს. სულ რამდენიმე დღეში, პოლკოვნიკს მეუღლის სამსახურიდან დაურეკეს და ადგილობრივი პარტიული კომიტეტის დახურულ სხდომაზე დაიბარეს. დოლგორუკოვი მიხვდა, რატომაც იბარებდნენ, მაგრამ ცხადია, მაინც წავიდა. როგორც მოსალოდნელი იყო, სხდომიდან განადგურებული დაბრუნდა - პარტიულებმა მას ცოლის ღალატის "უტყუარი" საბუთები დაულაგეს და აცნობეს, რომ მისი ადგილი პარტიაში არ იყო: "სამწუხაროდ, პოლკოვნიკო, თქვენი მეუღლე არა მარტო თქვენ - ჩვენს იდეალებსაც ღალატობს... იგი პარტიიდან უნდა გაირიცხოს!" - უთხრეს დოლგორუკოვს. შეშფოთებულმა პოლკოვნიკმა კრემლს მიაკითხა. იქ ის ბერიამ მიიღო, "დაამშვიდა" და ურჩია, ცოლს გასცილებოდა.

ასევე მოექცნენ დანარჩენ "განწირულთა" მეუღლეებსაც. ყველაზე ამაზრზენი კი ის იყო, რომ ამ ყველაფერზე უბრალო ხალხი ალაპარაკდა. სულ მალე შვიდივე "მოღალატე" ცოლი დააკავეს. დაკავების საბაბად კომანდარმი კულიკის ცოლის - კირა სიმონიჩის გაქრობა იქცა. "ჩეკამ" გაარკვია, რომ ქალი დიდად გატაცებული იყო სპირიტიზმით და მაღალჩინოსანთა სხვა ცოლებთან ერთად, ხშირად ატარებდა საიდუმლო სეანსებს.

დაპატიმრებული ცოლები სასწრაფოდ გააციმბირეს, მიმოწერის უფლების გარეშე, მათ ქმრებს კი უბრძანეს, უარი ეთქვათ და საჯაროდ გაეკიცხათ მეუღლეები ან, თუ ასე არ იზამდნენ, თავიანთივე ნებით გადამდგარიყვნენ სამხედრო სამსახურიდან. "თქვენ ცოლებმა თავი მოგჭრეს და ან საჯაროდ უნდა გაემიჯნოთ მათ, ან უნდა გადადგეთ და ცხოვრების თავიდან დაწყება სცადოთ!" - ბერიას ეს ნათქვამი უფრო ბრძანება იყო, ვიდრე რჩევა.

რვა "განწირულიდან" რვავემ მაშინვე გადადგომა მოითხოვა - მაღალჩინოსნები უცებ მიხვდნენ, რაშიც იყო საქმე. ლავრენტი ბერიას რომ ნება მიეცა, განცხადებებსაც იქვე დაწერდნენ, მაგრამ პენსნეიანმა კაცმა ისევ სარკასტულად გაიღიმა და განაგრძო: "ვინღა გამოასწორებს თქვენს გაფუჭებულ საქმეს არმიაში? უმჯობესია, საჯაროდ გაკიცხოთ ყოფილი მეუღლეები და საბჭოთა სამშობლოს უანგაროდ ემსახუროთ!" - ამის თქმაზე რვავე მაღალჩინოსანმა თავი ჩაქინდრა და აღარაფერი უთქვამს.

გაგრძელება